ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2014


უბედურნი

(შავი ტექსტი)

თავი 1
გაუჩინარება
საღამოს 8-9 საათი იქნებოდა, ივნისის ცხელი დღის შემდეგ დამშრალ დედამიწას თავისივე გაცემული წყალი ძლიერი წვიმის სახით უბრუნდებოდა, ცაზე საოცრად ლამაზი ელვა გაიკლაკნებოდა და რამდენიმე წამის შემდეგ გრუხუნით ახსენებდა არემარეს თავის არსებობას. ამ დროს სახლში, რომლის მფლობელთა ოჯახზეც ეს ამბავი უნდა მოგითხროთ, 18 წლის გოგონა ნინი და მისი დედინაცვალი - მანანა იმყოფებოდნენ, სამზარეულოში ერთად ფუსფუსებდნენ და ოჯახის უფროსს - თემურის ელოდნენ, რომელიც როგორც ყოველთვის კარგად შეზარხოშებული უნდა დაბრუნებულიყო და ლანძღვა-გინებით აეკლო იქაურობა.
-ნეტავ არც დაბრუნდეს, სადაც ჭიქას ასწევს იქვე ვერ დარჩება?! - როგორც ყოველთვის გაბრაზებული ხმით დაიწყო საუბარი მანანამ. საერთოდ როცა ლაპარაკს თავის ქმარზე, ანუ ნინის მამაზე ჩამოვარდებოდა უკვე რამდენიმე წელია დამშვიდებულ და კეთილ სიტყვას ვერ მოისმენდით ცოლისგან.
ნინიმ კი, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ნაძალადევად გაიღიმა და თავი ოდნავ დახარა. ვინ იცის მის გულში რა ტრიალებდა?! მამის უხეშ საქციელს არასდროს ამართლებდა, ნასვამს ყოველთვის ცდილობდა გარიდებოდა, თუმცა ცუდსაც არაფერს ამბობდა (დედინაცვლისგან განსხვავებით, რომელიც ყოველ შემხვედრთან თავისი ქმრის ძაგებით იწყებდა და ამთავრებდა საუბარს), მხოლოდ დუმდა და ემოციებისგან დატვირთული ცალკე ოთახში გამოკეტილი ტიროდა. რამდენიმე წუთში კარზე გაბმული ბრახუნი გაისმა. მანანამ კარი გააღო. სახლში როგორც მოსალოდნელი იყო კარგად გამომთვრალი თემური შემოვიდა, მისაღებ ოთახში შევიდა და ტახტზე წამოგორდა.
-მანან, ტანსაცმელი მომიტანე, სუმთლად სველი ვარ! - მაისური გაიხადა და იქვე მიაგდო, შემდეგ წვიმაზე წუწუნს მოყვა და გინებაც მიაყოლა.
-ამ თავსხმაში რაღას მოდიოდი? ვერ დარჩი იმ შენ ძვირფას ძმაკაცებთან? - მკაცრად თქვა ცოლმა და ქმარს პირსახოცი და მშრალი მაისური მიაწოდა.
-მაგ ბინძური პირით ჩემ ძმებზე ნუ ლაპარაკობ! - ტანზე გამოიცვალა და კვლავ გინება მიაყოლა.
ნინი უკვე მიხვდა, რომ ოჯახში ყოველდღიური ყვირილი უნდა დაწყებულიყო, ადგა და თავის ოთახში გავიდა. ცდილობდა არ ესმინა, თავჩაღუნული სკამზე იჯდა და ტანჯულ ფიქრებს ეძლეოდა.
ცოლ-ქმრის ჩხუბის დეტალურ აღწერას ვამჯობინებ ოჯახის წევრებზე პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ. თემურის პირველ ცოლს ანა ერქვა, რომელიც ნინის დაბადებიდან ერთ წელიწადში უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. სამ წლის შემდეგ მეორე ცოლი - მანანა მოიყვანა, რომლისგანაც შვილები არ გასჩენია (მანანასთვისაც თემური მეორე ქმარი იყო, პირველისგან უკვე გაზრდილი და დაოჯახებული ბიჭი ჰყავდა). მეორე ქორწილიდან რამოდენიმე თვის შემდეგ დაიწყო ის უბედურება, რამაც თემური სრულიად შეცვალა (ანდა არ შეუცვლია, უბრალოდ თავის ნამდვილ სახეს ვეღარ მალავდა), დაიწყო აფხაზეთის ომი. ქმარი ომში წავიდა, დედინაცვალი პატარა ნინიზე მარტო ზრუნავდა და უზომოდ შეუყვარდა. ომიდან დაბრუნებული თემური ყოველ დღე სვამდა, პატარა გოგონასაც კი არ ერიდებოდა ისე იკლებდა ყველას და ყველაფერს გინებით. თავიდან მანანა ამას დროებით სტრესად მიიჩნევდა და ყოველ წუთს ელოდა ნამდვილი ქმრის დაბრუნებას, თუმცა ამაოდ. აი უკვე 13 წელია ქმარს დასანახად ვეღარ იტანდა.
მოდით დავუბრუნდეთ იმდღევანდელ ამბავს. 15-20 წუთის ყვირილისა და გინების შემდეგ დედინაცვალი ატირებული ნინის ოთახში შევიდა და გოგონას გვერდით მიუჯდა, ქმარი კი ისევ იგინებოდა, თუმცა ტახტიდან წამოდგომაზე არც უფიქრია.
-აღარ შემიძლია, აღარ! - ცურჩულით ამბობდა მანანა და სუმთლად სველი ცხვირსახოცით ცრემლებს იმშრალებდა. ნინი ჩაეხუტა, სახეზე ჩამოფარებული თმები უკან გადაუწია და თვითონაც რამდენიმე ცრემლი წასკდა.
-შენ ბიჭთან წადი, რატომ არ მიდიხარ? - უჩურჩულა გოგონამ.
-და შენ ამ გიჟთან მარტო დაგტოვო? - მანანამ დედის უზომო სიყვარულით შეხედა ნინის - სანამ შენ ცხოვრებას არ აიწყობ, ვერ დაგტოვებ.
-გეხვეწები, წადი, მე ჩემ თავს მივხედავ. თან ... - თუმცა აღარ გაუგრძელებია, რაღაცაზე დაფიქრდა და დედინაცვალს შუბლზე აკოცა. - მაპატიე, რაც შენთვის დამიშავებია ყველაფერი...
-დაგიშავებია? აბა რას ამბობ?! შენ არაფერი დაგიშავებია ჩემო პატარავ. - ცრემლი მოიწმინდა და მომღიმარი სახით შეხედა თავის გერს.
მეორე დილას ნინი ადრე წავიდა სამსახურში, სკოლა იმ წელს ჰქონდა დამთავრებული, თუმცა უკვე სამი წელია რაც პატარა რესტორანში დამხმარე მზარეულად მუშაობდა. თემურიც ადრიანად გავიდა სახლიდან, ხანდახან მშენებლობაზე დაუძახებდნენ ხოლმე და დღესაც საქმე გამოუჩნდა. მანანა კი დარჩა მარტო და სამზარეულოში აფუსფუსდა. ნინი საღამოს 8 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა უკვე ნახევარ საათს იგვიანებდა. შეწუხებულმა დედობილმა რესტორანში დარეკა და გაარკვია, რომ ნინი იქ დღეს არ მისულა.
-დღეს არ უნდა ემუშავა? - ჰკითხა გაკვირვებულმა მანანამ.
-არა, წესით უნდა მოსულიყო, მაგრამ არაუშავს, ბევრი საქმე მაინც არ გვქონდა... - უპასუხა რესტორანში მომუშავე სხვა გოგონამ.
-კარგი, აღარ შეგაწუხებ, საქმე გექნება. - მანანა ჩაფიქრდა: „კი მაგრამ სად წავიდა? მეც მითხრა რომ უნდა ემუშავა, მეგობრებს დავურეკავ“. თუმცა მეგობრებისგანაც იგივე პასუხი მიიღო, იმ დღეს ნინი არავის ენახა.
მანანას ნელ-ნელა ნერვიულობა ემატებოდა, ქუჩაში ჩავიდა, მეზობლებს ეკითხებოდა ნინი ხომ არ დაუნახავთ, ყველა არას გაიძახოდა. მაღაზიები, საპარიკმახეროები, უბანში არსებული ყველა დაწესებულება მოიარა, თუმცა ამაოდ, კვალს ვერსად მიაგნო. მაშინ კი გადაწყვიტა დაკარგული გოგონას შესახებ პოლიციისტვის ეცნობებინა. იქ კი დაამშვიდეს: „ნუ ნერვიულობთ, დღეს თუ გავიდა სახლიდან ჯერ დაკარგულად არ მიიჩნევა, ალბათ ღამით დაბრუნდება, თუ არადა  ხვალ გამომძიებელს გამოგიგზავნით“.
-კი მაგრამ არასდროს აგვიანებდა, დღეს კი სამსახურში უნდა მისულიყო, არც იქ მივიდა და არც მეგობრებთან. - არ ეშვებოდა გაღიზიანებული ქალი, თუმცა პასუხი ისევ იგივე მიიღო.

თავი 2
გამოძიების დასაწყისი
ნინი არ დაბრუნებულა, მანანას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ქმარი კვლავ ნასვამი დაბრუნდა და შვილი არც მოუკითხია (ცოლსაც არაფერი უთქვამს) და არხეინად ხვრინვა ამოუშვა. დილით მამამ შვილის დაკარგვის შესახებ გაიგო და ცოლ-ქმარმა კიდევ ერთხელ მიმართეს პოლიციას.
-სახლში დაბრუნდით და გამომძიებელს გამოგიგზავნით. - მიიღეს პასუხად.
დღის 12 საათი იქნებოდა კარზე ზარის ხმა გაისმა და ორი პოლიციელი სახლში შევიდა.
-გამარჯობათ, მე ნიკა მქვია, მთავარი გამომძიებელი ვარ, ეს კი კახაა, ჩემი თანაშემწე. თქვენი შვილის საქმე ჩვენ დაგვავალეს. - მიუგო ერთ-ერთმა.
-გამარჯობათ, დაბრძანდით. - მანანამ მაგიდასთან სკამებზე მიანიშნა.
გამომძიებელის თანაშემწემ ფურცლები ამოიღო, ნიკა კითხვებს სვამდა ის კი იწერდა. ჩაიწერეს გოგონას ასაკი, სამსახური, სად უნდა წასულიყო გაუჩინარების დღეს, ვისთან მეგობრობდა, უყვარდა თუ არა ვინმე და ა.შ.
-ახლა თუ ნებას დაგვრთავთ ცალ-ცალკე უნდა გაგესაუბროთ. ბატონო თემურ თუ შეიძლება ცოტა ხნით კახას გარეთ გაჰყევით. - ორივენი გარეთ გავიდნენ, ბინა პატარა იყო და სხვა ოთახში გასვლას აზრი არ ჰქონდა, მაინც ყველგან ყველაფერი ისმოდა ... - ქალბატონო მანანა, ესე იგი თქვენ ნინის ბიოლოგიური დედა არ ბრძანდებით? - დაიწყო გამომძიებელმა - რამე კომფლიქტი ხომ არ გქონიათ გოგონასთან ამასთან დაკავშირებით?
-არა, რას ლაპარაკობთ! - შეშფოთდა ქალი - პირიქით, ოთხი წლიდან ნინის მე ვზრდი, საკუთარი შვილივით მიყვარს და მასაც, ვიცი, არანაკლებ ვუყვარვარ.
-მამასთან როგორი დამოკიდებულება აქვს?
-მამასთან? როგორი უნდა ჰქონდეს? მამა მთელი დღე სახლში არ არია, როცა ბრუნდება კი სულ ნასვამია და იგინება. - ზიზღით თქვა მანანამ. - ლოთი! - დააყოლა ბოლოს.
-ანუ მამასთან ცუდი დამოკიდებულება აქვს? იქნებ ცოტა კონკრეტულად ამიხსნათ. კონფლიქტი მოსლია მართან? - უკვე ინტერესი დაეტყო გამომძიებელს.
-არა, მაგას არ ვგულისხმობ, თემური მთვრალი როცა ბრუნდება ნინი თავის ოთახში იკეტება და ხშირად მისი შემხედვარე ტირის ხოლმე. - ცოდა ხნით დადუმდა და თვალზე ცრემლი მოადგა - თუმცა მამაზე ცუდი არასდროს უთქვამს.
-თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქმართან?
-ვერ ვიტან! - სწრაფად და მკვახედ უპასუხა ქალმა - ყოველ დღე მთვრალთან ვჩხუბობ.
-ხელით ხომ არ გეხებათ?
-რამდენიმეჯერ დამარტყა კიდეც, მაგრამ ისეთი მთვრალი მოდის მაგის თავიც არ აქვს.
-ნინი ამასთან დაკავშირებით რას გეუბებათ ხოლმე?
-მირჩევს ჩემ უფროს შვილთან წავიდე. ის საზღვარგარეთაა, გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
-შეიძლება ჩაგეძიოთ, რატომ არ მიდიხართ?
-მერე ნინი? - ქალმა თითქოს ეს კითხვა შეურაცხყოფად მიიღო - ნინი ჯერ პატარაა, ვეუბნები სანამ ცხოვრებას არ აიწყობ და მამასთან ცხოვრობ მარტო ვერ დაგტოვებთქო. მართალია ჩემი გერია, მაგრამ ხომ გითხარით, შვილივით მიყვარს.
-გასაგებია. - გამომძიებელმა თავი ჩახარა, ცოტა ხნით დადუმდა და კნოპკიან კალამზე ნერვიულ თამაშს მოჰყვა - ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თქვენი ოჯახის მგდომარეობიდან გამომდინარე უბრალოდ გაქცევას გავს ...
-გაქცევას? შეუძლებელია - არ აცალა სიტყვის დამთავრება ნიკას - მე მაინც მეტყოდა, არ გამომაპარებდა. ვუყვარვარ გესმით?! - არ ცხრებოდა ქალი. - თუმცა იქნებ ეგ იყოს და უარესი არაფერი... - მანანამ ტირილი დაიწყო
-დამშვიდდით, დამშვიდდით. - ნიკამ ქალს ჭიქით წყალი მიუტანა - გუშინ დილით ნინი უფრო მოსიყვარულე ხომ არ გეჩვენათ? რამე განსხვავებულად ხომ არ დაგმშვიდობებიათ? - განაგრძო კითხვების დასმა როცა მანანამ ტილილი შეწყვიტა და ცრემლები მოიწმინდა.
-ნინი სულ მოსიყვარულეა.
-გასაგებია, ანუ არ შეგინიშნავთ. - ღრმად ჩაისუნთქა გამომძიებელმა - მორწმუნე არის?
-კი, ძალიან. მამაოც ჰყავს, მამა სერაფიმე. აქვე ჩვენს უბანში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობს.
-აჰა, ჯერჯერობით თქვენთან მოვრჩი, ახლა ეს ყველაფერი წაიკითხეთ და ბოლოში ხელი მოაწერეთ. - გამომძიებელმა ჩაწერილი ჩვენება გადასცა, მანანამ უცებ გადაიკითხა და ხელი მოაწერა. - ახლა თუ შეიძლება თვენ გაბრძანდით და თემურის დაუძახეთ.
გამომძიებლისა და თემურის საუბარს ისე დაწვრილებით აღარ აღვწერ. მამა შვილის ხასიათზე თითქმის ვერაფერს ამბობდა (არც იცოდა და საიდან უნდა ეთქვა), მარტო „ჩემი პარარა გოგო“ და „ჩემ საყვარელს“ გაიძახოდა, არ იცოდა ასევე მისი მეგობრების შესახებ, მოკლედ რომ ვთქვათ ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ აწვდიდა რაც გამოძიებას დაეხმარებოდა. როცა ლაპარაკი მის სმაზე და უხეშ საქციელზე ჩამოვარდა თემური წამოენთო.
-იცი რას გეტყვი, შენ იქ არ ყოფილხარ, შენ არ ყოვილხარ იმ დაწყევლილ ომში, პატარა ხარ! - ნიკა მართლაც „პატარა“ იყო ასე 25-27 წელზე მეტის ვერ იქნებოდა. - იცი რას ნიშნავს ომი? -არ ცხრებოდა თემური - როცა ქვეყნის ისყვარულისთვის უეჭველ სიკვდილზე მიდიხარ, იქ კი აღმოაჩენ რომ ბევრს თურმე მხოლოდ ფული აინტერესებს, ძმები ხელში გაკვდება, და მავე დროს ხედავ სხვას, რომელმაც წესით თავისიანი უნდა დაიცვას არადა პირიქით მას ძარცვავს და ღირსებას ულახავს. იცი იქიდან როგორი ბრუნდები? სამშობლოს სიყვარული აღარ გაქვს, ახლა სისხლი გიყვარს. ხოდა არ მინდა ფხიზელმა ვუყურო ჩემ თავს, აღარ მინდა ვნახო რა გავხდი, ავდექი და ვსვავ!
-მერე თუ ხვდები რომ მაგით უარესი ხდები? - ვეღარ შეიკავა თავი ნიკამ და მისდამი ზიზღით აღვსილი სიტყვები პირში მიახალა. - თუ ხვდები, რომ უნდა სწორედაც შეიგნო შენი არარაობა, რომ გამოსწორება სცადო. - თემური ფეხზე წამოხტა, უნდოდა გამომძიებლისთვის მუშტი დაერტყა, თუმცა თავი შეიკავა, ღრმად ჩაისუნთქა და ისევ ადგილზე დაჯდე.
-ჯობია კითხვები გავაგრძელოთ. - ჩუმად მიუგო მაგიდაზე თავშახრილმა.
-საკითხავი აღარაფერი მაქვს. - კვლავ ზიზღს ვერ მალავდა ნიკა. - აი ეს წაიკითხე და ხელი მიაწერე. - ფურცლები მიაჩეჩა და გარეთ მანანასა და კახას დასაძახებლად გავიდა.
მანანას ნინის მეგობრების მისამართები გამოჰკითხეს. შემდეგ გოგონას სურათი გამოართვეს.
-განცხადებას გავაკეთებთ და ქუჩებში გამოვაკრავთ. - თქვა კახამ.
-ახლა ჩვენ წავალთ, ნინის მეგობრებს და მოძღცარს გამოვკითხავთ, იქნებ რამე გავარკვიოთ. - დააყოლა ნიკამ და ცოლ-ქმარს დაემშვიდობა.
გამომძიებლებმა კიბეები სწრაფად ჩაირბინეს და მანქანაში ჩასხდნენ.
-რას ფიქრობ? გაქცეულია არა? - დაიწყო კახამ და მანქანა დაქოქა.
-ალბათ, ვერ უყურებ მამამისს? - ცოტა ხანი დუმდნენ - აქ მარცხნივ შეუხვიე, მესამე კორპუსი ეს არის ხო? - ერთ-ერთზე ანიშნა
-კი ესაა.
-კარგი, აქ ჩამოვალ, სოფო აქ ცხოვრობს, ნინის ერთ-ერთი მეგობარი, ბარემ დაველაპარაკები. შენ წადი განყოფილებაში ფოტო მიუტანე, განცხადებები გააკეთონ, მერე მამაო ნახე, გაიგე სად ცხოვრობს და შეხვედრაზე შეუთანხმდი. - უთხრა ნიკამ და მანქანიდან გადავიდა - მეც გამომიარე. - მიაძახა ბოლოს.

თავი 3
მეგობრები
ნიკამ სახლისკენ მიმავალი კიბეები სწრაფად აირბინა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მეგობრებისგან ნინის გაუჩინარების შესახებ ხელჩასაჭიდ ფაქტებს გაიგებდა. „ლოთი მამა ჰყავს, რომელიც სულ იგინება და ყვირის. დედინაცვალი მოსიყვარულეა, თუმცა ნამდვილად ნერვოზიანი ქალი ჩანს... ნინი კი ახალგაზრდა, ლამაზი გოგოა - ეს ფოტოდან დაასკვნა,  მართლაც ლამაზი გოგო იყო: გამხდარი, საშუალო სიმაღლის, მუქი ყავისფერი თმები გრძელ კულულებად ჰქონდა ჩამოშლილი, ხოლო სახეს თაფლისფერი თვალები და კეთილი ღიმილი უმშვენებდა. რომ იტყვიან „ქართული სილამაზის“ იყო - ალბათ ვინმე შაუყვარდა და ოჯახს გაექცა, მალე დაბრუნდება და ყველას გააგებინებს თავის გაბედნიერებას“ - ფიქრობდა თავისთვის გამომძიებელი. სოფოსთან სახლში რომ შევიდა ნინის დანარჩენი ორი მეგობარი - მარი (რომელიც რესტორანში მასთან ერთად მუშაობდა) და გვანცაც (სოფო და გვანცა კი ნინის კლასელი მეგობრები იყვნენ) იქ დახვდა. ნინის  დაკარგვის შემდეგ გოგოები ერთად შეკრებილიყვნენ და ერთმანეთისგან რაიმის გაებას ცდილობდნენ. ნიკა გოგოებს მიესალმა და ჩვენების ჩაწერა დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა კითხვას არ აღვწერ და მხოლოდ საუბრის ნაწყვეტებს შემოგთავაზებთ.
-შეყვარებული ჰყავს? - ჰკითხა მეგობრებს რამდენიმე კითხვის შემდეგ.
-არა, არ ჰყავს. - უპასუხა გვანცამ, სხვებმაც უარის ნიშნად თავი გაიქნიეს.
-მისმინეთ გოგოებო, შეიძლება ნინიმ გითხრათ, რომ ეს საიდუმლოდ შეგენახათ, მაგრამ მშობლები ძალიან ნერვიულობენ და ახლა დამალვა არ შეიძლება.
-ნამდვილად არ ჰყავს, მოწონებითაც კი არავინ მოწონდა. - დამაჯერებლად უპასუხა მარიმ - რა სისულელეა, არაფერს დაგიმალავთ. ჩვენც გვიკვირს ნინის დაკარგვა, მის ადგილზე მეც გავიქცეოდი, მაგრამ ჩვენთვის არაფერი უთქვამს.
-შენც გაიქცეოდი? რატომ ფიქრობ რომ გაიქცა?
-აბა? - ცოტა შეშინებულმა დაიწყო მარიმ - სხვა რა უნდა მომხდარიყო? გაფიქრებაც არ მინდა...
-რამეს ხომ არ მიმალავთ? - კიდევ ერთხელ იკითხა ნიკამ, თუმცა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ გოგოები მართლაც არ ტყუოდნენ.
-არა, არ გიმალავთ. -მიაძახა გაბრაზებილმა მარიმ.
-კარგით, კარგით, მჯერია... - გამომძიებელი ცოტა ხნით ჩაფიქრდა - ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ მარტო თქვენთან ურთიერთობდა, მეტი მეგობარი რატომ არ ჰყავდა?
-მეგობრულს, მაგრამ გულჩაკეტილი - დაიწყო სოფომ - ადვილად ურთიერთობას ვერ ამყარებდა, თუმცა ჩვენთვის საუკეთესო ადამიანია...
-ანუ სხვა მეგობრები არ ჰყავს? - გამომძიებლის კითხვაზე გოგოები ცოტა ხნით ხმას არ იღებდნენ და ერთმანეთს გადახედეს. ბოლოს გვანცამ ოდნავ თავი გაიქნია, თითქოს ანიშნა მეგობრებს პასუხს გავცემო.
-კი, ჰყავს, ერთი - ჩუმად დაიწყო გოგომ - სალომე ფიცხელაური.
-დედამისმა რატომ არ იცის? ან მე რატომ მიმალავდით, რომ მეგობარია?
-იმიტომ, რომ ნარკომანია. - კვლავ ჩუმად განაგრძო გვანცამ - არასდროს გვესმოდა ნინის მაგ გოგოსთან რა აკავშირებს. მამა არ ჰყავს, დედა საზღვარგარეთ მუშაობს და ფულს იქიდან უგზავნის, ეს კი ნარკოტიკებში ფლანგავს და კიდევ პატიოსანი არაა ... - გოგო გაწითლდა და სიტყვა აღარ დაუმთავრებია.
-გასაგებია... - ნიკა ჩაფიქრდა, აზრები აერია, ვერ ხვდებოდა რა უნდა ეფიქრა - მისამართი მითხარით.
-გეტყვით, ოღონდ არსად თქვა ვინ მიგასწავლათ.
-კარგი - გმომძიებელმა გაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
დანარჩენი საუბარი უკვე ფორმალობა იყო და ამას აღარ გადმოვცემ. ნიკამ ფანჯრიდან გადაიხედა, კახა უკვე ქვევით ელოდებოდა, გოგონებს ჩვენებაზე ხელი მოაწერინა და დაემშვიდობა.
-აბა, რა ქენი? - ჰკითხა კახას მანქანაში ჩაჯდომისთანავე.
-სურათი მივიტანე და განცხადებებს უკვე აკრავენ, აი მამაო კი იერუსალიმში ყოფილა მოსალოცად ორ დღეში ჩამოვა.
-როდის წავიდა?
-სამი დღის წინ... შენ რა გაარკვიე?
-კიდე ერთი მეგობარი ჰყოლია, ნარკომანკა.
-ვაა! - წამოიძახა გაკვირვებულმა კახამ.
-წამო, დღესვე ვნახოთ, ცოტათი კი ჩამობნელდა, მაგრამ...
-წავედით, აბა საით?
ხუთი წუთის შემდეგ გამომძიებლები უკვე სალომეს სახლის კარზე აკაკუნებდნენ. არავინ აღებდა, ბინიდან მუსიკის ხმა ისმოდა, თუმცა იმხელა ხმაზეც არ იყო აწეული, რომ სახლში მყოფებს კარის ბრახუნი ვერ გაეგონათ. 2-3 წუთის განმავლობაში მთელი ძალით ურტყავდნენ კარზე მუშტებს.
-შევამტვრიოთ? - თქვა ბრახუნისგან დაღლილმა კახამ.
-შევამტვრიოთ, ოღონდ ჯერ დაუძახე.
-თუ არ გააღებ კარს ვამტვრევთ, პოლიციიდან ვართ. - მთელი ხმით დაიყვირა კახამ.
ყვირილზე სალომეს კარის მეზობელი გამოვიდა, ასე 55-60 წლის ქალბატონი იქნებოდა.
-რა ხომდა? რამე დააშავა? - იკითხა გაკვირვებულმა ქალმა.
-დაწყნარდით ქალბატონო, გარწმუნებთ არაფერი მომხდარა. - ნიკამ ქალის დამშვიდება სცადა - სახლში შებრძანდით, კარები უნდა შევამტვრიოთ.
-უნამუსო ნარკომანია, მაგრამ მაინც ღვთის შვილია, მეცოდება... - თავა ქალმა და სახლში შევიდა, თუმცა კარი არ დაუკეტავს და დერეფანში დადგა.
ამასობაში კახამ მანქანიდან ურო ამოიტანა. ხის კარი იყო, ჩამკეტზე რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყეს მძიმე ჩაქუჩი. სეირის საყურებლად სხვა მეზობლებიც შემოიკრიბნენ. ბოლოს როგორც იქნა კარი შეიმტვრა. გამომძიებლები ბინაში სწრაფად შევიდნენ, მაგნიტაფონი მისაღებ ოთახში იყო ჩართული, თუმცა არავინ ჩანდა. ნიკა საძინებელში შევიდა და გონებადაკარგული სალომე დაინახა, პირიდან დუჟი გადმოსვლოდა იქვე პატარა მაგიდაზე ანთებული სანთელი, კოვზი და ნემსი იდო, სასწრაფოდ პულსი გაუსინჯეს.
-ცოცხალია - წამოიძახა ნიკამ და გოგო ხელში აიყვანა - ჩქარა გაიწიეთ! - უყვიროდა კართან შეკრებილ ბრბოს, ქალებმა წივილ-კივილი ატეხეს. - კახა დროზე, დაქოქე! - სალომე მანქანის უკანა სიდენიაზე გადააწვინა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გავარდნენ.
გოგონა პალატაში შეიყვანეს, პოლიციელები გარეთ ელოდებოდნენ და ბოლთას სცემდნენ. ხუთი-ათი წუთის შემდეგ ერთ-ერთი ექთანი გარეთ გამოვიდა.
-დროზე მიუსწარით, გადარჩება. - დაიწყო ექთანმა.
-გასაუბრებას როდის შევძლებთ? ჩვენება უნდა ჩამოვართვათ. - თქვა ნიკამ.
-ჯერ გონზე არ მოსულა, ჯობია ხვალ მიხვიდეთ, მაინც ნორმალურად დღეს ვერ დაგელაპარაკებათ.
-გასაგებია.
-თუ აღარ გჭირდებით წავალ.
-მიბრძანდით.
-დღს დალოდებას აზრი არ აქვს - დაიწყო საუბარი კახამ, როცა ექთანი ცოტათი მოცილდათ - მგონი დროა ცუდზეც ვიფიქროთ არა?
-კი, დროა - ნიკამ ღრმად ჩაისუნთქა და ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო - გაარკვიე უბანში ვინ არის ნასამართლევი, ფსიქიურად დაავადებული და ა.შ. მოკლედ ხო იცი რაც უნდა ქნა?!
-კარგი, წავედით უკვე, დაღამდა.
ნიკამ სახლში წასვლამდე განყოფილებაში შეიარა, გაარკვია, რომ დაკარგულ გოგონაზე არავინ გამოხმაურებიათ. მეორე დილით კახა „საეჭვო“ პირების დოსიეთი ხელში დახვდა, თითქმის ყველაზე ინფორმაცია უკვე მოძიებული ჰქონდა და ნიკასაც გააცნო. გამომძიებლები პირველ რიგში დაკარგული გოგონას ოჯახს ესტუმრნენ და უთხრეს, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ჯერ ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ ჰქონდათ. შემდეგ საასავდმყოფოსკენ გაეშურნენ, სალომეს ექიმი სინჯავდა უკვე გონზე იყო და მცირე ხნის ლოდინის შემდეგ დაკითხვა დაიწყო.
-ნინი ნარკოტიკს თუ იკეთებდა? - ჰკითხა ნიკამ რამოდენიმე ფორმალური კითხვის შემდეგ.
-არა, ერთი-ორჯერ შევთავაზე, მაგრამ უარზე იყო და ცდილობდა მეც თავი დამენებებინა. - სალომემ უცნაური ზიზღით გაიღიმა - დამიჭერთ?
-ნუ გეშინია... მაგაზე მერე, ახლა ნინი გვაინტერესებს.
-ხო, ნინი, რა დაემართა?
-დაიკარგა. შენთვის ხომ არ უთხვამს რამე? სადმე წასვლასთან დაკავშირებით? - განაგრძო კითხვების დასმა ნიკამ.
-არა, არ უთხვამს.
-საერთოდ რა თემებზე საუბრობდით ხოლმე?
-მე ბიჭებზე, გართობაზე ველაპარაკებოდი, ის კი ამას თავს არიდებდა, უფრო მარიგებდა ხოლმე... - ცოტა ხნით ჩაფიქრდა - ხან ჩემ სოფელზე მეკითხებოდა, ხან რელიგიაზე საუბრობდა. იცით ნინი კარგი გოგოა, საერთოდ გოგოებთან ურთიერთობა არ მაქვს, მარტო ბიჭები მეგობრობენ ჩემთან.
-ხო აბა „მეგობრობენ“ - დაცინვით გააწყვეტინა სიტყვა კახამ.
ამის შემდეგ ნიკამ კვლავ განაგრძო კითხვების დასმა, რომელსაც ახლა ცხადია დაწვრილებით აღარ გადმოგცემთ. უკვე საღამო იყო კახა საავადმყოფოდან სიგარეტის მოსაწევად გავიდა, ცოტა ხანში კი პალატაში გიჟივით შემოვარდა.
-ნიკა! ახლახან შემატყობინეს, საავადმყოფოში მთვრალი თემური მივარდნილა გასისხლიანებული და მთელი ხმით გაჰყვირის, რომ შენი ნახვა უნდა. დააკავეს, მაგრამ სხვას არაფერს ამბობს.


თავი 4
ტრაგედია

საშინელი ტრაგედიის თხრობას დავიწყებ ნინის გაუჩინარების მეორე დღიდან, ანუ როდესაც გამოძიება დაიწყო. პოლიციელების სახლიდან წასვლის შემდეგ, მანანა ნინის ოთახში გამოიკეტა და მთელი ხმით ატირდა. თემური ბოლთას ცემდა, ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. ბოლოს საგარეო ტანისამოსი ჩაიცვა და ქუჩაში გავიდა, უაზროდ დადიოდა უბან-უბან, აქეთ-იქით იყურებოდა, რომ გეკითხათ: „რას აკეთებო?“ ნამდვილად ვერაფერს გიპასუხებდათ. მაღაზიას ჩაუარა, ვიტრინიდან არყის ბოთლები გამომწვევად იცქირებოდნენ, ერთ წამს შეჩერდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და კვლავ უაზრო სვლა განაგრძო. ეს კი გაიფიქრა: „აბა რა კაცი ვიქნები, დღეს რომ დავლიოო?!“. ბევრი რომ არ გავაგრძელო ასე დახეტიალობდა მთელი დღე. საღამოს სახლში დაბრუნება რომ გადაწყვიტა კორპუსის ეზოში სამი კაცი შეხვდა, ერთს კარგად იცნობდა - ლაშა ერქვა, მისი მთლად ბავშვობის თუ არა, ახალგაზრდობის მეგობარი ნამდვილად ეთქმოდა, დანარჩენ ორსაც იცნობდა (ნუკრი და ლევანი), თუმცა მხოლოდ გამარჯობით ...
-გაუმარჯოს თემურ - მიესალმა ლაშა - გავიგე ძმა რაც დაგმართნია, რამე გააკრვიეთ?
-ვერა, ჯერ ვერა. გამომძიებლები მყავდა დღეს სახლში...
-რა მოხდა? - იკითხა ნუკრიმ, თემურიმ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა - ნინი? ამ სადარბაზოში რო ცხოვრობს? - და თემურის სადარბაზოზე მიანიშნა.
-კი - უპასუხა დანაღვლიანებულმა მამამ.
-არ ვიცოდი შენი შვილი თუ იყო, სახეზე ვცნობ... - ნუკრი ცოტა ხნით ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ხმა აღარ ამოუღია.
-ავალ ახლა სახლში, იქნება რამე გაარკვიეს - ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და თემური სახლში ავიდა.
მეორე დღეს, როგორც ადრე უკვე მოგახსენეთ, დაკარგულის ოჯახს დილით გამომძიებლები ესტუმრნენ და ხელჩასაჭიდი ინფორმაციის ჯერჯერობით უქონლობის შესახებ აცნობეს. პოლიციელების წასვლის შემდეგ მანანა ცოტა ხნით დუმდა, შემდეგ ფეხზე წამოხტა და ქმარს ყვირილით მივარდა.
-შენი ბრალია, შენ გააუბედურე ბავშვი, აიძულე გაქცეულიყო! - მთელი ხმით ყვიროდა და ქვითინებდა, თემურიმ პასუხი არ გასცა და გარეთ გავარდა - ხვალ აქ აღარ ვიქნები ღორო! - მიაძახა კიბეებზე ჩამავალ ქმარს მანანამ.
უბანში ჩასულ თემურის კვლავ ის სამი კაცი შეხვდა. უნდოდა მხოლოდ გამარჯობით მოეშორებინა თავიდან და სვლა განეგრძო, თუმცა კითხვები დააყარეს.
-რამე გაარკვიეთ? - ჰკითხა ლაშამ.
-გუშინ მეგობრებს ჩამოართვეს ჩვენება, არავისთვის არაფერი იუქვამს, ქუჩებში განცხადებები გამოაკრეს და ველოდებით იქნებ ვინმე შეგვეხმიანოს...
-მომისმინე ძმა - სიტყვა გააწყვეტინა ნუკრიმ - გუშინ არ გითხარი, ვიფიქრე უარესად არ გამენერვიულებინე, თან მეგონა გაქცეული იყო უბრალოდ გოგო და გამოჩნდებოდა. - ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა, თითქოს უკვე იცოდა „სინამდვილეში რაშიც იყო საქმე“ - მოკლედ გეტყვი, ეგრე 4-5 დღის წინ ნინის გიჟი დათო (გიჟი დათო 25-27 წლის შეშლილი ბიჭი იყო, რომელიც მათ უბანში ცხოვრობდა) გამოეკიდა ყვირილით, ნინის შეეშინდა და გაიქცა, დათოსაც ბიჭები გამოეკიდნენ და მაშინ თავი დაანება.
-მაგით რისი თქმა გინდა? - თემურიმ შეშლილივით თავი გააქნია.
-არ ვიცი, გაარკვიე, თუ გინდა ჩვენ გაგირკვევთ...
-არა, არა... - სწრაფად და ხმამაღლა გაიძახოდა ახალი ამბით შეშინებული მამა - ან საიდან მოიტანეთ, რომ გიჟ დათოს რაიმის დაშავება შეეძლო? მასე ბევრს გამოჰკიდებია...
-შეეძლო? - ახლა უკვე ლაპარაკში ლევანი ჩაერთო - სადღაც ერთი კვირის წინ დავინახე კატას ქვა ესროლა, კატა ძირს დავარდა, გაქცევა ვეღარ მოასწყო, დათო მივარდა და მეორე ქვით თავი გაუხეთქა...
-მოიცა, მოიცა რეებს მეუბნები? - ყვირილით გააწყვეტინა თემურიმ - კატა და ადამიანი ერთია?
-ერთი არ არის, მაგრამ ყვიროდა ყველას ესე მოგკლავთო... შეშლილისთვის კატას და ადამიანს რა განსხვავება აქვს?
-არა, არა... - კვლავ გაჰყვიროდა თემური - ჩემი შვილი ცოცხალია გესმით! ცოცხალი! - თითი დაუქნია მეგობრებს და იქაურობას სირბილით გაშორდა.
კვლავ უაზროდ დახეტიალობდა. ტიროდა, თავს იქნევდა და თავის თავს ეჩხუბებოდა ახალი ამბებით გამოწვეული საშინელი აზრების გამო. მაღაზიას ჩაუარა, კვლავ არყებისკენ გაექცა თვალი, შეშლილივით დაიწყო წინ და უკან სიარული, ბოლოს „ჯანდაბასო“ ჩაილაპარაკა, მაღაზიაში შევიდა და ლიტრიანი ყველაზე იაფფასიანი არაყი იყიდა. გარეთ დამოვიდა, ერთი ხის ქვეშ ჩამოჯდა, ჯერ ტიროდა, შემდეგ ბოთლს თავი მოჰხადა და ორიოდე ყლუპი მოსვა, სწრაფად გააქნია თავი. „არაო“ დაიღრიალა და არყის ბოთლი მოიქნია, თუმცა ხელი არ გაუშვია, სასმელი მუცელზე მიიდო  და თავი მუხლებში ჩარგო, ტირილს მოუმატა, დროდადრო შეშლილივით შეჰყვირებდა ხოლმე, ბოლოს გაიმართა, ცრემლები მოიწმინდა, არაყს თავი მოხადა და თითქმის ერთ მოყუდებაზე ძირი გამოუჩინა. ფეხზე წამოხტა ბოთლი იქვე მიაგდო და სახლისკენ გაეშურა, გზადაგზა ალკოჰოლი მოეკიდა, ხუთ წუთში უკვე იმდნად დათვრა, რომ ფეხი ერეოდა. ოდნავ შებინდებული იყო, როდესაც თავის უბანში შეუხვია, უეცრად წინ გიჟი დათო შემოეჩეხა. შედგა, თვალები ბოროტულად მიაშტერა შეშლილ ბიჭს. ირგვლივ მიმოიხედა, არავინ იყო.
-დათო, ერთი წუთით გამომყევი!
ბიჭმა თავი აქეთ-იქით გააქნია, შემდეგ ცაში აიხედა, წვერი მოიფხანა და თამურის უკან გაედევნა. პატარა აგურით ნაშენ მიტოვებულ შენობაში შევიდნენ. მთვრალი კაცი ადგილზე დატრიალდა, გადაწყვეტილებას იღებდა, ანაზდად დათოს მივარდა და სახეში მთელი ძალით მუშტი გაარტყა, ბიჭი ძირს დავარდა, შეშლილი თვალებით თემურის მიაშტერდა, თუმცა არც კი დაუყვირია.
-შენ მიკალი ჩემი შვილი? - იღრიალა მამამ და ჯიბიდან დანა ამოიღო, ბიჭი დუმდა და დაჭყეტილ თვალებს ირგვლივ აცეცებდა - შენ მოკალი მეთქი? - დათოს დანა ყელზე მიადო.
-ვინ, ვინ? - სწრაფად იკითხა შეშლილმა.
-ნინი, ჩემი პატარა გოგო - თემურის ცრემლები წამოუვიდა - ოთხი დღის წინ უკან რომ მისდევდი... - დათომ თვალები დახუჭა, თითქოს ფიქრობდა.
-კი, მე მოვკალი! - წამოიკივლა უცებ, მამას ელდა ეცა, შეშლილს ხელი ქჰრა და იატაკზე დავარდა.
-არა! არა! - ღრიალებდა გამწარებული.
-იცი როგორ მოვკალი? - იღიმოდა გიჟი - ცისფერ თვალებში ვუყურებდი, ჰო! ჰო! მერე მტკვარში გადავაგდე. - ხმამაღლა გადაიხარხარა.
-არა! - კვლავ იღრიალა თემურმა, ფეხზე წამოხტა და ბიჭს რამდენჯერმე დანა დაარტყა, შეშლილი გაკვირვებული სახით მიაჩერდა და რამოდენიმე წამში უსულო გვამი იატაკზე დავარდა.
თამურმა დანა გვერდზე მოისროლა, მუხლებზე დაეცა, გასისხლიანებული ხელები თავზე შემოიწყო და მთელი ხმით აღრიალდა, ხელებიდან ჩემოდენილ სისზლს გამწარებული მამის ცრემლი ერეოდა. რამოდენიმე წუთი ასე იყო, შემდეგ შენობიდან გავარდა, სწრაფად გაირბინა თავისი უბანი, ტაქსი გააჩერა და პოლიციის განყოფილებისკენ უბრძანა წასვლა. მძღოლმა სიბნელის გამო სისხლი ვერ შეამჩნია, განყოფილებასთან მივიდნენ თუ არა, თემური ღრიალით გადავიდა, ფულის გადახდა აზრადაც არ მოსვლია, სწრაფად შევარდა განყოფილებაში და მთელი ხმით ნიკას ეძახდა, დააკავეს.
თქვენი ნებართვით თხრობას განვაგრძობ იმ მომენტიდან, როდესაც გამომძიებლები საშინელი ამბის გაგების შემდეგ განყოფილებაში დაბრუნდნენ. ორივენი იმ ოთახში შევიდნენ სადაც თემურის კითხავდნენ, თუმცა რა დაკითხვა ითქმის, მხოლოდ შეშლილივით ყვიროდა. ნიკას შესვლის თანავე ფეხზე წამოხტა, უნდოდა მივარდნოდა, თუმცა აქეთ იქიდან დაიჭირეს და სკამზე დასვეს.
-მოვკალი, მოვკალი! - ყვიროდა გაცოფებული - ის გავაკეთე, რაც შენ ვერ შესძელი. მე ვიპოვე ის ვინც ჩემი შვილი მოკლა, შენ კი ამბობდი, რომ ჩემს გამო გაიქცა სახლიდან - თავი ჩახარა და ტირილი დაიწყო.
-ვინ მოკალი? - იკითხა გაოგნებულმა ნიკამ - ვინ მოკლა, ან საიდან გაიგე?
-დათომ, ჩვენი უბნელი იყო, გიჟი დათო?
-გიჟი დათო?  ჯანდაბა! - ნიკამ ხელი შუბლზე მიიდო და თმები უკან გადაიწია - იცი, რომ დათომ ის დღე განყოფილებაში გაატარა, როცა შენი შვილი დაიკარგა? - დაუყვირა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
-არა, შეუძლებელია, შენ საიდან იცი? - გაოგნებულმა თემურიმ თვალები დააჭყიტა.
-ავტობუსის გაჩერებასთან, უბრალო გამვლელს ხელი დაარტყა და ყვირილი დაიწყო, პატრული იქ იყო და დააკავეს, გუშინ კი გამოვუშვით. - თქვა და შემდეგ ზიზღნარევი ხმით განაგრძო - საიდან ვიცი და შენი შვილის საქმეს ვიძიებ! გეგონა საეჭვო პირებზე ინფორმაციას არ შევაგროვებდი?
-არა, არა შეუძლებელია! თვითონ მითხრა, რომ მტკვარში გადააგდო, თან მკვლელობისას ცისფერ თვალებში ვუყურებდიო...  არა! - იღრიალა ბოლოს - ჩემ შვილს თაფლისფერი თვალები აქვს!.. მომატყუა იმ უბედურმა. - თემური ბოლო ხმაზე აღრიალდა და წამიერად გონი დაკარგა.
ამის შემდეგ ჩვენება ჩამოართვეს, თუმცა ყველაფერს არეულდარეულად ყვებოდა, უეცრად დაიღრიალებდა, გამუდმებით ტიროდა და კვლავ წამიერად გონი მისდიოდა ხოლმე. მკვლელობის ადგილი მიუთითათ, გვამი ადგილზე დათვალიერების შემდეგ პროზექტურაში გადაასვენეს. ქმრის დაკავების შესახებ ნიკამ იმავე საღამოს პირადად შეატყობინა მანანას, თუმცა ცოლს სურვილიც კი არ გამოუთქვამს ქმრის ნახვისა ან დაწვრილებით ინფორმაციის გარკვევაზე. სახლში რაც გააჩნდა ყველაფერი უკვე ჩალაგებული ჰქონდა, ჯერ ნათესავებთან გადადიოდა საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ გერმანიაში თავის შვილთან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. გამომძიებლებს მხოლოდ ის უთხა, თუ როგორ უნდა შეხმიანებოდნენ თუკი ნინიზე რაიმე ახალს გაარკვევდნენ.

თავი 5
გერგეტის სამება
ნიკამ მომდევნო დღეს გამოძიება კვლავ განაგრძო, ჩვენება მხოლოდ მამა სერაფიმესთვისღა უნდა ჩამოერთმია, რომელიც იმ დღეს ბრუნდებოდა იერუსალიმიდან. განცხადებებზე არავინ გამოხმაურებიათ. თუკი მღვდლისგან ხელჩასაჭიდს ვერაფერს მოიპოვებდნენ საქმის აქტიური გამოძიება დასრულდებოდა და მხოლოდ მოვლენების განვითარების იმედიღა რჩებოდა. მამაოს სახლში მიაკითხეს, თუმცა განუცხადეს რომ უკვე ეკლესიაში იმყოფებოდა. ტაძართან მივიდნენ, კახა მანქანაში დარჩა „ჩვენებებს კიდევ ერთხელ გადავიკითხავო“, ნიკამ პირჯვარი გადაიწერა და ეკლესიის ეზოში შევიდა, მამა სერაფიმე იქვე გრძელ სკამზე ჩამომჯდარი ნახა. მივიდა, გამოელაპარაკა და ნინის შესახებ ყველაფერი უამბო გაუჩინარებიან დაწყებული წინა დღეს მამის მიერ ჩადენილი მკვლელობით დამთავრებული. მღვდელი საკმაოდ შეწუხდა და რამდენიმეჯერ ჩურჩულით ლოცვებიც წაიკითხა. ნიკამ ჩვენების ჩაწერა დაიწყო, მე მხოლოდ მკითხველისთვის საინტერესო მომენტებს აღვწერ.
-აღსარებას თუ გაბარებდათ ხოლმე?
-დიახ, ყოველ კვირა...
-ვიცი ეს საიდუმლოა, მაგრამ იქნებ ბოლო აღსარებისას რაიმე საეჭვო გიტხრათ, რაც გამოძიებას გამოადგება?
-არა, გარწმუნებთ უცნაური არაფერი უთქვამს, უბრალოდ ცოდვები ჩამოტვალა, როგორც ყოველთვის. მე არც ვეძიები ხოლმე ცოდვის ჩადენის მიზეზებს, ხანდახან მორწმუნეები თვითონ იწყებენ მოყოლას, მაგრამ თუ შესაძლებელია ვაჩერებ ხოლმე.
-კარგით გასაგეია, მაგრამ თუკი რაიმე გაგახსენდებათ და ოდნავ უცნაურად გეჩვენებათ მითხარით.
-აუცილებლად.
-ეკლესიური რიტუალების გარდა,  მომიტევეთ რომ სიტყვა რიტუალებს ვხმარობ, უბრალოდ არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა, სხვა შეხება თუ გქონდათ ნინისთან?
-ნინი ხშირად რჩებოდა ხოლმე წირვის შემდეგ, სხვადასხვა რელიგიურ თემებზე უყვარდა ჩემთან საუბარი...
-მამაზე თუ გელაპარაკებოდათ?
-კი რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ. მამის საქციელი არ მოსწონდა, თუმცა თვლიდა რომ  ნანობდა ომში გადამხდარ ამბებს და სწორედ ამიტომ სვამდა. მაშინ მე  ვუთხარი, რომ იუდას მამა მდგომარეობაში იმყოფება, ანუ არაჯანსაღი სინანული აქვს. ქრისტიანულად მომნანიებელმა უნდა ისწრაფვოს ღმერთისკენ, გააძლიეროს ლოცვა და არა გადაჭრას ხორციელი პრობლემები, როგორს ეს იუდამ თავის ჩამოხრჩობით გადაწყვიტა, ხოლო მამამისმა ლოთობით. - მამა სერაფიმემ ღრმად ჩაისუნთქა. - თქვენ მორწმუნე ხართ?
-მე? - ოდნავ გაოცდა ნიკა - რმერთის მწამს, მაგრამ ეკლესიურად არ ვცხოვრობ.
-ოდესმე ნაზიარები თუ ხართ?
-დიახ, ბავშვობაში. ახლა უკვე, ისიც ხანდახან, მხოლოდ „უფალო შემიწყალენით“ შემოიფარგლება ჩემი რწმენა.
-იცი ნინი ხშირად მესაუბრებოდა ცხონებაზე, მეკითხებოდა: „ცხონდება თუ არა უზიარებელი ადმიანი?“. ამაზე პასუხის გაცემა მიჭირდა, რადგან ეს საიდუმლოა და მხოლოდ უფალმა იცის, მაგრამ ასე ვმსჯელობ ხოლმე და ნინისაც ეს ვითხარი: არ ვიცი უცხო რელიგიის წარმომადგენელთა შესახებ, მაგრამ ქრისტიანებზე ვიტყვი, რომ როგორ შეიძლება არ უნდოდეს ზიარება თუკი სწამს უფლის? როგორ შეიძლება იცოდე, რომ არსებობს ღმერთი და არაფერი მოიმოქმედო?
-ბოლო შეხვედრისას თუ ესაუბრეთ? - კვლავ მთავარ თემას დაუბრუნდა ნიკა.
-კი, სინანულზე ვმსჯელობდით. მან მკითხა: „შეიძლება თუ არა ადამიანი გულში ნანობდეს და აღსარებას არ ამბობდეს, მიეტევება თუ არა ეს ცოდვა?“, მე ვუპასუხე, რომ ბევრს აღსარებაზე ნათქვამიც არ მიეტევება, თუკი გულში არ ექნება სინანული. ხოლო რაც შეეხება მოძღვართან ართქმულ ცოდვებს, ამის რადენიმე მიზეზი არსებობს. ერთი ის რომ ვერ ახერხებს მოძღვრის ნახვას გარდაცვალებამდე (ვთქვათ არაქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობს, ან სიკვდილის წინ ინანიებს და ა.შ.) მას, ჩემი აზრით, მიეტევება. მეორე არის სირცხვილისგან გამოწვეული, რა თქმა უნდა, არ უნდა შერცხვეს მოძღვრისა არავის, რადგან ის მიუტევებს ღვთის სახელით და არა თავისით, ღმერთმა კი ამ ცოდვის შესახებ უკვე იცის, მიუხედავად ამისა ასეთ შემთხვევაში თავს ვიკავებ განვაცხადო მიეტევება თუ არა. მესამე კი უბრალო დაზარებაა და ზვიადი წარმოდგენა თავის თავზე, რა თქმა უნდა ადვილია „უფალო შემიწყალეს” თქმა სახლში, ვიდრე სამი საათი ფეხზე დგომა მრევლით გავსებულ ტაძარში, ასეთი ხალხისგან გამიგია ხშირად „იცი ჩემი ესმის უფალს?“ რა თქმა უნდა, კაცის კი არა ჭიანჭველის ფეხის გადადგმაც ესმის უფალს, მაგრამ როდესაც გწამს ქრისტესი, იცი, რომ იგი შენს გამო სასტიკად აწამეს და ბოლოს ჯვარზე აცვეს, რა გახდა, რომ მის გამო სამი საათი ფეხზე დგომა აიტანო?! - მღვდელმა ემოცირად დაასრულა საუბარი.
-გასაგებია - ნიკა ჩააფიქრა მამა სერაფიმეს სიტყვებმა, მაგრამ იცოდა რომ ეს გამოძიებას ხელჩასაჭიდს ვერაფერს მისცემდა - ახლა უნდა დაგემშვიდობოთ.
-ეცადეთ, ეცადეთ მიაგნოთ ნინის, იმედია ღვთის წყალობით უველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგი გოგოა - ღრმად ჩაისუნთქა ბოლოს.
-ვეცდები, დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გოგოა, ყველასგან მაგას ვისმენ.
-საოცარი - გაიღიმა მღვდელმა - იცი ხშირად უთქვამს ხოლმე: „რა საოცრება იქნება, ერთ დღესაც ფანჯრიდან გავიხედო და გერგეტის სამება დავინახოო“.
ნიკა კიდევ ერთხელ დაემშვიდობა. ტაძრის ეზოდან დაღონებული გამოვიდა, იმედი ჰქონდა რაიმე ხელჩასაჭიდს გაიგებდა, თუმცა ამაოდ, საქმის გახსნა უკვე შეუძლებლად ეჩვენებოდა. მანქანაში ჩაჯდა, კახა კვლავ ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა.
-რამე გაარკვიე?
-ვერა! ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩა. - ნიკამ თავი ჩახარა და ფიქრებს მიეცა - არ გინდა გერგეტის სამება მოვილოცოთ?
-ახლა საიდან მოგაფიქრდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა კახამ.
-ისე, მღვდელმა ახსენა წეღან, ნინი მელაპარაკებოდა ხოლმეო... საოცარი ადგილია, სირცხვილია ნამყოფი რომ არ ვარ.
-ამ ფიცხელაურის ამბავი კი ვერ გავარკვიე - კახა კვლავ ფურცლებს დაჰყურებდა - რა უნდოდა ნინის მასეთ გოგოსთან?
-ფიცხელაური! ჯანდაბა ფიცხელაური! - შეშლილივით წამოიყვირა ნიკამ.
-რა მოხდა? - გაოცდა თანაშემწე.
-ნინი სახლზე ოცნებობდა, საიდანაც გერგეტის სამებას დაინახავდა, ფიცხელაური კი მოხეური გვარია, თან ჩემს სოფელზე მელაპარაკებოდა ხოლმეო... გესმის?
-ანუ ნინი სალომეს სოფელშია! - წამოიყვირა გახარებულმა კახამ.
-ჩქარა საავადმყოფოსკენ!

თავი 6
ისტერიკა
დაახლოებით დღის 12-1 საათი იქნებოდა, მანქანამ სოფლის დანგრეულ გზაზე გადაუხვია და ჯაყჯაყით აუყვა აღმართს. უამრავ სახლს ეტყობოდა რომ პატრონისგან უკვე წლებია მიტოვებულნი იყვნენ. სამასიოდე მეტრის გავლის შემდეგ გზის პირას გრძელ ხის სკამზე მჯდარი მოხუცი კაცი დაინახეს, წინ წამოწეულს ორივე ხელი ხელჯოხისთვის მოეკიდა და ზედ ნიკაპით ეყრდნობოდა. მანქანა გააჩერეს ნიკა გადმოვიდა და მოხუცს მიესალმა.
-ფიცხელაურები სად ცხოვრობენ? - იკითხა მისალმების შემდეგ.
-ამ სოფელში ყველანი ფიცხელაურები ვართ... - უპასუხა მოხუცმა (ცხადია აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ ჩემი უუნარობის გამო მეშინია ეს ლამაზი კილო არ დავამახინჯო და ამიტომ სალიტერატურო ქართულს შემოგთავაზებთ)
-მე გამომძიებელი გახლავართ - განაგრძო ნიკამ - სამიოდე დღის წინ აქ ერთი გოგო ხომ არ ჩამოსულა? ალბათ სოფელში ყველას იცნობთ და უცხო პირს ადვილად შეამჩნებდით.
-კი, ერთი პატარა გოგო - უპასუხა ცოტა ხნის შემდეგ - აქვე ერთი სახლია, წლებია მაგის პატრონი დაიღუპა, თუმცა შვილი ჰყავს, სალომე ჰქვია. ის გოგო სწორედ მაგ სახლში ცხოვრობს, ამბობს სალომეს მეგობარი ვარო, თვითონ სალომეც მამის გარდაცვალების შემდეგ აქ არ გვინახავს. რა მოხდა, რამე ხომ არ დააშავა? კარგი  გოგო ჩანს, ზრდილობიანია, „გამარჯობას“ ვერ დაასწრებ... - გაიღიმა მოხუცმა.
-არა, არაფერი დაუშავებია - ღიმილითვე უპასუხა ნიკამ.
-გვიხარია ხოლმე, როცა ვინმე ჩამოვა ჩვენს სოფელში, ახალგაზრდები მიდიან, მხოლოდ მოხუცებიღა დავრჩით.
-კარგი იქნება თუ იმ სახლისკენ გზას მიმასწავლით.
-ამ აღმართს უნდა აუყვეთ, მარჯვნივ შესახვევია, იქ შეუხვევთ და პირველივე სახლი ეგაა.
გამომძიებლები მოხუცს დაემშვიდობნენ და გზა განაგრძეს. სულ რაღაც ხუთ წუთში დანიშნულების ადგილზე  იყვნენ, ორსართულიანი ხისა და რიყის ქვით ნაგები სახლი იყო, მომცრო, თუმცა კოხტად გამოიყურებოდა და არც სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ალაგ-ალაგ დამპალი ფიცრები აყრილიყო. სახლში არავინ დახვდათ, თუმცა აშკარა იყო, რომ ვიღაც ცხოვრობდა, ფანჯრებიდან შეიხედეს, ჭურჭელი დარეცხილი ელაგა, მტვერის ვერსად შენიშნავდით.
-აქ არის, ალბათ სადმე გავიდა, დაბრუნდი თბილისში, მე დაველოდები, მანანას ჯერ არ გააგებინოთ, ვნახოთ რას მეტყვის და იქნებ წამომყვეს - უთხრა ნიკამ კახას, ბოლოს გაგებულ ინფორმაციაზე, ანუ იმაზე რომ ნინი შეიძლება ყაზბეგში ყოფილიყო, არც განყოფილებაში განუცხადებიათ და არც დედინაცვლისთვის შეუტყობინებიათ რამე.
-კარგი, დაელაპარაკები თუ არა, მაშინვე შემატყობინე. - კახა მანქანაში ჩაჯდა და თბილისისკენ გამოეშურა.
ნიკა ეზოში ხის მოზრდილ კუნძზე ჩამოჯდა. მზე საშინლად წვავდა კანს, თუმცა გრილოდა. ირგვლივ საოცარი ხედები იშლებოდა. ნიკა ხან გერგეტის სამებას გახედავდა, რომელსაც ზურგს მუდმივი თოვლის გვირგვინით შემკული მყივბარწვერი უმშვენებდა, ხან კი აქეთ-იქით სხვა ალპირ მდელოთა სამფლობელოებს აკვირდებოდა, თვალუწვდენელი მთების სილამაზით მოინუსხა. უცებ თავში აზრმა გაურბინა: როგორც იქნა უნდა ნახოს ნინი, გულთან რაღაც შემოაწვა, სისხლის მიმოქცევა აუსწრაფდა, ნეტავ რა არის? გამოძიების წარმატებით დასრულების მოლოდინი უხარია? იქნებ მისი გული ოჯახის უბედურებამ შესხრა? თუ სხვა რა უნდა იყოს? სიყვარული? არა შეუძლებელია! ფოტო კი აქვს ნანახი (და გარეგნულად მოეწონა კიდეც), ყველა დადებით ადამიანად აფასებს, მაგრამ რეალურად არ უნახავს, თვითონ არ გამოლაპარაკებია, არა, შეუძლებელია ეს სიყვარული იყოს! მაგრამ იქნებ მართლაც სიყვარულია? ხოლო გულის უცნაური რეჩხი, ალბათ იმან გამოიწვია, რომ ნინი შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც წარმოუდგენია... რამ ააფორიაქა ეს დინჯი და მუდამ დაკვირვებული კაცი? ასეთ სიტუაციაში სიყვარული ხომ ლოგიკისგან შორს დგას. ფიქრებმა თავგზა საბოლოოდ აუბნია, გარეთ პატარა წყარო იყო, მივიდა და სახეზე შეისხა, წყალი საშინლად ცივი იყო, ოდნავ შეკრთა. გზისკენ გაიხედა, შორიდან ვიღაც მოდიოდა, სიარულზე ეტყობოდა რომ გოგო იყო. ნიკამ გაიფიქრა, რომ თუ სახლთან დახვდებოდა შეაშინებდა და ასიოდე მეტრით მოშორდა, გადაწყვიტა გოგონა ეზოში რომ შევიდოდა შემდეგ მისულიყო. მართლაც ასე მოიქცა, რამოდენიმე წუთში გოგონა ეზოში შევიდა, მცირე ხნის შემდეგ ნიკამ ჭიშკრის ეზოდან დაუძახა, გოგო შეცბა, სტუმარს კართან გამოელეპარაკა, რომ გაიგო გამძიებელი იყო, დარცხვენით თავი ჩახარა და სახლში შეიპატიჟა.
-მომიყევი აქ როგორ მოხვედი? - ჰკითხა მცირე ხნის შემდეგ ნიკამ (თემურიზე ჯერ არაფერი ჰქონდა ნათქვამი).
-ვიცოდი, რომ სალომეს ამ სოფელში მიტოვებული სახლი ჰქონდა. ისიც ვიცოდი, სად ინახავდა გასაღებს, მოვპარე - აქ გაწითლდა - მაინც ვერ შეამჩნევდა, სოფელში კი კითხვა-კითხვით მოვაგენი ამ სახლს.
-ქურდობა აღსარებაში არ გითქვამს, შენმა მამაომ მითხრა, რომ ყოველდღიური ცოდვები მოიხსენიე, არამგონია ყოველდღე ქურდობდე...
-ეს შემდეგ მოხდა რაც მამა სერაფიმე გაემგზავრა, გამოპარვის წინა დღეს მოვპარე. აღსარებაში იმას ვამბობ, რასაც გულით ვნანობ, ხოლო თუ ჯერ არ ჩამიდენია და ჩადენას კი ვაპირებ, მაშასადამე არც ვნანობ... ვიცი ცუდად ჟღერს, მაგრამ ასეა.
-კარგი ამ კითხვებით არ დაგტანჯავ, უბრალოდ მართლა მიკვირს, რატომ შენს მეგობრებს არ უთხარი? ისინი ხომ თვითონ გირჩევდნენ სახლიდან წასულიყავი.
-მეშინოდა მშობლებისთვის არ ეთქვათ.
-მანანას რატომ არ თხარი, მას ხომ უყვარხარ? - ამ სიტყვებზე გამომძიებელს კვლავ ის უცნაური გრძნობა მოაწვა გულზე.
-ალბათ - გოგომ თავი ჩახარა და ცრემლები წამოუვიდა - ალბათ, მისი დასჯაც მინდოდა - თქვა ძლივს გასაგონი ჩურჩულით. - მაგრამ ვაპირებდი, ხვალისთვის ვაპირებდი შეხმიანებას.
-მისი დასჯა, რისთვის?
-მუდმივი ჩქუბისთვის... არა, არა სისულელეა, სულელი ვარ, არ მაქ უფლება მასზე ციდი ვთქვა, მე თვითონ ვარ საშინელება! - ალუღლუღდა გოგო და კვლავ ცრემლები წამოუვიდა.
-გასაგებია, დაწყნარდი - ნიკამ ხელსახოცი მიაწიდა, გამორთმევისას ნინის ნაზი თითი მის გაუხეშებულ ხელს შეეხო, ჯანდაბა, ისევ ეს გრძნობა! რა ემართება? - იცი ერთი ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა - განაგრძო ცოტა ხანში, როცა ნინი ცოტათი დაწყნარდა და თავადაც გული გაუწყნარდა.
-გისმენთ - გოგო საოცრად ლამაზი და სევდიანი თვალებით მიაჩერდა.
-შენი უბნელი, გიჟი დათო ხომ იცი? - არ იცის როგორ თქვას, არც უნდა რომ უთხრას.
-კი, როგორ არ ვიცი - ნინის კითხვა გაუკვირდა, ვერაფრით წარმოიდგინა ახლა რა შუაში უნდა ყოფილიყო.
-მოკლედ საშინელი ამბავია, ჯობს პირდაპირ გითხრა - ენის ბორძიკით დაიწყო ნიკამ - მოკლედ, თუმცა შენი ბრალი არაა (ეს სრულიად ზედმეტი იყო, გულმა ათქმევინა და არა გონებამ),  მამაშენს ეგონა რომ შენ... შენ დათომ მოგკლა და თვითონ კი დათო მოკლა. - გოგო წამიერად გაშტერდა, უცებ ვერ მიხვდა რას ეუბნებოდნენ, შემდეგ ქვედა ყბა აუკანკალდა  გვერდზე გადაქანდა, სკამიდან ძირს დავარდა და ისტერიულად აყვირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები