ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუკუბუს
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2014


199- წ.

ათას ცხრაას ოთხმოცდარომელიღაც წელი...

პატარა მერხი. ტყავგადაკრული სკამითა და ზედაპირზე პასტის ჩასადები პლასტმასით. ვზივარ და ვმეცადინეობ. თან ხან ბებოს გავაყოლებ თვალს, ხან დედას გავხედავ.

მეორე ოთახში ჩემი ძმაა წამოწოლილი, ყურებში "ნაუშნიკებითა" და 'კასეტ-პლეიერით'. ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლება უსმინო ყოველდღე, ყოველ საათს, ღამითაც მუსიკის ფონზე იძინებდე, თან რას... როკი, მეტალი, მძიმე მეტალებსაც უსმენდა. დახეული ჯინსებით დადიოდა, ნირვანას "ფანი" იყო შეიძლება ითქვას. მაისურიც ჰქონდა (ახლაც მაქვს შენახული მიყვარდა ისე) იმ დროისთვის უნიკალური იყო. [ფოტოზე კურტ კობეინი იჯდა და ტიროდა, მახსოვს ამბობდა ყველა მეხვეწება მაჩუქეო მაგრამ არ ვჩუქნიო]

იმავე ოთახში მაგიდასთან ჩემი და გერმანულს მეცადინეობს.
ახლაც ვერ ვხვდები რად უნდოდა გერმანულის სწავლა, მაგრამ სწავლობდა და ჰე! კარგი სპეციალისტიცაა ახლა, გერმანისტია, თუმცა რა, პროფესიით არ მუშაობს. [მუსიკის მიმართ ჩემს დასაც სენსიტიური დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა მისთვის
'კუმირები' backstreet boys და spice gilrs უფრო იყო ვიდრე ის, რასაც ჩემი ძმა უსმენდა]

ჩემს ოთახში,- უფრო სწორად ოთახში სადაც მე ვიყავი , დედაჩემი საკონტროლო წერის რვეულებს ასწორებს. [ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო დედა]  სულ მიყვარდა სხვისი ნაწერების კითხვა, რვეულებს ვაწყდებოდი სიცილით როცა ვინმეს სასაცილოდ გამორჩენილ ასოს წავაწყდებოდი. მე კიდევ სულ მიკვირდა რატომ არ უყვარდა დედას ნაწერების გასწორება. [მგონი უფრო ეზარებოდა ხოლმე, საღამოხანს დაძინება ერჩივნა ალბათ]

მამა ტელევიზორს უყურებს. ნამდვილად დაღლილი მოდიოდა ხოლმე სამსახურიდან. შეიძლება ითქვას "მასწავლებელთა მასწავლებელი" იყო. სკოლის დირექტორობა არასდროს მომდომებია მამაჩემის შემხედვარე. თავისი სკოლა კი არა, სხვა სკოლებსაც ეგ აწესრიგებდა. გაუთავებელი ზარები ის როგორ ვქნა, ეს როგორ იწერება, ამ დროს რა არის საჭირო და ა.შ.  ვერ ვხვდებოდი საიდან დააგროვა ამდენი ცოდნა და ბოლო-ბოლო ისტორიკოს-ფილოლოგი იყო თუ იურისტი.

ბებო როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებს. არა, განა რამეს აკეთებს , საღამო იყო ,ისე,  ფუსფუსებდა მაინც. თავისუფლად შეიძლება უწოდოთ ბებიაჩემს 'ფუსფუსა'. მთელი ეზოს ბებია... არა რა ეზოს , უბნის... ესეც ცოტააა, ქალაქის ! ბებიაჩემი მთელი სამყაროს ბებიაა !!! ნამეტანი ვერც ამას ვხვდებოდი რატომ არასდროს ჩერდებოდა ეს ქალი ან საიდან ჰქონდა ამხელა ენერგია, ან აქვს, ახლაც ზუსტად ეგრეა, მიუხედავად იმისა , რომ 81 წლისაა ბებიაჩემს გაჩერებულს ვერ ნახავთ...


შუქი წავიდა.

იმას ნამდვილად ვხვდები რომ არასოდეს დაბრუნდება ის ტკბილი მომენტი, რომელსაც სანთლის შუქზე შეკრებილი ოჯახი ჰქვია...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები