 | ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა 22 აგვისტო, 2014 |
შფოთი იდიოტია, ათიათასჯერ უთხრა სიომ რომ მოსავლის დათესვის შემდეგ ლოცვა უნდა თქვას, თუმცა არად დაგიდევთ ნათქვამს. უღიმღამოდ მიმოაბნევს მარცვლებს, მიწვება ჩრდილში, ჩართავს მაგნიტოლას და უხეირო მუსიკებს უსმენს. სიო ჩვენი სოფლის მამამთავარია, მაღალი, გამხდარი და ბებერი, ცოტა პირქუშიც ხანდახან, მაგრამ გული კეთილი აქვს და ზუსტად ამიტომ ყველას უყვარს. ქალაქში რამოდენიმეჯერაა ნამყოფი, ზეპირად იცის ჩვენი სოფლის ისტორია და წინაპრების სახელები, უხსოვარი დროიდან დღემდე. მზედარის დღესასწაული ყოველთვის მისი ხელმძღვანელობით ტარდება და ღმერთებსაც უყვართ სიო. ჩემი სახლიდან ორმოც ნაბიჯზე ცხოვრობს თავის ცოლშვილთან ერთად. მისი ცოლი ბია შედარებით ახალგაზრდაა, წაწვეტებული ძუძუები აქვს და გრძელი კისერი, ბავშვს ამუ ჰქვია და მდინარის იქით ახალაშენებულ სკოლაში სწავლობს. ბია ფეხმძიმედაა და მომავალ შვილს მთვარეს დაარქმევს ეს ყველამ იცის. Mama avunana, Nasasama ni rono! - დილას ლოცვით ვიწყებთ, ასეთია სოფლის წესი. სიო ამბობს ჩვენი წინაპრები უფრო მეტს ლოცულობდნენო და ჩვენ მაგ მხრივ ცოტას მოვიკოჭლებთო. თან შფოთისკენ მიგვანიშნებს ამ დროს, რომელიც თავის მაგნიტოლას ჩაკირკიტებს და რადიო ტალღებზე მართავს. შრიალ-ჟღრიალი წყდება და მაგნიტოლა ხმამაღლა სიმღერას იწყებს:
If you negotiate the minefield in the drive And beat the dogs and cheat the cold electronic eyes... შფოთის ალიყური მოხვდა და მისი მაგნიტოლაც დადუმდა. ლოცვა ლოცვაა და ყველამ უნდა თქვას ყურადღებით, თავი გამოიჩინეს მარტივი ცოდნით ჭორიკანა ქალებმა. შფოთი უკმაყოფილოა და შმუშვნით იქექავს თავს, თან თავის შიშველ, მტვრიან ფეხებს ჩასჩერებია და უმარილოდ ბუტბუტებს ლოცვას. სკოლა მოსულებმა ააშენეს, საჩუქრად. მაგნიტოლაც მოსულებმა აჩუქეს შფოთის, როგორც თვითონ ამბობს - თავგამოჩენილობისათვის. თუმცა კი, კაი ხანია თავად იშვიათად თუ წავა ხოლმე სკოლაში. შორიაო ამბობს, არადა ვიცი რომ უბრალოდ სწავლა ეზარება. მაგრამ ხანდახან მაინც მიდის, უფრო მაშინ როდესაც თავად უჩნდება კითხვები, ან მაგნიტოლა მუნჯდება და აღარ მღერის. სხვა სოფლიდანაც მიდიან სკოლაში და სწავლობენ უცხოურ ასოებს. მე არ მიზიდავს დიდად სკოლა და არ ვსწავლობ. დედა და მამაც არაფერს მეუბნებიან. შფოთი ამბობს სკოლა საჭიროა, მაგრამ ჩვენთვის არაო. "-ჩემთვის და შენთვის ა-რ-ა!" - ამბობს დამარცვლით. როდესაც ვკითხულობ, თუ რატომ, შფოთი თავში მიკაკუნებს და ამბობს: "-იმიტომ რომ, ჩვენ..." - თითქოს სოფელს მოატარებსო თავზე ხელს, "- M'ama avunana, N'asasama ni rono!" - გაცინვით ამბობს და თან იმანჭება. - არ შეიძლება ეგრე! - ვეუბნები მკაცრად. თუმცა სახეზე ეტყობა რომ მას ღმერთების არ ეშინია.
შფოთი მოკვდება ალბათ... ღმერთები მოკლავენ.
- ქალაქში უნდა წავიდე და იქ ვიცხოვრო! - ამბობს შფოთი. - და მხოლოდ მზედარის დღესასწაულზე ჩამოხვალ ხოლმე? - არა - მპასუხობს მშვიდად. გაოცებისგან ყბა მივარდება. მზედარის დღესასწაულზე სოფლიდან აუცილებლად ყველა უნდა დაესწროს, თორემ ღმერთი ბუკუნუ განსაცდელს მოგვივლენს. შფოთიმ ეს იცის თუმცა... - აი ნახე! - მიწვდის ქაღალდის ნაგლეჯს, რომელზეც უამრავი უზარმაზარი სახლი ხატია, ცაში აშვერილი. - მოკვდები! - არაა! - თავს იქნევს და მაგნიტოლას ხმას უწევს. ჯოხით მაღალ სახლებს ხატავს ქვიშაში, მზე სახეზე დასთამაშებს და გამშრალი ტუჩებით უცხო სიტყვებს ბუტბუტებს. მტვრის სუნი მცემს და მის მაგივრად მეშინია.
შფოთი მოკვდება ნამდვილად... ღმერთები მოკლავენ.
Mama avunana, Nasasama ni rono!
ღმერთი ბუკუნუ კაშკაშა ვარსკვლავზე ცხოვრობს და ყველაფერს ხედავს. სიო ამბობს მან ყველაფერი იცისო, ამ დროს ფუსფუსი გადაირბენს ხოლმე ჭორიკანა ქალებში. შფოთისკენ ვაპარებ თვალს, იგი როგორც ყოველთვის, არად დაგიდევთ მოძღვრებას და შუშის ჭურჭელში გამომწყვდეულ პეპელას აჯანჯღარებს. "- ღმერთი ბუკუნუ!.." - ხმას უწევს სიო. შფოთი პეპელას ფეხებთან ათავსებს და თითქოს სმენად არის ქცეულიო თვალებს განგებ აფართოვებს.
- Mama avunana, Nasasama ni rono! - ფუტკრებივით ვზუზუნებთ და ჰაერი თითქოს წყალივით დუღდება.
კეთილი სებალა მდინარის პირას მარხია. სიო ამბობს ბევრი კარგი საქმე აქვს ჩადენილი და უამრავი ავადმყოფი მოურჩენიაო, სასწაულის მოხდენაც შეეძლოო. მის საფლავთან ხშირად მოჰყავთ სალოცავად დავრდომილები. იგი ბოლო დროის ყველაზე პატივსაცემი ადამიანი იყო თურმე ჩვენს მხარეში. თანრიგის მიხედვით წლევანდელი მზედარის დღესასწაულზე მისი მეშვეობით უნდა ვთხოვოთ ბუკუნუს შეწევნა. დიდი ზეიმი იქნება ამ წელს, კეთილ სებალას ამოვასვენებთ დროებით საფლავიდან და მის ნეშტთან საცეკვაოდ სხვა სოფლებიდანაც მოვლენ. ჩვენ უზარმაზარ კოცონს დავანთებთ.
მზედარის დღესასწაულის დროს წვიმა იშვიათია, თუმცა დღეს რატომღაც გაგვიწყრნენ ღმერთები. სიო ამბობს, არაფერია, ცა ჩვენს ცოდვებს ტირისო. - Mama avunana, Nasasama ni rono! - სხვებიც აყვნენ სიოს ლოცვაში და აზუზუნდა ზღვა ხალხი. გონგი შემოკრეს და კოცონის გარშემო ქაჯებივით დაიწყეს ხტუნვა დიდმა და პატარამ. კეთილი სებალას ნეშტი ჭილოფშია გახვეული და მას სოფლის ბრგე ვაჟკაცები მოასვენებენ. მომლოცველთა რიგი ათას ნაბიჯზეა გადაჭიმული. ხალხი ცდილობს რაც შეიძლება მიუახლოვდეს კეთილ სებალას და ხელით შეეხოს მის ნეშტს. სიო მათ დაშოშმინებას ცდილობს და გამუდმებით იმეორებს ლოცვებს. მოულოდნელად ვიღაც ჭილოფს მიწვდა და კიდე შემოახია, უმალ დაიხია უკან და ჩახუტებულ ნაგლეჯთან ერთად სწრაფად მოშორდა ადგილს ბაჯბაჯით. მას მეორე მიჰყვა. სიომ სცადა მათი შეკავება და ხელგაშლილი წინ გადაუდგა. ხვლიკივით გაუძვრა ფეხებში ტიტლიკანა მუცელგაბერილი ბავშვი და უკან მშობლებს გახარებულმა მოხედა, მყის შეტრიალდა, მიწვდა ჭილოფს და მსხალივით ჩამოეკიდა. ახლა სხვა მხრიდან შემოუტია ბრბომ და ჭიანჭველებივით დაესიენ ნეშტს. ბრგე ვაჟკაცები ხელის კვრით ჩამოაცილეს, ერთი-ორი სიოსაც მიკრეს და მიწაზე დააგდეს. ატყდა ყიჟინა და ხალხმა ერთმანეთზე იწყეს გადასვლა, ორი წუთიც და კეთილი სებალასგან აღარაფერი დარჩა, ვის ტერფის ძვალი მიჰქონდა სახლში, ვის ხელის მტევანი. სიო გაფითრებული თავში იცემს ხელებს და ბოლო ხმაზე გაჰყვირის ლოცვებს: - Mama avunana, Nasasama ni rono! - მისი ხმა აურზაურში იკარგება და აქა-იქ თუ ისმის გამოკვეთილად. საშინელი ყიჟინა შეიქნა. ახლა ერთმანეთს სტაცებენ ხელიდან კეთილი სებალას სხეულის ნაწილებს. სიო ჩაიმუხლა და ატირდა. მოულოდნელად ცამ დაიქუხა და საშინელი კოკისპირული წვიმა დასცხო...
სამი დღე გადაუღებლივ წვიმდა...
სამი დღე არ მოშორებია სიო იმ ადგილს. იჯდა და გაჰყურებდა ჰორიზონტს უაზროდ. ბია ეხვეწა სახლში წაჰყოლოდა, ამუ მკლავზე ექაჩებოდა, მაგრამ არ დაანება არცერთს. იჯდა და დილიდან საღამომდე ბუტბუტებდა ლოცვებს. სთხოვდა ღმერთებს შენდობას. მესამე დღეს თავად ადგა და თავდახრილი გაუდგა სახლის გზას. იმ დღეს ბიას შვილი ეყოლა, ბიჭი, ორთავიანი. ამიტომ მზე და მთვარე დაარქვეს. სიო ქოხიდან გამოვიდა, ცას ახედა და კვლავ გაიღიმა.
საღამოს შფოთის მივაკითხე სახლში, თუმცა ქოხში შესულს ადგილზე მხოლოდ მისი მაგნიტოლა დამხვდა. შფოთის ერთადერთ პერანგს, რომელსაც მხოლოდ თავის დაბადებისდღეზე იცვამდა ვერსად მოვკარი თვალი და მივხვდი რომ წავიდა. ფანჯარა გამოვაღე და გარედან შემოვარდნილი სველი მიწის სუნი ღრმად ჩავისუნთქე. მაგნიტოლას დავწვდი და ჩამრთველს დავაწექი:
Hey Jude, don't make it bad Take a sad song and make it better Remember to let her into your heart Then you can start to make it better...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობთ, რომ წაიკითხეთ, მისის სმიტ და ხათუნა! :) მადლობთ, რომ წაიკითხეთ, მისის სმიტ და ხათუნა! :)
6. ფოლკნერი გამახსენა
საკმაოდ კარგია
და მუსიკა. მუსიკა. ფოლკნერი გამახსენა
საკმაოდ კარგია
და მუსიკა. მუსიკა.
5. თითქოს პრეისტორიულ ხანაში გადავინაცვლე. დროის, ცოტა არ იყოს, უცნაური შერწყმა უფრო საინტერესოს ხდის ნაწერს. ძალიან კარგია ეს ყველაფერი. თითქოს პრეისტორიულ ხანაში გადავინაცვლე. დროის, ცოტა არ იყოს, უცნაური შერწყმა უფრო საინტერესოს ხდის ნაწერს. ძალიან კარგია ეს ყველაფერი.
4. 1. მარის: არ ვიცი, თუ მოგეწონა კარგია ალბათ, თუ არა ცუდი :) შემეძლო რომელიმესთვის დიდი პაპის სახელი დამერქმია, მაგრამ გამიტყდა. პაპის არა, უფრო პერსონაჟის. ვერ გავიმეტე. :D 2. ჯონათანს: თითქოს არა, უფრო კინაღამ :) 3. მადლობ ნათია :)
საერთოდ ყველას მადლობა :) 1. მარის: არ ვიცი, თუ მოგეწონა კარგია ალბათ, თუ არა ცუდი :) შემეძლო რომელიმესთვის დიდი პაპის სახელი დამერქმია, მაგრამ გამიტყდა. პაპის არა, უფრო პერსონაჟის. ვერ გავიმეტე. :D 2. ჯონათანს: თითქოს არა, უფრო კინაღამ :) 3. მადლობ ნათია :)
საერთოდ ყველას მადლობა :)
3. ძალიან მომეწონა )
ძალიან მომეწონა )
2. კეთილი სებალას ნაწილ-ნაწილ დატაცების კადრი თითქოს სადღაც მინახავს :)
ნუ მოგვანატრე ასეთი ნაწერები :)
კეთილი სებალას ნაწილ-ნაწილ დატაცების კადრი თითქოს სადღაც მინახავს :)
ნუ მოგვანატრე ასეთი ნაწერები :)
1. სახელები რომ მეუცხოვა, ეს კარგია თუ ცუდი ნეტავ? სიო მომეწონა, კაი ვინმეა. შფოთიც :D მოგიკითხე და მიხარია, რომ შემოგვირბენ ხოლმე:) სახელები რომ მეუცხოვა, ეს კარგია თუ ცუდი ნეტავ? სიო მომეწონა, კაი ვინმეა. შფოთიც :D მოგიკითხე და მიხარია, რომ შემოგვირბენ ხოლმე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|