ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2014


ალბათ , არცაა უმადურობა

ერთი კვირაა, რაც მითხრა, რომ ჩამოხვალ , გნახავო. ხუთი დღეა საჭმელსაც მორიდებით ვჭამ , აჯობებს ცოტა  დავიკლო, მინდა უფრო ელეგანტურად გამოვიყურებოდე. არ მინდა იფიქროს, სხვანაირი წარმომედგინაო.
ის ჩემი ტოლი არაა,  ჩემს შვილზე ოდნავ უფროსია. უფრო იმის ტოლი გამოდის, უფროსის ტოლი. აი იმის...
რომ დაბადებულიყო, მისი ტოლი უნდა ყოფილიყო. როგორც კი მისი დაბადების წელი გავიგე, მაშინვე ეს ამომიტივტივდა. თავიდანვე რაღაც უცნაური  ურთიერთობა გავაბით, თითქოს ის და მე...
მას დედა არ ჰყავდა, მე კი შვილი...ყველაფერი მძივივით ემთხვეოდა ერთმანეთს.

შეხვედრისთვის  განსაკუთრებული  სამზადისი დავიწყე, ახალი ბლოკნოტი ვიყიდე,მასში ჩემი ხელით, როგორც შეპირებული ვიყავი,  მისადმი მიძღვნილი ლექსები ჩავწერე და  ლამაზად გავაფორმე. მერე ლექსი დისკზე ჩავწერე და სასაჩუქრე ჩანთაში ჩავდე.  მისი პატარა გოგონასთვის საჩუქარი უფრო დიდხანს ვეძებე . მე ხომ მისი გემოვნება არ ვიცოდი.ბოლოს ფერადი ფლომასტერები გადავწყვიტე. ვიცი, მეტყვის, ამით სულ მთლად გადახატავს კედლებსო,მეც ვეტყვი, მერე რა, ჩემი შვილიც მასე ხატავდა ,გადახატა კედლები და ახლა უკვე ნამდვილი მხატვარია მეთქი. მერე ამაზეც  გავიცინებთ და საჩუქარს მაინც წაუღებს.
    ჩემთვის ახალი ჩანთაც ვიყიდე, ძველი უკვე მომბეზრდა და ჩემს ახალ კაბაზეც არ ეხამება.
  დილით ათი საათისთვის უკვე თბილისში ვარ, ერთმანეთის ნახვა კი საღამოსთვის გვაქვს დაგეგმილი.
ბევრი წინასწარი გეგმები არ დაგვიწყია. წუხელ მივწერე, საღამოს დათქმულ ადგილას გელოდები-მეთქი.

ვიცი წერილს  ნახავს და მოვა...

საღამომდე კი დრო ბევრი მაქვს.
სახლი მივალაგე, სადილი გავაკეთე , ტანსაცმელი გავრეცხე.
ვღელავ, პატარა გოგოსავით ვარ აღელვებული.
ჩემი შვილს დავურეკე, ჩამოვედი მეთქი. გახარებულმა, ნაშუადღევს მოვალო.წინასწარ არ ვაფრთხილებ ხოლმე, ერთ
სიცოცხლედ მიღირს, როცა მოულოდნელად  ჩავდივარ და ისიც, მონატრებული, კიბეებზე ამორბის, უცებ
მიიხედ-მოიხედავს  და გულში მიკრავს.
მარტო ამ წუთებისთვის ღირს, ხშირად მოვინახულო, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ.

(ისე ახალგაზრდებს ზედმეტი ყურადღება აღიზიანებთ, მაგრამ  შვილი ისე  მიყვარს, მისგან ყველაფერს ავიტან. ხანდახან
უმადურობაც კი გამოტეხავს, ზედმეტი მზრუნველობას ვერ იტანენ ეს "დღევანდელები", მის მაგივრად თუ რამეს ვწყვეტ,
ვერ იტანს,  მაგრამ რა ვუყოთ, ახალგაზრდებს  ეპატიებათ....)
 

  შვილმა არ  მინდა  იცოდეს, რას ვაპირებ, აუცილებლად ეწყინება და ვერც გაამტყუნებ, მან ხომ არ იცის, ჩვენ
ერთმანეთთან რა ურთიერთობა გვაქვს, ახსნაც კი გამიჭირდება.რამდენი სითბო გაგვიცია, რამდენი  გულისტკივილი გაგვიზიარებია , როგორ შევეჩვიეთ, რა სიყვარული და ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთთან. არა ამის ახსნას ალბათ ერთი წიგნი არ ეყოფა. საკმაოდ სქელტანიანი წიგნი. ალბათ რამდენიმე ტომი დასჭირდება.თავდაპირველად  ვინიშნავდი ხოლმე ყველაფერს, მერე და მერე უკვე გამიჭირდა და თავი დავანებე.
ხან კიდევაც ვჩხუბობდით და ვკამათობდით, მერე ისევ ვრიგდებოდით და უფრო და უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ მის გარეშე ვერ ვცოცხლობდი.

რამდენჯერ მიფიქრია ამ წუთებზე, როცა თვალებში ჩავხედავ, ერთს შემოვაბზრიალებ, აბა დამენახე, როგორი ბიჭი ხარ მეთქი და მერე დიდხანს , დიდხანს გულში ჩავიკრავ.ოცდაოთხი წელია , არ მინახავს. ჰო, რაც დაიბადა, მე ის  არასდროს მინახავს.
  კიდევ მობრუცულ ცხვირზე კოცნას ვარ დაპირებული და უარი არ გაუვა.
     
როგორც იქნა, მოსაღამოვდა. ჩემი შვილიც მოვიდა სამსახურიდან, ჩამეხუტა და ეს რა საჩუქრების ჩანთააო, მაშინვე შეამჩნია.
---ერთ ადამიანს ვხვდები , უნდა გადავცე და  მალევე მოვბრუნდები .
---მე არ ვიცნობო?
---არა, მეგობრის შვილია ,მასთან  გამომატანეს . შენ ახლა ცოტა ხნით ლეპტოპი მათხოვე, ერთ წერილს ველოდები და მერე გავალ-მეთქი..

ფოსტა გავხსენი. წერილებს თვალი გადავავლე.უცებ ვერც დავიჯერე, რაც იქ ეწერა:
---"შენ ვინ ყოფილხარ, მართლაც და თავი ვინ გგონია, როგორ ბედავ და ჩემს საქმეში ერევი, არასდროს ახსენო ჩემი სახელი და  დაივიწყე, რომ ვარსებობო."
არასდროს ახსენო ჩემი სახელიო....
ხელები გამოიფლიანდა, ცრემლები წამომივიდა, მაგრამ ძალა მაინც მოვიკრიბე და კომპიუტერი გამოვრთე.

---დე, გავდივარ და მალე მოვალ--გავძახე წამოწოლილ შვილს.
საჩუქრის ჩანთას ხელი წამოვავლე, ეზოს გარეთ გავედი, ნაგვის ყუთში მოვისროლე და სამ წუთში შემოვბრუნდი უკან.
--ასე  მალე ნახე? ---გაკვირვებული  ჩამეკითხა.
--ხო , ვნახე. თუმცა არა, ვერ ვნახე.ოცდაოთხი  წლის წინ დაკარგულს სადღა ვნახავდი, შვილო.--ხმა გამბზარვია და ძლივს ამოვთქვი სიტყვა.
--ჰა? ---გაკვირვებულმა თავი წამოყო . მერე თვალებში მიყურა გაკვირვებით.
მე მასთან  მივედი , ჩავეხუტე ,  დიდხანს, დიდხანს ვეფერე თავზე და ავტირდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები