ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: დრამატურგია
20 თებერვალი, 2014


ქართული იდილია (პამფლეტი)

(პიესა  ერთ მოქმედებად)


მოქმედი პირები:
მამა - ტარიელი, 47 წლის.
დედა - თინათინი, 43 წლის.
ქალიშვილი - ნესტანი, 18 წლის.
ვაჟიშვილი - გიგა, 15 წლის.
ჩომბე – წამლის ბარიგა.
მეზობლები.
     
                  1 - სურათი

(ქართული ქუჩის #1 სახლის ეზო. მეზობლები ხმამაღლა ლაპარაკობენ, მეორე სართულის აივნისკენ იყურებიან)
პირველი მეზობელი - რა ვთქვა, კი ვარ კარის მეზობელი, მაგრამ მეხუთე დღეა თვალი არ მომიკრავს... გიგამ პურზე ჩარბენისას, რომ არ შემომძახოს არ იქნება... ეს ხუთი დღეა თვალი არ მომიკრავს, რა ჯანდაბა მომივიდა, თვალი არ მომიკრავს...
მეორე მეზობელი - აივნის კარებიც შეხსნილია... ბატონო დავით, დაგერეკათ სახანძროსთვის, გთხოვთ, სახანძროს კიბით იქნებ გადავსულიყავით აივანზე... ქართველიშვილების ოჯახს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ეზოსთვის...
მესამე მეზობელი - კი ბატონო, კი ბატონო, დავრეკავ და შევაფუცხუნებ კიდიც დროულად რომ მოვიდნენ...

(ოთახი, მრგვალი მაგიდა, აივნის კარებთან როიალი, როიალზე სურათი - ქართველიშვილები გაღიმებული სახეებით, ტახტი, წიგნების თაროები, საწერი მაგიდა, ოწინარა სავარძელი)
 
თინათინი - ნესტან, მამამ დაგიბარა, საღამოსთვის არსად გავიდესოოოო... იმ აწოწილ ქარიყლაპიას ნუ შესციცინებ თვალებშიიიი... საღამოები და სეირნობები დაივიწეყეეეე...
  ნესტანი - დედა, ორი ხმოვანი დაგაკლდა  "ა" და "უ"... გირჩევ პირდაპირ წაუღიღინო, აი ასე - ააააუუუ!!!
  თინათინი - შენ ხუმრობ და იცი რომ (ჩურჩულით) ორი ლარი და ოცდაათი თეთრიღა დაგვრჩა, მარტო სამოცდაექვსი ლარი  ამალიას ვალი გვაქვს, ჯიხურთან არ გაიარო თორემ თუ დ-ა-გ-ი-ნ-ა-ხ-ა... ვაი-უი მერე ნახე.

(ეზოდან ხმა - თიიინააა!!!)
  ნესტანი - ვინ არის ამ დილაუთენია...
  თინათინი - მე-ვა-ლე (ჩურჩულით) ორასი ქილა მაწვნის ვალი გვაქვს. აჰა, ერთი ლარი , არა, არა, ოცდაათი თეთრი ჩაუტანე, დანარჩენს ხვალ მოგცემს მამათქო...
  ნესტანი - ქალბატონო თინათინ, გიგამ ჩაუტანოს ოცდაათი თეთრი და მოახსენოს 99 ლარს და 70 თეთრს ხვალ, ზეგ, ან არასოდეს მა-მა  მო-გცე-მსო!!!
  თინათინი - გაგიჟდი! ბავშვი გინდა მომიკლას(ჩურჩულით)... შენ იცი, მაგ მემაწვნემ მევალეს სახლში ბომბი შეუგდო და გამობუგა...
  ნესტანი - ატომური ბომბი თუ იქნებოდა აუცილებლად გამობუგავდა, სხვა რა მოგახსენო...

  (შემოდის გიგა ჩანთით, ნაღვლიანი თვალებით და სევდიანი ხმით)
  გიგა - მომეცით ფული, მე ჩავუტან, ნუ ნერვიულობ დედა, შევეხვეწები, არ მეტყვის უარს, ეგ მემაწვნე სულ მკოცნის და მეფერება, ნახევარზე მეტი ნაჩუქარი აქვს ეგ მაწონი, იცით რა კარგი ქალია... ოღონდ ნუ იჩხუბებთ, ნუ იჩხუბებთ...
  ნესტანი - რა მოხდა წუხელ, რატომ არის ეს ბავშვი თვალებ დასიებული და უძილარი?  ისევ დააყარეთ ცოლ-ქმარმა ერთმანეთს? გადარევთ ამ ბავშვს თქვენ და ატყდება მერე ვაიუშველებელი, არა შენ იყავი დამნაშავე, არა შენო, არა შენ მიხედე, არა შენო... მაინც რაზე დაჭეჭყეთ ერთმანეთი?
  თინათინი - მოვიდა გადარეული, გაცოფებული, (ჟესტიკულაციით ამსგავსებს ტარიელს), მოათრია თავისზე უარესი გახეთქილი მთვრალები,  კრეტინები და გინდა თუ არა სუფრა გამიშალეო... გამიშალეო... შენ რას მოიმოქმედებდი?
  ნესტანი - რას მოვი-მოქმე-დებდი და გავუშლიდი ნუგბარ სუფრას, გავშლიდი ხელებს და ვეტყოდი: მობრძანდით სუფრასთან ბატონო კრეტინებო!!! მერე, ერთ შალახოსაც მოვცხებდი და ტკბილად გავაცილებდი სახლიდან. ძვირფას ქმარს კი მარილი ყურში და ჰერი-ჰერიიი... ხომ მართალი ვარ გიგა?
  გიგა - რატომ გძულთ ყველა და ყველაფერი? მე ხომ მიყვარხართ, რატომ გძულთ, რატომ... რატომ...
    (შემოდის ტარიელი, გრძელი ლურჯი ხალათი აცვია, იზმორება და ამთქნარებს)

  ტარიელი – ვინ სძულთ, რა სძულთ... გიგა თუ კაცი ხარ ბორჯომზე ჩაირბინე ამალიასთან…
  (თინათინი დოინჯით დგას და დამცინავი თვალებით უყურებს ტარიელს)
  ნესტანი – (ჩურჩულით) ამალიას ვა-ლი გვაქვს…
  ტარიელი – მივცემთ… მერე, რა მოხდა , დაინგრა ქვეყანა თუ ქართველიშვილების სიტყვის ვინმეს არ სჯერა! გიგა ამალიას გადაეცი ტარიელ ქართველიშვილმა მოგიკითხათქო!
  (თინათინი ჟესტიკულაციით დასცინის ტარიელს)
  გიგა – ახლავე ჩავალ მამა… (მივა მამას მოეხვევა, დედას აკოცებს, ნესტანს თმებზე გაჰკრავს ხელს)
  ტარიელი – გიგა, მერე საქმე მაქვს შენთან…
  თინათინი – ჩემო სიცოცხლე! ჩემო ვაჟკაცო! (თავისთვის ჩაილაპარაკებს)
  ნესტანი – (ტარიელს უყურებს) გიგასნაირ ბავშვს ვერ იპოვი, არსად შეგხვდება,. საოცარია, ჩვენ რომ გვი-ყუ-რე-ბს!!! და მაინც არც ფერს იცვლის და არც ზნეს… საოცარია… საოცარია…
  ტარიელი – სხვათაშორის ეგ ყმაწვილი ქართველიშვილია გვარად! და კიდევ, კრეტინიზმის აგიტაციისთვის არსებობს სახელმწიფო დაწესებულებები, როგორიც არის ბედიანა, ასათიანი და რა ვიცი კიდევ რა, ასე რომ დავუკვირდეთ, რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ და ვისთან ვამბობთ. რაც შეეხება გიგას! ბიჭი მალე სკოლას დაამთავრებს, თქვენს ხელში რას უნდა ეწიოს.
    (თინათინი ტარიელისკენ გაექანება მუშტებმომარჯვებული)
  ტარიელი – კარგი, კარგი თიკო, გადავწყვიტე გიგას ვუთხრა წასვლის შესახებ, ხომ იცი განვიცდი, როგორ გაიგებს, როგორ აღიქვამს, შენც უნდა დამიდგე მხარში, ნესტანმაც უნდა წამაშველოს სიტყვა.(თინათინი და ნესტანი ტარიელს მიუახლოვდებიან. ტარიელი ორივეს ხელებს მოხვევს და გულზე მიიხუტებს) თვე გავიდა, რაც ზერო შემომეხმიანა, ჩამოდი ყველაფერი ავაწყე, გელოდებიო, მე კი ვწელავ, ფეხს ვითრევ, მაგრამ აქაც რომ არაფერი გამოდის, გუშინ, ვითომ საქმე გავაკეთეთ, ფული მოგვცეს სასადილოში ოთხ კაცს არ გვეყო, ვალი დავიდეთ. წავალ, იქნებ რა ხდება, ვნახავ, ყველა აშენდა და რაღა ჩვენ დავიქცევით. არ ვიცი, არ ვიცი, როგორ ვუთხრა გიგას, რანაირად ავუხსნა…
  ნესტანი – გაგიჟდება, გადაირევა, გუშინ გეგმებს აწყობდა, ჩემი კლასელის მამა ბოთლების ჩაბარების პუნქტში მუშაობს და უნდა ვთხოვო მიმიღოსო…
  თინათინი – ეგ რომ გაიგოს შენ წასვლას აპირებ…
  (შემოდის გიგა. გახარებული შემოეხვევა დედას, მამას, ნესტანს. ყველანი გაირინდებიან. ნესტანი იწყებს სიმღერას: “ბეღურების გადაფრენა”, სიმღერის ფონზე ისმის ბეღურების ჟრიამული)
  გიგა – ხომ შეიძლება ასე ცხოვრება, ხომ შეიძლება ნესტან, თქვი, ხომ შეიძლება!!!
  ნესტანი – შეიძლება…(სევდიანად, ნაღვლიანად)
           
  (ორი დღის შემდეგ. ოთახი. შპალერჩამოხეული კედლები. ტარიელი წიგნების კარადასთან დგას და უაზროდ აცეცებს მზერას. შემოდის გიგა)
  გიგა – მამა, ამალიამ სიგარეტიც გამომატანა……
  ტარიელი – ყოჩაღ, ამალია! უყურე რა გაგებული ქალი ყოფილა, აბა, დედაშენი და შენი და კი ვერ მოიფიქრებდნენ ამდენს. კაცს, გიგა, ბორჯომიც სჭირდება, სიგარეტიც სჭირდება და გაგებაც სჭირდება შენ წარმოიდგინე! (მამა-შვილი ერთმანეთს გადაეხვევიან და იცინიან. კარებთან თინათინი და ნესტანი მიცვივდებიან, კარებს ყურს მიადებენ და ერთმანეთს აჩუმებენ)
  გიგა – მამა, ბესო ძიას ხომ იცნობ, ჩალიჩას რომ ეძახიან, ბოთლების ჩაბარების პუნქტს ხსნის და დამპირდა საბურთალოს შენ ჩაგაბარებო, დღეში სამი ლარი სუფთად დაგრჩებაო…(ტარიელი მოიღუშა, თითები გაატკაცუნა, ბორჯომი მოსვა, სიგარეტს მოუკიდა და ხელი გადახვია გიგას) 
  ტარიელი – გიგა… დღეს შენთვის ეს ჯერ გაუგებარია, მაგრამ ხვალ, სკოლას რომ დაამთავრებ და ამ ცხოვრების პირისპირ დარჩები, მადლობას მეტყვი. იცოდე, შენთვის მივდივარ, შენთვის… აბა, ჩალიჩას მოჯამაგირე შვილი სად მყავს მე! გაიგე გიგა, ჭირივით მძულს ის მხარე და ის ხალხი, მაგრამ თავს ზევით ძალა არარის! უნდა წავიდე!
  გიგა – მამა, მე მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ…გვიჭირს? ვის არ უჭირს დღეს?…ერთად გავიჭირვოთ… მე მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ…ერთად ვიყოთ…
  ტარიელი – მეც, ჩემო გიგა, მეც მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ, მაგრამ ხომ ხედავ რა დღეში ვართ… დედაშენი ყველაფერში მართალია, გაჭირვებამ გადარია და გააგიჟა, თორემ, (ჩურჩულით) თინათინ ყიფშიძე ქვეყნის თვალი იყო. ნესტანიც ხვალ-ზეგ უნდა გათხოვდეს, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, თორემ, (ჩურჩულით) ხომ ხედავ კალმით ნახატს გავს. შენც პატარა ბიჭი აღარ ხარ, რაღაცას უნდა მოეკიდო, ახლა გჭირდება შენ გვერდში ამოდგომა და დახმარება, თორემ, (ჩურჩულით) მერე? მერე, შენ თვითონ მიხედავ შენს თავს…
  გიგა – და მაინც, მამა, მე მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ… გავუძლებთ, ყველაფერს გავუძლებთ… დედასაც გავახარებთ, ნესტანსაც გავათხოვებთ, შენც იშოვი სამსახურს, მეც ჩავაბარებ, ქვეყანაც დალაგდება, აბა, ისე როგორ იქნება, მაშინ ხომ ყველა გაიქცევა, აქ ვიღა დარჩება – მარტო მე და ბატონი დავითი? არა, არა, ასე არ მოხდება, სისულელეა, ასე არ ხდება…
  ტარიელი – ხდება გიგა, ვაი, რომ ხდება, მიიხედ-მოიხედე შენი კლასელების მშობლებიდან რომელია აქ, ან, რა უნდათ აქ, ბატონი დავითიო, რომ ამბობ, იცი რა მითხრა, ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო აქ რა გამაჩერებსო, ესეც შენი ბატონი დავითი! პირობას გაძლევ გიგა, თუ არაფერი გამომივიდა, ერთი წუთი არ გავჩერდები, დავკრავ ფეხს და შენთან გავჩნდები, სინდისს გეფიცები, შენთან გავჩნდები… სხვა გზას ვერ ვხედავ გიგა, ვერ ვხედავ და მომკალი თუ გინდა, ჩალიჩას დავუდგეთ მონებად? იმას ვუყუროთ ვინ რამდენ ლუდს და ლიმონათს დალევს? სხვა გზას ვერ ვხედავ გიგა, ვერ ვხედავ და მომკალი თუ გინდა…
  გიგა – კარგი, კარგი მამა… კარგი, ქვას გავხეთქავ და დედას და ნესტანს არაფერს გაუჭირვებ…
  ტარიელი – შენ არ გაუჭირვებ გიგა, მაგრამ რა იქნება და როგორ იქნება ღმერთმა უწყის… შეიძლება… მაგათაც… ეჰ, დავანებოთ ახლა თავი ფილოსოფოსობას და დედაშენს მიულოცოთ დაბადების დღე, რაც არ უნდა გვიჭირდეს ჩვენს ბურჯს და იმედს გული არ უნდა ვატკინოთ…

                    2 - სურათი

(ორი წლის შემდეგ. ოთახი. შპალერჩამოხეული კედლები. ოწინარა სავარძელზე გიგა თვალებს ბლიტავს, ხელში მობილურს ათამაშებს, ახალი წლის ღამეა)

გიგა – რით ვეღარ დარეკეს ამ ჩემისებმა, ფეხებზე კიდიათ ყველაფერი,(ცხვირს იქექავს) მე ამათ დავკიდებ როგორც საჭიროა…(ისმის ტელეფონის ზარი)  რა გჭირთ ხალხო, როდემდე გელოდოთ, ფულს რაზე არ აგზავნი შე დამპალო ქალო, ხომ იცი გაჭირვებაა აქა და ფულია საჭირო… რა გამომიგზავნე, ქალო, წინა კვირას რო გამოგზავნე იმას ფულს ეძახი შენა? ხო არ გინდა დაგბრიდო შე დამპალო, ფული გამოაგზავნე დროზე, თორე, მე შენ გაჩვენებ დედიკო-დედიკოს, იმ ჩემ პრასტიტუტკა დას გადაურეკე და თუ არ უნდა ავჩეხო ფული გამოაგზავნოს დროზე! რა მამაჩემი, ვინ მამაჩემი, ხო არ გაჟრიალებს, იმ ბოზთან ერთად დაითესა და იმ დღიდან აღარ დაურეკავს, მორჩი ეხლა ტირილს და ფული გამოგზავნე დროზე! ხო, ეგრეა, ნუ გაბურღე ტვინი, ჩამოემსერებით აქ და მოგხედავთ როგორც საჭიროა… ხვალ რო ფული არ ჩამოვიდეს, ბოზიშვილი ვიყო თუ არ მოგძებნოთ და არ გაგტისკოთ! წადი შენი…
     
    (კარებზე აკაკუნებენ. გიგა აღებს კარებს და თავქუდმოგლეჯილი გარბის საძინებელში, შიგნიდან კეტავს კარებს და მთელი ხმით ყვირის)…
  გიგა – ჩომბე მაპატიე რა, ახლა ვებაზრე დედაჩემს და ხვალ ფული უეჭველი იქნება, რა გინდა ძმაო სიტყვა სიტყვაა…
  ჩომბე – ვინ არის შენი ძმა, შე პიდარასტო, გამოეთრიე თავინ უნდა მოგაჭრა შე აყროლებულო ნარკუშა, ჰა, გულაობ არა ჩემ წამალზე და გადახდა არ გინდა არა, ხვალ რო ფული არ იყოს შენ დედას… წავედი და ხვალ შენ თითონ ჩამომსევრდი, გაიგე ნაგავო…
  გიგა – ჩომბე, მიდი რა ერთი ჩეკი დატოვე რა, ხვალ ფული უეჭველი იქნება, ამაღამ რო ეგრე დავრჩე დავიბრიდები, გამიგე რა, გამიგე რა…
  ჩომბე – აჰა, გიტოვებ, რა ვქნა რო ეგეთი გული მაქ, თორე შე რა შესაცოდი ხარ, შე ნიფხაო შენა…
  გიგა – კაცი ხარ ჩომბე, გენაცვალე, კაცი! დღესაც მაგულავე და ხვალიდან შენი შნირი ვიქნები! რა კაცი ხარ ჩომბე, ოქრო ხარ აუწონავი, გენაცვალე!
 
(ქართული ქუჩის #1 სახლის ეზო. მეზობლები ხმამაღლა ლაპარაკობენ, მეორე სართულის აივნისკენ იყურებიან)
პირველი მეზობელი - რა ვთქვა, კი ვარ კარის მეზობელი, მაგრამ მეხუთე დღეა თვალი არ მომიკრავს... გიგამ პურზე ჩარბენისას, რომ არ შემომძახოს არ იქნება... ეს ხუთი დღეა თვალი არ მომიკრავს, რა ჯანდაბა მომივიდა, თვალი არ მომიკრავს...
მეორე მეზობელი - აივნის კარებიც შეხსნილია... ბატონო დავით, დაგერეკათ სახანძროსთვის, გთხოვთ, სახანძროს კიბით იქნებ გადავსულიყავით აივანზე... ქართველიშვილების ოჯახს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ეზოსთვის...
მესამე მეზობელი - კი ბატონო, კი ბატონო, დავრეკავ და შევაფუცხუნებ კიდიც დროულად რომ მოვიდნენ…
(ისმის სახანძრო მანქანის სირენის ხმა)
  მესამე მეზობელი – ბიჭი ხუთი დღეა არ გამოჩენილა, აივნის კარებიც შეხსნილია… ამან შეგვაშინა…
  …(ოთახი, მრგვალი მაგიდა, აივნის კარებთან როიალი, როიალზე სურათი - ქართველიშვილები გაღიმებული სახეებით, ტახტი, წიგნების თაროები, საწერი მაგიდა, ოწინარა სავარძელში გიგაა მისვენებული, ღია თვალები, პირიდან გადმოსული დუჟი, მობილური განუწყვეტლად რეკავს, მკლავზე მოჭერილი ზონარი და აშიშინებული ტელევიზორი)
  მეხანძრე – (აივნიდან) ბიჭია მკვდარი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს