ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჰაეგარი
ჟანრი: საბავშვო
18 ივლისი, 2014


პატარა სპილო სალი

      პატარა სპილო სალი სადღაც შორს, ცისარტყელების კუნძულზე ცხოვრობს. მას უყვარს მარტოობა, მფრინავი თეფშები და ლამაზი ბაღები, ცენტრში ლამაზქანდაკებიანი ცოცხალი შადრევნები რომ დგანან, მხიარულება, ციყვებისგან რომ არის გამოწვეული და დღეები, რომლებსაც მზეები ანათებენ...
      პატარა სპილო სალი ტირილს იწყებს, როდესაც ნაცრისფერი ქუჩების გავლა უწევს. მისი თვალები ვარდისფერია, მისი კანი - მწვანე. მას უყვარს მარტოობა, თუმცა გული უმძიმდება როდესაც მარტოსულ ადამიანებს ხედავს...
      პატარა სპილო სალის მეგობრები არასდროს ჰყოლია. როდესაც კუნძულის უფერულ ქუჩებში მიაბიჯებს ფიქრობს, იქნებ სულაც არ მიყვარს მარტოობაო, თუმცა თავს აჯერებს, რომ მარტოობაში ცუდი არაფერია, მას ხომ თავისი ბედნიერების გაზიარება არავისთვის უწევს...
      თუმცა პატარა სპილო სალის უყვარს ადამიანების დახმარება, ის უბრალოდ ზედმეტად მორცხვია იმისთვის, რომ მათ დაეხმაროს, ამიტომაც ზოგჯერ ხორთუმს იბზუებს ხოლმე და მოწყენილი სულდაკარგული ადამიანების სილუეტებს აჩერდება. პატარა სპილო სალის თავისი მალინისფერი, მწვანეზოლებიანი გული და მწვანე ლოყები წითლად უფერადდება, როდესაც ეს სილუეტები მასაც ამჩნევენ...
      პატარა სპილო სალის უყვარს სიყვარულზე ოცნება. ახლაც, უკანალი ლამაზად აუბზიკავს, თვალები მეოცნებედ უბრწყინავს, ხორთუმს კი სიხარულისგან ხან წინ, ხან კი უკან ათამაშებს, იქნებ ვინმეს მოეწონოს... რომელიმე ორთავიან ზებრას, ან იქნებ სამკუზა აქლემს...
      თუმცა პატარა სპილო სალი შეჩვეულია მარტოობას, ის დიდი ხნის წინ გარიყეს, რადგან მწვანე სპილო იყო, თანაც პატარა... თუმცა პატარა სპილო სალი მაინც ბედნიერია, რადგან არსებები მის გარშემო ზოგჯერ ფერადად ანათებენ...
      პატარა სპილო სალი ცისარტყელების კუნძულის ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მისეირნობს და მისი თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მოედინება. მას ჩახუტება ისევე ძალიან უნდა, როგორც ადრე დედის ხორთუმის შეხება სიამოვნებდა. დიდი სპილო ბალი მაშინ გარდაიცვალა როდესაც პატარა სპილო სალი იმაზე პატარა იყო, ვიდრე ახლაა.
      პატარა სპილო სალის ტირილი სიამოვნებს, რადგან გრძნობს, რომ გრძნობა შეუძლია.

      პატარა სპილო სალის შორიახლოს ხმაური ესმის, არ იცის რა ხდება, ან რა უნდა ხდებოდეს, თუმცა ფიქრობს რომ ხმაურს აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს, რადგან პატარა სპილო სალი ვერ იტანს ხმაურს.

      კუზიან ტურებს და სამთვალა გიენებს პატარა ზღარბი ბანი დაუჭერიათ და აწვალებენ. პატარა ზღარბი ბანი კივის, წივის და სიმწრისგან ცრემლები ცვივა.
      პატარა სპილო სალის ბრაზი იპყრობს და ხორთუმს ბრაზიანად იქნევს. ის ასეთი გაბრაზებული არასდროს ყოფილა, რადგან შიში პატარა ზღარბი ბანის თვალებში აქამდე არასდროს უნახავს.
      პატარა სპილო სალი ყვირილს იწყებს და ფეხებს მიწაზე აბაკუნებს... ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... იქამდე სანამ კუზიანი ტურები და სამთვალა გიენები ბოლომდე არ დაიშლებიან. როდესაც ისინი იგრძნობენ პატარა სპილო სალის სიმამაცეს, მიხვდებიან რომ ის არც ისეთი პატარაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
      პატარა სპილო სალი პატარა ზღარბ ბანის იხუტებს და ხორთუმს მთელ სხეულზე ახვევს. ოდნავ სტკივა, თუმცა ყურადღებას არ აქცევს, რადგან პატარა ზღარბ ბანის სიამოვნებს მასთან ყოფნა.
      პატარა სპილო სალის აღარ უყვარს მარტოობა, ახლა მას პატარა ზღარბი ბანი უყვარს, მფრინავი თეფშები და ლამაზი ბაღები, ცენტრში ლამაზქანდაკებიანი ცოცხალი შადრევნები რომ დგანან, მხიარულება, ციყვებისგან რომ არის გამოწვეული და დღეები, რომლებსაც მზეები ანათებენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები