ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2014


ხე-ქალი (მეხუთე ნაწილი)

        რამდენიმე კაცი ადრიანად მოსულიყო და თამბაქოს წევაში გაჰყავდათ დრო, თან რაღაცაზე გაცხარებულები საუბრობდნენ. საერთო სალამი ვთქვი და იქვე ხის კუნძზე ჩამოვჯექი. თავიდან უინტერესოდ ვიყურებოდი მათ მხარეს და საუბარიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევდა ჩემს გონებამდე. მერე რამდენიმე სიტყვა ისე ჩამესმა, რომ უეცრად სიცხადე შეიძინა მთელმა ბაასმა.
-ამბობენ მეზღვაურიაო.
-ქალის გამო მოუკლავს და იმ ქალთან ერთად გაქცეულაო.
-ქალის მამა ძლიერ გაუწამებიათ დაკითხვებით. ქალიშვილის დაკარგვით დამწუხრებული, ჭკუიდან გადასულაო.
-იძებნებაო.- ესღა გავიგონე, ყურებს შული გაჰქონდათ და თვალთ მიბნელდებოდა. ჩემს ტვინში მხოლოდ ერთი ფიქრი მოძრაობდა,-უნდა გავეცალოთ, უნდა გავეცალოთ აქაურობას! კაცებს რომ არაფერი ეეჭვათ, გულგრილობა გამოვისახე სახეზე, ავადმყოფობა მოვიმიზეზე და გავშორდი. სახლში ასეთი აღელვებული ვერ დავბრუნდებოდი და საღამომდე მდინარის პირას დავყავი. წყალი მამშვიდებდა, ჩემს ზღვას მაგონებდა. მონატრებულ გამზრდელს, რომელზეც საკუთარი ნებით ვთქვი უარი. ახლა უფრო ცხოვლად ვგრძნობდი, როგორ მაკლდა და ჩემს თავში სულ უფრო მწიფდებოდა აზრი, რომ მას უნდა დავბრუნებოდი. მაგრამ როგორ? ახლა მარტო აღარ ვიყავი და სხვა ადამიანზე პასუხისმგებლობაც მეკისრა. ასეთ ფიქრებში გავატარე დღე და იმაზე მეტად დაღლილი დავბრუნდი, ვიდრე მუშაობისას. მთელი ჩემი ძალები იქით მივმართე შინაგანი ღელვა დამეფარა და ჩემს საყვარელ ადამიანს არ შეემჩნია. მოჩვენებითი უდარდელობით ვხუმრობდი და ვიცინოდი. მომდევნო ორი დღე სამუშაოდაც არ წავსულვარ. შემოდგომა იყო და მშრომელი გლეხის ეზოში ამ დროს ყველაზე მეტი საქმეა. დასაკრეფ-დასაბინავებელია მოსავალი. ჩვენს პატარა ბაღჩა-ბოსტანსაც ეტყობოდა მზრუნველი ადამიანის ხელი. დავრჩი სახლში და ბაღში მუშაობით ვერთობოდი, უფრო ხეტიალით. ჩემს სადარდებელს ვახვევდი მიწას. მიწასავით შავი იყო ჩემი გულიც, ვგავდით ერთმანეთს. ზღვა თუ თავისუფლებითა და ცხოვრების ხალისით მავსებდა, მიწა პირიქით - მბოჭავდა და მთრგუნავდა. ზღვაში მეც ზღვასავით მოძრავი, ენერგიული და დაუდგრომელი ვიყავი. ხმელეთი კი მეტი თავდაჭერილობისა და წინდახედულობისკენ მომიწოდებდა. ალბათ ეს ორი საწყისი ისევე ავსებს და ერწყმის ერთმანეთს, როგორც ადამიანის ბუნების სხვადასხვა თვისება. დავყურებდი მიწას და ჩემს ფიქრებს ვუღრმავდებოდი. მეუღლეც იქვე ტრიალებდა, ვეძახი მეუღლეს და ალბათ გიკვირს, რადგან არანაირი ბეჭედდასმული საბუთი ჩვენი ცოლ-ქმრობისა, არ არსებობდა. მაგრამ ჩვენ იმაზე მეტად ვიყავით ოჯახი, ვიდრე რომელიმე, ფარატინა ქაღალდზე დამოწმებული ერთობა შეძლებდა ამის გამოხატვას. უფალი ხომ ისედაც ყველაფერს ხედავდა. საქმიანობდა ჩემი მეუღლე და თან სითბოჩამდარ, მშვიდ თვალებს მომაპყრობდა ხოლმე. უღიმოდა სახე და მთელი არსება. უჩვეულოდ ბედნიერი მეჩვენებოდა ეს დღეები. თითქოს გამოხედვაც შესცვლოდა და მოძრაობაც. შუქს ასხივებდა შიგნიდან. ახლოს მივედი და მოვეხვიე. ისიც გაინაბა ჩემს ხელებში და ნაზად მომეყრდნო.
-მინდა სულ ასე ვიყოთ, ერთად.-მითხრა ჩურჩულით.
-ვიქნებით.-დავემოწმე მე.
-მინდა აქ ვიცხოვროთ დიდხანს, დიდხანს და შვილები გვყავდეს.
-ვიცხოვრებთ და გვეყოლება.
-მიხარია რომ შვილებს გაგიჩენ.
-მეც მიხარია, შენ რომ იქნები ჩემი შვილების დედა.-მომავალზე ოცნებობდა ჩემი ცხოვრების მეგზური და შთამომავლობაზე. ნათელ ფერებში ესახებოდა ყოველივე და ვერც წარმოიდგენდა რა ბალღამი დუღდა ჩემს გულში. უნდა მეთქვა, რაღაც უნდა მეთქვა. არ მინდოდა ფრთები მომეკვეცა მისი ოცნებისთვის, მაგრამ არც გაჩუმება შეიძლებოდა. ის აქ აწყობდა სამომავლო გეგმებს და მე კი გაქცევაზე ვფიქრობდი.
-იქნები, იქნები და გვეყოლება ბევრი ქალ-ვაჟი. ოღონდ ჯერ არა ჩემო მეუღლევ, ჯერ არა.-გავაგრძელე მისი სიტყვები.-ჯერ ბევრი რამ გვაქვს მოსაგვარებელი. ვფიქრობ ზღვას დავუბრუნდე, შენც თან წაგიყვან თუ შესაძლებელი იქნება ან ზღვისპირა ქალაქში დაგაბინავებ. მეზღვაურის ჯამაგირი უფრო მეტია...
-მე აქ მომწონს, შენც ხომ მოგწონდა?-შემაწყვეტინა და კითხვიანი, თითქოს ნაწყენი თვალებით დამიწყო ყურება.
-არა, სჯობს წავიდეთ.
-მე აქ მინდა, შვილი მინდა.-ეს უკვე მუდარით იყო ნათქვამი.
-არა, დამიჯერე ასე აჯობებს. წავალთ და შვილებზეც მერე ვიფიქრებთ.-ვცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. პირველად იყო წინააღმდეგობა რომ გამიწია და ჩემი მშვენიერი ცოლი, ჩემზე დამდურებული დადიოდა შემდეგ დღეებში.
      საბედნიეროდ, დამნაშავის ძებნის შესახებ აღარაფერი ისმოდა და ცოტა შიშმაც გამიარა. დროებით დავუბრუნდი სამუშაოს, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი წასვლა და აღარ ვაპირებდი გადათქმას. რამდენჯერაც  გვქონდა ამაზე საუბარი მე და ჩემს მეუღლეს, იმდენჯერ უთანხმოება მოგვივიდა. მას დარჩენა უნდოდა და მე წასვლა. ვატყობდი როგორ ანერვიულებდა ეს და როგორ განიცდიდა. მოუსვენრობამ შეიპყრო და ხასიათიც მიზეზიანი გაუხდა. რამდენჯერმე ნამტირალევსაც მოვასწარი. ვამშვიდებდი და ვაიმედებდი. სხვა რა მექნა? რეალურ მიზეზს ხომ ვერ ვეტყოდი? იქნებ სჯობდა კიდეც სიმართლე გამემხილა და ეს უთქმელობის კედელი არ აღმემართა ჩვენს შორის. არ ვიცი. იქნებ სჯობდა? რადგან უთქმელობაა წყვილს პირველი გამყრელი. საბოლოოდ გადავწყვიტე ყველაფერი. ქალაქში ჩავედი და უახლოეს პერიოდში გამავალი გემიც ვნახე. გამგზავრების დღეც დავთქვი.
      უცნაურად ნაღვლიანი დაიარებოდა ჩემი სიყვარული ის ხანები. აღარც მელაპარაკებოდა. ვფიქრობდი ენანებოდა აქაურობის მიტოვება და ამით იყო გამოწვეული ეს სევდა. იმ დღეს ადრე დავბრუნდი სახლში, მინდოდა ბარგის ჩალაგება დაგვეწყო. ჩემს ეზოს რომ მოვუახლოვდი, ქალების ექიმობაში განთქმულ, მეზობლის ქვრივ დედაბერს ვკიდე თვალი. ჩვენი სახლიდან გამოდიოდა. ცუდად მენიშნა, ფეხს ავუჩქარე და სალამი არც მითქვამს, ისე შევედი სახლში. მწოლიარე დამიხვდა ცოლი. დატანჯული და ცრემლიანი ჰქონდა სახე. ჩემს დანახვაზე ხელები აიფარა და უფრო ატირდა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა მის თავს, ჩვენს თავს. მერე სისხლიანი ზეწრები შევნიშნე და ყველაფერი ცხადი შეიქმნა ჩემთვის. გაშმაგებული ჩავაფრინდი მხრებში.
-რად არ მითხარი?! ეს რამ ჩაგადენინა?!-ვანჯღრევდი და ხმამაღლა ვუყვიროდი. ის კი იწვა და უხმოდ იცრემლებოდა. მერე უზომო საყვედურით სავსე თვალებით შემომხედა და ამოიხავლა.
-ჯერ ხომ არ გვინდოდა? შეგვიძლია გავემგზავროთ.
      არ ვიცი, ამაზე საშინელი რა უნდა განიცადოს ადამიანმა. თავი მიბრუოდა, აღარა მესმოდა. ერთიანად აირია ჩემში ყველა აზრი და მოგონება. უკვე მეორედ გავხდი მკვლელი, პირველად - მკვლელი ახალგაზრდა კაცის და მეორედ - საკუთარი, ჯერ არდაბადებული შვილის. გამოვიხურე კარი და გავიქეცი, გავრბოდი, არ მახსოვს სად, მაგრამ გავრბოდი იქამდე, ვიდრე ძალა მქონდა ამისა. იმ ღამით არ დავბრუნებულვარ, არც იმ საბედისწერო დილით. როცა მივედი უკვე ძალიან გვიან იყო, ეზოში პოლიციელები მიცდიდნენ. დამინახეს თუ არა სახლამდე არც მიმიშვეს, ხელბორკილები დამადეს.  სახლშიც და ეზოშიც სეირის მაყურებელ ხალხს მოეყარა თავი. იდგნენ და ვიშვიშებდნენ. ისიც იქ იდგა, კარში. გამხდარი და ფერმკრთალი, დარდისგან ჩაცვენილ თვალებში უზომო მწუხარება ედგა. არ მეგონა თუ შესაძლებელი იყო, ადამანის ერთ დღეში გათეთრება. ვუყურებდი მას და ვხედავდი, როგორ გასჭაღარავებოდა, ერთ დროს უჩვეულოდ ლამაზი თმა. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. არ შემხებია. არ უკითხავს, მართლა ვიყავი მკვლელი თუ არა, მის მზერაში იყო ეს კითხვა. თანხმობის ნიშნად დავხარე თავი. არც შემეძლო ამ მზერის გაძლება. ვიდექი ასე თავჩარგული. მარგალიტის სამაჯური დაეცა ჩემს ფეხებთან, ჩემი ნაჩუქარი სამაჯური. არაფერი უთქვამს სხვა, უხმოდ გამიარა და ეზოდან გავიდა. მეც ჩამავლო ხელი ბადრაგმა და წამიყვანა.
   
    (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები