ძალიან შემოეჩვივნენ ტურები ლადოს ეზოს. დღე არ გავა ეზოს ბოლოს ქათმის ფრთა-ბუმბული რომ არ იპოვოს. ტურებისთვის ხომ არ წვალობენ, ის და მისი ცოლი.?! არ იცის და არც სცნობს ლადო გლეხისთვის სარგებლისმომტანი სულიერის გარდა, სხვა არსების სიცოცხლის უფლებას. არ იცის, რომ ადამიანის უსაშველოდ გამრავლებამ შეავიწროვა სხვა ცოცხალი არსების არსებობის არეალი. არც - ის, ტურის ბრალი რომ არ არის, ამ უნაყოფო მიწაზე, მეტი ნაყოფის მისაღებად ტყესაც რომ ჩეხავს ადამიანი და მის სივრცეში რომ იჭრება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! თოფი ზეთით გაწმინდა და პატრონები გაამზადა. თან, მისი 11 და 12 წლის ვაჟების წაყვანაც გადაწყვიტა. დროა, ამათაც ისწავლონ ნადირობა. თვითონ 10 წლის იყო, მარტო ნადირობა კი არა, ურმის გაძღოლა და ხვნა-თესვის წესები რომ იცოდა. მზე ამოწვერილი არ იყო, ბიჭები რომ გააღვიძა. კი უნდოდათ კიდევ ძილი, მაგრამ კაცურ საქმეზე მიდიოდნენ, მთელი ღამე ტურებთან შებრძოლების სცენები ესიზმრებოდათ და, სულ ნახევარი წამი ეყოთ გამოსაფხიზლებლად. იმ ბორცვის იქით, რომელზეც ლადოს სახლი და ეზო იყო შეფენილი, აკაციების კორომი იყო, ეკალ-ბარდით სავსე. სატურიას ეძახდნენ. იქით გასწიეს. მალევე აიღო ჯეკამ სუნი. ერთ ადგილას იტრიალა, იტრიალა და ხმაგაწვრილებული ყეფით ჯაგნარში შევარდა. - ე, ბიჯო, არ შეგვიჭამოს ჯეკა ტურებმა! - თავის თავს უფრო შეუძახა ლადომ, ჩქარი მოძრაობით ამოიღო ქამარში გარჭობილი წალდი, ერთი-ორჯერ მოუქნია ეკლის ბუჩქს და დარჩენილი ეკალი სხეულით გაგლიჯა.ბიჭები ორ ნაბიჯში მიყვნენ. მოზრდილ ბუნაგში ნახევრად შესულიყო ჯეკა. ლადომ თოფი მოიმარჯვა. იცოდა, სადღაც, იქვე მეორე "კარიც" ექნებოდა ბუნაგს და გაწაფული თვალი მოავლო ახლომახლო ტერიტორიას. არ შემცდარა. მალე ამოყო ტურამ თავი და... თოფმაც იჭექა. ძუ ტურა კბილებდაკრეჭილი დაეცა. ბიჭებმა აღტაცებული ყიჟინა დასცეს. ჯეკა არ დაწყნარდა, ისევ სოროში იწევდა. - ლეკვები ყავს ალბათ - თქვა ლადომ - და წალდი დასცხო მიწას, ბუნაგის შესასვლელის გასადიდებლად. მალე ფუმფულა სხეულის ნაწილი გამოჩნდა. ლადომ თოფის ლულა შეყო ბუნაგში. - არ მოკლა მამა! - დაიყვირა ნიკამ. - რას ჩივი ბიჯო. აგი გეიზდება და ქათმებს შეგვიჭამს! -არ მოკლა , სახლში წევიყვანოთ. - მუდარის ხმით უთხრა ნიკამ, მკვირცხლად ჩახტა ბუნაგში და ულამაზესი ლეკვი კეფით ამოიყვანა. - შეხედე, მეორეც ყოფილა! დაიძახა უჩამ და მეორე, ფუმფულა ლეკვი ამოიყვანა ბუნაგიდან. წამოიყვანეს ობოლი ლეკვები და იმ გალიაში მოათავსეს, რომელშიც საკალანდოდ ღორს ასუქებდნენ. დღეები გადიოდა. ძალიანაც არ მოსწონდათ ლეკვებს წყალში აზელილი ქატო და პური, მაგრამ არჩევანი არ ჰქონდათ. ჭამდნენ და ნელა იზრდებოდნენ. ადამიანს ვერ შეეჩვივნენ. გალიასთან მიახლოებულთ ხავილ- სისინით ხვდებოდნენ. ერთ დღეს თქეში წვიმა მოვიდა. წამებში ღვარებად და უარმავ ღელედ მოედო ეზოს წყალი. მამა და შვილები საქჩაროდ " საყოლის" დაბინავებას შეუდგნენ. საქმეს რომ მორჩნენ და სახლში შევიდნენ, ლეკვები მერე გაახსენდა უჩას. - მამა, ტურები არ დაახრჩოს წყალმა! - დაიყვირა და ეზოში გასაქცევად წამოხტა. ლადომ გაასწრო - დარჩიო - კარებიდან შემოსძახა. გალია გადახურული კი იყო, მაგრამ მიწაზე იდგა. ერთი ლეკვი უკვე დამხრჩვალიყო. გალია ფარდულში შეიტანა და გადაბრუნებულ კასრზე შემოდგა. მეორე დღეს მარტოდ დარჩენილმა ლეკვმა საჭმელი აღარ ჭამა. ცოტა ლორიც ჩამოუჭრეს. მაგრამ არ მიეკარა. - ნეტა აგენმაც იციან დარდი? - უმისამართოდ იკითხა ლადომ. "იციან როგორ არ იციან! შეიძლება ჩვენზე მეტი გრძნობა ან წინათგრძნობა აქვთ. " და ლადოს ისევ გაახსენდა 10 წლის წინ დის ორმოცისთვის დასაკლავად გამოცალკევებულ მოზვერს, როგორ ღაპა-ღუპით ცვიოდა ცრემლები. - ლადო ბიძია, ძროხა ტირის? - თვალებგაფარფოებულმა ჰკითხა მეზობლის ბიჭმა, რომელიც ორმოცის სამზადისში იღებდა მონაწილეობას. მაშინ, შიგნით კი ჩაწყდა რაღაც, წამით, მაგრამ ახალგაზრდა დის დამმარხავს, მოზვერზე სადარდებელი გული გაქვავებოდა. ახლაც მოაგონდა დედის მონაყოლი, ცხვრების მოსიყვარულე მწყემსის შესახებ. ადრე, სანამ ეკლესიებს დაანგრევდნენ, ქადაგებებს უსმენდა თურმე დედა. "ჩვენც ხომ ღმერთები ვართ ამათთვის. იქნებ ჩვენც საკვები ვართ ღმერთისთვის, ან - სათამაშო." დილაადრიან სახელურად გარდიგარდმო გაჩრილი სარით წაიღეს გალია ტყეში, ეზოებიდან რამდენიმე კილომეტრით შორს. მიწაზე დადგეს და კარი გახსნეს. ლეკვი ყნოსვა -ყნოსვით მიუახლოვდა კარს და გარეთ გავიდა. თავიდან მუხლები ეკეცებოდა, მერე და მერე აუჩქარა, რამდენადაც შეძლო და ეკლის ბუჩქში შეძვრა. - პაწა ხანს ხომ, მაინც იცოცხლებს მის ნებაზე. - გააყოლა ლადომ სევდიანი სიტყვები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა, ქალბატონო მანანა მადლობა, ქალბატონო მანანა
3. ტურები ისე მომრავლდნენ...ლამის ეზოებში გვივარდებიან. ვერ ვიტან, ქათმების მტერიცაა და თან ისეთი კივილი იციან, გული გაგიჩერდება. თუ შეჩვეული არ გაქვს ყური, გეგონება, ვიღაც გარდაიცვალა და შესაცხადებლად კივიან ქალები. ემოციით სავსე მოთხრობაა 5 ტურები ისე მომრავლდნენ...ლამის ეზოებში გვივარდებიან. ვერ ვიტან, ქათმების მტერიცაა და თან ისეთი კივილი იციან, გული გაგიჩერდება. თუ შეჩვეული არ გაქვს ყური, გეგონება, ვიღაც გარდაიცვალა და შესაცხადებლად კივიან ქალები. ემოციით სავსე მოთხრობაა 5
2. მადლობა მუხა. ჩემს სოფელში ნადირობდნენ ტურებზე, როცა ძალიან გაუთამამდებოდნენ სოფელს. პატრონები - უნდა იყოს.
ეს თითქმის დოკუმენტური ნაწერია, ანუ მოგონებაა და პატრონების გამართვა დეტალებში მინდოდა აღმეწერა( ხშირად შევსწრებივარ ამ პროცესს), მაგრამ ყველაფრის სახელი ვერ გავიხსენე. საფანტი, პიჟი, წამალი. - ასე ეძახდნენ გურიაში. მგონი კიდევ რაღაც იყო საჭირო. მადლობა მუხა. ჩემს სოფელში ნადირობდნენ ტურებზე, როცა ძალიან გაუთამამდებოდნენ სოფელს. პატრონები - უნდა იყოს.
ეს თითქმის დოკუმენტური ნაწერია, ანუ მოგონებაა და პატრონების გამართვა დეტალებში მინდოდა აღმეწერა( ხშირად შევსწრებივარ ამ პროცესს), მაგრამ ყველაფრის სახელი ვერ გავიხსენე. საფანტი, პიჟი, წამალი. - ასე ეძახდნენ გურიაში. მგონი კიდევ რაღაც იყო საჭირო.
1. ძალიან კარგი, სევდიანი მოთხრობაა,ისე ტურას ძალიან უყვარს ქათმები.ტურას მისდევენ ხოლმე, ნადირობა ტურაზე არც გამიგია. ( თოფი ზეთით გაწმინდა და პატონები გაამზადა) პატონები ??
ძალიან კარგი, სევდიანი მოთხრობაა,ისე ტურას ძალიან უყვარს ქათმები.ტურას მისდევენ ხოლმე, ნადირობა ტურაზე არც გამიგია. ( თოფი ზეთით გაწმინდა და პატონები გაამზადა) პატონები ??
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|