ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2014


უკამბას ტომის უკანასკნელი ღამე

უკამბას ტომის უკანასკნელი ღამე 


ამ ტრაგიკულ ისტორიაში ბევრი რამაა იდუმალი, იქნებ მითიურიც. ბევრი რამ განზრახ გაყალბებულიც.ოფიციოზის ინფორმაცია ნაკლებ სანდოა, არაოფიციალური კი- მწირი. სიმართლე სადღაც მიღმა უნდა ვეძიოთ.
  როგორც ხშირად ხდება, ყველაფერი ჟურნალისტების ეპატაჟური პუბლიკაციით დაიწყო, როგორც შემდეგ გაირკვა, არცთუისე შემთხვევითით. თუმცა, შემთხვევითობაც ხომ აუცილებლობის გამოვლენის ფორმაა. მაშინ არავის შეეძლო ამ ფატალური ამბის სავალალო დასასრულის განჭვრეტა.
  მარაგუის ყვითელი პრესა იუწყებოდა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯერ კიდევ შეუსწავლელ მაკუდოს ჯუნგლებში უცნაური არსებების თუ ადამიანების კვალი შეემჩნიათ. მასალა მაშინვე გადაბეჭდა მონტებლანკოს მთავარმა გაზეთმა „ქეფითალნიუსმა”. დაიბეჭდა ინტერვიუ ამ საქმის  ექსპერტებთან. მოულოდნელად გაირკვა, რომ ბევრი მათგანისთვის ეს  „სენსაციური ინფორმაცია” სრულებითაც არ წარმოადგენდა სიახლეს. „ჩვენ დიდიხანია ვაკვირდებით ამ ფაქტებსო”- განაცხადა ცნობილმა პალეონტოლოგმა პაულო სანჩესმა. ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოების ინტერესი.  მალე ტელეეკრანზეც გამოჩნდნენ ეს უცნაური არსებანი, რომლებიც მარდად ხტებოდნენ ხიდან ხეზე და ველური მაყვლით ნაყრდებოდნენ. ძნელი სათქმელი იყო, რას წარმოადგენდნენ ისინი.მეცნიერებიც კი ვერ შეთანხმებულიყვნენ საბოლოოდ. ეს მეტრნახევარი სიმაღლის, მაიმუნის მსგავსი არსებანი, მწვანე, ხვლიკისფერი ბალნითა და გრძელი თმით, დანაწევრებულ, სიტყვისმაგვარ ბგერებს რომ გამოსცემდნენ, სოციუმის წევრებად ჩაეთვალათ თუ ფაუნისა.საქმეში ჩაერთნენ ენათმეცნიერები, ანთროპოლოგები, ანატომიის ექსპერტები. ზედიზედ ეწყობოდა სამეცნიერო ექსპედიციები. აბორიგენები ჯერ ეჭვით, ცოტა ხანში კი ნდობით განიმსჭვალნენ მოსულთა მიმართ, რომელთაც გოლიათები- „მანალუმპუ” უწოდეს. ისინი დაუფარავი ინტერესით ათვალიერებდნენ სტუმრების ნაჩუქარ ბრჭყვიალა ნივთებს და მათ საკუთარი სხეულის დათვალიერების ნებას აძლევდნენ.
  აღმოჩნდა, რომ ამ უცნაურ არსებათა სიგნალები ძალზე წააგავდა ადამიანურ მეტყველებას. გამოხატავდნენ ემოციებს, გადასცემდნენ ინფორმაციას, აგებდნენ მარტივ წინადადებებსაც კი. შემდგომმა კვლევებმა ცხადჰყო. რომ მათ გონებას  რაოდენობის გაგება არ შეეძლო. ლექსიკონში ჰქონდათ მხოლოდ ერთი და ბევრი. არ იცნობდნენ პირის ნიშნებს, ჰქონდათ მხოლოდ მესამე პირი. მათი ლექსიკური მარაგი ათასს ვერ სცილდებოდა და უმეტესად შორისდებულებისგან შედგებოდა. მაგალითად: შეშფოთების რამდენიმე გამოხატულება ჰქონდათ- შეშფოთება მოულოდნელი მხეცის გამოჩენის გამო, თავისიანის დაღუპვის გამო, ჭექა-ქუხილის გამო და სხვა. ყოველივე ამას ბგერათა  ერთი კომპლექტით, ოღონდ განსხვავებული ინტონაციით გამოხატავდნენ.  ყოველივე ამას ნამდვილად ჰქონდა  მეტყველებისთვის აუცილებელი ყველა მახასიათებელი. რადგან სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი ადამიანობის უპირველესი ნიშანია, მეცნიერული დილემა მათი ადამიანობის სასარგებლოდ გადაწყდა. თუმცა არცერთ მანამდე ცნობილ ენობრივ ოჯახში მათი ენა არ თავსდებოდა, არც რომელიმე ცნობილ რასობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.
  დადიოდნენ უმთავრესად ოთხზე, მხოლოდ საჭიროების დროს იმართებოდნენ წელში, ჰქონდათ ერთნაირად განვითარებული წინა და უკანა კიდურები. იყენებდნენ იარაღს- ბამბუკის წვეტიან კეტებს. ვეგეტარიანელები იყვნენ და ცხოველებს მხოლოდ  მათგან თავდასაცავად ან ტყავის მოსაპოვებლად კლავდნენ. იკვებებოდნენ კენკროვანებით, ხილით, ბოსტნეულითა და ზღვის პროდუქტით. სახლობდნენ ხეზე, მოწნულ სახუნდარებში ინდივიდუალურად. ოჯახები არ გააჩნდათ. წყვილდებოდნენ წელიწადში ერთხელ გაზაფხულის ბუნიობის ჟამს, საჯაროდ „საყოველთაო ჩასახვის დღეს”. შესაბამისად მათი ნაშიერებიც შემოდგომის დამლევს „საყოველთაო აღორძინების” პერიოდში ევლინებოდნენ ქვეყანას. პატარებს ერთი წლის შემდეგ დედები დამოუკიდებლად უშვებდნენ და მათი ბედით აღარ ინტერესდებოდნენ. საუკუნეების განმავლობაში იზოლაციაში ცხოვრებას მათში ამტანობის დიდი გამოცდილება დაეგროვებინა. არ ახასიათებდათ აგრესია და ურთიერთლოიალობით გამოირჩეოდნენ. მათი საზოგადოება სოციალურ იერარქიას არ იცნობდა., ჰყავდათ წინამძღოლი, რომელიც , ჩვეულებრივ, ყველაზე ძლიერი, ან ფიზიკურად დიდი ერთერთი მათგანი იყო, და განსაკუთრებული უფლებებით არ სარგებლობდა. მეცნიერებმა მათ უკამბას ტომის ჯუჯები შეარქვეს, რაც მათივე განმარტებით „წყლის ადამიანს” ნიშნავდა. წყალი ნამდვილად იყო მათი სტიქია. შესანიშნავად ყვინთავდნენ.. ამაში ხელისა და ფეხის თითებს შორის იხვისებრი ფალანგები და განსაკუთრებული სასუნთქი სისტემა დიდ დახმარებას უწევდა.
  მალე უკამბას ტომით სერიოზულად დაინტერესდა ტურისტული ფირმა „მარკო პოლო”, რომელიც ქვეყნის ტურისტული ბიზნესის 80 % -ს აკონტროლებდა.ამ ფირმას პრეზიდენტ ჟუაო კომბეს ძმა მფარველობდა და ტენდერში გამარჯვება არ გასჭირვებია. უკამბელებს ახალი ფუნქცია გაუჩნდათ- მათ აიძულებდნენ ტურისტების ჯგუფის გამოჩენისთანავე ბამბუკის კეტები აეღოთ და მწყობრში ჩამდგარიყვნენ.სხვებს ხეზე უნდა ეცოცათ ვითომდა საკვების მოსაპოვებლად. გადაიღეს ვიდეოკლიპები, სადაც ექსტრემალური მომენტები იყო აღბეჭდილი. დამზადდა ბავშვის სათამაშოებიც შესაბამისი გამოხატულებით.  ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა. უამრავი ხალხი მოაწყდა მაკუდოს  ჯუნგლებს განსაკუთრებით უცხოეთიდან. უკამბას ტომი მსოფლიო ტურისტულ მარშრუტებში ჩაეწერა. ფირმა თანდათან აძლიერებდა თავის მასშტაბებს. მალე მეზობელმა სახელმწიფომ ზანაგუამ, რომლის საზღვარი მაკუდოს ტერიტორიაზე გადიოდა, პრეტენზია გამოაცხადა ტურინდუსტრიაში ჩართვაზე. თავისი მხრიდან გზის გაყვანის გეგმაზე ალაპარაკდა. „მარკო პოლომ” პარლამენტის გადაწყვეტილებით ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოლიდური თანხა მიიღო. უკამბას საცხოვრებელი მაღალი გისოსებით შემოღობეს, რომელსაც მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა. შესასვლელს პოლიციელები სადღეღამისო რეჟიმში აკონტროლებდნენ და ბილეთის გარეშე შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ტერიტორიაზე დიდი ხეები და ლიანები, ხედს რომ ჩრდილავდნენ, კოხტად გაკრიჭეს და ფართო ბილიკებით დასერეს.  ამრიგად, უწყინარი და მიმნდობი უკამბელები კომფორტულ გალიაში აღმოჩნდნენ. უფლებადამცავებმა ამ ფაქტის გამო ერთი ამბავი ატეხეს. ტურისტულ ბიზნესს, ირიბად კი მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მათ ოპოზიციურმა გაზეთებმა აუბეს მხარი (ელექტრონულ მედიას სახელმწიფო აკონტროლებდა). ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი პრესა კი ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის უკან კონკურენტი ტურისტული ფირმები იდგნენ. ზოგი გაზეთი  კი აშკარად უცხოურ კვალს ხედავდა.
ცოტა ხანში არენაზე ეკლესიის მამები გამოჩნდნენ. ისინი ამ უბედური ადამიანების გადარჩენას ეკლესიის წიაღში მათ დაბრუნებაში ხედავდნენ. ცენტრიდან მოავლინეს მისიონერები, რომელთაც რთული მისია დაეკისრათ.უკამბელები საოცარი გულგრილი გაუგებრობით ხვდებოდნენ ანაფორიან კაცებს. მათ ხომ რელიგიაზე ძალიან შორეული წარმოდგენა ჰქონდათ. ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, როგორ შეიძლებოდა ყოვლისშემძლე ღმერთს ხალხისათვის მისი  ჯვარზე გაკვრის უფლება მიეცა. მრევლის სპეციფიური ხასიათიდან გამომდინარე უზენაესმა სასულიერო საბჭომ მათი სულების ხსნისთვის დასაშვებად მიიჩნია ნეოფიტების იძულებით განათვლა.
  პოლიტიკოსები რომლებიც მათში მომავალ ამომრჩევლებს ხედავდნენ, უკამბას რეზერვაციაში შეჰქონდათ კონსერვები და მედიკამენტები, რაც აბსოლუტურად უსარგებლო იყო ჯუჯებისთვის. ძველი ძლიერი და წარმოსადეგი წინამძღოლები რატომღაც გაქსუებულმა და პირმოთნე ბელადებმა შეცვალეს, რომლებიც საეჭვოდ ხშირად დაიარებოდნენ სამთავრობო შეხვედრებზე. ისინი ტურისტებისათვის დადგმულ სცენებს აწესრიგებდნენ. სხვა საზრუნავი არც დარჩენოდათ.  ერთ დღეს უკამბას ჯუნგლებში მაღალი გამყინავი ბგერები დაირხა. იაუ, იაუუუ! ამ ხმას ტომის მაცნე გამოსცემდა, რომელიც ხეებზე მარდად გადაადგილდებოდა და ცდილობდა ყველასათვის მიეწვდინა ხმა. ეს იმას მოასწავებდა, რომ ტომის წევრ მამაკაცებს „ლაპარაკის ადგილას” უნდა მოეყარა თავი. ეს ადგილი ხეებით გარშემორტყმული პატარა მოედანი იყო. სადაც განსაკუთრებული საქმეები იხილებოდა.ქალებს და ბავშვებს აქ გამოჩენა ეკრძალებოდათ. მალე შეიკრიბნენ. ყველა ხეზე განთავსდა.უცბად ჩამოვარდნილი დუმილი ნიშანმა „აჰუ”მ გააპო. რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიღაც ყურადღების მიპყრობას ითხოვდა. ეს ვიღაც ტომის ახალგაზრდა წევრი სიუ აღმოჩნდა, რომელიც თავისიანებში განსაკუთრებული სისხარტით გამოირჩეოდა.
  -სიუ ამბობს,- დაიწყო მან. -უკამბა მოატყუეს. უკამბას მიწები წაართვეს. მანალუმპუ ჩვენი მტერია!
  იგი ზედა ტოტებიდან ქვემოთ ჩამოცურებულიყო, უფრო კარგად რომ გაერჩიათ მისი სახე თანატომელებს.კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. უკამბელთა ზანტი ტვინი ცდილობდა  გაეაზრებინა ახალი ინფორმაცია.ცოტა ხანში ბელადის ხიდან ხმა გაისმა- „აჰუ”. ის ყურადღებას თხოულობდა, მაგრამ სიუსგან განსხვავებით ფოთლებიდან მხოლოდ მისი ზონზროხა ფეხები თუ მოჩანდა.
  -ღუ ამბობს: მანალუმპუ ბევრია, უკამბა- ცოტა. მანალუმპუს ხალხი უკამბას ეხმარება.მანალუმპუ უკამბას მეგობარია!
ამ დროს ტომის ძველმა წინამძღოლმა, მოხუცმა კამ ითხოვა სიტყვა.
  -აჰუ! კა ამბობს: მაკამბას კაცი მებრძოლი აღარ არის. მაკამბა სათამაშოა.
ამ სიტყვებს ოვაცია მოჰყვა, რაც გამყინავი ყიჟინით გამოიხატებოდა. სიტყვა ისევ სიუმ ითხოვა და მოკლედ მოსჭრა:
  -მაკამბა გააძევეს. მაკამბა უნდა წავიდეს სხვა მიწის მოსაძებნად.
  -ღუ ამბობს: თავისუფალი მიწები არ არის,- გამოეპასუხა კარგად ნაკვები  წინამძღოლი. -მანალუმპუ ყველგან არის!
  ამ შეძლებისდაგვარად ცხარე აზრრთა მიმოცვლას ბეჯითად აფიქსირებდა ხეზე დამონტაჟებული ვიდეოთვალი. სულ მალე სიუ სადღაც გაქრა. ხმები დაირხა, თვითნებურად გაემგზავრა ახალი მიწის მოსაძებნადო.  მარაგუის ყველაზე დიდი ფირმა „ნაციონალ პროდაქშენი” უმთავრესად ზღვის პროდუქტის მოპოვებითა და საზღვარგარეთ გატანით იყო დაკავებული.ზღვაში წყალმცენარეების მოპოვება რთულ პროცესს წარმოადგენდა და დიდ რესურსს საჭიროებდა. ფირმამ გადაწყვიტა ამ საქმისთვის იაფი მუშახელი- უკამბას ტომი გამოეყენებინა. ფირმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დაიწყეს ტომის წინამძღოლთან. თავიდან მოლაპარაკებას კარგი პირიც უჩანდა. მაგრამ მოულოდნელად საქმე ჩაიშალა. ტურისტულმა ფირმა „მარკო პოლომ” ამ განზრახვაში თავისი საქმიანობისათვის ხელისშემშლელი საფრთხე დაინახა. პრესასა და ელექტრონულ მედიაში მწვანეთა პარტიის ადეპტები ფირმის მესვეურთა მიერ ეკოლოგიური დარღვევების შესახებ ალაპარაკდნენ. შიგადაშიგ მათი მხრიდან საეჭვო გარიგებებზეც იყო მინიშნებები.  მაგრამ შემოდგომაზე, ბანანის მოსავლის აღების ჟამს მორიგი პუტჩის შედეგად პრეზიდენტი კომბე ქვეყნიდან გააძევეს. ხელისუფლება სამხედრო საბჭომ აიღო ხელში.მეზობელმა ქვეყანა ზანაგუამ ამით ისარგებლა, ახალი ხელისუფლება არ სცნო და კვლავ თავის პრეტენზიები წამოაყენა. ძველი ხელისუფლების მომხრეებით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ. ფირმა „ნაციონალ პროდაქშენს”, რომელიც პუტჩის ერთერთი დამფინანსებელი იყო, ხელები გაეხსნა. უკამბას ტომისათვის ზღვის პროდუქტის მოპოვება ძირითად პროფესიად  იქცა.  რიჟრაჟიდან მოყოლებული მზის ჩასვლამდე ისინი წყალმცენარეების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. საზღაურად კი მათივე მონაპოვარის დაკონსერვებულ სახეობას ღებულობდნენ.
  ახლა პროფკავშირები ჩაებნენ საქმეში. ისინი შრომის კანონმდებლობის დარღვევაში სდებდნენ ბრალს ფირმა „ნეიშენალ პროდაქშენს. მოლაპარაკების შედეგად ფირმამ მუკამბელების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იკისრა, ხოლო პროფკავშირებმა ფირმის ფინანსური მხარდაჭერის გარანტია მიიღო. დამზადდა ერთჯერადი კარვები. (უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე უკამბელებს ხეზე ძილი აეკრძალათ). ბამბუკის კეტი პლასტმასის ჯოხით შეიცვალა, რომელიც ღამის განათებით იყო აღჭურვილი. მაკუდოს ტერიტორიაზე მცირე სამლოცველო და პოლიციის პუნქტი დაფუძვნდა. ეკლესიამ კანონგარეშედ გამოაცხადა საყოველთაო შეუღლების რიტუალი, როგორც ქრისტიანი მრევლისთვის შეუფერებელი. ეს გადაწყვეტილება ზანაგუამ მოძმე ხალხის  ეთნიკური იდენტობის საფრთხედ შეაფასა და პროტესტი გამოთქვა. შეიქმნა უკამბას ტომის ადაპტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ღია ტიპის კინოთეატრი აიგო, სადაც თანამედროვე ფილმებს უჩვენებდნენ. ამავე პროგრამის ეგიდით გამოიცა „სასაუბრო ტურისტებისთვის”, რომელშიც ამ ტომისთვის დამახასიათებელი აუცილებელი ფრაზები  შევიდა.  ამის შემდეგ არსებული ინფორმაცია წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია. ბუნდოვანებას კი ინფორმაციის სიმწირე ქმნის. არსებობს ფრაგმენტული ტექსტები, რომლებიც ასეთუისე შესაძლებლობას იძლევა იმ ტრაგიკული მისტერიის სურათის აღდგენისა.
ადგილობრივი პოლიციის  მოხსენებიდან ვგებულობთ, რომ უკამბელთა საიდუმლო  შეკრება შემდგარა, ოღონდ არა „ლაპარაკის ადგილას”. ეტყობა კონსპირაციული მოსაზრებით. რაზე იმსჯელეს იქ, უცნობია. ცნობილია, რომ ჩატარდა განწმენდის რიტუალი- „ამარდა ბანა”, შურისძიების წინ რომ სრულდებოდა. ეს ინფორმაცია სამლოცველოს მნათეს მეშვეობით გახდა ცნობილი. იმავე ღამეს, გამთენიისას უკამბას მთელი ტომი ზღვის სანაპიროსკენ გაემართა. წინ ბავშვებს მიერეკებოდნენ. ზოგი ვერსიით ბავშვები უკან მიჰყავდათ ხელშეკრულები. სანაპიროზე ერთხმად შეასრულეს ლოცვა „ტონგა მუნდო უკამბა” (ღმერთო , დაიფარე უკამბა), რომელსაც თანატომელის გარდაცვალების დროს ასრულებდნენ.
  ადგილობრივი პოეტის პოემაში, რომელიც სამჯერ გამოიცა,და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აღწერილია მხურვალე გამოთხოვების სცენა, რაც ნაკლებად წარმოსადგენია უკამბას მწირი ლექსიკური მარაგის გამო.რა იყო ეს? კოლექტიური სუიციდი, სასოწარკვეთილების გამოხატვა თუ მისტიკური აქტი, ძნელი სათქმელია.გადარჩენილი ერთადერთი უკამბელის- ტომის წინამძღოლის ინტერპრეტაციას აშკარად კონიუნქტურის სუნი ასდის.ასე, რომ ეს კითხვები დღესაც ბურუსითაა მოცული.
  ამ ბურუსმა მრავალ ლეგენდას დაუდო სათავე. ამბობენ, გაზაფხულის ბუნიაობის ჟამს შორს, ზღვის ტალღებში მწვანეფარფლებიანი თევზების პროფილი მოჩანსო, რომლებიც საოცარ სევდიან სიგნალს გამოსცემენო. ფოტოც კი გამოქვეყნდა იმდროინდელ გაზეთებში. თუმცა ამ ფოტოზე რამის გარჩევა შეუძლებელია.

    2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს