ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზალი
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2014


დღეს (დღე მეორე)

დღეს გვიან ავდექი.
მიყვარს საკუთარი თავის მოტყუება
წავედი სოფელში. ბიძას ვესტუმრე.სავარაუდოდ, ჩემი ფრთის პირველი ნამსხვრევი იქ უნდა მომეძებნა. მის სახლში. ტახტთან, რომელიც დგას ბუხართან, რომელიც მიდგმულია კედელზე, რომლის უკანა მხარეს ოჯახის უფროსის უფროსის უფროსია მთელი ტანით წარმოდგენილი... სწორედ ამ ტახტთან ჩავიდინე პირველი ქურდობა. ერთი წლის ვიყავი მამიდაჩემს ბეჭედი რომ მოვპარე და ტრუსიკში დავმალე. მიუხედავად სასტიკი უარისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭიპი მქონდა დამალული, ბეჭედი მაინც მიპოვეს.
დავსხედით ტახტზე. მოვიხსენი ბეჭედი .ვითომ დამივარდა, ტახტის ქვეშ შევაგორე. ბიძაჩემი გამოწევაში დამეხმარა . იქ იყო. ბეჭედი და ნამსხვრევი.
_რა სირცხვილია. გუშინწინ ჭიქა დამემსხვრა , გამოვხვეტე, მაგრამ ნატეხი მაინც დამრჩენია_მივარდა ბიცოლაჩემი. დავასწარი.არ დავანებე.
_თვითონ გადავაგდებ_ მივაძახე და გარეთ გამოვვარდი.
_ძველი ამბები რომ გაინტერესებდა?!_მომესმა ხმა
_სხვა დროს იყოს!
ახლა მე მქონდა ნამსხვრევი, რომელიც არაფერს ადასტურებდა. ნამსხვრევი ,რომელიც ეგდო გამოხვეტილი ტახტის ქვეშ. მქონდა იმედი, რომელიც ადამიანის სიკვდილიდან ერთი წამის შემდეგ სხვა ადამიანში სახლდება და გარდაცვლილის პირთან სარკეს მიატანინებს , ცოცხალი ხომ არ არისო.
იმედები არ კვდებიან.
დღეს ადრე ავდექი. გვიან ავდექი-მეთქი ვთქვი? ადრეც ავდექი და გვიანაც. და საერთოდ ჩემი საქმეა როდის ავდგები და როდის არ ავდგები და საერთოდ ავდგები თუ არა.
დღეს მე ძალიან ადრე ავდექი. ჩაი დავისხი . ეს კუჭი მომინელებს... დიდი ხანია ასე ვარ. ადრე ვდგები რომ რაღაც ვაჭამო. რაღაც შინაური ცხოველივითაა, სულ რომ უნდა სდიო და მის ჭკუაზე იარო. ჩაი დავისხი. ბუტერბროდი გავიმზადე. ჩემს ბავშვობაში ბუტერბროდს რა უბრალო სახელი , ,,კარაქიანი პური ,, ერქვა.
ვიჯექი და ვუყურებდი:მაგიდაზე უკვდავი ყვავილები იდგა. ორი თვის წინანდელი. ჩემი დაკრეფილი. კაცმა , რომელიც თხას აძოვებდა, მითხრა , რომ ეს ყვითელი ყვავილები უკვდავია. უწყლოდ რამდენი ხანიც არ უნდა გედოს გედოს ლარნაკში, არ დაჭკნებაო. ვუყურებდი და ვფიქრობდი.
მახსენდებოდა დედაჩემთან, ისეთივე ლარნაკში ჩაწყობილი, ისეთივე უკვდავი ყვავილები, რომლებიც შვიდი წლის წინ დაკრიფა. გამოდიოდა, რომ დედაჩემის ყვავილების უკვდავება შვიდი წლით უფროსი იყო ჩემი ყვავილების უკვდავებაზე. უკვდავება, რომელსაც აქვს საწყისი წერტილი. წარმოშობის ვადა. რასაც აქვს საწყისი , ნამდვილად ექნება დასასრული. ბიბლია რომ მქონოდა წაკითხული, ალბათ პასუხს გავცემდი . დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კითხვის პასუხი იქ იქნება. არ ვაპირებ ბიბლიის წაკითხვას. არა იმიტომ რომ არ მაინტერესებს, უპასუხო კითხვები გაცილებით საინტერესოა, პასუხგაცემული კი უკვდავებასავით მოსაწყენია.
ბუტერბროდი უკვე შემომეჭამა.
უკვდავი ყვავილები ჩავდე ალუმინის თასში , ასანთი ავანთე და ცეცხლი მოვუკიდე. უცებ აბრიალდა და ჩაქრა. ფანჯარა გავაღე და ფერფლს სული შევუბერე.
_რა მოსაწყენია უკვდავება. იმისთვის რომ არ მოკვდე, არაფერი გაქვს გასაკეთებელი.
დაფერფლილი უკვდავება ეზოს მოეფინა.
რა იდიოტობაა, იფიქრო ათასგვარ სისულელეზე, როცა შეგიძლია უბრალოდ ჭამო.
დღეს ადრე ადგომას და გვიან ადგომას შორის ერთი პირი გამოვიძინე.
***
ახლა კი ვწევარ ჩემს საწოლზე, ვატრიალებ ხელში გაურკვეველი წარმომავლობის შუშის ნატეხს და ვფიქრობ, რომ კიდევ ვარ წასასვლელი შემდეგი ნატეხის საპოვნელად, რათა დავადასტურო, რომ ეს ნატეხი სწორედ ჩემი დამსხვრეული ფრთის ნატეხია. ან დავადასტურო, რომ არასოდეს ვყოფილვარ ანგელოზი.
***
მინდა ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ვფიქრობ სუფრაზე, რომელზეც ერთი თვის წინ შემთხვევით მოვხვდი. ვცდილობ აღვიდგინო დიალოგი:
_ჯერ ჯარიმა!
_მოიცა, მაცადეთ დაჯდომა. რას სვამთ?
_არაყი . ტონიკით.
_რამ გააშავა?
_დაჯექი , კოლაა დამატებული. შემოსწრებულებისთვის კოლას ვსვამთ.
_ისე, სახეზე რომ შეგხედავთ ადამიანი, კი გავხართ კოლადალეულებს. რა სუფრა მოგიწყვიათ... ჯარიმამდე მაცადეთ, საჭმელს გადავიღებ.
_ზეროა?
_ზეროა, აბა რა? ნული კილოკალორია.
_ჰო... ამ ჩაქაფულის შვიდიათას კალორიას ნულს რომ დაამატებ, აბა გამოიცანი რამდენი იქნება?
_შენც , რომ ამატებ, გაამრავლე. ჩვენი დაქალი ხარ თუ ჩაქაფულის? _მათემატიკაში და ლოგიკაში მხეცი ხარ! ნული იქნება.
_ყველა ქარიყლაპია თევზია, მაგრამ ყველა თევზი ქარიყლაპია არაა. ანბანია. ლოგიკის. მათემატიკის და ლოგიკის სადღეგრძელო იყოს!
_არ ემთხვევა ადამიანებზე.
_რატომ? ყველა ლანა ადამიანია, ყველა ადამიანი ლანა არაა.
_გეუბნები, არა-მეთქი! ავიღოთ მაგალითად ჩემი მეზობელი ილონა.
_მაგას რა აიღებს?
_მაგის შემთხვევაში ლოგიკა ექცევა ჩიხში. თან უკანაგზაჩახერგილში. ,,ყველა ადამიანი ილონაა არაა. ყველა ილონა უნდა იყოს ადამიანი. ეს კი არის მუტანტი!
_გენური ინჟინერიის ექსპერიმენტის მსხვერპლი.
_სტოპ!მსხვერპლი არა, ნაყოფი. ამ შემთხვევაში მსხვერპლი ვართ ჩვენ,მეზობლები. დადის, სისინებს. დარწმუნებული ვარ ენაც ორადა აქვს გაყოფილი.
_მე რატომ არ ვიცნობ ილონას?
_ბედნიერო!
_დაასხი! გადავედით შემდეგზე. ბედნიერების სადღეგრძელო იყოს.
_ილონაზე გაჩერება არ შეიძლება, დიდხანს.
_ეს ჩვენი მეორე ნახევრების დღეგრძელობისა იყოს. რომ გაგვახსენდება და თვალები გაგვიბრწყინდება, რომ გაგვახსენდება და გული ამოვარდნაზე გვაქვს, რომ გაგვახსენდება და ტანში ჟრუანტელი გვივლის.
_იყოს! ეხაროთ და ებედნიეროთ ჩვენთან ერთად! სხვის გვერდით ერთი ღამე არ გათენებოდეთ და ...
_თუ გაათენებენ , ღმერთმა არ მოიყვანონ სახლამდე ცოცხლები.
_მშვიდობა, შვილები და ქმრები ჩაატიე ახლა მაგ ჭიქაში.
_ვსვამ.
_მშობლებისა იყოს შემდეგი.
_ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენს მშობლებს.
_დედამთილებიც შედის მაგაში?
_აბა...
_ჩვენს დედამთილებს გაუმარჯოთ! მალე მორჩენილიყოს ჩემი, პირადად.
_რა სჭირს?
_ღამე ფეხებს აქნევინებს თურმე.
_ვინ აქნევინებს?
_ვინ არა. რა? წნევა.
_მხოლოდ ღამით?
_ღამის წნევა აქვს. დღისით დაჯდება წნევის აპარატით, მიიღებს შეწუხებულ სახეს, მოკიდებს ხელს იმ ,,მსხალს,, და ბერავს : შ-შ-შ-შ, აიყვანს სამასამდე, დაუშვებს მერე :ფშშშშშშშშშშ...
მერე შ-შ-შ-შ-შ.. მერე ფშშშშშშშ..........
_მაღალს ატარებს?
_130 მაღალია და 120 დაბალი. 125-ზე ვერ იქნა და ვერ დავაყენეთ. შენ რა გიჭირს, შენი ისეთი ღუღუნაა, ხმას არ უწევს.
_ჰო, ღუღუნაა. დო, რე... ჰა-ჰა გაჭირვებით მი, მარა თუ გადაირია სოლ მაჟორს შურით უსკდება გული.
_კარგად იყონ!
_იყონ!
_მეგობრებისა იყოს. ვისაც ჩვენი დანახვა უხარია.
_ვისაც არ უხარია , ღმერთმა არ დაანახოს არაფერი.
_რას ამბობ? ვისაც ჩემი დანახვა არ უხარია , სარკეში, ონკანიდან მოშვებულ წყალში, საყვარელი ძაღლის თვალებში, დილით დასხმულ ჩაიში ელანდებოდეს ჩემი სახე.
_გაუმარჯოთ მეგობრებს!
_დაასხი! ორი ბოთლი მაქვს კიდევ გაზავებული.
_მიილია უკვე სადღეგრძელოები.
_სასმელი არ მიილიოს , თორემ სადღეგრძელოს რა მოლევს.
_ბოლო-ბოლო ნავთის ლამპის სახით წარსულს გაუმარჯოს!
_ილიჩის ნათურის სახით იმ აწმყოს გაუმარჯოს, სიტყვის დასრულებისთანავე წარსულად რომ იქცევა.
_ეკონომ -ნათურის სახით ჩვენს მომავალს დავლოცავ!
_გაგვიმარჯოს, გოგონებო!
***
ვწევარ და ვფიქრობ უკვდავ ყვავილებზე, რომელიც უკვდავებას გადავარჩინე.
და ვფიქრობ შენზე. სულ ვფიქრობ.ფიქრგამოშვებით სხვა რაღაცებზეც ვფიქრობ. ამაზეც დავწერ ოდესმე ჩემი უდღეური დღიურის რომელიმე გვერდზე.
ვფიქრობ. ეს დიალოგი რაღამ გამახსენა?! საფლავზე გაშლილ სუფრასავითაა ჩემს დღევანდელ დღეში. საფლავის სუფრაც ლაგდება. მერე უფრო და უფრო იშვიათად იშლება. მერე კი?! მერე დგება არაფერი.
ახლა შენ ამეკვიატე.
(მე)ფიქრები.
სულ მინდოდა ვყოფილიყავი ზმნა, ზედსართავი და წინადადების ყველა, მთავარი და არამთავარი წევრი ერთად. შენ მასე ხარ ჩემთვის. აბა, ჩემი არსებითი სახელობა ვის დაკარგვია. ვერაფერი არსებითი საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე.
ნატეხი, ნატეხი, ნატეხი. ფრთა. კალეიდოსკოპი. და შენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები