ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2014


საზიდი ჯვარი

მე, ალბათ ისევე როგორც თქვენ,
მშობლების საყვარელი შვილი ვარ.
წამოვიზარდე თუ არა, პაპა იგავების მოყოლას შეუდგა, მამა-ზღაპრების...
ბებომ ,,საგანძური“ აიღო ხელში, დედამ-ბიბლია.
ჰო და, ვიცი, რა მისიით მოვიდა ნოე, ნინო, ილია,
ჰომეროსი ან ბახი...

ვფიქრობდი ხოლმე
ვინ იცის, როცა ზედგინიძე მეფის საწოლში სიკვდილს ელოდა,
კომბლებს  თლიდა და ჭერში აწყობდა კომბლე...
ნაფნაფი აგურის სახლს აშენებდა,
გოგო კი ჭინჭრის წინდებს უქსოვდა ობლებს...

ეს არ წამიკითხავს,  მე თვითონ ვნახე -
წიწილა ცას უყურებდა. თავს კრუხი ისე დაჰკანანებდა,
რომ ასე ვთარგმნე- გაიზრდები და შენც აფრინდებიო ხის კენწეროზე.
გავბრაზდი.
დედას ვკითხე, დე, რა გაჩუქო-მეთქი დაბადების დღეზე?
-კარგი შვილი იყავიო დედამ.
მე იმ წიწილასავით უბედური არასოდეს ვყოფილვარ.

არც მოსედ დავბადებულვარ,
არც აინშტაინად, რომ ფარდობითობის თეორია ჩამოვაყალიბო.
მაგრამ როდესაც თორმეტი საათი შემისრულდება,
აუცილებლად დაგიტოვებთ იმას, რაც თორმეტი საათისთვის მქონდა.

მე ვიცი ჩემი საზიდი ჯვრის წონა
და მაპატიეთ,
თუ ტვირთის სახლში შეტანაში ზოგჯერ ვერ დაგეხმარეთ...
მე არასოდეს გადავდებ ჩემს ჯვარს,
თქვენ კი ნუ შთააგონებთ წიწილას,
რომ მისი ადგილი ხის კენწეროზეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები