ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩემისტი
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2014


კუთხე შენს ოთახში ( გზაში დაკარგული წერილებიდან)

            ამბობ, რომ შენი ოთახის ყველა კუთხე დაკავებულია. საწოლი, ძაღლი, გიტარა და კომპიუტერი, წიგნებუთურთ. 
            ახედე ზემოთ, სადაც ობობას მოუწნავს სახლი . ყოველ ღამით მოვდივარ და აბლაბუდას ჰამაკში ვწვები.  ზოგჯერ ვეშვებით გამჭვირვალე  ძაფებით ქვემოთ და შენი მხრიდან შენს ხელებში დაჭერილ წიგნს ერთად ვკითხულობთ. მე , შენ და  ობობა.  ყოველთვის ვპოულობ შენს წიგნებში წინადადებებს, რომლებიც მომწონს. არა იმიტომ, რომ ჭკვიანურ წიგნებს კითხულობ მუდამ, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე სულელური წიგნის, ყველაზე უაზრო გვერდზე შეიძლება დაალაგო სიტყვები ისე, რომ რაღაც განსაკუთრებული გამოვიდეს.
        უკან ვბრუნდებით, ვსხდებით დაჰამაკებულ ქსელში და ვიცინით. რა სულელი ხარ! იმისთვის, რომ შენთან ვიყო, ყოველთვის ვნახავ კუთხეს, სადაც მოვკალათდები.
      იღებ გიტარას  და  იწყებ დაკვრას. ვერ ვიტყვი რომ კარგად გამოგდის , თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. და თუ არ ხდება , ვიცობ ყურებში ხელებს , ვირწევი მთელი ძალით ქსელში და მთელი ხმით ვმღერი  Aerosmith - ის Crazy-ს. არა იმიტომ , რომ შენ გიჟად გთვლი, ან მე ვარ შეშლილი, არამედ იმიტომ, რომ  ერთადერთი სიმღერაა, რომლის მისამღერიც ზეპირად ვიცი.
    შენ კიდევ გიკვირს, რატომ ყმუის ყოველ ღამით შენი ძაღლი,  რომელიც ჩემს თავს არჩიე.  ეს იმიტომ რომ მე  ისე ვმღერი, როგორც შენ უკრავ.
    ვუყურებთ მე და ობობა, როგორ რთავ ყოველ ღამით კომპიუტერს და ჩემს სურათებს ათვალიერებ.  მერე მიგაქვს კურსორი ჩემს სახელთან, წერ წერილს და შლი. 
_დააკლიკე!_ვყვირი მე.
_არ დაკლიკო! _ყვირის ის.
    დამრჩა ოთხას ორმოცდაერთი დღე , ათას ორიდან.
    მას შემდეგ, რაც შენი ოთახის ობობას ჩემი სხეული მივყიდე და მითხრა, რომ ათას ორ ყლუპად ვეყოფოდი, ყოველ ღამით შენს ოთახში  მიჰყავს ჩემი ერთგრამიანი სული, დილით კი ერთყლუპდაკლებულ სხეულში ვბრუნდები.
  ერთხელ, გამთენიოს, უკვე გასულმა, ფანჯრიდან შემოვიხედე და დავინახე როგორ დაწერა ობობამ კომპიუტერის ეკრანზე  ქსელით:
_დაკლიკე იდიოტო! გაგიხმეს მაუსი!
შენ კი მიდი და ძილის წინ ჩვეულებისამებრ მტვერი გადაწმინდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს