თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გავიდა ნახევარი წელი, მას მერე რაც შენ დაგკარგე, მაგრამ მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს ის დღე და საათიც კი, როდესაც ჩემი ცხოვრება მთლიანად და სამუდამოდ შენ მოგიძღვენი, იმ წუთიდან როცა შენი სათუთი და ამასთანავე მომაჯადოვებელი მზერა ვიგრძენი, მთელი არსებით დაგემონე, მაფასებდი ისეთს როგორიც ვიყავი და არა ისეთს როგორიც მე მინდოდა ვყოფილიყავი, მე მივდიოდი სენ - მარტენის ქუჩის კუთხემდე, ვჩერდებოდი და ვუკრავდი იმ მელოდიას, შენ რომ შექმენი და მოდიოდნენ მოდიოდნენ ყოველი მხრიდან და თავს იყრიდნენ ქალები ჩემს წინ, ხალხი ბევრს ლაპარაკობდა ჩემზე, შეხედეთ სენ - მერიელი მუსიკოსი მოდისო! მე ჩამსდგომოდა შეშლილის მზერა თვალებში და მოდიოდნენ ყოველი მხრიდან, რათა მეტი სცოდნოდათ ჩემი წუხილის შესახებ.
არის დღეები, როცა ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, სხვანაირად იღვიძებს, გარეგნულად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ გამვლელები, ხეები და მთელი ირგვლივეთი სხვად მეჩვენება, მე სენ - მერიელი მუსიკოსი კარგა ხანს დავდიოდი სხვადასხვა ეკლესიებში, ცოტაოდენ ფულს დაკრძალვებზეც ვშოულობდი და აღებულ ფულს ისევ გაჭირვებულებს ვუყოფდი. ერთხელ ბნელ, ავდრიან ღამეს, დასავლეთის მძაფრი ქარი დაბლა ჩამოწოლილ ღრუბლებს წინ ერეკებოდა და ტელეფონის მავთულებს წყვეტდა, მე სენ - მარტენის ქუჩაზე ვსეირნობდი და ვფიქრობდი შენზე, როდესაც მოულოდნელად დავინახე სახლის უკან მდებარე ფილაქნით მოგებულ პატარა ეზოში მოხუცი მანდილოსნის გვამი, ყელი ისე ქონდა გამოღადრული, რომ აწევის დროს თავი მთლიანად მოვარდა მკვდარს. ტანიც და თავიც ისე საზარლად გახლდათ დამახინჯებული, თითქმის ვეღარც გაარჩევდით, ადამიანის იყო თუ არა. ეს ის ცხოვრებაა სადაც არ იცი, თუ როგორ დაამთავრებ სიცოცხლეს... ტრაგიკული იქნება შენი დასასრული, თუ ბედნიერების ოლიმპოზე აგიყვანს ბედი... ხო, ლილიენ შენი გაცნობით ოლიმპოს მწვერვალს მივაღწიე,... მაგრამ ბედმა ბედნიერების გვირგვინი გამომსტაცა და მწარედ დამანარცხა ამ საზარელ რეალობაში... პარადოქსია - ტრაგიკული გამარჯვება მერგო წილად...
ასე გადიოდა დრო, სენ - მერიელის ქუჩიდან სენ - მარტენის ქუჩამდე, ზოგჯერ ცა ლურჯ კამზოლად მეჩვენება, ვტირი, როგორც წვიმის ღარღანა, წელიწადზე მეტია რაც დაგკარგე და ზედმიწევნით ვიცნობ ყველა იმ ბილიკს, რომელზეც შენზე ფიქრი წამომეწევა; თუ მოვისურვე, შემიძლია კიდეც გამოვიხმო ის საწყისი სულიერი მდგომარეობა, როცა შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, მაგრამ ამას ყოველთვის არ ვაკეთებ, რადგან ჯერ არ გამნელებია მწარე სინანულის გრძნობა, რომელსაც სულ უფრო ღრმად შევყავარ სულის ბნელ კუთხეებში და ისეთი მოუთმენლობით ჩავკირკიტებ, თითქოს წარსული არ იყოს. ვართ მე და შენ და კიდევ ღამე, არის ცა, ეს არის ნათელი, ჩუმი სიხარული, როცა გჯერა, რომ წინ მხოლოდ ბედნიერება გელის, ერთი მიზანი მამოძრავებს: როგორმე ვძლიო წამებს, მივაღწიო იმ დრომდე, როდესაც გაქრება სიცარიელე ჩემს გარშემო, მაგრამ ტკივილი ხანდახან უჩუმრად შემომეპარება, უკვე მივეჩვიე გაორებულ ცხოვრებას, ვეწევი, ვფიქრობ, ვლაპარაკობ, ვწვალობ, მტკივა, თუმცა ამავე დროს მაინც შენით ვარ სავსე, შენი სახე ყოველ წამს მიცოცხლდება, წყვდიადი რამდენჯერ ჩამოწოლილა ჩემს წინ, მაგრამ შენ აქ იყავი, ჩემთან, გარეგნულად ისეთივე. სისხლი სახეზე მაწვებოდა და მხოლოდ თვალები, საოცრად ჩამქრალი თვალები არ მაძლევდნენ მოსვენებას. თითოეულ ჩემს მოძრაობაში ავადმყოფობა გამოსჭვივის, სვენებ - სვენებით მივუყვები ქუჩებს, მე სნეული ვარ, სენ - მერიელი მუსიკოსი. ქალაქის ეს არაადამიანური რიტმი ზოგჯერ დიდი ხნით მთიშავს, გამისამმაგდა სიბრმავეში ხილვის უნარი, შევყურებ უსაქმურ დღეებს და გრძელ საათებს, ტკბილი მცონარეობა კი თვალებს მიწებებს, რადგან ჩემს ტკივილს შხამი არააქვს და ტკბობის ღუმელს ალი არ ათბობს, რა გაეწყობა, შევუერთდები სულში ჩამდგარ სიცარიელეს, გახსენება დავიწყებაზე ძნელია...
მე კაიე ვარ და მადლიერი ვარ იმის ვინც ნაკლზე მიმითითებს, მე მუსიკოსი ვარ და მოვევლინე თითოეულს, ვისთვისაც რაიმე მნიშვნელობას წარმოადგენენ ჩემი ფერები, ვიზრდებოდი სიჭაბუკიდან სიბერემდე, ვიზრდებოდი, როგორც პირამიდა საფეხურებრივ, მყარ საფუძველზე, ჩემში ყოველთვის ცოცხლდება ტრაგედია, ნელ - ნელა სიმშვიდეს ვეუფლები, მაგრამ შინაგანად მაინც რაღაცას ველი, რაას? შენს დაბრუნებას? როგორ შემიძლია ამის იმედი მქონდეს? ნუთუ აუჩუყებს ხალხს გულს ორი ადამიანის ტრაგედია? მაშასადამე - წლები ისევ იმ ოთახს შორის გადის, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვეხებოდით? ჰაერში, რომელიც ისევ ინახავდა შენს სუნთქვას? რისი გულისთვის? შენი დაბრუნების იმედით? გადაულახავი კედლის სხვადასხვა მხარეს ვართ და მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ერთმანეთს დაველაპარაკოთ?
მე ხშირად დავდიოდი სენ - მარტენის ქუჩაზე და ვხედავდი გიჟებს აქეთ–იქით, რომ დაყიალობდნენ – შავებიც, თეთრებიც და ყველას ერთიანად სწამდათ, რომ ყოველ წელიწადს ისევ და ისევ იბადება მხსნელი და რწმენას და იმედს ჩუქნის მათ. წლები თითქოს ერთ ხეზე მოსხმული ერთმანეთისმაგვარი ფოთლებია, ამიტომაც ისინი ვერაფერს ამჩნევენ, ქვეყანა ვრცელი მუზეუმია მათთვის, სადაც არანაირი სიცოცხლე არ არსებობს. ვუყურებ ცას, რომელიც შენი ენით მელაპარაკება. ამბობს, რომ ზღვა ისე გიყვარს ვით შენი სული, ხშირად გგონია კიდეც, რომ თავად შენი სულია ზღვა. მეც შევდივარ ტალღებში, რათა შენს სულში დავიმკვიდრო ადგილი. ყოველივე ამის მარტო ერთხელ დანახვაც საკმარისია, რომ ზღვის ავადმყოფობა დამემართოს. ვუჭვრეტ ზეცას და, რაღა თქმა უნდა, საკუთარ გულშიც მინდა გამაჩნდეს ზეცის პატარა ნაგლეჯი. განსაკუთრებული განწყობილება მეუფლება ოდეს ბინდბუნდში მარტოდმარტო დავალ ნაპირზე, ჩემს უკან მოლიპული დიუნები გაწოლილან, ხოლო ამ საკვირველი წყლის ზედაპირზე საავდრო ღრუბლების მსგავსად დაქრიან ფრინველთა ურიცხვი გუნდები: სანაპიროზე მობინადრე ფრინველებიც და წყალზე მცურავი ფრინველებიც. ამ უცხო ფრინველთაგან უმრავლესის სახელიც კი არ ვიცი. ჰაერის მკვიდრთა ამ ბუმბერაზების გაშლილი ფრთების სიგანე ოც ფუტს აღწევს. თავი ჭიანჭველასავით უმნიშვნელო არსებად მიმაჩნია და მაინც სული ჩემი დაუსაბამოდ ფართოვდება და მთელ სამყაროს იხუტებს გულში, ჰაერი უჩვეულოდ გამჭირვალე ხდება, გეგონებათ, მოჭარბებული ჟანგბადით არის გავსებულიო. სიამოვნებით ვსუნთქავ ამ ჰაერს და ძნელი წარმოსადგენი არის თუ როგორი სრული წვა მიმდინარეობს ჩემს ორგანიზმში. როგორ აძლიერებს ეს ჩემს ცხოველურობას, ამძაფრებს აზრს, აძლიერებს და აჩქარებს ყველა სასიცოცხლო პროცესს. ასე მგონია ჩემს თვალებს ტელესკოპური მხედველობის უნარი აქვთ და მე ვიხილე ცის მნთობნი მათ ბუნებრივ სიდიადეში და ახლა მთელ ამ მოციალე შარავანდედით ბრმად ვარ ქცეული.
ლილიენ, არა გრძნობ იების სურნელს? - ერთობ ლამაზია, მაგრამ ისე გაბასრული, რომ მინის სატევრათ დარად მკერდში ჩამესვნენ და, რასაკვირველია, მეორე მხარესაც გაატანეს, მაგრამ მე მაინც არ მოვკვდი ამ მომაკვდინებელი თვალებისაგან. შენი მშვენიერების მზიური ბრწყინვალებით დაბრმავებული ისე ვიდექი შენს წინაშე, ვით ხელმეორედ დაბადებული, შენ გზა განაგრძე და დამტოვე ცოცხალთა შორის, დამტოვე ცოცხალთა შორის და მეც ვცოცხლობ, ეს კი მთავარია. მე ვცოცხლობ და ვიყო თუნდაც სიზმარეული მოჩვენება - ეს მაინც უკეთესია, ვიდრე სიკვდილის ცივი, შავბნელი და ცარიელი არარაობა. მე უფრო მეტ ნეტარებას შევისრუტავ, ვიდრე ვინმე სხვა მთელი სხეულის ყოველი ნაკვთით მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ბუნების დიადი მაჯისცემა ჩემს მკერდშიც გადის. მე ყოველ ღამით მაღლა ავდივარ ლაჟვარდოვან სივრცეში და დავნანაობ პატარა დედამიწასა და ადამიანთა პატარა აზრთა ზემოთ, ჩემი გრძნობები კი შენს მიმართ პატარა ღმერთებად დავყავი. მე ისევ ვდგავარ სენ - მარტენის ქუჩაზე ვიოლინოთი ხელში, შეშლილი ცრემლებით ვუყრებ ზეცას და ვამბობ: მე მინდა ვიყო სხვაგან...
უცებ საიდანღაც ჩამესმის ყურში შენი ციური საგალობელი, მოვიშორე ფიქრი და თავისუფლად მივეცი მუსიკას. კვლავ ძველი აღფრთოვანება დამეუფლა. სხეულმა წონა დაკარგა, ჰაეროვან არსებად იქცა. თვალები დიდმა სიკაშკაშემ გამცისკროვნა, ირგვლივ ყველაფერი გაქრა და გაუჩინარდა, თვითონაც ჰაერში ავიზიდე, ზემოდან დავფრენდი სამყაროს — ძველ საოცნებო და სანეტარო სამყაროს. ნაცნობი და უცნობი მოვლენები ერთმანეთში სიზმარივით აირია და შევდიოდი მზით გადახრუკული უცნობი ქვეყნების ნავსადგურებში. შენ ფრთები შეასხი ჩემს ოცნებას, დიდი, განათებული ეკრანი გადამიშალე წინ, რომელზედაც სიყვარულის, სილამაზისა და გმირული საქმეეების გამომხატველი ვეება გამოსახულებანი მოძრაობდნენ. თითქოს ქნარად ვიქეცი: რაც სიცოცხლეში ვნახე და გამოვცადე, სიმები იყო, ხოლო ეს მუსიკა — ქარი; შეარხევდა ხოლმე ქარი სიმებს და ხელად მოგონებებსა და ოცნებებს წამოშლიდა. სხეული სულ სხვაგვარი გქონდა. ვერც კი წარმომედგინა, რაიმე სენი ან სხვა რამ ჩვეულებრივი სისუსტე თუ გაგეკარებოდა. განა მარტო სულის სადგური იყო ეს სხეული. არა — უფრო მეტი.
მე სიღატაკეში გავიზარდე, მამაჩემი უცნაური კაცი იყო, ტანმაღალი, გულმკერდშეზნექილი და წვერშეკრეჭილი. რბილი ფაფუკი თმა ყოველთვის ლაზათიანად ჰქონდა დავარცხნილი. ისე ლამაზად დავარცხნილი თმა მეტად არც კი მინახავს. ძალიან მსიამოვნებდა თმაზე ხელს, რომ გადავუსვამდი. ზოგჯერ, ნასვამი მამაჩემი საოცრად წვრილი და მაღალი, თითქმის ქალური ხმით, რაღაც ნაღვლიან სიმღერას მღეროდა. გეგონებოდათ სხვისი ხმით მღერისო. მთვრალი ადამიანები საერთოდ მეზიზღებოდნენ, მით უფრო ვერ ვიტანდი მთვრალ მამას. მის მაგივრად მე მრცხვენოდა ამხანაგებისა, ქუჩის ბიჭებისა, თუმცა მათაც არანაკლებ ლოთი მამები ყავდათ. მამა ღმერთის შესახებ არაფერს მელაპარაკებოდა, ეკლესიაში იშვიათად დადიოდა, მაგრამ როცა კი შევიდოდა, ყურადღებით ლოცულობდა. ქუჩის მუსიკოსი იყო მამაჩემი, ხშირად მდგარა საკრავით ხელში, სახლში შვილისთვის პურის ფული, რომ მიეტანა. მამას დიდ პატივს სცემდნენ. ჩვენს ეზოში კალატოზები და დურგლები მუშაობდნენ, მე მათ წეკოს გასახვევად საწერ ქაღალდს ვუზიდავდი. ჰოდა, ერთხელ მეც შემომთავაზეს დაგრეხილი ღერი.
- გააბოლე, კარგია, გულ - მკერდს გაგიწმენდს!
სულაც არ მსიამოვნებდა წეკოს მწარე, მომწვანო კვამლი, მაგრამ ხომ უნდა იცოდე ყველაფერი! მეც ავიღე და მოვქაჩე! გული ამერია; აი თურმე როგორ იწმენდენ გულ - მკერდს! მამას ბაზარშიც ხშირად დავყავდი, იყიდდა ორი - სამი გოჯის სისქის არყის ხის ლატანებს, ამკიდებდა და შინ მე უნდა მიმეთრია. როგორც მოგეხსენებათ, ცხვირში ლანდი გამდიოდა, მარტო ძვლებიღა ვიყავი, და რაც მთავარია, მხოლოდ ათი წლისა. მამა ნაადრევად გარდამეცვალა, სასმელმა იმსხვერპლა იგი. გადაეხვია მთვარეს ყვითელ მდინარეში. დედაჩემი კი თვალითაც არ მინახავს. უბრალო კაცი იყო მამაჩემი მაგრამ მამის დარიგებანი დღესაც კარგად მახსოვს:
" ჩემო ბიჭო, ყოველ კაცს უნდა შესწევდეს იმის უნარი, რომ სხვებს მოაწონოს თავი, პირველ ყოვლისა გადაეჩვიე საკუთარ თავზე ლაპარაკს, ფიქრად ნურც მოგივა შენი თანამოსაუბრენი საკუთარი განცდებითა და საქმეებით შეაქციო. თუ შენთვის ისინი საინტერესოა, სხვებისთვის, გახსოვდეს, მოსაწყენი და დამღლელი იქნება, საერთოდ უნდა შეგეძლოს კრინტი არ დასძრა იმაზე რასაც მხოლოდ შენთვისა აქვს ფასი და მნიშვნელობა, როგორც არ უნდა იყო შენს ღირსებებზე, საჯაროდ ნუ გამოაფენ მათ, თუ ჭეშმარიტი ღირსებანი გაგაჩნია ადამიანები უშენოდ შეიტყობენ. გახსოვდეს, არის ორი შეუთავსებელი გატაცება, რომლებიც მიუხედავად ამისა, ხშირად ცოლ - ქმარივით ერთდებიან და ხშირად ცოლ - ქმარივით უშლიან ერთმანეთს ხელს, ეს არის პატივმოყვარეობა და სიხარბე. "
ამის მერე ვისწავლე თავის გატანა, მამის ადრეული დაკარგვის შედეგად და კიდევ მრავალი ადრეული უბედურებების ზეგავლენით. მამაჩემის მიმართ თავშეკავებულიც ვყოფილვარ და კიდეც მიწყენინებია, მაგრამ მის გახსენებას ყოველთვის წარუშლია შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე რომელიმე ქალს მოუხდენია. ვიცი, ცხოვრება უკეთესს აღარაფერს გამოიმეტებს ჩემთვის იმის გარდა, თუ საკუთარი სურვილით არ გამოვიხმე ამგვარი წუთები; რამდენჯერმე შევძელი კიდეც მათი გახანგრძლივება, ვთქვათ ასე: მივუჯდები მაგიდას რომელიმე მოდურ შუშებიან კაფეში და ვაყურადებ ქუჩის ყრუ გუგუნს და ყოველთვის მახსენდები შენ. მახსენდება სანიტარის სიტყვებიც: რომ თითქოსდა სარწმუნოების ბრმა აღტყინება დაგჰპატრონებოდა, ხელები და ტუჩები გითრთოდა, ბალიშებზე ეცემოდი თავგადაგდებული, მკერდგაღეღილი, რაღაც უხილავს უღიმოდი მოწამე ქალწულის მსგავსი. ხშირ სუნთქვას დროდადრო კვნესა გაწყვეტინებდა, ხან კი გაუგებარი ბუტბუტი აღმოგხდებოდა პირიდან, თითქოს და სიტყვები ენის თეთრ ნაფიფქში ბორძიკობდნენ. ბალიშზე შენი თავი თითქმის თმისაგან განძარცვული იდო, სახე გაგფითრებოდა, ქუთუთოები სანახევროდ გიფარავდა მიმქრალ თვალებს, ერთი საათი წვალობდი შემდეგ კი რამდენიმე წამით უხმოდ დაიკლაკნე სასიკვდილო კრუნჩხვით და ბოლოს სამუდამოდ განუტევე სული, მე კი გონების ბნელ საკანში ვიყავი ჩაკეტილი და გამოსავალს დღემდე ვერ ვპოულობ, შევიგრძენი სრული, თვითდაშლის მტანჯველი რეალობა. გაზაფხულის ჰაერი მაიძულებს წარსულზე ვიფქირო და ველი წუთებს როდესაც ძალა დამიბრუნდება, ცხოვრება ჯერ კიდევ მაინტერესებს, მინდა თავი დავიხსნა მაგრამ არ მსურს გავთავისუფლდე შენგან, ხო, შენგან ლუსიენ, მე იქ ვარ სადაც ჯვარცმული ფანტაზია მეფობს, არაფერია რაიმე მყარი ამ ქვეყნად გარდა ჩვენი სიყვარულისა.