ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიატა
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2014


სიცოცხლე მიწისქვეშეთში

მოძრავი კიბე  მიწისქვეშეთში, ქვესკნელისკენ მიმაქანებს. მატარებელმა ჩვეული ღმუილით ჩამიქროლა და სადგურის ნაცრისფერ კედლებში დავრჩი მომლოდინე წინ და უკან მოსიარულე მგზავრებით გარშემოტყმული. თვალები დავხუჭე და შევეცადე, უკვე მერემდენედ წარმოდგენილი, კარენინასეული შეგრძნებები, ამომეგლიჯა ჩემი უცნაური  ფობიებით დატვირთული გონებიდან, მაგრამ ამაოდ, ცივ და მაღალ თაღს გავეკარი და მიწის ნესტიანი სუნი ღრმად ჩავისუნთქე, მგონი ამ სუნის შესაგრძნობად უფრო ვაკითხავ მეტროს სადგურებს, მიუხედავად ჩემი შიშებისა, ეს არაამქვეყნიური  სამყარო მიზიდავს, თავისი მდორე და მძაფრი შეგრძნებებით, თავის საქმიანად მოსიარულე, ფიქრებითდამძიმებული სულებით, აჭრილი ხმით გამკივარი ქალის სიმღერითა და თვალებარეული  მათხოვრებით... სულისშემძვრელი შეგრძნებები მეუფლება და მეც ამ ყოფისა და ცხოვრების ერთი უმწეო ნაწილი ვხდები.

ღმუილიანი სტვენით შემოიჭრა სადგურში  მატარებელი და თან გაგვიყოლა მომლოდინენი,  ერთ წუთში  ჩვენ ამ ვაგონის დროებითი მაცხოვრებლები, ერთ სივრცესა და დროში, ერთი თავშესაფრის გამზიარებლები გავხდით, სადგურიდან სადგურამდე ერთ ჟანგბადს, ერთ სუნს ვისუნთქავდით, ერთი სანახაობით ვისტრესებოდით, ზოგი მეტად და ზოგიც ნაკლებად, მაგრამ მაინც ვიძაბებოდით, მხოლოდ მოსიარულე ხორცი იქ არავინ იყო, ხორცშესხმული სულები უხორცო ან დაჩიავებულხორციანი სულების მაყურებლებად გადავიქეცით. ხელგამოწვდილი მიუსაფრები ვაგონში დაღრეჯილი, თხოვნითსავსე მზერით დაბორიალობდნენ, ზოგი უხმოდ, ზოგიც არაადამიანური ხმით მოწყალებას ითხოვდა, ზოგიც ფოტოებით აჭრელებული გამჭვირვალე ყუთების უკან მალავდა სახეს და გულსაკლავი ხმით მოგვიწოდებდა ავანდყოფების შეწევნისაკენ....ხელგამოწვდილი, სახემოთხუპნული ბავშვების ჯერიც დადგა, დაზეპირებული ფრაზებით ინაცვლებდნენ ვაგონიდან ვაგონში, ერთი შემწყალებლიდან მეორესთან, ერთ–ერთი ორი–სამიოდე წლის ბიჭი მუხლებზე დამეყრდნო და ერთ ადგილას ირწეოდა, სულს ითქვამდა,  ადამიანურ სითბოსმონატრებული სხეულით ზედ მეტმასნებოდა და  ორი ნათელი თვალით მავედრებლად შემომყურებდა, მომეჩვენა, თითქოს არ ეყო ჩემი  პლასტმასის ჭიქაში ჩაჩხრიალებული ხურდები, შველას მთხოვდა, თან წაყვანასა და ალერსს , მე კი ჩემი შიშებით სავსე გული ვერ მოვთოკე, მისი დიდი ხნის ხელდაუდებელი ქოჩრისაკენ გაწვდილი ხელი ჰაერში გამეყინა, როცა მისი წინამძღოლის გამჭოლ მზერას გადავაწყდი ვაგონის მოქანავე სიღრმეში, ხელი უხერხულად ავათამაშე და თმა შევისწორე, მოთხუპნულპირიანმა, ორმა ბნელითჯერარმოცულმა თვალმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ჩემი უმწეოდ ღიმილიანი სიფათი და უნუგეშოდ რწევით გაუჩინარდა....საკუთარი გაუბედაობის  შემრცხვა.

სადგურზე გაჩერებული მატარებლის კარი კი ქალის მჭექარე ხმის ფონზე იხსნებოდა და იქიდან ახალი მგზავრთა ნაკადი შემოედინებოდა, კალმისა და შაბის გამყიდველებთანა და მოსიარულე უმწეო, მოწყალებასმთხოვნელ სულებთან ერთად, მათი ნაწილი სულის ქონასაც ვეღარ გრძნობდა, ხორცდამძიმებული ამაოდ ეძებდა შველას მიწისქვეშეთში, ის ორი გროში მათ ცხოვრებას ვერა და ვერ სცვლიდა, უმწეობისა და მოწყალებისმთხოვნელთა სენი კი ყოველდღე უფრო და უფრო უკურნებელი ხდებოდა...( იმედია, გაგრძელებასაც მოვაბამ თავს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები