ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე.
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2014


არ გისმენთ ხალხს და თქვენი რწმენა არ გამაჩნია

ახლა მე ვუსმენ მეფეს, ანდა ვუსმენ ჩარკვიანს,
არ ვუსმენ ,,ხალხს"  და  მათი რწმენა არ გამაჩნია.

ისევ მომადგა  ღამის ნისლი ღია ფანჯრებთან,
ღმერთი მოვძებნო? ამ ბოლო დროს ესეც დამჩემდა.

ნელა ვსვამ ღვინოს, ჩამოწურულს მტევნიდან ყურძნის,
ნელ–ნელა ვთვრები, მხოლოდ ამ დროს თუ ვარღვევ დუმილს.

რარიგ წყნარია ახლა გარეთ წვიმა და ქუჩა,
ერთი დასველდა, მეორე კი– მზეს გადაურჩა.

წყნარი ვარ მეც, ამ სიწყნარეში ვიპოვე შვება,
ვისთვის ვიყვირო, ჩურჩულზეც კი ტყვიები მხვდება.

ვსუნთქავ და ვხვდები,რომ აქამდე ეს არ კმაროდა,
მინდოდა წასვლა, გადაფრენა ამ სამყაროდან.

მინდოდა მეტი, ვიდრე სუნთქვა,  ვიდრე სიცოცხლე,
ვგლეჯდი ლექსებით ჩემს სხეულში რკინის გისოსებს.

ვგლეჯდი ღიმილით, ხორცის შიგნით ფესვგადგმულ სევდას,
ყალბი ღიმილი, სიხარულის გეგონათ ყველას.

იგივე სახით ვამშვიდებდი ცრემლიან დედას,
მოვგავდი იმ ჩიტს, ცალი ფრთით რომ აპირებს ფრენას.

მსურდა გაფრენა, ცალი ფრთით, ან საერთოდ უფრთოდ,
არ მინდა ყოფნა  მშრალ მიწაზე ურწმენოდ, უღვთოდ.

ვეღარ ვინძრევით, მოგვეკიდა ჯდომისგან ხავსი,
მომეცით ფრთები, სხეულს ვტოვებ და სულში გავცვლი.

ახლა მე ვუსმენ მეფეს, ანდა  ვუსმენ ჩარკვიანს,
არ გისმენთ ,,ხალხს" და თქვენი რწმენა არ გამაჩნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები