ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატუშა
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2014


გადაბირება 2 ( ნაწილი VI )

ანტიკვარული ნივთებით გადავსებულ უზარმაზარ დარბაზში ბატალური სცენების ამსახველი სურათები, ჯაჭვის პერანგები და საბრძოლო იარაღები ჭარბობდა. მწვანე მაუდით გაწყობილ მაგიდაზე რამდენიმე ხმალი იდო. ერთს, რომელიც ძველი და ძალიან ძვირფასი ჩანდა, სერ უილიამი ეჯაჯგურებოდა, ქარქაშიდან ამოღებას ცდილობდა.
- მასე ვერ ამოიღებთ.
- სხვანაირად არ გამოდის. მგონი, ოდნავ ამოიწია.
- ჩაჟანგებულია. მანქანის ზეთი ჩაასხით ცოტა, ვერტიკალურ მდგომარეობაში გააჩერეთ რამდენიმე საათი და ადვილად ამოძვრება. შემდეგ, რბილი ნაჭრით გაამშრალეთ და გააპრიალეთ. აქ სინესტეა. იარაღს მოვლა უნდა.
- შენ საიდან იცი ეგეთები?
- ბიძაჩები ხმლებს აკეთებს. ასეთ ძვირფასებს არა, მაგრამ. . .
- დევიდ, ზეთს მე მოვიტან. დამდე პატივი და ყველაფერი რაც თქვი, შენ ჩაატარე, კარგი?
- კარგი! სერ უილიამ. რაღაც მინდა გადმოგცეთ.

უილიამს სახე გაუბრწყინდა. დავითმა პირველად მიმართა სახელით.
- ხო, დევიდ, გისმენ. 
ერთმანეთისკენ ერთდროულად დაიძრნენ, ისე, ტყვეების გაცვლის დროს რომ იციან მოწინააღმდეგე მხარეებმა და დარბაზის ცენტრში შეჩერდნენ. დავითმა საქაღალდე ხმლებზე დადო.
- ნახეთ!

სერ უილიამი დაჯდა. სწრაფად წაიკითხა სათაური. გვერდებს ხარბი მზერა გადაავლო. ზოგ ადგილს მეტი დრო დაუთმო და ბოლოში, რომ გავიდა, სახე მოეღრუბლა. იმედგაცრუება ეწერა სახეზე. 
- დევიდ, ლერას ყელი ტყუილად გამოღადრე.
- ტყუილად რატომ, არ იმსახურებდა?
- იმსახურებდა, მაგრამ ასეთი რამ აღარ გაიმეორო. შეიძლება არ დაიჯერო, ქალბატონი უკვდავია.
- ადრე შეიძლება არ დამეჯერებინა, მაგრამ ახლა, თქვენს გვერდით ყველაფერს დავიჯერებ.
- მანუნის ამბავი გასაგებია, მაგრამ შენს დაბერებაში ლერას ბრალი არ მიუძღვის. ჩვენი შეთანხმებით შენ ხელშეუხებელი იყავი. საყვარელი ყავს, ერთი გაქნილი, ამბიციური ადამიანი. მისი ასისტენტია. მან გაგიკეთა ნემსი. არ იცოდა, მანქანით თუ იყავი. იფიქრა, დაგეწეოდა და წაგართმევდა ნაშრომს. მერე, შენ გაასწარი. ახალი ამბებიდან გაიგო მოხუცის ამბავი, რომელიც ვინმე გლორიტას მანქანას აფარებდა თავს ახალგაზრდა ბიჭის პასპორტით და ძალიან მძიმედ იყო. მიხვდა, რომ შენ იყავი. სავაადმყოფოში მოიკითხა ნაშრომი. შენ არ აღმოგაჩნდა. ივარაუდა რომ გლორიტა მალავდა ბინაში. იმის მისამართის გაგებას რა ედგა წინ? სასწრაფოდ მიაკითხა, გლორიტამ უარი უთხრა. ასისტენტი ხელით შეეხო. უბედურს ფეხი დაუსხლტა და თავით დაეხეთქა ბუხრის წინ ქვის კუთხეს. ასისტენტმა ყველაფერი დაფატრა, გადაატრიალა, მაგრამ უშედეგოდ. დანარჩენი ნათელია შენთვის.

- არ გეკითხებით, საიდან იცით ყველაფერი. თქვენ ხომ ღმერთივით ხართ – ყველაფერი იცით, ყველაფერს ხედავთ.
სერ უილიამმა გაიცინა.
- არ მწყინს შენი ირონია დევიდ. მე კი ძალიან მაინტერესებს, რა იცოდი, სად იყო ლერას საქაღალდე?
- მეც მაქვს ჩემი საიდუმლოებები და კიდევ ერთი - თავი და ბოლო ვერ გავუგე და იმიტომ მოგეცით.
- კეთილი! იყოს მასე.
- წავედი ახლა.
- მოითმინე, ნუ ჩქარობ! აგიხსნი რაღაცეებს. ამ ნაშრომს ერთი მესამედი ნაწილი აკლია. იმ მესამედის ნახევარი არც მე მაქვს, არც ლერას. ვიცი, შენ იცი, რომ ლერა ცოცხალია. ამ ქალს ასე ნუ უყურებ. ვითომ ერთი უბრალო, ასაკში შესული ქალია. ადამიანებზე გარეგნობით არ უნდა შეგექმნას წარმოდგენა. ლერა ცნობილი ბიოლოგი და ქიმიკოსია. ამ დარგებში დამსახურებისთვის მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. სწავლობდა ოქსფორდსა და ლონდონში. არის რამდენიმე აღმოჩენის ავტორი და სამეფო აკადემიის წევრი, მაგრამ ეს ნაშრომი მას არ ეკუთვნის. მოხუცების უმრავლესობა, პანსიონში რომ ნახე, შენსავით ნაადრევად დაბერებულები არიან. ლერა უამრავ დროს ხარჯავს, ძალ-ღონეს არ იშურებს მათ გასახაალგაზრდავებლად, მაგრამ უშედეგოდ! ცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაახალგაზრდავება უკვდავებას ნიშნავს. სამწუხაროდ ყველა ექსპერიმენტი კრახით მთავრდება. ლერა ნარკომანივით ამ ცდებზე არის დამოკიდებული.
- ნაშრომი ვის ეკუთვნის?
- ადამიანს, რომელსაც ნაწილობრივ შენც იცნობ.
- ასეთს ჭკვიანს არავის ვიცნობ. 
- ახლა ვერ გეტყვი ვინ არის. სულ მალე ყველაფერში გაგარკვევ. ზოგს თვითონ მიხვდები და ჩასწვდები. არ მინდა, ინფორმაციის უხვა ნაკადმა შენს ფსიქიკაზე იმოქმედოს. ეს შენი არის, გამომართვი!

სერ უილიამმა პასპორტი ჩაუდო ხელში. დავითმა საკუთარ სურათს დახედა და ნიკაპი აუცახცახდა.

- ვინ მოგცათ?
- არავის არ მოუცია, მე თვითონ ავიღე იქიდან, სადაც იდო. იცი, ვის გავხარ ამ სურათზე? ჩენინგ ტატუმს.
- შეიძლება. გამოვიყენებ კი ოდესმე ჩემს პასპორტს?
- გამოიყენებ დავით, გამოიყენებ. არ დამავიწყდეს! როის არ უთხრა საქაღალდეზე. არ მინდა, სულმა წასძლიოს, მომპაროს და რომელიმე უბედურზე ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტოს. შენ ლანჩი მიირთვი, მე სარდაფში ჩავალ.

დავითს გულმა არ მოუთმინა და ნახევარი საათის შემდეგ სარდაფის კიბეებზე დაეშვა. საკმაოდ დიდი ოთახი იყო. კედლებზე სხვადასხვა ზომის და ფორმის ფარები ეკიდა. შავი ხისგან დამზადებულ თაროებზე ჩამწკრივებულ უთოებს მტვრის სქელი ფენა ედო. უთოები – ნახშირის, მთლიანად ჩამოსხმული, ხის სახელურით, ოვალური, წვეტიანი ცხვირით, დიდები, საშუალო ზომის და პატარები. სერ უილიამი კედელზე მიყუდებულ ერთადერთ სურათთან იდგა ჩაფიქრებული. უფრო მობერებული და გამხდარი ჩანდა.

სურათი ირიბად იყო გადახეული თავიდან ბოლომდე. ვისი სურათი გაიმეტეს სარდაფისთვისო, გაუკვირდა დავითს. ახლოს მივიდა, კარგად დააკვირდა და შემკრთალმა უკან დაიხია. სიზმარში ნანახი კამზოლიანი შემოსცქეროდა ცოცხალივით. სავარძელში იჯდა ფეხი-ფეხზე გადადებული. წიგნებით გადაჭედილი თაროები, საწერი მაგიდის ნახევარი და ორი დიდი კოლბა მოჩანდა ფონად. ხელში გრაგნილის ნახევარი ეჭირა. ნაწილი სურათის მეორე ნახევარს გაყვა ალბათ. სერ უილიამმა გამომცდელად ჩახედა თვალებში.
- ეს ჯენტლმენი გეცნო?
- რას ამბობთ! საიდან?
- რეაქცია გქონდა სხვანაირი. ტყუილი არ გეხერხება დევიდ. კარგი, დაგიჯერებ, რომ პირველად ხედავ.
- იქნებ თქვენ ამიხსნათ, ვინ არის?

მოჯადოებულივით შესცქეროდა. მიუახლოვდა. ფეხი რაღაცას წამოსდო. ნახევრად დაშლილ კალათაში სხვადასხვა ზომის გამადიდებელი შუშები ეყარა. ერთი აიღო, მაჯით გადაწმინდა მტვერი და გრაგნილს დააკვირდა. შუაზე გაწყვეტილი სიტყვები, და ფორმულები იკითხებოდა.
სერ უილიამი მოულოდნელად გაღიზიანდა.
- აგიხსნი, მაგრამ ახლა არა. . .

უჯრედებიან ჟილეტში გამოწკეპილი როი ახალ მებაღეს ელაპარაკებოდა. მებაღე ქალი იყო, დაკუნთული, წითურა და ჭორფლიანი. მანქანიდან ნერგები და ქოთნის ყვავილები გადმოჰქონდა. მებაღე ქალი არასდროს ენახა დავითს. როიმ ჟილეტის ჯიბეებს ცერები გაუყარა და ზიზღიანი მზერით ფეხი გაკრა ჩითილების ყუთს.
- რას მოგვშტერებიხარ მახინჯო?
- მე მომმართავთ ბატონო როი?! - გაოცება ვერ დამალა დავითმა.
- აბა, მახინჯი აქ სხვა არავინ არის.

მებაღემ უხერხულად იგრძნო თავი, შეტრიალდა და სტაფილოსფერი თათმანები საგულდაგულოდ გაისწორა მაჯებზე. . .

ის იყო ფაბიდან გამოვიდა, რომ ქუჩის მეორე მხარეს სერ უილიამი დაინახა. სწრაფად გადავიდა გადასასვლელზე და უკან აედევნა. დაახლოებით ორასი მეტრის შემდეგ სერ უილიამი რომელიღაც შენობასთან შეჩერდა. კარი საკუთარი გასაღებით გააღო. ეს სახლი თროქმორთონების სახლთან ახლოს იყო. იმ ქუჩაზე ყველა შენობა ერთ სტილში იყო აგებული. დავითმა ნომერი დაიმახსოვრა და სწრაფად გაბრუნდა უკან.

მებაღე პიონების ბუჩქებთან გასაშლელ სკამზე იჯდა, სიგარეტს აბოლებდა, ვიღაცას ემესიჯებოდა. როი სასადილო ოთახში, სავარძელში მოკუნტულიყო და გამგმირავად ხვრინავდა. იქვე გაწოლილი ჰენრი როის ყოველ ამოხვრინვაზე კუდს ათამაშებდა კნავილით. მოხუცის კვალობაზე სწრაფად აირბინა მესამე სართულზე. აკრძალული კარის გასაღები ადგილზე დახვდა. იგივე განმეორდა, რაც წინა შესვლაზე: იქიდან დასუსტებული და გაოფლილი გამოვიდა, ტანსაცმელი გამიცვალა, ისაუზმა და უკვე უჩინარი გავარდა ქუჩაში. როგორ უნდა შეეღწია უცხო სახლში? ყური მიადო გასაღების ბუდეს. სერ უილიამი ისევ იქ იმყოფებოდა. საუბრის ნაწყვეტებიდან მიხვდა, რომ სახლში მის გარდა კიდევ ორი ადამიანი იყო. ზარი დარეკა. თმადახვეულმა ხნიერმა ქალმა გამოიხედა და უკან შებრუნდა. მეორედ დარეკა. ახლა სერ უილიამი გამოვიდა. კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოინაცვლა, სათვალე მოირგო და ხალხმრავალი ქუჩა ყურადღებით მოათვალიერა. დავითმა დრო იხელთა და შიგნით შევიდა.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები