ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სხვა სამყარო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ივნისი, 2014


თანამედროვე ქართული პოეზია

    არცთუ ისე ცოტა ხანია, თანამედროვე ქართულ პოეზიაში ვერლიბრი ჭარბობს. კრიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამედროვე პოეზიაში გალაკტიონის სტილი და შემდეგ მასზე აგებული სიმონ ჩიქოვანის ავანგარდი ძირითადად უკვე წარსულს ჩაბარდა და თანამედროვე ქართული პოეზია პოეტ ბესიკ ხარანაულის მიერ გაკვალულ გზას დაადგა. როგორც ჩანს, ამას უნდა ვუმადლოდეთ ვერლიბრის (თავისუფალი ლექსის) დომინანტობას დღევანდელ ქართულ პოეტურ სივრცეში. თუმცა ვერლიბრისთვის აუცილებელი ატრიბუტია შინაგანი რიტმულობა, თანამედროვე ავტორების ნაწერები კი რიტმულობის არ ქონის გამო ჩვეულებრივ პროზაულ  ტექსტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ფაქტი ერთია, თანამედროვე ავტორებმა უარყვეს ქართული ლექსისთვის დამახასიეთებელი ბუნებრივი ესთეტიკა, უარყვეს ის სალექსო ფორმები, რომლითაც დღემდე მოვიდა ქართული პოეზია, ნაცვლად ამისა, შემოიტანეს ეროტიკა, ბილწსიტყვაობა, პორნოგრაფია და რატომღაც ჰგონიათ, რომ ამით ახალი გზები მონახეს და თანამედროვე ხედვა გაამდიდრეს. ეს ახალი ხედვა მაშინაა გამართლებული, როცა არ სცილდება ესთეტიზმს, არ გადის ლიტერატურობიდან. პოეზიას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები, რომელიც პოეტიკასა და ესთეტიკას გულისხმობს, როგორც მომღერალმა უნდა იმღეროს, მხატვარმა უნდა დახატოს, ასევე პოეტიც უნდა დაემორჩილოს იმ ჩარჩოებს, რომელშიც მოქცეულია.
    საერთოდ დიდი ხანია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რითმიანი ლექსი ვერლიბრმა დაჩაგრა, თუმცა არიან ავტორები, რომლებიც პოეზიაში უპირატესობას კონვენციურ ლექსს ანიჭებენ. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ხშირად ელიტარულ მკითხველთა უმრავლესობა ასეთ ავტორებს კონვენციური ლექსის შეფასებისას მხოლოდ სარითმო წყვილებს უკრიტიკებს და ყურადღების მიღმა რჩებათ მთავარი_ლექსის მელოდიური და ემოციური მხარე. ამ კატეგორიის ადამიანებს ავიწყდებათ, რომ რითმები არის ლექსისთვის და არა პირიქით. კრიტიკა სულ სხვა რამაა. კრიტიკა არის ნაწარმოების საფუძვლიანი განხილვა, მისი დადებითი ან უარყოფითი მხარეების აღნიშვნა, ტექნიკური შესრულების მხრივ  რა ხერხს მიმართავს ავტორი,_ როგორი შედარებებია, რა მიგნებებია, როგორია სარითმო წყვილები, რიტმიკის და მუსიკალობის გარკვევა, თემატიკის გაშლა. როდესაც მკითხველი ლექსის მხოლოდ უარყოფით მხარეს ამჩნევს და დადებითზე თვალს ხუჭავს, ეს უკვე არაობიექტურობას უნდა მივაწეროთ.
ამავე კატეგორიის მკითხველთა უმრავლესობას ჰგონია, რომ თუ კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობის შემდეგ სხვა ახალმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ მოიკიდა ფეხი ქართულ ლიტერატურაში - ყველა განურჩევლად ამ უკანასკნელს უნდა მიჰყვეს. ჯერ მხოლოდ საუკუნის დასაწყისია და არავინ იცის, რა ახალი მიმდინარეობა დაიბადება და რა მოკვდება, მაგრამ თუ ვინმეს არ მოსწონს მაგ. პოსტმოდერნიზმი, რომლითაც სხვათაშორის უკვე გადაიტვირთა ქართული პოეზია და მაგ. სიმბოლიზმს, ან რეალიზმს უფრო ანიჭებს უპირატესობას  - მიჰყვეს მას, რომელიც მის გემოვნებას აკმაყოფილებს. აქ მგონი არაფერია გასაკვირი, ან მით უმეტეს, დასაგმობი.
    სამართლიანი იქნება, ზემოთ მოყვანილი პრობლემები ყველაზე მეტად კრიტიკოსთა პასიურობასა და კონკრეტულ პრობლემებთან მათ გულგრილ დამოკიდებულებას დავაბრალოთ.
    კრიტიკა უნდა ფეხდაფეხ მიჰყვეს ლიტერატურულ ნაკადს და თავისი ადგილი მიუჩინოს გარკვეულ მიღწევებსა თუ მიდრეკილებებს, კრიტიკამ უნდა შეძლოს და გარიყოს პოეტად თვითგამოცხადებულ ადამიანთა სახელები ლიტერატურული ცხოვრებიდან; ამით ერთბაშად მოაწესრიგებს ბევრ რაიმეს და პოეზიის მდინარებასაც აღარ გააბუნდოვანებს გარეშე დამკვირვებელთა თვალში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები