ზღვის ნაპირს მიჰყვებოდა. საკმაოდ დიდხანს ვიარეთ ასე ხმისამოუღებლად. სადგურიცა და სახლებიც თვალს რომ მიეფარა, შეჩერდა და მომიბრუნდა. -მე ის დიდი ხანია მიყვარს. ერთად გავიზარდეთ. -მას შენ არა, მე ვუყვარვარ!-დაუნდობლად მივახალე სიმართლე მეც. -შენ არ უნდა მოსულიყავი, ის ჩემია და მის თავს არავის დავუთმობ. დათმობას არც მე ვაპირებდი და ჩვენს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა. გამალებულები ვცემდით ერთმანეთს პირსახეში და სადაც ხელ-ფეხი მიგვიწვდებოდა. ქვიშაში ვფორთხიალობდით და ვგმინავდით. რომ მიხვდა ვჯაბნიდი, დანა მომიღერა. არ მახსოვს როგორ წავართვი იარაღი და როგორ დავჭერი სასიკვდილოდ. ხელები რომ შემიღება სისხლმა, მაშინ გამოვერკვიე. ჯერ კიდევ კრთოდა მისი სხეული, სისხლის გუბეში ცურავდა და ღიად დარჩენილ თვალებში მზერა გაჰყინვოდა. დანა დავაგდე და ზღვაში შევვარდი. ანგარიშმიუცემლად ვიბანდი ხელებს. მინდოდა ამ წითელ ფერთან ერთად, დანაშაულის გრძნობაც მომეშორებინა. ჩემი სიცოცხლედაშრეტილი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით მე სისხლი მიდუღდა და ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემში. წყალმა გამაგრილა და გამომაფხიზლა. ახლა აუტანელი სიცივე და უმწეობა ვიგრძენი ტანში. თავი გასკდომას ლამობდა. თითქოს ერთდროულად ათასი ხმა ჩამყვიროდა ყოველი მხრიდან და ყურთასმენას მიხშობდა. მიჭირდა გაანალიზება იმისა, რაც ჩავიდინე. ცხოველი მომიკლავს, თევზი უამრავი, მაგრამ ადამიანი არა! მუხლზედამხობილი შევყურებდი გვამს და არ მქონდა არანაირი აზრი. მაგრამ მერე თვითგადარჩენის პირველყოფილმა ინსტინქტმა გაიღვიძა ჩემში და გვამი ზღვაში შევათრიე. ჩამოვიბანე სისხლის კვალი და სადგურისკენ გავწიე. იქ მისული ცოტა დავწყნარდი. გემზე წინასამგზავრო სამზადისი იდგა, გასვლამდე რამენიმე საათი რჩებოდა. საცაა შებინდდებოდა და ჩემი სატრფოც გამოჩნდებოდა. ველოდი , მაგრამ ჩადენილ მკვლელობაზე ფიქრი, სიხარულის სააშუალებას არ მაძლევდა. დავდიოდი გემბანზე და ვცდილობდი სიარულში ჩამეკლა ნერვიულობა. ზღვის ზედაპირზე ირეკლებოდა მთვარის მკრთალი სილუეტი და ღამის მოახლოვებას გვამცნობდა. ჩემგან განსხვავებით სიმშვიდე დაუფლებოდათ ტალღებს და ნაზად ლივლივებდნენ მთვარის შუქზე. ჩემი რჩეულის ფრთხილი ნაბიჯებიც მოაახლოვა ღამემ და მის დასახვედრად გავემართე. ბიჭურად ჩაეცვა და გრძელი თმა ქუდის ქვეშ დაემალა. ღელავდა, შიშისა და მომეტებული განცდისგან ხმა უწყდებოდა, საუბარს ვერ ახერხებდა. ხელი მოვხვიე და დავაწყნარე. გემი გასვლას აპირებდა და დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა. შეხვეული ფუთა ჩამოვართვი და ტრაპისკენ ვუბიძგე. მეც უკან მივყევი. მეზღვაურებისთვის განკუთვნილ ერთ პატარა კაიუტაში დავაბინავე და მეც მასთან დავრჩი. ხმელეთზე გადატანილის გამო ხალხს ვუფრთხოდი. მერჩივნა შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი და არავის მოვხვედროდი თვალში. ამასობაში გემის საყვირმა გამგზავრების ნიშანი გამოსცა და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი შვება, როცა ამ ქალაქს კარგა მანძილით გავშორდით. ჩემი თანამგზავრი ჩემზე არანაკლებ მღელვარებაში იყო. ჩემი და მისი საფიქრალი რამდენადმე გავდა და კიდეც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ორივე საკუთარ ქცევასა და მის მოსალოდნელ შედეგებზე ვფიქრობდით. ოღონდ მე მეტი სადარდებელი გამჩენოდა. უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რითი და როგორ შევძლებდით ცხოვრებას. მთავარი იყო, ჩემზე არ მიეტანა ეჭვი პოლიციას და ძებნა არ დაეწყოთ. მის მამას არ შეხებოდნენ ჩემი დანაშაულისთვის და რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ჩემს სატრფოს არ გაეგო ეს ამბავი. მიუხედავად მისი ჩემდამი დიდი სიყვარულისა, არ მინდოდა სცოდნოდა მკვლელი რომ ვიყავი. ეს იყო პირველი საიდუმლო, რომელიც ჩვენს შორის ჩადგა, პირველი და შემზარავი. ის ღამე ფიქრსა და ნერვიულობაში გავატარეთ. ჩვენი პირველი ღამე. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ოთახში ჩვენს გარდა კიდევ ოთხი მეზღვაური იყო. იჯდა ჩემი პატარა, შეშინებული გოგო ჩემს გვერდით და მეკვროდა. ხან ჩაეძინებოდა და მერე უცებ ეღვიძებოდა შემკრთალს. ამ დროს ნაზად ვუჭერდი თითებს თითებზე და ისიც მშვიდდებოდა, ჩემი სიახლოვით იმედმოცემული. შემდეგმა დღეებმა ნაკლებ ღელვაში ჩაიარეს, თუ ზღვის ავადმყოფობას არ ჩავთვლით ,ჩემს სატრფოს რომ დაემართა. ასე მოსდის თითქმის ყველას, ვინც ჩვეული არაა გემით მგზავრობას. მე როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობდი თავს და მას დავცინოდი ხუმრობით. უმეტეს დროს კაიუტაში ვატარებდით. უკვე მთელმა ეკიპაჟმა იცოდა ჩვენი სიყვარულის ამბავი და გაგებით ეკიდებოდნენ. ხელს არ გვიშლიდნენ განმარტოებაში. კაპიტანს რათქმაუნდა არ მოეწონა ეს ამბავი, მაგრამ რომ გაიგო დიდხანს აღარ დავრჩებოდით აქ და მეზღვაურობაზეც უარს ვამბობდი, დანანებაც კი გამოხატა. თვითონვე მიგვაცილა ნაპირამდე და ჯამაგირიც მეტობით გადამიხადა. ახალ მიწაზე ახალი ცხოვრება იწყებოდა ჩვენთვის. უცხო იყო ეს ქალაქიც და ის უღელიც, საკუთარი ნებით რომ დავიდგით კისერზე. ხმელეთზე გადმოსულებმა მხოლოდ ერთი საათი დავყავით ამ ქალაქში. ხალხმრავალ ადგილზე დარჩენა სახიფათოდ მივიჩნიე და ვარჩიე სადმე მიყრუებულ სოფელში გვეცადა ბუდის აშენება. ჩემი მეწყვილე ყველაფერში მეთანხმებოდა და უსიტყვოდ გამომყვა. სოფელი სადაც მოვედით, რამდენიმე ათეული კომლისგან შედგებოდა. მდინარის პირას გაშენებულს, საუცხოო მთები ეკრა გარს და მშვენიერ სანახაობას წარმოადგენდა. ხალხი მშრომელი, გულისხმიერი და ისეთივე ცნობისმოყვარე, როგორც ყველგან. თავიდანვე შორს დავიჭირეთ ყველასგან თავი. მხოლოდ ზრდილობიანი სალმითა და მოკითხვით ვაკმაყოფილდებდით მათ კითხვისნიშნიან თვალებს. მერე თანდათან შეგვეჩვიენ და ის ცხოველი ინტერესიც დაკარგეს ჩვენი წარმომავლობის მიმართ, რაც პირველ ხანებში ჰქონდათ. აღარ გვაწუხებდნენ და მშვიდად ცხოვრების ნებას გვაძლევდნენ ჩვენს, პატარა ნაქირავებ სახლში. მიუხედავად იმისა, რომ არც კაცთა სამართლით და არც ღვთის წინაშე, არა ვიყავით ერთმანეთისთვის, მაინც არ მეგულებოდა ამ ქვეყნად, ჩვენზე ახლობელი წყვილი. ღმერთია მოწმე, მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულით ვარსებობდით. ყოველი დილა ერთი-მეორეზე ზრუნვით იწყებოდა და ღამეც ერთმანეთზე ფიქრში გადიოდა. სიცოცხლე აზრს იძენდა, როცა ჩემს გაშლილ მკლავზე ეღვიძებოდა და თავისი შუქმფენი თვალებით მიმზერდა. თავს არ ვზოგავდი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი, ოღონდ მისთვის არა მომეკლო რა. ხან დღიურ მუშად ვმუშაობდი და ხან თევზი ამომქონდა ქალაქიდან გასაყიდად. დასაწყისში კაპიტნის მოცემული ჯამაგირიც გვშველოდა და იოლას გავდიოდით. ჩემი ლამაზი გოგო სახლში ტრიალებდა, დაწკრიალ-დასუფთავებული იყო მთელი ეზო-ყურე. ყველა ჩვენ შემოგვნატროდა, საუკეთესო ცოლ-ქმარი ვიყავით ყველას თვალში. ჩვენივე შექმნილი ბედნიერებით ვტკბებოდით. მხოლოდ ხანდახან მახსენებდა თავს ჩადენილი დანაშაული და სიზმრისეული, ღამეული მოლანდებებით მიფორიაქებდა სულს. ამ დროს ოფლში გაღვითქულს მეღვიძებოდა და მეუღლის შეშინებულ თვალებსაც ვერ გამოვყავდი მდგომარეობიდან. -რა მოხდა? ისევ ცუდი გესიზმრა რამე?- მეტყოდა და აკანკალებული მეკროდა. -არაფერია, დაიძინე. -მხლოდ ამის თქმას ვახერხებდი გამორკვეული და მერე დიდხანს ვეღარ ვხუჭავდი თვალს. დილა თენდებოდა და ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. აღარცერთს გვახსოვდა ღამით განცდილი და ჩვეულ საქმიანობას ვაგრძელებდით. იმ დღესაც ასე იყო. მივიწყებას მივეცით ღამის უსიამოვნო სიფხიზლე და თბილად გავუღიმეთ ერთმანეთს. სამუშაო იარაღები ავიღე და ეზოდან გამოვედი. იქით წავედი, სადაც ჩვეულებრივ ვიკრიბებოდით მუშები. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეს წაკითხული მაქვს, არა მარტო ეს ბოლომდე წავიკითხე . მეოთხე თავი კარგია, ეს წაკითხული მაქვს, არა მარტო ეს ბოლომდე წავიკითხე . მეოთხე თავი კარგია,
6. მადლობა მაგდალენა ბეი.:) ყურადღებით ვკითხულობ თქვენს შენიშვნებს.:) მადლობა მაგდალენა ბეი.:) ყურადღებით ვკითხულობ თქვენს შენიშვნებს.:)
5. კარგად წერ, ზღაპრადმოსულო. "ღამემ რომ ფრთხილი ნაბიჯები მოაახლოვა", მომეწონა. ერთი-ორ ადგილზე დავფიქრდი მხოლოდ. "სასიკვდილო ჭრილობები"-ს ნაცვლად "სასიკვდილო ჭრილობა" რომ იყოს? ან "მოუთმენლად ველოდი"__თითქოს მოუთმენლად ვეღარ დაელოდებოდა, ასეთი შეგრძნება დამრჩა. "სანიმუშო ცოლ-ქმარი"__თითქოს არაფერს აშავებს ეს სიტყვა, მაგრამ სხვანაირ ტექსტს უფრო შეეფერება, ვფიქრობ. ვაგრძელებ კითხვას. კარგად წერ, ზღაპრადმოსულო. "ღამემ რომ ფრთხილი ნაბიჯები მოაახლოვა", მომეწონა. ერთი-ორ ადგილზე დავფიქრდი მხოლოდ. "სასიკვდილო ჭრილობები"-ს ნაცვლად "სასიკვდილო ჭრილობა" რომ იყოს? ან "მოუთმენლად ველოდი"__თითქოს მოუთმენლად ვეღარ დაელოდებოდა, ასეთი შეგრძნება დამრჩა. "სანიმუშო ცოლ-ქმარი"__თითქოს არაფერს აშავებს ეს სიტყვა, მაგრამ სხვანაირ ტექსტს უფრო შეეფერება, ვფიქრობ. ვაგრძელებ კითხვას.
3. ამბავი ძალიან საინტერესოა...:) ველოდები გაგრძელებას...:-* ამბავი ძალიან საინტერესოა...:) ველოდები გაგრძელებას...:-*
2. უი, ამაზე არ მიფიქრია ჯონათან რომ დიდ შუალედებს ვაკეთებ. შემდეგს დიდხანს არ გალოდინებთ.:) მადლობა ჩემო კარგო, დროს რომ მითმობ. უი, ამაზე არ მიფიქრია ჯონათან რომ დიდ შუალედებს ვაკეთებ. შემდეგს დიდხანს არ გალოდინებთ.:) მადლობა ჩემო კარგო, დროს რომ მითმობ.
1. მკვლელობას მაინც არ ველოდი.
რა ტკბილად ცხოვრობენ იმ უცხო სოფელში და როგორ საავდროდ იქუფრება მოთხრობის ცა.
რატომ დებთ ასეთი გრძელი შუალედებით? :)
მკვლელობას მაინც არ ველოდი.
რა ტკბილად ცხოვრობენ იმ უცხო სოფელში და როგორ საავდროდ იქუფრება მოთხრობის ცა.
რატომ დებთ ასეთი გრძელი შუალედებით? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|