ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2014


ტ ბ ა ( თ.გ.-ს)


ცხოვრება ის ხევია, ქვევით რომ მიგაქანებს,
ჩაირაკრაკებ და სადღაც დაგუბდები.

მერე თანდათან ხავსივით მოგედება ჭაღარა,
სახე ლელიანივით გაუვალი ნაოჭებით დაგეფარება,
შეეფარები წარსულს ქოლგასავით
და შენ თავს არასოდეს გამოუტყდები,
რომ შეგეძლო მეტი მოგონება გქონოდა.

დაჭაობდები და შეეგუები იმ აზრს,
რომ მალე ამოგაშრობენ,
კათეტერებს მილებივით შეგიერთებენ
და გამოგწოვენ დაგროვილ სითხეს.

აცნობიერებ,
მალე მხოლოდ შლამი დარჩები,
ხოლო რიყეზე გამორიყულ ძვლებზე
თეთრწვერა მებაღე თუ მეთევზე
ახალ ნაკადულებს დაამყნობს.

და ვიდრე საბოლოოდ აორთქლდები,
დაიწყებ პასუხების ძებნას იმ კითხვებზე,
რომლებიც აქამდე არასოდეს გაგჩენია.

გული კი, როგორც ტბორის ორაგული
უკანასკნელად ინანებს,
რომ არასოდეს სცადა კალმახივით
დინების წინააღმდეგ აეცურა
და ჩანჩქერის შხეფებში გაბნეული სხივებიდან
სიცოცხლე მარცვალ-მარცვალ მოეგროვებინა.


16:10 / 27.06.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები