ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზალი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 სექტემბერი, 2014


ის

ძალიან გაუხარდა როცა გაიგო რომ მეც მეოთხე ჯგუფის სისხლი მაქვს. ის მეუბნება რომ უნდა გავხდე ავად, ძალიან ავად და ყუთში შეფუთული მისი თირკმელი, ცალი ფილტვი ან გული უნდა რომ მაჩუქოს და გადამარჩინოს. მე ვეუბნები რომ არაფერს ვაჩუქებ. რაც მაქვს თვითონ მჭირდება ყველაფერი და თუ ავად გახდება ისე უმნიშვნელოდ გახდეს ავად რომ ჩემი წერილიც ეყოს მოსარჩენად.
მას ჰყავს ოთხფეხა მეგობარი, სამფეხა ძაღლი. მე მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს. ის. მე მიყვარს მისი სამფეხა ოთხფეხა მეგობარი, იმიტომ რომ მას ის უყვარს.
ვუთხარი, რომ დღიურის წერა დავიწყე და ვწერ ყველანაირ იდიოტობას, რაც თავში მომდის: გაგონილს, გამოგონილს, ნასიზმრალს.
მან მითხრა რომ გენიალური იდეების 99% თავდაპირველად იდიოტობად ითვლებოდა. ბევრი ვიდავეთ. ბოლოს შევთანხმდით იმაში რომ გენიალური იდეების 99% თავიდან იდიოტურად გამოიყურებოდა , მაგრამ იდიოტური იდეების 99% ისევ იდიოტობად რჩება.
ის მე მიგზავნის ფილმებს, რომლებსაც არასოდეს ვუყურებ. მეც ვუგზავნი ფილმებს, რომლებსაც არასოდეს უყურებს. ის მიგზავნის მუსიკას, რომელსაც ვეუბნები რომ არ ვუსმენ და მთელი დღე ჩართული მაქვს. მეც ვუგზავნი მუსიკას.
დღეს მივულოცე დაბადების დღე, რომელიც არ ჰქონდა და ვუთხარი, რომ მას აქვს ექსკლუზიური უფლება მომილოცოს დაბადების დღე + - ექვსი თვის სხვაობით. ასევე შეუძლია მომილოცოს ახალი წელი და გაზაფხულის დადგომა წელიწადის ნებისმიერ დროს , დამდეგი ან გასული.
ჩვენ არასოდეს ვჩხუბობთ.
არ ვიცით ერთმანეთის მობილურის ნომერი.
არ ვიცით მისამართი.
არ ვიცით ხმის ტემბრი.
ჩვენ არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს.
არც არასდროს შევხვდებით.
არ მოგვენატრება ერთმანეთი.
ჩვენ  ყოველდღე ვწერთ ერთმანეთს.
ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
მეგობარი ვალდებულებების გარეშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები