 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 20 ივლისი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ის დრო იყო სერიალები რომ იწყება. ვაკომ ტელევიზორი გამორთო და ო’ჰენრის მოთხრობების წიგნით შეიარაღებული ტუალეტში განმარტოვდა. პრინციპში ისედაც მარტო ცხოვრობდა, თუმცა წიგნის კითხვას ამ ბოლო დროს მხოლოდ ტუალეტში ახერხებდა. უყვარდა ვაკოს ო’ჰენრი. იზოგავდა, დღეში მხოლოდ ერთ ან ორ მოთხრობას კითხულობდა. იმ დღეს ცოტა ცუდ გუნებაზე იყო. ლეო დაპატიჟა საქაბაბეში. სასტიკად გააფრთხილა წინასწარ, ახლა იცოდე მე გადავიხდიო. იმ სულელმა ნოქარმა შეცდომით ორმაგი ულუფა მოუტანა. უკან ხომ აღარ დააბრუნებდა არა? ძლივს შეჭამეს. მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ ორჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწია ვაკოს ვიდრე ვარაუდობდა. ეგ არაფერი, აიღებს ხელფასს და გამოსწორდება ყველაფერი. უყვარდა ვაკოს ო’ჰენრის პერსონაჟები: ღარიბები, უბრალონი და თითქოს მასავით უზრუნველნი, თან ხშირად ისეთი მოულოდნელი სცენარით სრულდებოდა თხრობა, რომ ვერაფრით წარმოიდგენდა ხოლმე. კმაყოფილმა დაამთავრა კითხვა. ხელები გადაიბანა, წიგნი თავის ადგილას დადო და სამზარეულოში გავიდა. ახალთახალ „BOSCH”-ის მაცივარს სიამაყით შეავლო მზერა. ეს ნივთი განვადებით შეიძინა ერთი თვის წინ და ზაფხულის ამ საშინელ ხვატში მისი მთავარი დასაყრდენი ძალა, ნამდვილი მეგობარი გახდა . მაცივარი გამოაღო. სიცარიელე უხერხულად მოხვდა თვალში. არაუშავსო გაიფიქრა, ისედაც მარტო ცხოვრობს. თავისთვის რაც უნდა კი დევს აქ. წყლის ბოთლიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა და შემდეგ საყინულე გამოაღო. ორი საათის წინ შედგმული ბოთლი უკვე ყინულის ლოდად იყო ქცეული. გამოიღო, მისაღებში გავიდა, იქ პატარა მაგიდაზე (სხვათაშორის მაცივარს რომ მოყვა ბონუსად) მხიარულად ციმციმებდა მისი პროფესიის ადამიანისთვის განუყრელი ნივთი-საკმაოდ მოძველებული ლეპტოპი. ამ ლეპტოპის დანახვაზე ვაკოს SONY VAIO გაახსენდა, დღეს დილით რომ ასე უტრიალებდა „ALTA”-ში. ის გაყიდვების მენეჯერი გოგოც როგორ ცდილობდა მის დარწმუნებას? ძალიან მაგარი ნივთიაო, თუ ქეშად გადაიხდი საჩუქრებიც მოყვებაო თუ არადა აირჩიე ნებისმიერი ბანკის უპროცენტო განვადებაო. ბოლოს სურვილს ნათელმა გონებამ სძლია. ვაკო თავის ჯაგლაგ ACER-ს მიუჯდა და პროგრამა ჩართო. ერთ ხანს გამალებით მუშაობდა. ხანდახან ჩერდებოდა და შემლღვალ ყინულებს ყრიდა ხოლმე ჭიქაში. მუშაობა რომ დაასრულა სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაუარა. მობილური აიღო, ნომერი აკრიფა და ყურმილი როგორც კი მიიტანა ყურთან პეტოს ჩახლეჩილი ხმა მოესმა -ვაკოს ვახლავართ, რაა ახალი? -პეტო, რაღაც თანხაა გადასარიცხი. -აუჰ, ეგ არ გეთქვა ახლა ბიჭო, ხომ იცი როგორ ატრაკებს მაგ თემაზე თემურა? -რა ვქნა, დეკლარაციები ხომ უნდა წარვადგინო? -რამდენია? -1800 ლარი დღგ-ში და 225 საშემოსავლოში-სხაპასხუპით მიაყარა ვაკომ. -მოდი რა ძმურად ჩვენთან ოფისში, თავად აუხსენი თემურას-მუდარა გამოურია ხმაში პეტომ.
პატივცემულ მკითხველს აღარ მოვაცდენ იმის აღწერით თუ როგორ ჩაიცვა ვაკომ, თუ რა სალანძღავ სიტყვებს ბურტყუნებდა თემურას მისამართით, შიგადაშიგ გინებით შეკაზმულს და ა.შ. პირდაპირ იმ სცენაზე გადავალ, როცა ოფისში, კომფორტაბელურ კაბინეტში, პრიალა მაგიდის წინ მდგარი ვაკო აკვირდება ამ მაგიდაზე შემოწყობილ თემურას ფეხებს და მოთმინებით, ხელების გამოყენებით უხსნის შეფს რაღაცას. -ბევრია ძმაო-თქვა ბოლოს თემურამ-გამოდის სახელმწიფოს ვარჩენ, უნდა დავხურო ეს მაღაზია ამის დედაც მოვტყან რაა! -ასეა ბატონო თემურ, შეგვიძლია ერთად გადავამოწმოთ პროგრამაში. -გენდობი კაცო, შენისთანა ვინ მყავს. ამდენი ფული საიდან მოვიტანო-თავზე ხელები შემოიწყო და ჩაფიქრდა თემური. -ბატონო თემურ იქნებ ჩემი სამასი ლარიც გამოძებნოთ?-მორიდებით შეახსენა ვაკომ. -რომელი თვის? ხელფასი არ აგიღია ჯერ? -წინა თვის-ივნისის, ახლა 14 ივლისია უკვე. თან სიმბოლურია, ამ დღეს აიღეს ბასტილია-მე კი ხელფასს ავიღებ-გახუმრება სცადა ვაკომ. -არ ვიცი ვინ აიღო კასტილია, მაგრამ რამეს მოგიხერხებ, დღეს თუ არა ხვალ-ზეგ მაინც-დიდსულოვნად შეპირდა შეფი. და მერე მჭმუნვარე სახით დაამატა: -წავედით, გადავიხადოთ გადასახადები.
ოფისიდან გავიდნენ. თემურმა მანქანა გამოაგორა. აღფრთოვანებული უყურებდა ვაკო, ლაპლაპა შავ ჯიპს. მანქანას ნაკლი არ ქონდა. ეჰ, მე როდის ვიყიდი ასეთსო-გულში გაიფიქრა. პირველად ჩაჯდა თემურას მანქანაში. სალონიც ბრწყინვალე ქონდა ამ მანქანას: ტყავით გაწყობილი სავარძლები, ბორტ-კომპიუტერი, მონიტორები უკანა სავარძლებზე. თემურმა კონდიციონერი ჩართო და ვაკოს სასიამოვნოდ დაუარა ტანში სიგრილემ. -მოგწონს?-ყურებამდე გაღიმებულმა კითხა თემურმა. -ძალიან მაგარი მანქანაა-ძლივს დაილუღლუღა ვაკომ. -ჰოო, ეს ახალი გამოვიყვანე, ნახმარი 70 000 დოლარი ღირს... ვაკოს სიცილი აუვარდა. იცინოდა და ვერ ჩერდებოდა. იმ წამს ირგვლივ აღარაფერი აინტერესებდა, არც თემური, არც მისი მანქანა, არც თავისი ხელფასი. ვაკოს თემურის სიტყვებზე საათების წინ წაკითხული ო’ჰენრის „დაუმთავრებელი მოთხრობის“ ბოლო ფრაზები გაახსენდა და ახლა მზად იყო კარგად მიებეგვა ეს გაბღენძილი ტიპი, წაერთმია მანქანა, თავად თემური სადმე უკაცრიელ ადგილზე მიეგდო და გაქცეულიყო შორს, ძალიან შორს სადაც ვერასოდეს ვერავინ მიაგნებდა...
ვაკო და თემური რას იზამენ უკვე საინტერესო აღარაა ალბათ. ამიტომ ამ ეპიზოდში დავამთავრებ თხრობას. ისე რამდენი ადამიანი გაიქცეოდა სადმე უკაცრიელ ადგილას სულ ცოტა ერთი კვირით მაინც, არა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ეტყობა ისე ჩვენსი რომ დარცეს ო'ჰენრის სიყცვარული:) კარგია მობრიუნებას ძთუ სისტემატურ ხასიატს მისცემ ზეუსო:) ეტყობა ისე ჩვენსი რომ დარცეს ო`ჰენრის სიყცვარული:) კარგია მობრიუნებას ძთუ სისტემატურ ხასიატს მისცემ ზეუსო:)
4. ისე რამდენი ადამიანი გაიქცეოდა სადმე უკაცრიელ ადგილას სულ ცოტა ერთი კვირით მაინც, არა? გაიქცეოდა და დედაც ეტირებოდა.
ისე რამდენი ადამიანი გაიქცეოდა სადმე უკაცრიელ ადგილას სულ ცოტა ერთი კვირით მაინც, არა? გაიქცეოდა და დედაც ეტირებოდა.
3. თავხედი ავტორები მომწონან
მაგრამ მეტისმეტია, გადამიწყვიტონ, კიდევ არის თუ არა ჩემთვის საინტერესო გმირების ამბავი =) თავხედი ავტორები მომწონან
მაგრამ მეტისმეტია, გადამიწყვიტონ, კიდევ არის თუ არა ჩემთვის საინტერესო გმირების ამბავი =)
2. არის კიდეც რეკლამა :) ნუ ო'ჰენრის ჩემი რეკლამა რად უნდა მაგრამ მაინც. არის კიდეც რეკლამა :) ნუ ო`ჰენრის ჩემი რეკლამა რად უნდა მაგრამ მაინც.
1. პირველი ნაწილი მთლად სარეკლამო სტატიას ჰგავდა :)
ზეუსის "დაუმთავრებელი მოთხრობა" :)
პირველი ნაწილი მთლად სარეკლამო სტატიას ჰგავდა :)
ზეუსის "დაუმთავრებელი მოთხრობა" :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|