ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2014


სილუეტი

იანვრის სუსხში თავს ვაფარებ სამზარეულოს,
აქ, როგორც წესი, პოეტური მეშლება ფრთები...
დგას მაგიდაზე ნახევრად სავსე "ნაფარეული"'
რომელშიც შენი სილუეტი დროდადრო კრთება.
კედლებში აღწევს ყოველ ღამით თამბაქოს სუნი,
სმა და მოწევა-რაც დამღუპავს, ვიცი ორივე;
ვზივარ უმიზნოდ, დაქანცული, მშვიდი და დუნე
დღეს ოცნებებიც ინგრევიან ბაბილონივით,
რადგან არ გვესმის ერთმანეთის, მეტადრე შენ კი
ვერ შეგასმინე ვერასძალით, რასაც გიყვები
და ალაგ-ალაგ გულყვითელა ჩიტივით ვკენკავ
შენს ნათითურებს, რომ ამომდის თვალში ნიყვივით.
გიხსენებ, მაგრამ მიძნელდება ფიქრი რამეთუ,
დასაცლელ ბოთლში სილუეტიც ქრება და არ ჩანს...
მოვგავარ კინოს-უმეტრაჟოს, საზღვარგარეთულს,
რომელიც კანის და ბერლინის გამოღმა დარჩა.
ვემგვანე მეფეს, ხალიჩა რომ ფერხთით ეფინა,
რომელიც ყველა მეამბოხეს აძლევს ეშაფოტს;
მე ვარ უმწეო და ერთგული, როგორც დელფინი,
დრო-კი მზაკვარი დღენიადაგ ჩემთვის ვეშაპობს.
იანვრის სუსხში თავს ვაფარებ სამზარეულოს,
აქ, როგორც წესი, პოეტური მეშლება ფრთები...
დგას მაგიდაზე ნახევრად სავსე "ნაფარეული"'
რომელშიც შენი სილუეტი დროდადრო კრთება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები