ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელნისფერი
ჟანრი: პროზა
16 თებერვალი, 2014


გამფერადებელი.

    წლებია აბელთან ვცხოვრობ.
    როცა თვალები როლში ჩარჩენილი მსახიობივით ერთ-ერთ ტკივილში მეყინება, ერთადერთი, რის გამოც ვცდილობ, რომ მხრები არ ამიტირდეს, ისაა, რომ ვიცი, აბელი დგას ჩემ უკან და იდარდებს.
    ძალიან ხალისიანია, შეუძლია მოყვეს ყველაფერი, ანუ ნებისმიერი რამ. უყვარს, როცა ქუჩაში მოწყალების მათხოვარი ადამიანის შორიახლოს დგას და აკვირდება სახეებს, რომლებიც კმაყოფილები არიან სულ მცირე სიკეთით, რომელიც გასცეს.
    მე ჭრელი ვარ და მჯერა, რომ ის ერთადერთია, რომელსაც ჩემი გაფერადება შეუძლია.



    ერთხელ, ბავშვობაში, დილით ხმა ჩამესმა ძილბურანში, დედამ სახლიდან გასვლის წინ მამას შემოსძახა, ფრთხილად იარე, ნისლიანი ამინდიაო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, არც ისეთი ნისლი იყო გარეთ, რომ გაფრთხილება გამხდარიყო საჭირო, თანაც, ჩემი ძმების შეცხადებული შეძახილები არავითარ შემთხვევაში გამომეპარებოდა.
    ვერაფრით შევიბრუნე ძილი, მეგონა, აუცილებლად რაღაცის წინაპირობა იყო  დედას გაფრთხილება.
მამამ მართლაც ძალიან დაიგვიანა სახლში მოსვლა. არასოდეს დამავიწყდება შეგრძნება, როცა თოთქოს ჩემსავე თავს  ჩამოვეკიდე ლავიწებზე და წელში მოხრილმა ვიგრძენი, არც ერთ კუნთს ჰქონდა ძალა ემოძრავა.
    და მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს არაფერიც არ მომხდარა, რატომღაც, ზუსტად მას შემდეგ ავადმყოფურად მაქვს აკვიატებული, რომ ადამიანს აქვს ძალა, მომავალი თავისივე  სიტყვით შექმნას.


    ხანდახან მგონია, ეს შეგრძნება რომ არა, ვერ მივხვდებოდი, რომ აბელი მნიშვნელოვანი იყო.
ერთხელ ვუთხარი, მაქსიმუმ სამოცდაათი წელი, მერე აღარ მინდა სიცოცხლე-მეთქი. რას ამბობ, მე სიცოცხლე ისე მიყვარს, ასს რომ გადაცილებული ვიქნები, მაშინ რომ მოვიდეს სიკვდილი, იმ დროსაც ძალიან დამენანებაო ჩემი თავი. საბოლოოდ კი, არ მახსოვს, დიალოგი საით წავიყვანეთ, მაგრამ ვუთხარი, რა იცი, იქნებ ცოტა ხანში მანქანა გარტყავს-მეთქი. მაშინვე ვიკბინე ენაზე, ვიცოდი, როგორ უნდა ედია კუდში მთელი დღე ამ წინადადებას.
    საღამოს სამსახურთან უნდა მოეკითხა, დამირეკა, ხუთ წუთში მოვალ და გარეთ დამხვდიო. ხუთ წუთს რომ გადაცდა, ციბრუტივით დამიწყო თავში ტრიალი დილანდელმა დიალოგმა.
    პირში გაფითრება ჩამიშრა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, მანქანამ დაარტყა.
    ჩვიდმეტ წუთში მოვიდა, ძლივს ვიშოვე ნაყინი, დილით რომ ინატრეო.
    მაშინ პირველად ჩავეხუტე და ვაკოცე.



    როგორც წესი, იქ, სადაც მე ვმუშაობ უფულო (და შესაბამისად უმანქანო) ხალხი არ დადის. არავინ მავალდებულებს გალეშილ კლიენტებს ვუმტკიცო ძალიან მთვრალი ხართ და სჯობს ტაქსით წახვიდეთ-მეთქი, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა დარწმუნებული ვარ,  ბარის მოხერხებული სკამიდან ძლივს ჩაბობღებული ადამიანი ავარიის პოტენციური მსხვერპლია და შიშიანი თვალებით ვაცილებ.
    მეორე დილით წინა საღამოს მომხდარი ავარიების შესახებ ცნობებს ვეძებ ინტერნეტში, ტელევიზორში. ესეც თავისებური ავადმყოფობაა.
არასოდეს მიგრძვნია, რომ აბელს ჩემი ქცევები აშინებს. მე ის ძლიერი მჭირდება და იმიტომ. მან ყველაზე კარგად იცის, რომ აღარ შემიძლია ამდენნაირობა.



    მგონია, მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიმატოვებს, თუ შემთხვევით იმ გოგოს გაიცნობს, ორი წლის წინ რომ სახეში შეაორთქლა. კი, ნამდვილად უცნაურად ჟღერს.
შემოდგომა იყო მაშინ,  აბელი გაჩერებაზე იდგა და  ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა წინ  საშუალო სიმაღლის,  წაბლისფერთმიანი, ხუჭუჭა გოგო აესვეტა და კითხა, სიგარეტის სუნი თუ ასდიოდა. აბელს სახე მის ლურჯ შარფში გახვეულ გულ-მკერდთან ოდნავ მიუახლოვებია და შეუსუნთქავს, არაო, უთქვამს. იმას კიდევ უცბად ლოყა აბელისთვის ცხვირზე მიუდია და ნამდვილადო? - უკითხავს, არაო, კიდევ გაუმაორებია აბელს.
    მერე, ასე, ძალიან ჩვეულებრივად შეაორთქლა სახეზე და არც ასეო? - კითხა.
შემდეგ გაჩერებას რამდენიმე ნაბიჯით გასცილებია და სანამ აბელი მის კარგად შეთვალიერებას მოასწრებდა, წინ გაჩერებულ მანქანაში ჩამხტარა. საჭესთან სავარაუდოდ მამამისი, გვერდით კი დედა იჯდა.
    ეს იყო სულ. აბელს კი ამ ამბის მოყოლა ყველაზე მეტად უყვარს და კარგადაც გამოსდის.





    ჩემი აზრით, მისი სახელი ნებისმიერ სუნამოზე მძაფრია და ყოველთვის საჭირო დროს სჭირდება წარმოთქმა.
როცა ვიცი, რომ რაღაც აწუხებს, ყოველთვის მშვიდ ძილს ვუსურვებ. როცა ვაბრაზებ და ჩემ გამოა ცუდ ხასიათზე, აუცილაბლად  ვეუბნები ასე: ,,მშვიდად იძინე, აბელ. ‘’
    ეს ნიშნის მოგებასავითაა ნათქვამი. ასეთ მომენტებში თითქოს ვგრძნობ, რომ ვანგრევ. ღამით კი მეღვიძება და ძალიან, ძალიან დიდ ხანს ვეღარ ვიძინებ, ვხვდები, რომ ყველაზე კარგად სიტყვა საშინელი ამსახავს.
    მერე კალამს და ფურცელს ვეძებ და იმდენ მაპატიეს ვწერ, სანამ ხელი ძალიან არ დამეღლება.

    წუხელ ხელებზე დავიწერე ბოდიშები. მერე გავაღვიძე და შევპირდი, რომ აღარასოდეს ვუსურვებდი ისეთ მშვიდ ძილს, როგორსაც ის ნამდვილად არ იმსახურებდა.
    ხელები საპნით დამბანა და დამიჯერა.
    არ მომიტყუებია.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები