| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 2 ივლისი, 2014 |
ჩვენი ხელიდან მკვდრები
-შემო, შემო!- მეპატიჟება ნუგო, თან პერანგზე მექაჩება, აშკარად მთვრალია. სად მოასწრო ნეტა. -შენ კარგადა ხარ, აი! -ცუდად რატომ უნდა ვიყო, ძალიან მაინტერესებს. შემო,ვინ უნდა გაჩვენო, რო იცოდე. -ლეილა არ არის სახლში?- სასოწარკვეთილი ვკითხულობ თან თვალს სასადილოსკენ ვაპარებ. -გვინდა ეხლა ჩვენ ლეილები? სოფელში გავუშვი ამდილას დედამისთან. -იმიტომაც არის, დრო გიხელთია. -აბა რა, პოლნაია სვაბოდა მხოლოდ ქალების გარეშე მიიღწევა.- შეთქმულივით მიკრავს თვალს. სასადილოში შევდივარ. მაგიდასთან მჯდარი მოხეული, თავგადაპარსული კაცი წამოდგება. თან იცმუცნება, თან ხელსაწმენდით იწმენდს თითებს. ხელს მიწვდის: -მამუკა! ჩემი არ იყოს, ისიც მაკვირდება. ეტყობა, გახსენებას ცდილობს. ხელს ვართმევ. -დაჯექი, ეხლავე თეფშს მოგიტან.- ნუგო გადის. სუფრაზე ყველი, სალათა და კიდევ რაღაც წვნიანი სირობა დევს. -უჰ, ეხლა გამოვედი პახმელიაზე, ნაღდად არ მინდა დალევა.- აშკარად მოვიტყუე. აბა სხვა რაზე უნდა ილაპარაკოს ქართველმა კაცმა უცნობთან პირველ შეხვედრაზე. -ჩვენც აესე, უცბად მოვიფიქრეთ. პატარა საქმე გავაჩალიჩეთ ძმობის ამბავში, ხოაზზე ხარ.ნუგო ჯიგარია.რა ქნას, უყვარს ყლურწვა, ოღონდ კაი ხალხში.- ეტყობა თავმდაბლობას არ უნდა წყალობდეს. ეგეც მაგარი ჩანს. ნუგოც შემოდის, თეფშს და ჭიქას სუფრაზე დებს. -აბა, ჩაუფინე რამე. რაც მოვახერხე,ეგ არი. გური, ეხლა ვლაპარაკობდით შენზე მე და ცვანციკა. ხომ გახსოვს, სანამ მესამე პირველთან შეგვაერთებდნენ. ერთი პატარა ოღრაში რო გვყავდა, ცვანციკას რომ ვეძახდით? -სულ „ხაშნიკებით” რო ჰქონდა ჯიბეები გატენილი? (ხაშნიკებს იმ დროს ლიმონათის გაპრტყელებულ სახურავებს ვეძახდით). -დიიახ, ზუსტად.1 -მერე რა, რო მახსოვს? -ხოდა, ეხლა შენს წინ ზის, რა! ბრიყვულად მომღიმარე თანამესუფრეს შევცქერი. ნუთუ შეიძლება ის მოწრუპული, გაფაციცებული ბიჭი ასე მოხეულ, თავდაჯერებულ კაცად ქცეულიყო.ვაკვირდები. თუმცა სახე წაშლილი აქვს, ღიმილი მეცნობა, რაღაც მორჩილი და კაპიტულანტური, შედარებით ტანმორჩილ ბიჭებს რომ ახასიათებთ ბავშვობაში. -ა, კი კაცო. კობერიძეების ეზოში რო ცხოვრობდა მდგმურად. -ხოდა, ეხლა თელასის ერთერთი მენეჯერია, ძმაო. ჩემი ფირმის ამბავში მეხმარება, რა! „საიდან გამოჩხრიკავს ხოლმე ეს კაცი”- ვფიქრობ. ხმამაღლა კი ვამბობ: -ძალიან კარგი, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო.- ამაზე ბანალურს ვერაფერს მოვიფიქრებდი. -მეც ეგრევე გიცანი, რო დაგინახე.- გაეხარდა სტუმარს. ჭიქას ხელს ჰკიდებს: -მოდი, ამ თათარიახნ შეხვედრას გაუმარჯოს. კაცს ჯიგარით რომ იგრძნობ. შემთხვევით არაფერი ხდება, ძმაო. ღმერთს არაფერი ეშლება. ეგრე არ არის? -დავლიოთ, მე რა მენაღვლება!- ამბობს ნუგო და ჭიქას უსიტყვოდ უჭახუნებს. -შენ ისე მოგდის, გურული რო ნადირობს, ხო იცით. მაიცა გეტყვი. ხოდა, გურული ნადირობს. შავი შაშვი იქნებოდა, აბა გურულს სხვა რაზე უნდა ენადირა. ხოდა, ესროლა შაშვს ფიშტო, მარა ააცილა.მაინც იხტიბარს არ იტეხავს: იფრინე, ხო, იფრინე, რა მენაღლება, ჩემი ხელიდან ხო მაინც მკვდარი ხარო.- სიცილით კვდება თვითონვე. მახსოვს, სულ ორები ჰყავდა და „ცვანციკაც” იმიტომ შეერქვა -ეგ კლიჩკა გერმანულის თამარამ არ შეგარქვა? -ვა, როგორ ახსოვს, აზრზე ხარ!- გაეცინა. ვითომ თითონ თუ ახსოვდა, მე რატომ არ უნდა მხსომებოდა. -მესამედან გადახვედი, არა, მგონი?- ვაგრძელებ მის გაოცებას. -ხო, ბინა მივიღეთ დიღომში, მარა მე ჩემი უბანი არასოდეს მიმიტოვებია, ჩემო ზური! -ოღონდ ზური არა, გური.- ვუსწორებ მშვიდად. -ბოდიში, გური.ისე, ხაშნიკებს ხომ ბლომად გაწერდით, ა? -ო, მაგაში მაგარი სპეცი იყავი.- ნუგომ. -თქვენ რო ჩაქუჩით ასწორებდით, მე „ლაფშებს” ტრამვაის რელსებზე ვაბრტყელებდი, ძმაო! -პატენტი გეკუთვნის, ნაღდი!- აგულიანებს ნუგო, თითქოს ყველა ეგრე არ ვაკეთებდით. დავაწყობდით ტრამვაის ლიანდაგზე ქვით გაბრტყელებულ ლიმონათის სახურავებს და ველოდებოდით როდის ჩაივლიდა ბოლო ვაგონი, ტყლაპივით გასწორებული ხაშნიკები რო აგვეკრიფა. ნუგოს მამას ლუდი უყვარდა მამაჩემისგან განსხვავებით, და ისიც კარგად ითბობდა ხელს მამამისის ამ სისუსტეზე. სამაგიეროდ ბებიაჩემს აწუხებდა კუჭის წვა, შესაბამისად მეც წარმატებით ვიმკიდი მისი ამ პრობლემის შედეგებს. -ეჰ, ვინ იცის ეხლა ხაშნიკები, ძმაო! -ისე რა ბნელი ბავშვობა გვქონდა, არა.- გულს იჩუყებს ნუგო. -ბნელი ბავშვობა არ არსებობს.- ვამბობ მე. -აი, ნაღდს იძახის ეს კაცი.- მაქეზებს თავის ჭკუით. - ცუდი - მეთქი არ ვამბობ, ბნელი და ცუდი სხვადასხვა რამეა ძმაო. აი ზანგის ნაშა ბნელია მაგრამ კაია. -თქვენ აზრზე არა ხართ, რა მაგარი რამეა ბავშვობა.- ისევ იღებს ინციატივას ცვანციკა. -რატო იცი, ძაან მაგარია, ძაან. იცი როგორ? აი, წყარო როა, ანკარა. მანამ ტალახიან მდინარეს შეერევა, ხო აზრზე ხარ! -მაგარი ხარ, ცვანციკ!-ერთვება ნუგო. -გაუმარჯოს.აიმ ბრჭყვიალა მოგონებებს გაუმარჯოს! ჩვენ რო არ გვავიწყებს თავს და რო ... როგორ გითხრა, რო გვანამუსებს ამ ბებერ გოთვერნებს.ბოლომდე რო არ გავგოთვერნდეთ, რა! -შენი არ ვიცი, ძმაო, მე ლიჩნად გაგოთვერნებას არ ვაპირებ! -შენ არ აპირებ, ჩათლახი ცხოვრება გიპირებს! -არა, ძმაო, ვერ გეთანხმები. მე ეგეთი კაცი ვარ, თუ ძმას არ გამოვადექი, ეგეთ თანამდებობას არ გავკარი! -მოდი, ეგეთ თემებს შევეშვათ, რა!- ნერვები მღალატობს. ეგრეა სუფრაზე შემოსწრებული კაცის ბედი, სხვის სიმთვრალეს რო უნდა უყურო და ითმინო.მთვრალის ატანა ხომ მარტო მთვრალს შეუძლია.ცვანციკა უცებ ჩემსკენ ბრუნდება: -შენ სად მოღვაწეობ, ძმავ? -ერთდროს მართლა ვმოღვაწეობდი, ეხლა მივაც-მოვაცვამ. კაროჩე მასვენებენ, რა. -ეგ ტამიშთან ლიმონკები რო გამაელია, მკვახე ლიმონებს ისროდა. მერე ზუგდიდში იარაღი აახიეს და ჭუბერისკენ გააციმბირეს. ნუგოს ქუშად გავხედე. ეტყობა დიდიხანია სვამენ, თორემ იცის ჩემი ამბავი, ეგეთი ლაპარაკი არ მევასება. ცვანციკა ჩემს ლოყაზე შავ ნაიარევს მისჩერებია. -მხედრიონში იყავი ? თავს ვიქნევ. -აბა გვარდიაში?- ვერ ხვდება, ეგეთი კითხვები რომ არ მომწონს. -არა ჩვენი ჯგუფი გვყავდა, რა. -ჩემი მამიდაშვილიც იბრძოდა, გია სვანაძე, სვანსკის ეძახდნენ, ხო არ იცნობდი? ეგეთი დებილური კითხვები მაგიჟებს. მაგ გაქსუებულ ტიპებს გონიათ ფრონტზე ყველა ერთმანეთს იცნობს. -არა, არ გამიგია. ნუგო ხვდება, აფეთქებას ცოტა მიკლია და სიტუაციის განმუხტვას ცდილობს: აბა, თან საქმე, საქმეს მივხედოთ! შენ რატო არა სვამ? მხრებს ვიჩეჩავ. -ეჰ, რას იზამ, იყო ეგეთი რამეებიც ჩემო ზური!- რაღაც გაუგებარი თანაგრძნობით თუ დიდკაცური შემწყნარებლობით მეუბნება. ეტყობა, კარგა ხანია იმ ტალახიანთან შერეულა. -რა ზური, შე ჩემა!- უსწორებს ნუგო. -გური ხო, შენ რაღა მოგივიდა! ეხლა თავში არ აგივარდეს, ამხანაგო!- ჩანგალს ჭიქაზე უკაკუნებს, თან იღრიჯება. ეტყობა თავისი მნიშვნელოვნება უნდა შეგვახსენოს. -კაცო, ბავშვობაზე არა ვბაზრობდით, თქვენ სად გაუტიეთ.- ისევ ნუგოა, საუბარი უნდა შემოაბრუნოს. -მოდი, იცი ვის გაუმარჯოს?- ისევ იწყებს ცვანციკა. -ხო შემიძლია, ერთი ვთქვა. (ვითომ აქამდე სხვას აცლიდა). -მაშ, მაშ. -ხოდა, მოდი მაგარ ბიჭებს, ჩვენზე მაგრებს! ცხოვრება რო უყვარდათ. მარა რო ვერ შეიტკბეს. შეიძლება რაღაც ეშლებოდათ, შეიძლება თავის ამბავში მართლებიც იყვნენ, მარა მაგაზე არაა ბაზარი.იმათი მარადი ხსოვნა იყოს! გივიას,გელას, ჩელესტას. -გოგია აბრამაშვილს.- ჩაურთო ნუგომ. -აუ, ჩემ გოგიას, რა ძმა იყო. გურამ ბარბაქაძეს!... ვშტერდები. ნუგოც გაოგნებულია. -რა გურამ ბარბაქაძეს, ტო, შენ მართლა დათვერი, ხო იცი. გურამა აქ არ ზის?! -ვინა? შენ ნუ მასწავლი რა,- თავისას არ იშლის ცვანციკა. -ის, ბიჭო, რა ხანია დაიბრიდა. -ო, ა ეხლა უკვე მართლა ატრაკებ. -მე არაფერი მეშლება, რო იცოდე. თქვენ არ შეგეშალოთ. უხერხული სიჩუმე დგება. მეც რამე უნდა ვთქვა, იასნია. -ეგ სხვა გურამაზე ამბობს, აზრზე ვარ, ჩვენს პარალელურში იყო ცოტახანს. -აჰა, სწორია კაცი, რას მერჩით, ძმაო. გრაფინიდან ღვინოს ვისხამ და ეგრევე ვცლი. მერე ისევ ვავსებ. ფეხზე ვდგები: -მოდი, იცი ვის გაუმარჯოს? ჩვენი ხელიდან მკვდრებს, ცოცხლები რო არიან და ჩვენგან მკვდრები!...
2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგია. ხასიათი სიცოცხლის ბოლომდე არ იცვლება, ასეთია კაცის ბუნება. კარგია. ხასიათი სიცოცხლის ბოლომდე არ იცვლება, ასეთია კაცის ბუნება.
6. მომეწონა ხაშნიკებიც და თხრობაც.:) მომეწონა ხაშნიკებიც და თხრობაც.:)
5. სათაური, ანეკდოტი და ფინალი- რა კარგადაა შეკრული.
"ეხლა მივაც-მოვაცვამ"- ეს ფრაზა ვერ გავიგე :)
სათაური, ანეკდოტი და ფინალი- რა კარგადაა შეკრული.
"ეხლა მივაც-მოვაცვამ"- ეს ფრაზა ვერ გავიგე :)
4. კარგი იყო... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი... ბავშვობაში ვინც როგორია, ისეთივე რჩება სიცოცხლის ბოლომდეც...:) კარგი იყო... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი... ბავშვობაში ვინც როგორია, ისეთივე რჩება სიცოცხლის ბოლომდეც...:)
3. არ მეგონა, ვინმეს თუ დააინტერესებდა ხაშნიკების ამბავი. ხაშნიკებს ერთმანეთს ესროდნენ. რაც მეტს შეეხებოდა, მეტს მოიგებდი. უნდა დაგემიზნებინა ბილიარდივით. არ მეგონა, ვინმეს თუ დააინტერესებდა ხაშნიკების ამბავი. ხაშნიკებს ერთმანეთს ესროდნენ. რაც მეტს შეეხებოდა, მეტს მოიგებდი. უნდა დაგემიზნებინა ბილიარდივით.
2. ,,ხაშნიკებს,, რისთვის იყენებდნენ? ,,ხაშნიკებს,, რისთვის იყენებდნენ?
1. კარგი იყო. სულმოუთქმელად იკითხება.
"ღიმილი მეცნობა, რაღაც მორჩილი და კაპიტულანტური, შედარებით ტანმორჩილ ბიჭებს რომ ახასიათებთ ბავშვობაში." - ერთეულებს ეხერხებათ სახასიათო შტრიხის რამდენიმე სიტყვით გამოკვეთა. კარგი იყო. სულმოუთქმელად იკითხება.
"ღიმილი მეცნობა, რაღაც მორჩილი და კაპიტულანტური, შედარებით ტანმორჩილ ბიჭებს რომ ახასიათებთ ბავშვობაში." - ერთეულებს ეხერხებათ სახასიათო შტრიხის რამდენიმე სიტყვით გამოკვეთა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|