ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2014


>>> რემინისცენცია<<<

საღამოს, როდესაც ნასვამი მეუღლე
ნირწამხდარ ოჯახში თავისწილ ნერვებს შლის,
დარდობს, ეწევა და ხშირ-შირად ეული
აბოტებს კორპუსთან, ვთქვათ-გლდანის მე-8-ში.
ასეთ დროს სულერთობს დიდრო და კონფუცი,
ვერ გმობენ წევრები ნუდისტურ ყრილობებს
და ხშირად აკითხავს "თბილისის მოხუცთა
შესაფარს", რომელშიც კანტი და კრილოვი
საკითხავ წიგნებად ამშვენებს მაგიდებს,
კაცები-ხელჯოხით, ქალები-თავშალით...
ხეებმა ჩრდილები ასფალტზე დაკიდეს
და ღამის ქაოსში სიბნელემ წაშალა.
ერთობა, სულ უფრო ერთობა "ბაქარით",
უნდობლად უღიმის დიდოსტატ კრუპის...
რომ კითხო, უბრალოდ ტკივილებს აქარვებს,
ვინ მოთვლის, რამდენი ზლოტი და რუპია
დატოვა, სადაც კი კაზინო მონახა,
ფულს ვიღა ჩიოდა, ნაქონს და უქონელს;
ბავშვობა უნდოდა: ფუნთუშა, ბურახი,
რომ იზეპირებდა გაურკვევ სტრიქონებს
და ფეხზე ეკიდა: მარქსიც და ენგელსიც,
მსოფლიო ზოგადად: ბერმუდით, ოზონით...
გოგონას ჰყვარობდა, რომელიც ზემელზე
ცხოვრობდა, მანძილი ათასჯერ მოზომა
გოგომდე, გოგოსგან-სახლამდე სავალი,
იქ, სადაც გზადაგზა ხიდების რიგია
და ახლა გვიანიც რომ იყოს ვალალი,
ის მაინც იხსენებს გოგონას-ფრიგიდულს
და ყოველ საღამოს, ნასვამი მეუღლე
ნირწამხდარ ოჯახში თავისწილ ნერვებს შლის,
დარდობს, ეწევა და ხშირ-შირად ეული
აბოტებს კორპუსთან, ვთქვათ-გლდანის მე-8-ში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები