ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


* * *

ბიჭი არა ვარ მამაჩემო,
და შენი კუბო
არ მედო მხარზე!
მინდა სამყარო გავაჩერო
ბოლო დროს უფრო
მინდება ასე.

ბიჭი არა ვარ დედაჩემო,
გინდოდა თუმცა,
მიწევს ბიჭობა დავიჩემო
ნერვებით ვსუნთქავ.

ბიჭი არა ვარ საქართველო,
და წავალ ისევ
ომში, რომ ერთხელ გაგამთელო
მამის გზას მივსდევ.

ბიჭი არა ვარ, მხარზე მამის არ მედგა კუბო
დედას, სამშობლოს და მამაჩემს ვატარებ უფრო

მძიმედ,
გულით,
ვიდრე მხარზე დადება ფიცრის,
ვზიდე,
ვწუხდი,
ახლა უფრო ძალიან მიჭირს.

ქალი ვარ ჩემო სულისერთა, სამო ნაწილო,
მაინც კაცურად, სულ ბოლომდე უნდა გავწიო

ჭაპანი ჩემი..

ბიჭი არა ვარ მამაჩემო,
და მაინც,
ისევ
გატარებ მხრებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები