ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2014


ბიჭის მოგონებანი

დღეს თორმეტი წელი შემისრულდა. ხვალ პაპაჩემს შველზე სანადიროდ უნდა წავეყვანე, შეპირებული იყო. საღამოხანს დანაპირები შევახსენე.
-მერე მონადირემ თავისი თოფი თვითონ უნდა გაამზადოს, მზადა გაქ? - მითხრა მკაცრი, მაგრამ ამავე დროს მოსიყვარულე ხმით.
-არა ახლავე მივხედავ... - ვუთხარი და სახლისკენ გავიქეცი.
მამა ლეკების შემოსევის დროს მომოკლეს, მაშინ 3-4 წლის ვიქნებოდი, მას შემდეგ მამობრივ მზრუნველობას პაპაჩემი იჩენდა. მკაცრი იყო, ყოველთვის მიმითითებდა რა უნდა გამეკეთებინა და მსაყვედურობდა კიდეც „მე რატომ გეუბნები, შენით არ იცი რა გევალება?“,  თუმცა ძალიან ვუყვარდი და ეს სიმკაცრეც სიყვარულისა იყო, უნდოდა უკეთესი გავზრდილიყავი.
სახლში რომ მივედი თოფის წამალი შევამოწმე, დანესტილი არ იყო. შემდეგ კაჟი გავთალე. ჩასაცმელი, თოკი, დანა, ტყვია, ყველაფერი გავამზადე და ტახტზე მივწექი, თავქვეშ ხელები ამოვიდე და ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი. პაპაჩემი ერთ დროს კარგი მეომარი და მონადირე იყო, მაგრამ ამ ბოლო ხანებში თვალთ დააკლდა, „ვეღარ დავინახავ კარგად რას უნდა ვესროლო, ახლა შენ უნდა გადაიბარო ჩემი პროფესიაო“ მეტყოდა ხოლმე. წარმოვიდგინე ხვალ მთაზე როგორ ავიდოდით, საფარს გავამზადებდით, ბებიის გამომცხვარ ნაზუქებს მივირთმევდით და შველს დაველოდიებოდით, საღამოთი ისიც გამოჩნდებოდა, მოვკლავდი და თავაწეულები უკან დავბრუნდებოდით. ასე ფიქრებში გართულს ჩამეძინა.
-ადექი შე მძინარავ - ჩამესმა პაპის ხმა და მაშინვე ფეხზე წამოვხტი, ჯერ ისევ სიბნელე იყო, ტანზე ჩავიცვი, თოფი გადავიკიდე და გზას გავუდექით.
პაპაჩემი მომღიმარი მიყურებდა, რაღაც ბავშვური ბედნიერება ეტყობოდა სახეზე, რაც იშვიათი იყო, მეც ვიცინოდი და ასე მივუყვებოდით გზას. თოფის სროლა კარგად ვიცოდი, ჩემხელა ბიჭებში სოფელში ყველას ვჯობდი, თუმცა ცხოველზე სანადიროდ პირველად მივყავდი პაპაჩემს. ასე მითხრა: „ხევს გაღმა მთას უნდა ავუყვეთ იქ ერთი პატარა ტბა არის და შვლები წყლის დასალევად მანდ ჩამოდიანო“. მაგ ადგილებში არ ვიყავი ნამყოფი, ესეც მიხაროდა. ერთი საათი სიარულის შემდეგ ხევს მივადექით, გვალვისგან თითქმის დამშრალი იყო.
-წყალი შევავსოთ, მეტი აღარ შეგვხვდება - მითხრა პაპამ და მათარა მომაწოდა - ამის იქით აღარ ხარ ნამყოფი?
-არა, ბიჭები ხევზე ხშირად ჩამოვდივართ ხოლმე, მეტი შორს აღარ გავცდენილვარ სოფელს - ვუპასუხე.
-ზევით პატარა ეკლესიაა, ცოტათი ბილიკს გადავუხვევთ და მანდაც შევიდეთ.
-კარგი, შევიდეთ - ვუთხარი ღიმილით და სავსე მათარა მივაწოდე.
გზა განვაგრძეთ, ხევს გაღმა მთაზე ბილიკს ავყევით. ნახევარი საათის შემდეგ გზაგასაყარს მივადექით. ერთი ბილიკი ეკლესიისკენ მიდიოდა, მეორე - ტბისკენ. რამოდენიმე წუთში პატარა ტაძარს მივადექით. პაპამ მითხრა წმ. გიორგის სახელობისააო. უცნაური შესასვლელი ჰქონდა - დაბალი. ჯერ თორმეტი წლის ვიყავი, მაგრამ წელში მოხრა დამჭირდა რომ შევსულიყავი. პაპას სახლიდან სანთლები წამოეღო, დავანთეთ. ეკლესიაში ორი ხატი იყო, მტვერი გადავწმინდეთ, სანთლების ბოლომდე დაწვას დაველოდეთ და ტაძრიდან გამოვედით.
-ესეთი დაბალი შესასვლელი რატომ აქვს? - მაშინვე ვკითხე პაპას.
-ცოდვილები ვართ და გვახსენებს რომ ღვთის წინაშე თავი დახრილი უნდა გვქონდეს. - მიპასუხა და თავზე ხელი გადამისვა.
გზა განვაგრძეთ. დაახლოებით ერთ საათში ტბას მივადექით. პატარა იყო, ბალახით სავსე. სამი მხრიდან ტყე ერტყა, ერთიდან - მინდორი. პაპამ მთაზე მიმანიშნა: „იქიდან ჩამოდიან შვლები წყლის დასალევად, ჩვენ საპირისპირო მხარეს ჩავუსაფრდებით, ქარიც ჩვენი მხრისკენ დაუბერავს და ყნოსვით ვერაფერს მიხვდებიანო“. ტბას თოფის სასროლ მანძილზე მოვცილდით. პაპამ ორი ერთმანეთთან ახლოს მდგარი ხე დაინახა „საფაარს აქ მოვაწყობთო“ მითხრა. საქმეს შევუდექით, ხეებს შორის წვრილ ტოტებს ვაბამდით, რომ არ გამოვჩენილიყავით, ალაგ-ალაგ სათოფურებს ვუტოვებდით, ისე რომ ყველა მხარეს შემძლებოდა მესროლა. ძალიან გამართო ამ პროცესმა, წარმოვიდგინე რომ ნამდვილ სახლს ვაშენებდით. მოვა დრო ოჯახი მეყოლება: ცოლი, შვილები შრომაში გავატარებ მთელ დღეებს საღამოთი კი მათთან საუბრით დავტკბები. მეღირსება კი ასეთი მომავალი? არ ვიცი... იქნებ ოც წლამდეც ვერ მივაღწიო? ახლა ხომ ასეთი პერიოდია?! ომიანობა... ერთნი იძახიან: „მეფე დაგვიბერდა, უკვე სამოც წელს გადასცდაო“, მეორენი ეკამათებიან: „რა დროს ერეკლეს სიბერეა?! ეგ ას წლამდეც იცოცხლებს, მკლავიც ყველა ყმაწვილზე ძლიერი აქვს და თვალიც უჭრის, აგერ ნახავთ ომიანობა დამთავრდება და ქვეყანას ფეხზე წამოაყენებსო“. მეფე მართლაც ყველას უყვარს, მაგრამ რას გახდება?! ახლა სასაფლაოზე კაცის საფლავს იშვიათად თუ გადააწყდება ვინმე, ყველანი ომში იღუპებიან და სამარადისო განსასვენებელიც ბრძოლის ველზე აქვთ. ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული როცა პაპამ მითხრა საფარი უკვე მზად გვაქვსო.
ხეების უკან ბალახზე დავსხედით, ამოვიღეთ საგზალი და თან დაბალ ხმაზე საუბარი დავიწყეთ. პაპამ მითხრა ჯერ ადრეა, შვლები საღამოხანს მოდიანო, ასე რომ ჯერჯერობით ლაპარაკი შეგვეძლო. ერთი ამბავი მოხდა ჩვენს სოფელში და პაპის აზრი მაინტერესებდა. ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:
-ბახვას ამბავი გაიგე?
-რა ამბავი? - ვითომ არ იცოდა, შემდეგ მიხვხდი რომ ჩემი აზრის გაგება აინტერესებდა.
-გლახუნა უნდა მოეკლა, ძმის სისხლი უნდა აეღო... ტყიდან მომავალ შარაზე დახვედრია, ხმლით შებრძოლებიან, გლახუნა წაქცეულა ხმალიც გავარდნია ხელიდან, ბახვა თავზე დადგომია ხმალი ყელზე მიუდია, შემდეგ კი გამობრუნებულა და წასულა ისე რომ არ მოუკლავს - ცოტა ხნით ჩავფიქრდი და დავაყოლე - ლაჩარი ყოფილა.
-ლაჩარი? - პაპამ ღრმად ჩაისუნთქა - ლაჩრებს ეშინიათ, სუსტები შურს იძიებენ, პატიება კი მარტო ძლიერებს შეუძლიათ.
-ესე იგი ბახვა სწორად მოიქცა? - აშკარა გაკვირვება გამოვხატე.
-კი, შებრძოლების არ შეშინებია და პატიებისას დიდი სიძლიერეც გამოიჩინა. ახლა კიდევ ერთმანეთის ხოცვაღა გვაკლდა, მტეხი ხომ ცოტა გვყავს?!
-კი, მაგრამ...
-კარგი, გეყოფა, გაიზრდები და შენით მიხვდები... - ჩვეული სიმკაცრით გამაჩუმა - ახლა ყმაწვილური გულფიცხობა გალაპარაკებს.
მეც ხმას აღარ ვიღებდი, გულში ვფიქრობდი პაპის ნათქვამზე და ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი. ვისხედით ასე ჩუმად და ტბას ვუყურებდით, დაახლოებით ერთ საათში მთაზე მართლაც გამოჩნდა ორი შველი, სწრაფად დაეშვნენ, ტბაზე მეორე მხრიდან მივიდნენ და წყალს დაეწაფნენ. სროლას აზრი არ ჰქონდა, ძალიან შორს იყვნენ, შევყურებდით ასე ხუთი-ათი წუთი, შემდეგ ისევ მთას შეუყვნენ და მალევე თვალს მიეფარნენ. დავნაღვლიანდი, თავი ჩავღუნე და საფარიდან აღარ ვიხედებოდი. პაპა კი გულმოდგინედ ყოველ კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდა.
მალე კიდევ ერთი შველი გამოჩნდა, იმავე მთიდან დაეშვა. ტბის მოშორბით ბალახს ძოვდა. თავი ასწია, ტბისკენ წამოვიდა და ჩვენი მხრიდან მიადგა წყალს. პაპამ ფრთხილად მუხლზე ხელი დამკრა, საფარიდან თოფის ლულა გავიშვირე, კარგად ვერ ვხედავდი, ბალახები მეფარებოდა. ცოტა ხანში შველმა წყლის სამს თავი დაანება, ორიოდე ნაბიჯი გადადგა, ახლა უკვე მთელი სილუეტი მკვეთრად გამოჩნდა. საოცარი სანახავი იყო, გრძელი კისერი, თაფლისფერი თვალები და მუდამ მოცმაცუნე პირი... შემეცოდა, სროლა აღარ მინდოდა, პაპამ კვლავ დამკრა ხელი. არა, ნამდვილად აღარ მინდოდა მესროლა, უცბად დედა გამახსენდა, დღედაღამ მიწაზე მომუშავე, სახლში რომ მოვიდოდა დაღლილს ჩემი მოფერების თავიც კი აღარ ჰქონდა, მხოლოდ გამიღიმებდა და გვერდზე მომიჯდებოდა ხოლმე. შრომობდა, შრომობდა ლუკმა-პურისთვის. გავიფიქრე, შველს რომ მოვკლავ საკვები გვექნება და ეგებ ერთი-ორი დღე დაისვენოს და ჩემთან ერთად იყოს. დავუმიზნე, პაპამ როგორც მასწავლა წინა კიდურს უკან, ტყვია გულში გაივლიდა და ცხოველი მაშინვე მოკვდებოდა. არ მინდოდა სროლა, მაგრამ სასხლეტს ხელი გამოვკარი და მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები