ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატუშა
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2014


გადაბირება 2 ( ნაწილი V )

იმ ადგილს, სადაც მოულოდნელად დაბერდა, ადვილად მიაგნო. გამოცდაზე გასული აბითურიენტივით უცემდა გული. კაციშვილი არ ჩანდა. ერთი გაბურძგნული კაცი, სავარაუდოდ მათხოვარი, შესასვლელში იჯდა კვადრატულ ხალიჩაზე, თერმოსი ედგა ფეხებთან და დორბლიან ძაღლს ზურგზე ეფერებოდა. კაცმა ხალისიანად უპასუხა ყველა კითხვაზე. აღმოჩნდა რომ ბაზრობა იმართებოდა აქ, მხოლოდ პარასკევობით. გლორიტა მოკლეს. საცოდავი ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა, შექსპირის სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე. სახლის ნომერი არ ახსოვს, მაგრამ დარწმუნებულია, ჯენტლმენი ადვილად მიაგნებს. ფასადის მხარეს უზარმაზარი გლიცინია ხარობს და სახურავის ნახევარი უკავია.

პატარა, ნახატივით კოხტა, გლიცინიის ტოტებში გამოხვეული ძველი სახლი დანარჩენი სახლებისგან აშკარად გამოირჩეოდა. ნაირ- ნაირი ყვავილები ყველგან-პატარა გაზონზე, შესასვლელის ორივე მხარეს და დაკიდულ ქოთნებში. რომბის მოყვანილობის მინებიდან ფერადი შუქი იფრქვეოდა რაფებზე. მეორედ დაკაკუნება ვერ მოასწრო, რომ კარი შიგნიდან ვიღაცამ გამოაღო. ძალიან მაღალ, ძალიან გამხდარ, შეუხედავ ქალს დაჭეჭყილი ჩაიდანივით სახეზე  ყალბი ღიმილი გამოესახა.

- სადაზღვევო სააგენტოდან ბრძანდებით? მგონი, ტელეფონზე ,სხვას, ახალგაზრდას ველაპარაკე.
- მე ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ მის. – გაწითლდა დავითი.
- მისის ჯაკი. მობრძანდით!
დავითი ღრმა, ჭრელ სავარძელში ჩაეშვა.
- ყავა? ჩაი?
- ჩაი.

სანამ ქალი ჭურჭელს ახმიანებდა სამზარეულოში, დავითმა მისაღები მოათვალიერა. ამ ქალის თანდასწრებით შეუძლებელი იყო რამის მოძებნა. უჩინრად თუ შემოიპარებოდა და გადაატრიალებდა ყველაფერს.

მისის ჯაკმა ჩაი მოართვა და დავითის მოპირდაპირედ მოთავსდა. ის კაცი მანახვა, ვინც ეს ქალი გულში ჩაიკრა, ინატრა დავითმა და ორი ნატეხი შაქარი ჩააგდო ფინჯანში.  ლამბაქებზე, კოვზის ტარზე, საშაქრეზე, ყველაფერზე დედოფალი იყო გამოსახული. მოულოდნელად, ქალმა წვეტიან მუხლისთავებზე ხელები დაირტყა და ატირდა. სხვადასხვა ინფორმაციები ნაწყვეტებად ამოსდიოდა პირიდან.

- გლორიტა, ოი! მაპატიეთ, სტივენი ჩემი ძმისშვილია. მამამისის მინდობილობით უფლებამოსილი ვარ ამ ბინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადავჭრა და განვიხილო. ჩემი ძმა უელსში ცხოვრობს. სტივენს არ ელაპარაკებოდა, სახლიდან გამოაგდო. ალბათ მიმიხვდით, რატომაც, ხომ გესმით. . . მე ამ ქალაქში ვცხოვრობ. ეივონის ზემოთ, იტალიურ რესტორანთან. ჩემი პატარა სტივენი, ჩემი ნებიერა. . .რომ იცოდეთ, როგორ უბედურად მოკვდა. როცა მეზობელმა დამირეკა და ეს საშინელი ამბავი მამცნო, იმ დროს, “ლორა ეშლიში” ვიმყოფებოდი. გრანდიოზული ფასდაკლაება იყო ყველაფერზე. როგორ დავყარე ნავაჭრი, როგორ გამოვიქეცი და როგორ მოვაღწიე აქამდე, არ მახსოვს. საშინელება იყო, რაც აქ ვიხილე. სახლი სახლს არ გავდა. ყველაფერი გადმოქოთებული და ერთმანეთში იყო არეული. სარეცხის ფხვნილი თოვლივით იდო ავეჯზე. . .ყველაზე საშინელი ახლა უნდა მოგიყვეთ.

- მისის ჯაკ, ხვალ მოვალ. რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად, მომიტევეთ!
- მოკლედ გეტყვით, მინდა გული გადაგიშალოთ. . . რას ვიძახდი? ჰო, ყველაზე შემზარავი წინ მელოდა თურმე. აი, თქვენს უკან რომ მაგიდა დგას, იმის ზემოთ იატაკზე ეგდო ჩემი გლორიტა. . . სტივენი. სისხლის გუბეში იწვა საბრალო. ოთახში ციცრები დადიოდნენ კრიახით, სისხლიან ნაფეხურებს ტოვებდნენ და სავარძლებზე მისხმულ ტვინის აკენკვაში ერთმანეთს ეცილებოდნენ. რაღაცას ეძებდნენ მკვლელები.

დავითმა პირზე ხელი აიფარა.
- აბაზანა სად არის, სად?
- ღმერთო, ფერი არ გადევთ! პირდაპირ და მარჯვნივ. . .

ზურგს უკან ფეხისკვრით მიხურა კარი. დიდხანს იყო უნიტაზზე გადაყუდებული. ნებისმიერი ნივთი აბაზანაში გულს ურევდა. ტუალეტის ქაღალდს ხელი ვერ მოკიდა, მაჯით მოიწმინდა პირი. ნეკით ჩამოწია კარის სახელური და ამ დროს, მზერამ ნაცნობი ნივთი დააფიქსირა. საკიდზე ვარდისფერი პირსახოცი და გვირილებიანი ხალათი ეკიდა. ასე აუცხადდა სიზმარი? არა! კამზოლიანი რაღაცაზე მიანიშნებდა. თავს ძალა დაატანა, ხალათი ჩამოიღო, შეატრიალა, შემოატრიალა. ჩვეულებრივი ჩასაცმელი იყო, რბილი, ჭყეტელა, უგემოვნო, დიდი,  ნახევარმთვარესავით ჯიბეებით. ცალი კალთა ოდნავ მძიმე იყო მეორეზე. ზიზღით ჩაყო ხელი ჯიბეში. გული რამის გაუჩერდა მოულოდნელი აღმოჩენით. ლერას საქაღალდე! ის იყო, ის! მეხსიერებაში გლორიტას ყაყაჩოსფრად  შეღებილი ფრჩხილები და ტუჩები ამოუტივტივდა. ხალათი განზე მოისროლა და ზუსტად გლორიტასავით მოიქცა - უბეში ჩაიდო საქაღალდე.

მისის ჯაკი ვიღაცას ელაპარაკებოდა ზღურბლზე. ის ვიღაც, ახალგაზრდა მამაკაცი იყო, კეისით და ქოლგით. სადაზღვევოდან ვარო, უმტკიცებდა და საბუთს  ცხვირწინ უფრიალებდა. მისის ჯაკმა დავითს გამგმირავი მზერა ესროლა, სახეზე და ყელზე წითელმა ლაქებმა გამოაყარა და დაიწივლა:
- ვინ ხარ შენ, გაიძვერავ?
- მეე?

პოლიციაში დავრეკავო, დაპირდა ახალგაზრდა და მობილური ტკაცანით გადახსნა. დავითმა პერანგის სახელო გადაიწია. სამაჯურზე მორიელის თავზე შავ ლაქას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ცერი გადაუსვა და . . ,

მისის ჯაკმა და ახალგაზრდა აგენტმა ერთდროულად დაიყვირეს და მეხდარტყმულებივით დაცვივდნენ იატაკზე. ქალს პროტეზი გამოუვარდა პირიდან  და გამათბობლის ძირში შეგორდა. აგენტი უღონოდ ასავსავებდა ფეხებს, უშედეგოდ ცდილობდა იდაყვებზე წამოწევას. ერთდროულად გაოცებულმა, დაბნეულმა და აღფრთოვანებულმა დავითმა გადააბიჯა მოცახცახე სხეულებს, ორივეს შიშჩამდგარ თვალებში ჩახედა, გულგრილი გამომეტყველებით გავიდა ქუჩაში და ფრანგი ტურისტების ჯგუფს შეერია.

ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ აჩერებდა მანქანას. ათასჯერ გადახედა ფურცლებს. სათაური გაიზეპირა – “სწრაფი ხელოვნური დაბერების, გენეტიკური მუტაციების მოსპობის ხარჯზე სწრაფი გაახალგაზრდავების და უჯრედების მუდმივი დაყოფის უზრუნველყოფის თეორია” თავისი ლექსიკური მარაგით ვერაფერი გაუგო სამედიცინო ტერმინებს. უნდა დამშვიდდეს. სახლში მივა, ყურადღებით გადახედავს, უცხო სიტყვებს გაარჩევს და. . . რაო, როგორ გაიფიქრა? სახლში მივა?! უკვე სულიერადაც იცვლება. შეეგუა ყველაფერს და თროქმორთონების სახლი ამის სახლიც გახდა? რაც ამას და მანუნის დაემართად, დაავიწყდა? ღმერთო, სერ უილიამივით მოიხსენია მანანა! საკუთარი თავი გამოლანძღა ხმამაღლა: შე უბედურო დეგენერატო, გადაგვარდი უკვე? უგულო მხეცო! ის ხალხი როგორ მიატოვე, იქნებ ცოცხლები აღარც არიან?

გვიან ჩავიდა ლონდონში. “სახლში” წასვლა არ უნდოდა. ძველ ეზოს მიაყენა მანქანა. იუის, შოტლანდიელის, შეილას და პოლონელების ხილვის ბედნიერება არ ქონდა. ჩანდრა ჩდებოდა დროდადრო ფანჯარაში. აღელვებული დადიოდა. ინდირა უკან დასდევდა კოვზით და რაღაცას ეხვეწებოდა. აი, საბაც გამოვიდა! მარტო არ იყო, მოხუცმა ქალმა გამოაცილა. საბა “წითელი ხარის” ქუჩაზე დაეშვა. ქალი იქამდე იდგა ზღურბლზე, სანამ საბა თვალს არ მიეფარა. ბებია იყო ალბათ. როგორ ჩამოიყვანა?

დავითს თავისი ბებიის მესიჯი გაახსენდა: “შვილო, დავით, საელჩოში უარი მითხრეს. ძალიან კარგი ბებო ხარ, მაგრამ ბანკში ანგარიში არ გაქვს და ვიზას ვერ მოგცემთო. არ გაიხაროს კონსულმა და ცხელი ტყვია მოხვდეს გულში.” ტირილნარევი სიცილი აუტყდა. წარმოიდგინა, როგორ კარნახობდა ბებია დედას, დაუხედავად ატრიალებდა ჩხირებს, მატყლის წინდებს ქსოვდა და აუცილებლად გამოუგზავნიდა შობას ჩურჩხელებთან ერთად.

პიკის საათი იყო, შეფერხებით მიიწევდა წინ. პარკის კუთხეში სერ უილიამს და თავგადაბინტულ როის მოკრა თვალი. სერ უილიამი რომელიღაც ინგლისური ფილმის გმირს გავდა. წელში ამაყად გაჭიმული ხელჯოხის ქნევით მიუყვებოდა ტროტუარის ნაპირს. როის ჯვრიანი პარკი ეჭირა და დაღონებული მიბაჯბაჯებდა წინ.

საშინლად შიოდა. უემოციოდ და ფილმებში ნანახი ეპიზოდებივით აფიქსირებდა ყველაფერს:
უზარმაზარი ხეების წითელ-ყვითელი ფოთლები.
მილიონერების მდიდრული სასტუმრო.
ბანკის შესასვლელთან შესვენებაზე გამოსული სიგარეტიანი გოგონები.
დაბნეული ინდუსები გამვლელებში ირეოდნენ.
ავტობუსის მეორე სართულიდან პატარა ბიჭი ენას უყოფდა დავითს.
შავი ტაქსის მძღოლმა სენდვიჩის ბოლო ლუკმა გადაყლაპა. . .

როის ღმუილი პირველ სართულზე ჩამოდიოდა. ფეხაკრეფით აიარა კიბე და ბიბლიოთეკის ოდნავ შეღებულ კართან აიტუზა. როი იატაკზე იჯდა პატარა ბავშვივით. ორივე ხელით ტერფები ეჭირა და რიტმულად ირწეოდა.
- რა გინდოდა იქ, რა? - ყვიროდა სერ უილიამი.
- მიყვარს მეთქი, ხომ გითხარი. თუმცა ,შენ რას გაიგებ.
- იმ ქალს ქმარი ყავს და ტანით ორი შენხელაა.
- მერე რა?
- სიფრთხილის გრძნობა სულ დაკარგე.
- ინდირას ცქერით ვტკბებოდი და გადამავიწყდა უჩინარობის დრო რომ იწურებოდა. მომწონს, ნაწნავს როგორ იგდებს მხარზე, როგორ ღიღინებს ინდურად, როგორ დაცქრიალებს სამზარეულოში. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო. ფანჯრიდან რომ ჩამოვხოხდი, ნაწილ-ნაწილ დამინახა ჩანდრამ. შეშინებულმა ტაფა მესროლა. ალბათ, ვერც გაერკვა, რას ესროლა ან ვის ესროლა. ოი, როგორ მტკივა თავი! ჩანდრა უნდა მოვკლა. მოვიფიქრებ, სად და როგორ.

- გაბედავ და იცოდე, მოფიქრება არ დამჭირდება ისე დაგსჯი. არ მინდა ვინანო, სიბინძურიდან რომ ამოგათრიე და შეგიფარე.
- მაყვედრი? როდის შეგეხვეწე? ვგდებულიყავი იქ, სადაც მნახე.
- გულით გადადგმულ ნაბიჯს, ყოველთვის იმედგაცრუება მოსდევს. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.
- ჰო, ჩამქოლე, ჩამქოლე! განა შენს რობერტს სისხლს მე არ ვაძლევ?
- მერე ამას ვინ უარყოფს?
- რა ვიცი, იმედგაცრუება და გულით გადადგმული ნაბიჯიო და. . .
- რატომ არ ჩაგდის მაგ დიდ თავში, რატომ? შენში გაღვიძებული ველური ინსტიქტები მაფორიაქებს. რისთვის გაგზარდე და მოგეცი უამრავი ცოდნა? უთქმელად გინდა დაამტკიცო, რომ მკვლელის შვილი აუცილებლად მკვლელი იქნება? იცოდე, ხელს ახლებ მაგ ინდუსებს და შენი ცხოვრება სხვანაირად  შეიცვლება. გაიგე?
- ?!

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს დავითს. რაც თქვა როიმ, ის გაიგო ზუსტად. სერ უილიამის შვილი ცოცხალია და როი სისხლს აძლევს. . . 


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები