ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატუშა
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2014


გადაბირება 2 (ნაწილი VII )

ძველებურ, მაღალ საწოლზე, ბალიშებზე მისვენებული და ნახევრად კედლისკენ გადატრიალებული მოხუცი იწვა. ქალი ზეწარს უცვლიდა. ახალი ზეწრის ნახევარი თავისკენ გადმოკეცა. სერ უილიამის დახმარებით მოხუცი თავისკენ გადმოატრიალა და მეორე ნახევარი იქით გადააფინა. ყვირილის შესაკავებლად დავითმა პირზე ორივე ხელი აიფარა და კედელს აეკრა შეძრწუნებული. თავისი ორეული ჩამქრალი მზერით შესცქეროდა მომვლელს და სიბერის ლაქებით დაფარული ხელებით უღონოდ ებღაუჭობოდა მკლავზე.

რობერტ თროქმორთონი! ღმერთო. . .

დიდხანს იხეტიალა ქალაქში. არ აპირებდა ვითომ, მაგრამ ფეხებმა თავისით მიიყვანეს ძველ ეზოში. გული აუჩუყდა. ისეთი გრძნობა ქონდა, თითქოს მშობლიურ სახლში დაბრუნდა. სიბერის ბრალი იყო ალბათ, ყველაფერზე ეტირებოდა. უჩინარობის ორი საათი ქონდა დარჩენილი.

შეილას სახლთან სასწრაფო იდგა. ათი წუთის შემდეგ, სანიტრებმა შეილა გამოიტანეს საკაცით, სახეზე გადააფარეს და მანქანაში შეაგორეს შეძახილებით. საწყალი შეილა! დავითის ხუმრობაზე როგორ ბრაზობდა და იცილებდა თავიდან –“არავინ მჭირდება, დაე, ჩემი სახლი სახელმწიფოს დარჩეს” აჰა, დარჩა კიდეც.

იოჟკა კარის ჩარჩოს  მიყრდნობოდა მოხრილი ფეხით, ისე, მსუმბუქი ყოფაქცევის ქალებმა რომ იციან და სიგარეტს აბოლებდა. სევდიანი გასცქეროდა სასწრაფოს. გახუნებული პერანგი  და გაქუცული ფეხსაცმელები ეცვა. გამხდარი და მოტეხილი ჩანდა. მართალია, მათი მეზობლური ურთიერთობა მარტო მისალმებით და მოკითხვით შემოიფარგლებოდა, მაგრამ შეეცოდა. ასე გამოიყურება, უცხო ქვეყანაში გადახვეწილი, უმუშევარი და უიმედო კაცი. სერ უილიამის მოცემული 100 ფუნტიანი ფეხებთან დაუგდო. იოჟკამ ნამწვი სხვის ტერიტორიაზე მოისროლა და იქვე ჩაჯდა. გვიან შენიშნა ფული. სახეზე სიხარულმა გადაურბინა. მაშინვე არ დაეტაკა. ჯერ დაბალზე შეჭრილი, გაფშეკილი თმა მოიჩეჩა, მერე, გარემო დაზვერა და ბოლოს, დარწმუნებულმა, რომ არავინ ხედავდა, ჯიბეში გაიქანა.

საბას ბებია გამოვიდა გარეთ. კარი გამოიხურა, მზის სათვალე მოირგო და  თიხის დიდ, ყვავილებჩამჭკნარ ქოთანზე ჩამოჯდა. ეტყობა, ახალგაზრდულს აწვებოდა ბებო - ჯინსი, მაისური, თეთრი კედები და ცნობილი ფირმის სათვალე. დავითი შორიახლოს დადგა. თეთრი, ბამბის ქულასავით რბილი თმა ქონდა ქალს. იჯდა ასე, გაუნძრევლად, სანამ ჭიანჭველებმა არ შეაწუხეს. წამოხტა, ბუზღუნით ჩამოიბერტყა ტანსაცმელი, მხრები, მკლავები. ჭიანჭველების ბუდე ქუსლით გადათელა და სახლში შევიდა.

ახლა დავითი ჩამოჯდა ქოთანზე. ნეტავ იმ დროს, აქ რომ ცხოვრობდა! ცუდად იგრძნო თავი. სახსრები ასტკივდა. ფეხის თითები დაეჭიმა და დაუბუჟდა. ტერფები გაჭიმა და წრიულად აამოძრავა, წვივებიც დაიზილა. არაფერმა უშველა. ოხვრით დახედა ფეხებს. გათელილ ბალახებში რაღაცამ გაიბრჭყვიალა. კრუსუნით დაიხარა და აიღო. გაწყვეტილი ძეწკვი იყო შვლის ნუკრის მედალიონით. სუნთქვა შეეკრა. მოულოდნელმა ტკივილმა მკერდიდან ზურგისკენ გადაინაცვლა. მანანას მედალიონი! რატომ ატარებდა საბას ბებია ამ მედალიონს? ვინ მისცა? არა, რა სისულელეს ფიქრობს?  ”ვორვიკ კასტელში” ასეთების მეტი რა იყიდება. კარგი, წაიყვანა საბამ ბებია იმ ციხესიმაგრის სანახავად, მაგრამ რატომ უყიდა ზუსტად ასეთი? ეყიდა სხვა, შესაფერისი ნივთი. ეტყობა, ქალბატონსაც რეალობის გრძნობა დაკარგული აქვს და ასაკს ვერ გრძნობს.

თროქმორთონების ბაღთან თავბრუ დაეხვა. ყველაფერი მოძრაობდა და ტრიალებდა. თითქოს ხეები ერთმანეთს მისდევდნენ. გამვლელებს წვრილი ტანი და უზარმაზარი თავები ქონდათ. ტყუპებივით ერთნაირი მებაღეები დაბორიალობდნენ, განიერ პირებს აღებდნენ და ყვითელ ხელებს იწვდიდნენ დავითისკენ. დაბალ მოაჯირს მოეჭიდა. იყო ასე რამდენიმე წუთი. შემდეგ, თვალთ დაუბნელდა და ტროტუარზე გადავარდა. . .

“ მიდიოდა კამზოლიანი ქუჩაში სწრაფი ნაბიჯებით. მიდიოდა და მარჯვენით ნახშირის უთოს იქნევდა. დავითს შავი ყურძნის მსხვილმარცვლიანი მტევანი ეჭირა და ჭამით მისდევდა უკან. უცხო ქალაქში იყვნენ. ჩიხიდან ჩიხში გადადიოდნენ, მრავალი აღმართი აიარეს, მრავალი დაღმართი ჩაიარეს. ბოლოს, იისფერფანჯრებიანი სახლის წინ, კიბეზე ჩამოჯდა კამზოლიანი, უთო მუხლებზე დაიდო და გაირინდა. დავითი გვერდით მიუჯდა. მტრედები დაფარფატებდნენ ყველგან - სახურავებზე, ცაში, გზებზე, ეზოებში. ქარს ზარების ხმა მოჰქონდა ღრუბლებიდან. ხეებივით მაღალი ყვავილებიდან ფერადი ფურცლები ფიფქივით ცვიოდა. ოქროსფერთმიანი ქალი გამოვიდა აგურისფერი სახლიდან, მკერდზე მიკრული ხარისძირების და იების თაიგულით. დავითთან მივიდა, ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და საოცრად თბილი ხმით უთხრა: ყოველთვის ვოცნებობდი შენნაირი შვილი მყოლოდა. . . ”

ვიღაცის სილუეტი გაარჩია. იმ ვიღაცამ მხრებში ხელები ჩაავლო.

- დევიდ, შვილო, გონს მოდი, გევედრები! არ დახუჭო თვალები, არ დახუჭო! შემომხედე და მითხარი რამე.
- სერ უილიამ?
- მე ვარ, მე.
- ვკვდები?
- ღმერთმა დაგიფაროს!
- იცით,“ჩეხოტკა” სერაფიმა ვნახე.

სერ უილიამმა ოფლიან შუბლზე ხელი დაადო და სიცხისგან ამღვრეულ თვალებში ჩახედა.

- სერაფიმა ვინ არის ან “ჩეხოტკა” რას ნიშნავს?
- ყველა ერიდებოდა, მე – არა. . . მოკვდა სერაფიმა . . . ყვავილებს ვჩუქნიდი. . .
- იწექი, არ ადგე! როი გავაგზავნე წამალზე. მელაპარაკე, ბიჭო, მელაპარაკე!
- ჩემი შვილი იყავიო. . . წყალი მინდა, ბევრი წყალი, ბევრი. . .

ხარბად მოიყუდა ბოთლი. წყალი ტუჩის კუთხეებთან წვრილად მოწანწკარებდა და კისერში ეღვრებოდა. მორჩენილი რამდენიმე ყლუპი გულზე დაისხა და გაყუჩდა. სერ უილიამს ყელში რაღაც გაეჩხირა. თავი თავზე დაადო.
- დევიდ, არ დამღუპო, არ მოკვდე ბიჭო!

უკანა თათებზე შემდგარი ჰენრი, ბრჭყალებით ებღაუჭებოდა საწოლის კიდეს. თითქოს გრძნობდა პატრონის გასაჭირს. თვალს არ აცილებდა, ცალ თათს საბანს უსვამდა კნავილით. სიჩუმეს დროდადრო ქუჩიდან შემოჭრილი ტრანსპორტის ხმა არღვევდა. თითქოს უბიძგესო, დავითმა საბანი გადაიძრო და საწოლზე წამოჯდა.
- სარდაფში უნდა ჩავიდე.
          სერ უილიამი დაიბნა.
- სად სარდაფში?
- ფარებიან სარდაფში.
- იქ რა გინდა?
- მინდა!
- როგორ ჩახვალ ასეთ მდგომარეობაში?
- ჩამიყვანეთ!

დავითი ჭიებისგან დახრულ მასიურ სკამზე დაჯდა.

- ის უთოები ჩამომიღეთ, თავები რომლებსაც ეხდება.
სათითაოდ მოჰქონდა სერ უილიამს უთოები. დავითი ყურადღებით ათვალიერებდა გარედან, ძირს უსინჯავდა, მიუკაკუნებდა, სიღრმეში ჩახედავდა და განზე ისროდა. მტვერი წრეებად იშლებოდა და ნაცრისფერი ნამქერივით გროვდებოდა კედელთან. 

- ყველა მომიტანეთ?
სერ უილიამმა თაროები მოათვალიერა.
- მგონი ყველა. არ იტყვი, რა ხდება?
- ჯერ არ ვიცი, რა გითხრათ? აი, იქ, სულ ზემოთ რაღაც მოჩანს.
- ვერ ვწვდები. თავს თუ უკეთ გრძნობ, იქნებ შენ გეცადა?

ძლივს მიიტანა დასუსტებული სხეული თაროსთან. სერ უილიამზე მაღალი კი იყო და სპილენძის პატარა სათლს მიწვდა. ცოტა კიდევ აიწია, რაღაც ხორკლიანს და მძიმეს წამოკრა ხელი. თავისკენ მოითრია. გვერდზე გაწევა მოასწრო. ნახშირის უთო გადმოცურდა და იატაკზე ბრაგვანით დაეცა. გამოფიტული, ხმარებისგან გალეული  ხის სახელური გასკდა და პატარა ნაწილებად დაიფანტა. ცემინება აუტყდათ ორივეს. სული რომ მოითქვა, სერ უილიამი უთოს წაეტანა.
- ხელი არ ახლოთ! -დაუყვირა დავითმა.
- კარგი დევიდ, კარგი, როგორც შენ იტყვი!

მტვერში ამოგანგლული, მურიანი ჰენრი ძველ ნივთებზე დასუნსულებდა. დავითმა უთო მუხლებზე დაიდო და მოულოდნელად, მთელი ხმით დაიღრიალა.

შეშინებულმა სერ უილიამმა უკან დაიხია.
- კარგად ხარ?
- არ ვიცი. გული მიკანკალებს, ნერვები მეშლება.
- შვილო. . .
- შვილოს ნუ მეძახით!
- აღარ დაგიძახებ. იქნებ ეს უთოც გვენახა. . .

ცოტა სხვანაირი უთო იყო - მაღალი, განიერი, თაღებივით გამოჭრილი საჰაეროებით, პეპლის ფორმის ჩამკეტით. დავითმა ჩამკეტი გადაწია და თვალდახუჭულმა ჩაყო ხელი სიღრმეში.
- სერ უილიამ!
- თქვი, დევიდ, თქვი! მოვკვდი კაცი.
- აქ რაღაც არის.

დავითმა მდოგვისფერ ქაღალდში კარგად შეფუთული ყუთი ამოიღო წარწერით – “გახსნას  უილიამმა”

ფერდაკარგულ სერ უილიამს ხმა აუკანკალდა.
- დევიდ, გთხოვ, შენ გახსენი!



გაგრძელება იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები