ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: საბავშვო
22 ივნისი, 2014


ჩემი სოფლის სუნი

    როგორც იქნა მოსაღამოვდა და მთიდან წამოსულმა ნიავმა შვება მოჰგვარა ყველა სულიერს.  ჩვენი სახლის წინაა მთა, ლაფნების წყაროს ზევით. ის რომ არა, რა აიტანდა ზაფხულის ცხელ დღეებს? დგას ამაყად, ურყევად. სიმართლე რომ ვთქვა მთა არცაა, უფრო გორაა. არც ძალიან მაღალია და ასვლაც ადვილად შეიძლება, მაგრამ, როცა ჩემსავით, მხოლოდ ცხრა წლის ხარ, დიდად გეჩვენება რა თქმა უნდა . მწვანედ მოშრიალე ლაფნის ხეები, ჯარივით უდგას დაბლა, ზევით და ზევით სხვა ხეებიც ერევიან და ისეთი დაბურულია, იტყვი, ვეღარ გამოვაღწევ შიგნით შესულიო. მიყვარს ამ მთის ყურება, ყოველ საღამოს, როცა ჩვენი სახლის წინ ვსხედვართ, იქით გამირბის თვალი. ვაკვირდები როგორ ჩნდებიან მის თავზე ვარსკვლავები და იწყებენ ციმციმს. მაგრად ვეხუტები ბებიას და მისი სხეულის სითბოში გაყუჩებულს ყველაფერზე შემიძლია ფიქრი.- ნეტა მგლები თუ არიან? ან ავი სულები ხომ არ ცხოვრობენ? ხმამაღლა არ ვამბობ, მაგრამ გრძნობს ბებია ჩემს შიშებს და ხელს უფრო მაგრად მხვევს. არ ვუსმენ რაზე საუბრობენ უფროსები. საქმისგან დაღლილებს მოუცლიათ და ისვენებენ ახლა. ჩემი მზერა მთასა და შავად შეღებილ ცას არ შორდება. ვარსკვლავებს არ ვითვლი, თუმცა კი მინდა, - მეჭეჭები ამოგივაო,- ასე გამაფრთხილა ბებიამ და მჯერა. ვხედავ როგორ ვარდება ერთი ზუსტად მთის წვერზე და რატომღაც არ ქრება.
- ბებო არ ჩაქრა.
- რა არ ჩაქრა?
- ვარსკვლავი ბებო. ჩამოვარდა და არ ჩაქრა.- ხელს ვიშვერ მთისკენ.
-სხვა რამე იქნება. ვარსკვლავებს მანდ რა უნდათ? ცისები არიან. ყველა ვარსკვლავი იქაა, სადაც მისი ადგილია- ხმადაბლა, თბილად მპასუხობს ბებო და გულში მიკრავს.
    ნამდვილად ვხედავ როგორ ანათებს რაღაც.
-აჰ, ეგ ბუტო მონადირე იქნება. მანდ საყდარია პატარა და სანთელს თუ ანთებს.-ჩემს კითხვას ეპასუხება მეზობლის ქვრივი ვარო.
-არა მგონია, ბუტოს მანდ რა უნდა? რამდენი ხანია ვეღარ დადის.- ამბობს ბებია.
  სულ აქ ვისვენებ ზაფხულობით და რატომღაც არ მახსოვს ბუტო.
-ბუტო ვინ არის ბებო?
-აქაური კაცია შვილო, შენ არ გეცოდინება. დიდი ხანია ლოგინად წევს.
-ჰო, რაც ის ბიჭი დაკარგა, მას მერე ჩავარდა ეგ საცოდავი. მაშ მართლა რა ანათებს ? ბუტოს გარდა იქ ვინ მივიდოდა? სული ხომ არ არის რამე, შენი ჭირიმე?-ინტერესი გაუჩნდა ვაროსაც და თან პირჯვარი გადაიწერა.
-გეჩვენებათ რაღაც. არაფერიც არ არის. ნუ შემიშინე ქალო ბალღი.- სცადა საუბრის შეწყვეტა ბებიამ.
    იმ საღამოს მეტი აღარ მივბრუნებივართ ამ ლაპარაკს, მაგრამ მე გამიჩინა საფიქრალი.- რა იყო ნეტავ? ბებია არ დალოდებია ჩემს თხოვნას, თვითონვე დამიძახა. -მოდი ამაღამ ჩემს ოთახში დაიძინეო. ვითომ არ მინდოდა, ჯერ ვიუარე, მერე ცოცხლად დავავლე ხელი ჩემს ქვესშაგებს და ბებიას ოთახში გავჩნდი. ტახტზე მოვკალათდი მისი საწოლის გვერდით და მშვიდად დავიძინე.
      ბებიას ნაბიჯებმა გამომაღვიძა. როცა აქ ვწევარ, ცდილობს უხმაუროდ იმოძრაოს, მაგრამ ძველია იატაკი და ჭრაჭუნობს, კარადის კარიც ჭრიალებს და მორჩა, სადღაა ძილი?
-ჩემსავით დაძველდნენ და ჩემი ძვლებივით ხმაურობენო.- ამბობს ბებია და იცინის. მე მიყვარს ეს ხმაური, ამ დაძველებული ავეჯის, ამ მორყეული სახლის. მიყვარს მისი სუნი, მისი ხმა, დილით ჩვენი ძროხების ბღავილთან ერთად რომ იწყება. მაშინვე ვხტები ლოგინიდან. ჰაიჰარად ვიბან ხელ-პირს და ერთად ვდენით საქონელს მე და ბებო. ხტუნვა-ხტუნვით მივრბივარ დილის ნამისგან დაცვარულ ბალახებზე და გემრიელად ვილუკმები პურის ყუას. იცის ბებიამ რომ მომშივდება და პატარა კალათით მოაქვს ჩემთვის. დღეს უფრო სავსე მეჩვენა კალათა. ერთი მთლიანი თავი ყველი, ორი თონის პური და ქილებით მაწონი.
-საძოვარზე ვრჩებით ბები?- ვკითხულობ ხალისით. უჰ, რა სჯობს მინდორში, ტყის პირას კოტრიალს. ბებო თვითონ უვლის
თავის საქონელს, ნახირში იშვიათად გზავნის. -მე როგორც მივხედავ, სხვა ისე ვერ უყურებსო. პირუტყვია და ვერ შემომჩივლებს თავის გასაჭირსო.-ასე ამბობს და მეც ვეთანხმები.
- არა, საძოვარზე დავაბათ და მერე ერთ კაცს ვესტუმროთ.- მითხრა და დიდოოს ძახილით ააჩქარა ძროხები.
    მეც უკან ავედევნე. აღარ ჩავძიებივარ, სად მივდიოდით. დავაბით საქონელი და გზას გავყევით მინდვრის პირად. მალევე გამოჩნდა დასახლება. პირველივე სახლთან შევჩერდით. ბებოს არ დაუძახია, ისე შეაღო ჭიშკარი. ეზოში ორსართულიანი, ქვის სახლი იდგა. მოუვლელობა ეტყობოდა, თორემ ცუდად არ გამოიყურებოდა. ჩვენსაზე დიდიც იყო და ლამაზიც. აქ ერთი-ორჯერ დაიძახა ბებომ- ბუტოო და სახლის კართან ახლოს მივიდა. შავებში ჩაცმულმა ქალმა გამოგვხედა. ბებიას დანახვისას ღიმილმა გაუნათა გამხდარი სახე. გადაეხვია და შინ შეგვიძღვა. პატარა, ბნელი ოთახი გავიარეთ და უფრო დიდში შევედით. ოთახის შუაში დიდი ხის მაგიდა იდგა, ერთ კედელთან ლამაზი ჭურჭლით სავსე კარადა, მეორესთან ტახტი და სამფეხა. კარადის თავზეც და ოთახის თითქმის ყველა კედელზე ფოტოები იყო გაკრული. ყველაზე ერთიდაიგივე ბიჭი იყო გამოსახული. სხვადასხვა ფორმაში, ზოგგან მოცინარი, ზოგგან სერიოზული სახით. ბებიას მზერა გაექცა ფოტოებისკენ და ამოიოხრა. ამოიოხრა ქალმაც. დაჯდომა შემოგვთავაზა თუ არა ხმამ დაუძახა გვერდითა ოთახიდან.
-კატო მოვიდა ვინმეო?. ბებია არ დამჯდარა, ქალს შეჰყვა ოთახში, მეც იქვე ავიტუზე კართან.
    ჭაღარა, გატანჯულსახიანი კაცი იწვა ლოგინში. საწოლის გვერდით წამლებით გადავსებული სკამი ედგა, იქვე კედელთან ხის ყავარჯნები იყო მიყუდებული. ამ ითახშიც ეკიდა ფოტოები, იგივე ბიჭის.
-როგორ გამახარე მარია. ასე უნდა დავიწყება?- თბილად უსაყვედურა კაცმა ბებოს.
-ეჰ, ჩემო ბუტო. ხომ იცი მარტო ქალი ვარ და ყველაფერი ჩემს კისერზეა. ბავშვიც აქა მყვანს და ვეღარ ვიცლი.
-ვიცი, მარია ვიცი. არ გსაყვედურობ. რამხელა გაზრდილა. სულ დედას ჰგავს.- თქვა და თბილად გამიღიმა.
    ამასობაში მასპინძლის ცოლი დატრიალდა, ხილი მოგვართვა და ბებიას ჩაი შესთავაზა. - რა ვქნა და ვერ შევეჩვიე ამ ყავასო.
-ნუ შეწუხდები ჩემო კარგო, ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. ცოდოა ბალღი სიცხეში ვერ ვატარებ მერე.- იუარა ბებომ.
-ხო, ცოდვაა. ძალიან დააჭერს შუადღისას.-დაეთანხმა კაცი.
-ჩემს ბიჭსაც ეყოლებოდა ახლა ამხელა შვილი, მოუკვდეს დედა.-საუბარში ჩაერთო ქალიც.-მისი დაბადების დღე იყო გუშინ.
-ჰოჰ, კარგი ქალო!. შენი ტირილის საცქერლად კი არ მოსულა ეს ხალხი!- ყასიდად გაუჯავრდა კაცი და თვალები აუწყლიანდა. .
    ცოტა ხანს კიდევ დავრჩით. ვუსმენდი როგორ განიხილავდნენ სოფლის ამბებს და პირს გემრიელი მსხლით ვიტკბარუნებდი.
-მოგწონს გენაცვალე? -ჩემი ბიჭის სახელობაზე დავრგეთ.- რაც არ უნდა ეთქვა, სულ შვილს ახსენებდა ქალი. მოვიწყინე და ეზოში  გამოვედი. მალე ბებიაც გამოჩნდა, ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობა ქალს და წამოვედით.
-რა მოუვიდა ბე მაგათ შვილს?
-რა ვიცი შვილო, სრულიად უმიზეზოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერლა. მეგობრის ქორწილში გასროლილ ტყვიას. ვერ გაიგებ ვის რა ბედი აქვს. ვის სად უმუხთლებს. ლხინი ჭირად შეეცვალათ იმ დღეს.- უფრო თავისთვის საუბრობდა ბებია და წინ მიდიოდა. ჩუმად მივყვებოდი მეც.
-თავის თავს აბრალებდა ბუტო. ჩემმა ცოდვამ უწიაო. მერე ეგ საყდარი ააშენა და ყოველ დღეობას თუ საეკლესიო დღეს სანთლებს ანთებდა. პატიებას სთხოვდა უფალს. გუშინ მეგობრებმა ააკითხეს ალბათ და იმათ დაუნთეს.
    სახლში დაბრუნებული მთელი დღე ბუტოზე და მის შვილზე ვფიქრობდი. ძალიან მინდოდა იმ მთაზე ასვლა და საყდრის ნახვა. ვიცი მარტოს არ გამიშვებდა და თვითონაც უარს იტყოდა იქ ამოსვლაზე. სხვა გზა არ მქონდა, სხვისთვის უნდა მეთხოვა გაყოლა. არჩევანი მეზობლად მცხოვრებ, ჩემზე ოდნავ უფროს და-ძმაზე შევაჩერე და დავითანხმე წასვლაზე.
    კვირა დღეს ბებია ყოველთვის ბაზარში მიდის და ყველი მიაქვს გასაყიდად. ამაზე უკეთეს დღეს ვერც შევარჩევდი. როგორც კი გაიხურა კარი, ჩავიცვი, აბგაში ბოთლით წყალი, ბებიას ხელით ჩამოქნილი სანთლები ჩავიწყვე და ბავშვების დასაძახებლად გავიქეცი. უკვე  მელოდნენ გამზადებულები. წყაროს მხრიდან შევედით ტყეში. ციცაბო არ იყო, მაგრამ მაინც ჭირდა ასვლა. ხეებს ვეკიდებოდით ტოტებზე და ისე მივუყვებოდით გაუკვალავ ბილიკს. ეტყობა ამ მხრიდან ნაკლებად ადიოდა ხალხი. ფეხები დამეკაწრა ეკლიანი ბარდებისგან და მტკიოდა. იხტიბარს არ ვიტეხდი და ჯიუტად ვაგრძელებდი გზას. ჩემს მეგობრებს ეტყობოდათ აქაურები რომ იყვნენ, მარჯვედ მიდიოდნენ და არც წარა-მარა ჩერდებოდნენ ლამაზი ხეების საცქერლად. ხეები და ტყე კი მართლაც ლამაზია აქ. ხის ძირებში ათასნაირ სოკოს  წააწყდები, სიჩუმეა და მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. ისე შედიხარ ამ სიმწვანეში თითქოს ნაწილი ხარ მისი. შენც ხე ხარ ერთ-ერთი, ოღონდ მოძრავი.
    კარგა ხნის სიარულის შემდეგ ავაღწიეთ საყდრამდე. პატარა, წითელი აგურისგან აშენებული ეკლესია სულ თავში იდგა. მის გარშემო მოსწორებული იყო ადგილი და თავისუფლად დგომა შეიძლებოდა. აქედან ხელისგულივით იშლებოდა მთელი სოფელი. სათამაშოებს ჰგავდნენ სახლები.
    საყდარი ეულად გამოიყურებოდა, მიტოვებულად. არც ახალდამწვარი სანთელი ჩანდა სადმე. ახლა მეტად გამიკვირდა წუხანდელი ნათება.
-ბუტოს შვილის სული იქნებოდა.-დაასკვნა გოგომ.- ალბათ სანთელს რომ აღარ უნთებენ, თვითონ ანათებდა.
-რას ბოდავო. - შეედავა ძმა და საყდარში შევიდა. მეც შევყევი. ბნელოდა. შენობის შუაში ქვის, უსწორმასწორო კიბეები ადიოდა. ამ კიბეებს ავყევით ზევით და სამრეკლომდე ავედით.სანთლის ალისგან აქა-იქ გაჭვარტლულ კედლებზე, წმინდანების ხატები ეკიდა. ვათვალიერებდი და ვერ გავიგე როგორ შევეხე რაღაც ბეწვიანს. შიშისგან შევკივლე, ფეხი დამიცდა და ჩამოვვარდი. ქვის იატაკზე მოვადინე ზღართანი და ტკივილისგან ვიყვირე. შეშინებულები მომცვივდნენ ბავშვები.
- როგორ ჩამოვარდი? იტკინე რამე?- კიოდა გოგო.
    ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ ჩემს გასისხლიანებულ ფეხს რომ ვუყურებდი, თავს ვერ ვიკავებდი.
- მოტეხილი არ უნდა იყოს, ალბათ ნაღრძობია.- გამოცდილივით თქვა ბიჭმა და ფეხი გამიმოძრავა. მე უარესად ავყვირდი ტკივილისგან.
-ვაიმე რა მეშველება? მომკლავს ბებო? ეს რა მომივიდა, რაღაც ბეწვიანს დავეჯახე. - უკვე აღარ ვიკავებდი თავს და ვზლუქუნებდი.
- ხო, უნდა გამეფრთხილებინე, მანდ ცხოველების ფიტულები აწყვია. ბუტოს გაკეთებული. ადრე სახლში ჰქონდა, მერე გადაყარა. ჩვენ მოვაგროვეთ, ბიჭებმა და აქ მოვიტანეთ.
- რად გინდოდათ ეგ ფიტულები? რა ვქნა ახლა მე? - ვაგრძელებდი წუწუნს. ფეხი ისე ძალიან აღარ მტკიოდა. სველი ცხვირსახოცით მომწმინდა ჩემი მეგობრის დამ და ცივ-ცივს მადებდა ზედ. სიარულს მაინც ვერ შევძლებდი. ბიჭმა ერთხანს მიყურა ასე, მერე ბურდღუნით ჩაილაპარაკა.- პატარები არსად წასაყვანები არ ხართო და წავიდა. -ჩავალ, ვინმეს ამოვიყვან დასახმარებლად, ფეხი არ მოიცვალოთ ჩემს მოსვლამდეო .-დაგვიბარა. როგორ მოვიცვლიდით ? მე ვერ ვდგებოდი და მისი და კი მარტო სად წავიდოდა? ვიწექი და ვკრუსუნებდი. დრო რომ გაეყვანა და მეც სხვა რამეზე მეფიქრა, გოგომ ყველა ფიტული ჩემთან მოათრია. ცოცხლებივით გამოიყურებიდნენ ხოხბები, პატარა გარეული ღორი, მელა, კუდფუმფულა ციყვი. ვუყურებდი და ახლა ისე მეცოდებოდნენ ეს ცხოველები. ვგრძნობდი როგორ სტკიოდათ. იწვნენ ჩემსავით, დაჭრილები და შველას ითხოვდნენ. მათგან განსხვავებით მე მომივიდა მშველელი.
    ჩემს მეგობარს თავისი მამა, ორი მეზობელი კაცი და ბებია მოჰყვა ქოთქოთით.
- ვაიმეე, ეს რა დღეში ვარ. რამე რომ მოგსვლოდა, რა უნდა მეთქვა შენი მშობლებისთვის. აქ რამ ამოგიყვანათ?! ეს რამ მოგაფიქრათ?!
-კარგი მარია, დაწყნარდი. არაფერია, მოტეხილი არ აქვს, ჩავიყვანთ ხელად, მალე მოურჩებაო.- ამშვიდებდნენ კაცები. მერე სახელდახელო არტახი დამადეს ფეხზე. ხელში ამიყვანეს და ნელი ნაბიჯით დაიძრნენ სოფლისკენ. სანამ საყდრიდან გამოვიდოდით ბებიას გახსნილი აბგა მივაწოდე და მუდარით სავსე თვალებით შევხედე. უხმოდ გამომართვა და ჩაიხედა. არაფერი უთქვამს, გამიღიმა და ყველაზე ბოლოს გამოვიდა საყდრიდან. თაფლის სანთლის სუნი გვცემდა ქვევით მომავლებს.
    რამდენი წელი გავიდა ამ ამბის მერე? მე კი სულ მახსენდება სოფელში ჩასვლისას. უწინდებურად მიყვარს სკამზე ჯდომა და მთის ყურება, ჭრიჭინების კრიალითა და ბაყაყების ყიყინით შეზავებული ღამის ხმის მოსმენა. ხშირად ავდივარ იმ საყდარში და სანთლებს ვანთებ: ბუტოს შვილისთვის, ბუტოსთვის, ბებიასთვის. თაფლის სანთლის სუნი ეფინება ტყეს. თან მომყვება და ყველგან ვგრძნობ. ეს სუნი აქვს ბებიას სახლს და სოფელსაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები