ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
4 მაისი, 2014


ძეგლი ცხოველი

ძეგლი ცხოველი


  კორნელი ტყაბლაძის ნამდვილი სახელი თითქმის არავინ იცოდა, მისი სახელნაცვალი- თამადა უფრო ნამდვილობდა. იმ რაიონში, ჩვენი ამბის განსხეულების არეალად რომ ავირჩიეთ, ღვთის წყალობით, თამადა სამყოფად იყო, მაგრამ კაცი,  სახელად ზოგადი სიტყვა თამადა რომ დაესაკუთრებინა- ერთადერთი და ტოლუპოვარი. იმდენი ნათლული ჰყავდა თამადას, ბარე ათ საბავშვო ბაღს დააკომპლექტებდა. მის შეუდარებელ სმისუნარიანობასა და სუფრაგაძღოლის ხელოვნებაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ,. მის ფრაზებს იმეორ-იმესამებდნენ , მას ეშეგირდებოდნენ. პირველად სწორედ მან უწოდა ქართულ ღვინოს „ქართული მზით განაყოფიერებული ვაზის შუმი პირმშო”, ქართულ სუფრას- „ფსიქოთერაპიის ქართული ნაცვალსახეობა”. სიტყვა „ალავერდს” ვერ იტანდა- თათრულიაო და მუქაფად „იყავ ჩემი ნებისა”დაამკვიდრა ლეონიძის ღვინჯუას მიბაძვით. სუფრაზე ტერმინოლოგიური აღრევა აგიჟებდა: „წინაპრების სადღეგრძელო რა ქართულია, წინაპრებს შენდობა ეთქმისო”.ჩაძირული გემის კაპიტანისა არ იყოს, სუფრას ყველაზე ბოლოს სტოვებდა. ანაპოდისტე ცხადაძის „ქართული სუფრის კოდექსს” ზედმიწევნით იცნობდა და „ქართულ სასუფრო ბიბლიას” უწოდებდა. ისტორიული გმირების წარსათქმელის (სადღეგრძელო- ძვ. ქართულით) შემდეგ სუფრაზე აუცილებლად აზარფეშით შეიტკბობდა გულბაათ ჭავჭავაძის, შედან ჭილაძისა და სიმონიკა სხირტლაძის სადღეგრძელოს, როგორც ალალი ბიძებისა. მათ ძველქართულად „ლხინის უფალთ” უწოდებდა, თამადა გვიანდელი შემოღებულიაო. „ქართულმა სუფრამო,- ამტკიცებდა, -სახელმწიფოებრიობა შემოგვინახა, რადგან დამოუკიდებლობის დაკარგვის პირობებში ჩვენი წინაპრები სახელმწიფოებრიობას ფარულად სუფრაზე აგრძელებდნენ თამადისა და მისი ნაზირ-ვეზირების- მწდეებისა და მერიქიფეების სახითო”. ამ ფაქტის ეჭვშეუალობის დასტურად ერთი ცნობილი მეცნიერის სახელი მოჰყავდა. 
აღდგენილი და სუფრით შენარჩუნებული სახელმწიფოს ადგილობრივი არჩევნები ახლოვდებოდა. პარტიული ბოსები ღონეს ეძებდნენ სამომავლო ღონისძიებების დასაგეგმად. სწორედ მაშინ მოისაზრა ერთმა მათგანმა (ამ ინციატივას დღემდე ბევრი იბრალებს) თამადისათვის ძეგლი აეგოთ მისივე სიცოცხლეში. „დროა, ქართველებმა ვისწავლოთ დიდი კაცის სიცოცხლეშივე დაფასებაო”- იქადნიდა იგი.-სიკვდილის შემდეგ დითირამბები უკან მიდევნებული ლამპარივითააო. ავი ენები სისინებდნენ-, ამით თამადის მრავალგვარსახელოვანი თანამესუფრეების ელექტორატის გულების (ხმების) მონადირებას ლამობენო. სასწრაფოდ გამოიყო ადგილი ქალაქის ცენტრში, ძველი აღმასკომის, ამჟამად კი გამგეობის შენობის წინ, სადაც ოდესღაც სტალინის ძეგლი მდგარა, რომელიც პოლიტიკური ძვრების კვალობაზე ლენინს შეუცვლია. განახლებული კვარცხლბეკი მეუფე მიქაელმა საზეიმოდ აკურთხა, საქმეში ფინანსისტები ჩაერთვნენ, შედგა ხარჯთაღრიცხვა. როცა ყველაფრის თადარიგი დაჭერილი იყო, გაირკვა, რომ გამგეობის ბიუჯეტში სათანადო ფინანსური რესურსი (ფული) არ მოიპოვებოდა, , ადგილობრივი ბიზნესი კი მეტისმეტად მოკრძალებულად გამოიმზირებოდა საამისოდ. სწორედ მაშინ გაუჩნდა რესურსცენტრის (ჩვენებურად- კადრების უფროსს) შალიკო დავლაძეს ბრწყინვალე და, როგორც ყველა გენიალური იდეა უბრალო აზრი- ძეგლად თავად თამადა გამოეყენებინათ. შალიკო ხშირად სტუმრობდა ევროპულ ქვეყნებს ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობაში და ირწმუნებოდა, ასეთი პრაქტიკა დასავლეთში დიდიხანია არსებობსო. „ამნაირი ცოცხალი ძეგლები რამდენიც გნებავთ, იმდენია იტალიაში, ხელფასსაც კი უხდიან ამ საქმეშიო”. მავანს და მავანს უკვირდა, მაგრამ შალიკოს შეუვალი ავტორიტეტი ეჭვის შეტანის შანსს სპობდა. თავად, ასე ვთქვათ, ძეგლის ხორცშემსხმელი თავმდაბლად აცხადებდა, „საკუთარი თავის განდიდებაზე არასდროს მიზრუნია, მარა თუ ჩემს ქალაქს სჭირდება, მზადა ვარ, ამაშიც მოვემსახუროო, შემთხვევები მქონია , სამი დღეღამე სუფრიდან არ წამოვმდგარვარო”
ეკონომისტებმა გამოთვალეს, რა სარგებელს მოუტანდა ეს პროექტი რაიონის ტურისტულ ბიზნესს. წარმოიდგინეთ, რამდენ ჩამოსულს აცდუნებდა უკვდავყოფის სურვილი ძეგლთან ფოტოს გადაღებით. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ იდეასაც განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პროვინციის ჭრელი საზოგადოებისა. „ფეოდალური აზროვნების კულტივიზაციას შეეშვით, მდაბიოთა (დაბის, სოფლის მკვიდრთა) გემოვნებაზე ნუ მუშაობთო”- ქირქილებდნენ ლიბერალ-ოპოზიციონერები. ამაზე კონსერვატორ-პატრიოტები  პასუხობდნენ: „ეროვნული იდენტობის მოსპობის მოიმედე მასონების კუდები ხართო”.
მალე რაიონის მთავარი არქიტექტორის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითმა  ჯგუფმა ასეთი ესკიზი შეიმუშავა: ქართულ ეროვნულ კოსტუმში (ჩოხა) გამოწყობილ თამადას წინ გაწვდილ მარჯვენა ხელში ყანწი უნდა სჭეროდა, ხოლო მარცხენა- ტრადიციულად ხანჯლის ვადაზე სდებოდა. ამაზე ოპოზიცია აღელდა: „წინ გაწვდილი ხელი გამგეობისკენ რომ მიგიმართავთ, ამით რისი თქმა გსურთ, ანდა ჩაგებული ხანჯალი იმას ხომ არ მოასწავებს, რომ მეზობელი ქვეყნის აგრესიას უნდა შევეგუოთო?” ახალგაზრდებმა თავი გამოიდეს: „რას გადაეკიდეთ ამ პრეისტორიულ ყანწს, თავის დროზე ყველა ძველი ხალხი წყალს ამოღრუტნული რქით სვამდა, ჭიქის გამოგონების შემდეგ, ყველამ გადააგდო და ჩვენ რატომ უნდა გამოვიყურებოდეთ მსოფლიოს თვალში ასე რქიანებადო”.მოწინააღმდეგეები ირონიულად კითხულობდნენ: „თქვენ ლუდის კათხას ხომ არ გვირჩევდითო?
თავის მხრივ ვეტერანებმა მოითხოვეს ძეგლს ალბანური წარმოშობის ჩოხის ნაცვლად თეთრი ჩეჩუმჩის კიტელი ჩავაცვათ როგორც „იმას” უყვარდაო, მაგრამ ყური არავის შეუბერტყავს.
  ქალაქის კოლორიტის შენარჩუნების მოსურნეები უფრო შორსაც წავიდნენ, ძეგლი ბრინჯაოსფრად შევღებოთ, ქალაქის დიზაინში ორგანულად რომ ჩაეწეროსო.
  როცა თავად ხცემოსილ თამადას სთხოვეს ამ ყურადასაღებ და ყბადაღებულ საკითხზე აზრის გამოთქმა, თავშეკავებულად განაცხადა: „ვაცადოთ, ბატონო, მეპურეს პურის გამოცხობაო”.
დადგა პურის ჩაკვრის დღეც. რაიონის ცენტრი საზეიმოდ ზიმზიმებდა. ქალაქის ცნობილი ორკესტრი საგანგებო რეპერტუარით აღიჭურვა. პოლიტიკური პარტიები მობილიზებულნი იყვნენ. მხოლოდ ნიჰილისტთა პარტიამ განაცხადა უარი ცერემონიალში მონაწილეობაზე- ყველაფერი ბლეფია, ჩვენ ამ ხელისუფლების დადგმულ ფარსში სტატისტებად ვერ ჩავერთვებითო. ზეიმს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიც დამეგობრებულ ქალაქ დურასლავიდან.
  ზუსტად სამ საათზე სამთავრობო მანქანიდან თეთრ ჩოხაში გამოწყობილი თამადა გადმობრძანდა. მისი თეთრი სამოსი წითელი ჯვრებით იყო გაწყობილი, რომელიც ფაცია ავჟანდაძეს- რაიონის უხუცეს მქსოველს- ამოექარგა. ძეგლადშეგულებულს აქეთ-იქიდან რაიონის ცნობილი მოღვაწეები- მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ქართლოს ეძგვერაძე და მგალობელთა გუნდის რეგენტყოფილი ვარლამ ქარციბაძე ამოსდგომოდნენ.სამეულმა მუსიკის თანხლებით გაიარა საპატიო დერეფანი. ბავშვები ფერხთით ყვავილებს უფენდნენ. მოკლე მიტინგის შემდეგ, რომელზეც რაიონის ღირსეული შვილის ღირსებებზე ილაპარაკეს, თამადას ის იყო კვარცხლბეკის საფეხურზე უნდა შეედგა ფეხი, რომ მოულოდნელად ფეხქვეშ რაღაც აუფეთქდა. ვიდრე მიხვდებოდნენ რა იყო ეს, უცნაური ხმა ისევ განმეორდა. საგანგებოდ გაპრიალებულ ნასტალინლენინარ პიედესტალზე თეთრი ნამსხვრევები ავად მიმოფანტულიყო, რომლებიც ყვითელ სითხეში იყო აფუფხული. აშკარა გახდა, ვიღაც კომუნიკაციას  ლაყე კვერცხების მეშვეობით ცდილობდა. თვალი რომ გაადევნეს ტყორცნის ტრაექტორიას, დარწმუნდნენ, რომ ამ უცნაური ციური მანანის სათავე ცა კი არა, გამგეობის სახურავი იყო. როცა შეშფოთ-აღშფოთებული ადამიანების მზერები ამ წყაროს მიაწყდა, სახურავიდან ვიღაცის გაბურძგვნილი თავი გამოჩნდა, რასაც ხაფი ხმით გამოტყორცნილი სიტყვები მოჰჰყვა: „ვაი თქვენს პატრონს!”
ახლა კი ყველამ იცნო რაიონის ცნობილი გიჟი ბიჭოია. როგორ მოხვდა იქ, რას აკეთებდა დაცვა
?ხელმძღვანელობა გაოგნებული იყო. საგულვებელი ჩანდა დამნაშავე, ღამით ამძვრალიყო და ეგოდენ პრიმიტიული ყუმბარებიც წინასწარ მოემარაგებინა. მაგრამ ახლა ვარაუდების დრო არ იყო. სასწრაფოდ გამოიძახეს სახანძრო რაზმი. მობილიზებულ იქნა რაიონის პოლიციის მანქანაც, რომლის რუპორიდან ბიჭოიას თავის სიცოცხლეში პირველად მიმართეს ბატონოთი.
ამ სტრიქონამდე სრულიად  უბოროტოდ მიტყუებული მკითხველი უნდა გავსარჯო, თავად წარმოიდგინოს ბიჭოიასადმი მიმართული ჯერ მუქარისა და მერე მუდარის პერიპეტიები.მისი პირობები და წინააღმდეგობის გაწევა.ყველამ თავთავისი გემოვნებისა და ფანტაზიის კვალობაზე.
  მოკლედ, აგრერიგად ნალოლიავები და გარკვეულ მიჯნამდე მარჯვი (წარმატებული) ძეგლის აღმართვის ცერემონიალი ჩაიშალა, მაგრამ იდეა მისი განხორციელებისა დღესაც არ მოშლილა, როგორც ამბობენ.

        2014       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები