| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 29 დეკემბერი, 2013 |
"შენ ხარ ვენახი"... სხვა სიამე ქვეყნად ვერ ვნახე... მოვვლე ტრიპოლი, კარაკასი, ვენა, ბუფალო, ყველგან თან მახლდი, ჯვარცმული რომ ზეცად ამაღლდი, ჩემო უფალო. მე-უბადრუკი გეფიცები ათას რამეზე, გიხსენებ მაშინ, როცა მტკივა ანდა მაციებს... ვერ ვიცავ მარხვას, ვერანაირს, თუნდაც რამაზანს, ვავსებ ლოცვაში განთავსებულ აპლიკაციებს, მიცვალებულთა ხსენების დღეს ანდა წინადღით, როცა ყოველთვის მახსენდება ჩემი მშობელი... მაშინ გივიწყებ, სურვილებს თუ ეშმით ვინაღდებ, როცა ვყიდულობ ძვირფას სამოსს ანდა გობელენს, სადმე მშრალ ხიდზე, შემორჩენილ ჯიბეში ფულით, ანდა, რომელიც მომაშავა გუშინ კაზინომ... საკუთარ სხეულს ათასგვარი პარფიუმით ვუვლი და მეტირება, რადგან ვიცი, უნდა აზიდო ეკლის გვირგვინი, მძიმე ჯვარი, ათასი გესლი, შენი კი არა, ჩვენი გზაა, ვიცი გოლგოთა... რადგან მესსიას უკეთურთა ბოგინი გესმის, რადგან სიკეთე ბოროტების წილად მოგქონდა, დარჩა სამყარო ზეცის მიღმა, როგორც პილატე, შეწყალებული ავაზაკი მოხვდა პანთეონს... და მე, სამყაროს რვაასოცდა რაღაც წილადი გთხოვ, მაპატიო, შეცოდებანი ჩემნი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|