 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 13 მაისი, 2014 |
მარტო დავრჩი თუ არა, ფიქრი იმაზე დავიწყე, რამდენი ხანია მარტო არ დავრჩენილვარ მეთქი... ცოტა ხნის მერე მივხვდი, რომ ამაზე ბევრი ფიქრი და დროის ხარჯვა არ ღირდა და შევეშვი. ყავა გვერდზე გადავდე, სავარძელს ზურგით მივეყუდე, თვალები მივლულე და წარმოვიდგინე რომ კარუსელზე ვარ...
– – –
კარუსელი
ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს და თვალებშიც ელვის სისწრაფით იცვლებიან ფერები, სახეები, თვალები, ღიმილები, სეზონები, დრო. გესმის როგორ იცვლება მხიარული მუსიკა, ხმები, სიტყვები... ხვდები რომ შენც ელვის სისწრაფით შეიცვალე, აღარც კარუსელზე ბზრიალი შეგშვენის ანცი ბავშვივით და გარშემო ფერებიც შეუმჩნეველი ხდებე ნელ–ნელა. მერე თავს იდანაშაულებ რომ სხვა რელსებზე გადაგიყვანა გონებამ და ისევ უბრუნდები ოცნებას. აქ ხომ მაინც შესაძლებელია ყველაფერი? ჰოდა დგები და იცვამ წინდებს , გრძელ წინდებს პეპისავით (ეს პეპი ხომ სულ გააბანალურეს წამდაუწუმ ხსენებით,მაგრამ მე მაინც ვერსად წაუვალ მისდამი ტრფობას, ჰოდა...) კიკინებსაც იკეთებ, ჭორფლები? ჭორფლები არ გჭირდება, გაზაფხულზე ისედაც გეჭორფლება სახე და კარუსელისკენ გარბიხარ, ხელში დიდი ბამბის ნაყინითა და ჩუპა–ჩუპსებით, ცხენზე ჯდები (პეპის რომ ჰყავდა თეთრი ცხენი, აი ისეთი ბავშვური და ანცი სიცილით, როგორც მხოლოდ ბავშვობაში იცინოდი, მოგვიანებით კი მხოლოდ სიზმრებში... –რა გაცინებს?............................. რა გაცინებს–მეთქი? –არაფერი... ნერვები მეშლება რომ ფიქრი შემაწყვეტინეს და დასჯილი ბავშვივით (აი, ნაყინს რომ არ უყიდიან) ვუბრუნდები ყავის ჭიქას. მერე კი ჯიუტად ვამბობ: –ამ დღეებში კარუსელებზე წავიდეთ...
წასვლა
–წადიიიიიი, წადიმეთქი, წადი იმ კახპასთან–ისმის მეზობლის სახლიდან. გინდა არ გინდა მაინც გესმის, იმხელა ხმაზე ყვირიან და ომობენ. მოკლედ ხელჩართული ბრძოლაა მთელს ოჯახში. ცოლ–შვილი კაცს აგდებს სახლიდან. მიზეზი ღალატია. ბოლოს როგორც იქნა კარის ჯახუნის ხმასთან ერთად შეწყდა ჩხუბის ხმაც...
„წასვლა“, ეს სიტყვა ყოველთვის ტკივილთანა და ნოსტალგიასთან ასოცირდებოდა ჩემთვის რატომღაც, არადა როგორი ადვილი სათქმელია ეს ერთი სიტყვა. თუმცა ყველას სხვადასხვა გვარად ესმის რათქმაუნდა, ვიღაცისთვის ალბათ განხორციელებაც ადვილია... ...
2 დღის წინ მეზობელი (მამაკაცი) ლიფტით დამემგზავრა, დავბრუნდიო შემომღიმა და კარზე მიაკაკუნა... ჰო, ცუდია როდესაც სიტყვები ფასს კარგავენ, ადამიანები თავმოყვარეობას...
დაბრუნება
ისევ ჩემს სამყაროს დავუბრუნდი ყავის ჭიქითა და სიჩუმით. ფანჯარაში ვიხედები, რას არ დაინახავ აქედა. წყვილი ნელა მიუყვება ტროტუარს, თითქოს შეგნებულად აჩერებენ დროს. მათ გარშემო არც ხმაურია, არც ადამიანები... ბიჭი მოულოდნელად ჩერდება, იხრება და მუცელზე კოცნის მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე გამობურცული მუცელი და გული ამიჩუყდა (საერთოდ ამ ბოლო დროს გული მალე მიჩუყდება, მე ნერვებს ვაბრალებ...) მგონია, რომ სწორედ ამ დროს მიიღწევა ბედნიერების მაქსიმალური ზღვარი, თუ ასეთი რამ არსებობს საერთოდ და გული გიჩქარდება, თითქოს ახალი ენერგიით, სიცოცხლით ივსები... წყვილმა ნაბიჯს აუჩქარა... ასეა, წამიერი ბედნიერება ყოველთვის იკარგება რეალურ სამყაროში, უბრალოდ უნდა მოასწრო და დაიჭირო, წამიერად ჩაისუნთქო და მერე გინდა თუ არა, მოგიწევს გაუშვა, თუნდაც ცოტა ხნით მაინც. გაწვიმდა...
წვიმა
–2 კილო კარტოფილი და 1 კილო მარწყვი ამიწონეთ თუ შეიძლება, ხო ცოტა კამაც –10 ლარი –ინებეთ ეს ცოლ–ქმარი რა ხანია ამ კორპუსთან დგანან და ყიდიან ბოსტნეულს, ხილს... ჩუმი, რაღაცნაირად მორიდებული ხალხია. თავისთვის ფუსფუსებენ, სულ ალამაზებენ, დაჰფოფინებენ თავის პროდუქტს თუ ლუკმა–პურს. მიხვალ და გაგიღიმებენ, გულთბილად დაგელაპარაკებიან. უკვე მოღამებულიყო, ქალმა პარკები გამომიწოდა და ის–ის იყო უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ წვიმამ დაუშვა. უნებურად მივტრიალდი და ავიხედე, მაინტერესებდა ასეთ ამინდში როგორ ჩერდებოდნენ გარეთ. მაღაზიის ბანერი იყო ოდნავ გადმოშვებული და ორი პატარა სკამი ჩაედგათ გვერდიგვერდ. –არ სველდებით აქ? –რა იყო შეგენანეთ შვილო? ყველა მშრომელი ადამიანი მიყვარს და მენანებამეთქი, დამლოცეს... ჩემი ბებია–პაპა გამახსენდა, მუხლჩაუხრელად რომ შრომობენ და დაჰფოფინებენ თავის საქმეს. წარმოვიდგინე წვიმაში პაპა „მწვანე პლაშით“ და „ბოტებით“, ალბათ იმათი მონატრებით თუ მეთქმევინა, თორემ სხვა დროს არ გამოვხატავ ხოლმე ჩემს ემოციებს. განა იმიტომ რომ მეთაკილება ან რამე, უბრალოდ ადამიანები გადაეჩვივნენ სითბოს და თბილ სიტყვას, ვერ გამიგებენ...
დავემშვიდობე და სახლისკენ წამოვედი. რამდენჯერმე შევჩერდი გზად და ზემოთ ავიხედე. წვეთები სახეზე მელამუნებოდა. თვალები დავხუჭე და ენა გადმოვაგდე სულელვით. ვცდილობდი დამეჭირა წვიმის წვეთები და მეცინებოდა, რომ ამ დროს ვიღაცამ მანქანით მომისიგნალა. თამაში შევწყვიტე და გვერდზე გავდექი სიცილით. წარმოვიდგინე რას იფიქრებდა მანქანაში მჯდომი ადამიანი ჩემს დანახვაზე და კიდევ უფრო გამეცინა. სახლში ერთიანად გალუმპული შევედი და გიჟივით მომინდა უკან, ისევ წვიმაში გაქცევა...
ისევ
–აუ როდის წავიდეთ კარუსელებზე? –შენ კიდევ ვერ გაიზარდე?.... წავიდეთ ხო...
ჰმ... გავიფიქრე, ავდგები და ხვალ სულაც მარტო წავალ, სულ სულ სულ მარტო! კიკინებსაც გავიკეთებ და ჭრელ წინდებსაც ამოვიცვამ, აი ასე! გადაწყვეტილია! გავიფიქრე ჯიუტად და გულში მილიონ ძახილის ნიშანი დავსვი წინადადების ბოლოს. ზურგით სავარძელს მივეყუდე, თვალები მივლულე და.... დატრიალდა კარუსელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგად არის "შეკოწიწებული" ეს ამბები. მომეწონა, უკან რომ მოგინდათ წვიმაში გაქცევა. კარგად არის "შეკოწიწებული" ეს ამბები. მომეწონა, უკან რომ მოგინდათ წვიმაში გაქცევა.
5. შენებური =) შენებური =)
4. რა კარგი იყო,კარუსელი მეც მომენატრა და წვიმაში ,რომ გარეთ არ ვიყავი დღეს ვინანე((. მადლობა თქვენ ასეთი შეგრძნებებისთვის. უბრალო და სასიამოვნო წასაკითხია რა კარგი იყო,კარუსელი მეც მომენატრა და წვიმაში ,რომ გარეთ არ ვიყავი დღეს ვინანე((. მადლობა თქვენ ასეთი შეგრძნებებისთვის. უბრალო და სასიამოვნო წასაკითხია
3. მეგონა მე ვწერდიო " ვიღაცამ"...მე კიდევ ზუსტადაც ვიცი რომ შენ წერდი, ოღონდ ჩემს სათქმელს...:) მიყვარს აქ ...შენთან...:-* მეგონა მე ვწერდიო " ვიღაცამ"...მე კიდევ ზუსტადაც ვიცი რომ შენ წერდი, ოღონდ ჩემს სათქმელს...:) მიყვარს აქ ...შენთან...:-*
2. "არასოდეს გავიზრდები იმაზე დიდი, წვიმაში ყვავილების მორწყვა რომ შემრცხვეს" :)
მეც შევავლე თვალი კარუსელიდან ამ ფრაგმენტებს.
"არასოდეს გავიზრდები იმაზე დიდი, წვიმაში ყვავილების მორწყვა რომ შემრცხვეს" :)
მეც შევავლე თვალი კარუსელიდან ამ ფრაგმენტებს.
1. მეგონა მე ვწერდი )
მომეწონა .. მეგონა მე ვწერდი )
მომეწონა ..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|