 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 30 აპრილი, 2014 |
დილა
კარზე ბრახუნმა და ზედა სართულზე ატეხილმა ნგრევამ ერთბაშად შემაფხიზლა.
–ჩვენ ტურქეთი, საბანი ორი (იგულისხმება ორსაწოლიანი) აფად (იაფად) ჯერ კიდევ სიზმრებიდან თუ დილის ძილიდან ვერ გამოფხიზლებული კართან მოგდებულ ფუთას ვუყურებ, საიდანაც წითელი, დიდი ყვავილები მიყურებენ. მოკლედ, თურქულ თუ ქურთულ (შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ეს ხომ გემოვნების ამბავია...) პროდუქტს ვიწუნებ და ვეუბნები –ნწუ
კარს ვხურავ და ტელევიზორს ვრთავ. დილის 10 საათია. თითქმის ყველა ქართული არხი თურქულ სერიალს ატრიალებს. ისევ ვთიშავ... ზედა სართულზე მუშები კედლებს ანგრევენ, ეს კარგად ეხერხებათ, შენება ნაკლებად. ვერ გავერკვიე ტელევიზორი ჩართული სჯობდა თუ გამორთული და ისევ ინტერნეტს მივაკითხე...
...3 საათიანი ქრონიკა: „საქართველოს თურქი ვარსკვლავი სავაში, იგივე მურად ილდირიმი ესტუმრა“.
მუშებმა როგორც იქნა წარმატებით დაასრულეს ნგრევა და მას მერე, კარგა ხანია აქა–იქა თუ უჩიჩხინებენ რამეს. სამაგიეროდ მეზობელი წუხს, რომ რემონტი გაიწელა.
ძაღლი
ზოგჯერ, როცა რაღაცნაირად აფორიაქებული ხარ და ხასიათს გაზაფხულს აბრალებ, ჯობია ფეხით გაიბოდიალო და მზესუმზირა აკნატუნო. ადრე მარტოს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ეს პროცესი, ახლა მარტოობას ნაკლებად მაცდიან...
წვიმისგან შერჩენილ გუბურაში გაიშოტა მეზობლის ძაღლი და გაკოტრიალდა. ჩემი მეზობელი დიდი, ე.წ. „ზდაროვი მასტია“, ძველი კალათბურთელი (რომელსაც ვერფერი გამოუვიდა, ამბობენ არ გაუმართლა, თორემო...) ალბათ რომ არ გაუმართლა ამიტომაცაა დღემდე დედიკოს კმაყოფაზე, მაგრამ მაინც „კაცია“, „მაგარი კაცი...“ „ბირჟაზე“ დგას და ლუდის ბოთლი უჭირავს სხვა „კაცებთან“ ერთად...
–ბუჩო, ბუჩო, მოდი აქ შენი! –დაუღრიალა ძაღლს. ძაღლი მორჩილად მიუახლოვდა, კუდი ააქიცინა და ენა გადმოაგდო. –დაჯექი! დაჯექიმეთქი შენი! ძაღლი რატომღაც არ დაემორჩილა, ალბათ თამაში უნდოდა და უცებ ისეთი ტორი მოხვდა კეფაში რომ ერთიანად წაბორძიკდა. ერთი კი დაიწკმუტუნა საცოდავად და დაემორჩილა.
–დე,ნახე ის აუაა, აი ის მაღალი კიდევ კაცუნა –ვუთხარი ჩემს ერთი წლის გოგოს და ეზოს გავეცალე...
ლოთი
დინამოს მიმდებარე ტერიტორიასთან მოხუცი, ჭაღარა ქალი წაიქცა. შავებით იყო შემოსილი და თავზეც შავი ჩიქილა ჰქონდა წაკრული. –უი ქალი წაიქცა–მომესმა ვიღაც გამვლელისგან. –საწყალი –რა სჭირს?
შეუჩერებლივ მიედინებოდა ჩემს ყურთან ტალღებივით სიტყვები და გზას შეუჩერებლად აგრძელებდა. მხოლოდ კისრებივით მოღრეცილი მზერა და გულგრილობა რჩებოდა უკან... თვალი მოვავლე და დავინახე. მასთან ორი მამაკაცი ჩაცუცქულიყო და თავი წამოეწიათ.
–წაიქცეოდა აბა რას იზამდა დღედაღამ გალეშილია –ლოთია ეგ უბედური –ფუი ბაზარი გაფუჭებული პროდუქტივით აყროლდა. არაფერი მიყიდია ისე გამოვბრუნდი, ქალი უკვე კარგად გრძნობდა თავს და ვერც ბომჟს მივამსგავსე...
სტადიონი
–ჰო მართლა გოგო, მაგარი ღადაობა გითხრა? –რა? –დაბლა სტადიონი რომ დაშალეს ხომ იცი –უი, არა, არვიცი... და ეგაა კაი ამბავი? –არა, ეგ კი არა, ხალხმა ის მწვანე მინდორი დაშალა და თავიაანთ მანქანის სადგომებზე დაიფინეს – კვდება სიცილით
მართლაც საოცარი ხალხი ვართ ქართველები. 24 საათი ბურთს თამაშობდნენ ბავშვები და უცებ ბურთის ნაცვლად ეზოში სიგარეტი, ლუდის ბოთლი ან რავიცი კიდევ რა შეაჩეჩეს, ამათ კიდევ იმის ნაცვლად რომ გაეპროტესტებინათ ე.წ. „მწვანე“ მდელო დაიტაცეს და მანქანების ძირს გაიფინეს...
მართლაც რომ სუფთა მანქანაში სუფთა მძორი ჰგიებს... ამენ!
საქანელა
ეზოში ცალად ჩამოკონწიალებულ საქანელაში ვსვამ და ვანანავებ. უხარია და ხითხითებს. უკვე 6 კიჭი უჩანს და სასაცილოდ მიკრიჭავს. უცებ ვაჩერებ საქანელას და გიჟივით ვკოცნი. მერე ისევ ვაგრძელებთ... ჩვენ ასე გავრბივართ, ის საქანელით, მე მისით...
ერთადერთი გადარჩენა, როდესაც მაინც რჩები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ამ პატარაამბებში, რამდენი ტკივილია, რამდენი სი ართლეა...და რამდენი სიცოცხლეა...:) მიყვარს მე ყირამალას აბდაუბდები...:-* 5 ამ პატარაამბებში, რამდენი ტკივილია, რამდენი სი ართლეა...და რამდენი სიცოცხლეა...:) მიყვარს მე ყირამალას აბდაუბდები...:-* 5
5. მშვენიერია, ძალიან მომეწონა. :) მშვენიერია, ძალიან მომეწონა. :)
4. გზადაგზა ნაპოვნი ამბები :)
გზადაგზა ნაპოვნი ამბები :)
2. კარგებია ნამდვილად კარგებია ნამდვილად
1. =) მიყვარს ქუჩის ამბები =) მიყვარს ქუჩის ამბები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|