ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2014


მითის ტყვეობაში

მითის ტყვეობაში


  ლიფტიდან გადმოვიდა თუ არა, იგრძნო, როგორ ღელავდა. საკუთარ თავზე მოსდიოდა გული. მერე ესეც სტრესულ მდგომარეობას მიაწერა, როგორც ბოლო დროს სჩვეოდა და ცოტა დამშვიდდა. კრიმინალთან შეუღლებულ ბიზნესსა და რთულ გარჩევებში წლობით ჩართულს სწორედ მაშინ წამოეწია ფსიქიკური პრობლემები, როცა ეს ყველაფერი უკვე ჩავლილი იყო.
  კარი ახალგაზრდა, სანდომიანმა ქალმა გაუღო, სახეზე კითხვის გამოხატულებით. კაცი თავის მხრივ შეეცადა გამოეცნო მისი ფუნქცია. თანაშემწეს არ ჰგავდა, არც დიასახლისს, უფრო ქალიშვილად მიიჩნია. მასპინძელი არ ენახა, მაგრამ მასზე გაგონილი ინფორმაციით ახირებულ, ხანდაზმულ კაცად წარმოედგინა.
  -პროფესორი შინაა?- იკითხა და ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.მაღალი და თხელი, ცოტა სევდიანად გულითადი, თითქოს რაღაც საიდუმლოს მალავსო. იყო მასში რაღაც შინაურული, სულ რომ გაფიქრებინებს, სადღაც მინახავსო.
  -თქვენ ალბათ ბატონი სულხანის ახლობელი ბრძანდებით? მობრძანდით, გელოდებათ!- ქალმა გაუღიმა, სანდომიანად, მაგრამ უფრო დასწავლილი ღიმილით, როგორც კაცს მოეჩვენა.
  -დიახ. უკვე დარეკეს? სამწუხაროდ, ჩვენში ჯერ-ჯერობით რეკომენდაციის გარეშე არაფერი ხდება. ქალმა გაურკვევლად დაუქნია თავი. კაცი მიხვდა, ქალზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მისი მსგავსი, შეწუხებული სახით სავარაუდოდ აქ ბევრი ენახათ.მასპინძელი მისაღებში შეუძღვა. პროფესორი სავარძელში იჯდა. მის დანახვაზე თავი წამოსწია, სათვალე მოიხსნა, გადაშლილ ჟურნალზე დადო, წამოდგა და ხელი გამოუწოდა:
  -მაშ, სამშობლოში მობრუნებული უძღები შვილი, წარმატებული მეწარმე, არა.
  -არცთუ, ისე წარმატებული.- შეუსწორა კაცმა ღიმილით. ექიმის ენერგიული, მკვეთრი მანერები ცუდად დაფარულ ასაკს ვერ მალავდა. კაცი მიხვდა მისდამი გამოჩენილი ყურადღება  უფრო მისი რეკომენდატორის დამსახურება იყო. ან სულაც პაციენტის ნდობის მოპოვების პროფესიული ჩვევა. სტუმარი პროფესორის წინ სავარძელში ჩაეშვა.საშუალება მისცა მისი სახე ეკონტროლებინათ. ამით, თითქოს კაპიტულაციას უცხადებდა.
  -იცით, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო.
  -თქვენ უკვე დაიწყეთ.- გაეღიმა მასპინძელს. -ოთხმოცდაათი პროცენტი ასე იწყებს.
  -ვერ წარმოვიდგენდი, ასე დაშტამპული თუ ვიქნებოდი.
  -გამოდის, რომ განსაკუთრებულობაზე გაქვთ პრეტენზია. ნუ ინერვიულებთ, ყველა ადამიანი აპრიორი განსაკუთრებულია, ეს ფსიქოთერაპიის ანაბანაა. დავიწყოთ თუნდაც ბავშვობიდან. ბევრი კითხვის პასუხი ჩვენი ხელობის კაცისთვის ბავშვობაშია.
  -კი, ბატონო!- კაცი გამოცოცხლდა, მაგრამ ჩათვალა, რომ უფრო მობილიზებული უნდა ყოფილიყო.
  -გულწრფელად მიამბეთ,- თითქოს ფიქრს მიუხვდნენო, -სხვანაირად აზრი არა აქვს.
  -ტიპიური ქალაქელი ბიჭი, ძველი უბნიდან. ქუჩა, მეგობრები...დაბალი სოციალური გარემო.
  -და გარემოცვა?
  -მამამ ადრე მიგვატოვა. არასოდეს მიკითხავს დედისთვის ამის მიზეზი. მას საერთოდ არ ვახსენებდით. ერთადერთ  შვილს გადაყოლილი ავადმყოფი დედა, შვილი კერპად რომ უქცევია.
  P-და ეს არ გრთგუნავდათ?
  -რათქმაუნდა მთრგუნავდა, მაგრამ მეორე მხრივ იყო უბანი,  მეგობრები.
  -მეგობრებზე მიამბეთ.
  -უფრო ერთი მეგობარი. როგორც ჩვენში იტყვიან, „ტრუსიკის ძმაკაცი”, საბავშვო ბაღიდან ერთად რომ მოვდიოდით. უბნის გამორჩეული ბიჭი იყო. ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს ადრეულ ასაკში.
  -იყოო, ამბობთ, აღარ არის?
  -მართალი გითხრათ, არც ვიცი. აფხაზეთში წავიდა საომრად, იქ რაღაც აერია. ომის დასრულებამდე უცხოეთში გადაიხვეწა. როგორც ჩანს, ჰქონდა მიზეზი. იყო მასში რაღაც ავანტურული.
  -და თქვენ არ წახვედით ომში?
  -ეს ჩემი ტრაგედია იყო, დედის მიტოვება ვერ შევძელი. ძალიან განვიცადე, ხომ წარმოგიდგენიათ, როცა შენი ყველა მეგობარი იქაა, შენ კი... თავად ვატო მეუბნებოდა, შენი საქმე სხვაა, ძმაო, ნინა დეიდას ნუ მოუსწრაფებ სიცოცხლესო. იქნებ ამანაც დააჩქარა ჩემი უცხოეთში გადახვეწა დედის გარდაცვალების მერე. იქ შევიტყვე ვატოს ამბავი- უგზოუკვლოდ დაღუპვის ვერსიას ავრცელებენ მისიანებიო. ისიც გავიგე, თითქოს ამ ამბავს მისი შეყვარებული შეეწირა, თავი მოიკლაო, ამბობდნენ.- კაცს მოგონებები წამოეშალა. ვატოსთან ბოლო შეხვედრა გაახსენდა. დაუდევრად ქუდჩამოფხატული, ხელში „კალაშნიკოვით”.ცდილობდა სენტიმენტალობა არ შეტყობოდა.
  „დეა მეცოდება, ჯერ ბავშვია, არ მინდა ცხოვრება გაიფუჭოს... ეგ რა შუაშია, ხომ იცი ჩემი ამბავი, მე ქალის შემყვარებელი არა ვარ...ვინ გითხრა, რომ ვატყუებ...”
  -ეჰ, ვატო რომ გვერდით მყოლოდა, ალბათ, ჩემი საქმეც სხვანაირად წავიდოდა, დარწმუნებული ვარ.
  -ნურაფერში იქნებით ბოლომდე დარწმუნებული, ჩვენ ხომ, უფრო ხშირად მითების თხზვით ვართ დაკავებული.მერე ამ მითებში ვცხოვრობთ.ეტყობა, ამის გარეშე გაგვიჭირდებოდა.
  -ვითომ?
  -და რაიმე ფარული მეტოქეობა ხომ არ იყო თქვენს შორის, როგორ ფიქრობთ?
  -არა მგონია. ის უბნის აღიარებული ყოჩი იყო, ამას ყველა აღიარებდა, მეც შეგუებული ვიყავი.
  -შეგუებულიო, თქვით , თუ მომეყურა? კაცი შეცბა. ”ზედმეტად დაუდევრად ვიქცევიო”, გაიფიქრა.
-კარგი, დავანებოთ ამას თავი. მაინც რას უჩივით?
  -ბოლო დროს საშინელი დისკომფორტი მაქვს.უპერსპექტივობის მძიმე განცდით, რასაც შიში მოსდევს.  -  -უფრო ხშირად ღამით მომდის. უფრო სწორად, გაღვიძებისას. უცბად ვფხიზლდები და აკვიატებულ აზრს ვერ ვიშორებ. რომ ყველაფერი დამთავრდა და არასოდეს განმეორდება. სულის ხუთვას ვგრძნობ, ჭირის ოფლი მასხამს და სასოწარკვეთა მიპყრობს.
  -ეს ჩვეულებრივი ნევროტული მოვლენაა, ჩემო კარგო! და რა ინტენსივობით გახსენებთ თავს?
  -ადრე უფრო იშვიათად, ამჟამად აშკარად გახშირდა.უკვე შიშით ვიძინებ ყოველღამე.
  -უნდა შეძლოთ მოიშინაუროთ თქვენი შიში, მოათვინიეროთ.
-ხო მაგრამ, სულ ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც ასეთი მოვლენა ფატალურად დასრულდეს. ასეთ დროს ვხვდები, რა ადვილია თვითმკვლელობა.
  -სუიციდის მიმართ სხვადასხვა კულტურას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.იაპონელი სხვანაირად უყურებს ხარაკირს, მას ღირსებასთან აკავშირებს და არა სასოწარკვეთასთან.
  -შოპენჰაუერისათვის ეს თავისუფლების დემონსტრირებაა, თუ სწორად მახსოვს.
  -მართალია, ამაზე ნუ ვიდავებთ.დაე ფილოსოფოსებმა იმტვრიონ თავი. მათი საქმეა აბსურდების ამოჩემება. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ პირველი პაციენტი, რომელიც მე სიკვდილს გამოვტაცე, სუიციდის მცდელობას კინაღამ შეეწირა.
  -მართლა?
  -ახალგაზრდა ქალიშვილმა, რომლის შეყვარებულიც აფხაზეთში იბრძოდა, გადაწყვიტა ფრონტზე ჩაეკითხა, თავი ჟურნალისტად გამოაცხადა და ტამიშისკენ გაემგზავრა. მაგრამ აკრეტიზაცია გახდა საჭირო, მაშინ სანიტარულ ბრიგადას მიეკედლა. ბრიგადამ დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია, ხომ იცით, რა ქაოსი იყო მაშინ. ამასობაში შეიტყო, რომ ის ჭაბუკი დაღუპულიყო. ათი აბი ძილის წამალი მიიღო. ძლივს მიუსწრეს.
  -და ვინ იცის, იქნებ ეს ისტორიაც მითია?
  -გამორიცხულია.- წარმოსთქვა პროფესორმა ისე კატეგორიულად, რომ კაცი მიხვდა, მისთვის ეს ამბავი უაღრესად მნიშვნელოვანი რამ იყო. -იმისდა მიხედვით, თუ რა გზას ირჩევს თვითმკვლელი მიზნის მისაღწევად, მისი სუიციდისადმი მიდრეკილების ხარისხს ამჟღავნებს. უმთავრესად ისეთ საშუალებას ირჩევენ, საიდანაც გადარჩენის თეორიული შანსი ყოველთვის რჩება.
  -და ამ შემთხვევაში როგორი იყო გადარჩენის შანსი?
  -თავი დავანებოთ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.- კაცი მიხვდა, რომ მის მოსაუბრეს ამ თემაზე გაგრძელება არ სურდა. თავისთვის დაასკვნა, ამით მის, როგორც პაციენტის ნდობას საფრთხეს შეუქმნიდა. გამოცდილებით იცოდა, მორიგ ქალთან წინამორბედზე არ უნდა ელაპარაკა, რადგან პარტნიორი ჩათვლიდა, რომ მასზეც ასე ილაპარაკებდნენ მომდევნოსთან.  კარი გაიღო და ქალის ღუღუნა ხმა გაისმა:
  -უკაცრავად, შემოგეჭერით, ყავას ხომ არ ინებებდით?
  ეტყობოდა, ესეც მკურნალობის პროცესის ნაწილი იყო. კაცს მოეჩვენა, რომ ეს იდუმალი, ყელისმიერი ხმა ადრეც მოესმინა.
  -კარგი იქნებოდა, შენ ყოველთვის დროულად აკეთებ რეაქციას, მედეა!- მიუგო ექიმმა. -თქვენც ხომ მიირთმევთ?
  - ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.- თქვა კაცმა და მიხვდა, როგორი დაძაბული იყო აქამდე. პროფესორის აღტაცებულმა მზერამ მიახვედრა, რომ მისი პირვანდელი დასკვნა ქალის სტატუსზე მცდარი იყო. ის აშკარად მეუღლე უნდა ყოფილიყო, თანაც გაღმერთებული.
  -თქვენთან ჩემი პრობლემა როგორღაც უმნიშვნელოდ მეჩვენება. ეტყობა თქვენი სიტყვებიც კი კურნავს.
  -ჩვენ სიტყვების მეტი არაფერი გაგვაჩნია, ესაა ჩვენი ერთადერთი იარაღი.
ქალმა ყავის ორი ფინჯანი შემოიტანა.გრძელი, თხელი თითებით დადგა დაბალ , ჟურნალის მაგიდაზე.
  -ხომ არავინ მელოდება?- იკითხა ექიმმა.
  ის ახალგაზრდა კაცი იყო, გუშინ რომ მოგაკითხა. წავიდა და ცოტა ხანში დავბრუნდებიო- დაიბარა.
კაცს მოეჩვენა, რომ ქალი ყურადღებით ათვალიერებდა.  ჩათვალა, რომ მისი ჯენტლმენური იმიჯის შესაქმნელად ქალისთვის რაიმე ქათინაურის თქმა იყო საჭირო:
  -თქვენ დიასახლისობას მშვენივრად უთავსებთ ექიმის ასისტენტობასაც, მინდა გითხრათ.
  -სხვათა შორის, მე ჩემი მეუღლის პაციენტიც ვიყავი, თანაც პირველი.  კაცს ექიმისკენ არ გაუხედავს, მოერიდა.

      2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები