ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეთუნა
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2014


წერილი თოვლზე (ულტრაიისფერი რიტუალი)

აქ ამინდები აღგზნებული სიმინდის ფოჩით...
ტორნადოები...
გადაშლილი სივრცეები
(მატარებლის ორივე მხარეს)
მიქრიან არსად...
ფიქრები... ქარი... უვარდება პალიტრა მხატვარს
და სანამ თოვლით აჩქარებით დაფარავს ლაქებს
შემოდგომაა...
აქ ზამთარი ნახატივით გაყინულია
და აბუზული კარდინალი -
შავ-თეთრ ფონზე წითელი ლაქა.
და როდის... როდის...
მზე მოიკრებს სითბოს და
ყინულს, გადაწოლილს ტბა მიჩიგანზე,
თბილი ენით ლოკავს და ღარავს.
მერე თეთრი თოლიებით აჭრილი ცა და
საფირონში იღვრება ლავა...

ქარხნებიდან ორღანივით საკვამურები
"ღრუბლებს" გვჩუქნიან.
საღამოს ბლუზი
მწარე-ტკბილი ზმანებებით მიარწევს ქალაქს...
კანაფის სუნი მივარდნილი ქუჩის ხახაში
და ოცნებები არეკლილი
ცათამბჯენის სარკესავით თავის ქალაში.

აქ ყველაფერი ისეთია როგორიც არის.
მე კი, უბრალოდ,
მენატრება ახლა მთაწმინდა.
ჩიკაგოში ქარია და
დღესაც გაწვიმდა.

2011 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები