ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიატა
ჟანრი: პროზა
21 სექტემბერი, 2014


ჭიდილი

დროსა და ქარისგან მორყეული დარაბების დამჭკნარ სახეზე წვიმის ტალახნაზავი წვეთები ნელი მიხვრა–მოხვრით მოიკლაკნებიან და სველ მიწაში იკარგებიან...ოდესღაც საღებავწასმულ ხის ფიცრებს დღეს ადამიანის ნაკვალევი წაშლია, თაღის გარშემო სქლად შემოკოწიწებულ ობობის ნავსაყუდელს მხოლოდ წვიმა თუ ურღვევს ასე უსასრულოდ გამეფებულ სიმყუდროვეს. კუთხეში ამოტეხილი დამპალი ფიცრიდან კი ყველაზე უკუნეთი ღამისთვის შესაშური სიბნელე იყურება თავისი შმორისსუნიანი აღკაზმულობით, ხის ობმოკიდებული მაგიდით , რამოდენიმე მორყეული სკამითა და მაგიდაზე მდგარი პირამოტეხილი ფერდაკარგული ლარნაკით, რომელშიც ერთ დროს სურნელოვანი სიცოცხლისფერი ყვავილები ელაგა, ახლა კი ტარაკნებისა და თაგვების სამყოფად  გადაქცეულიყო....ბევრიამბისმომსწრე მაგიდა ისე გაქვავებული დგას დიდი და საშიში სიცარიელით სავსე ოთახში, თითქოს იმ ადგილს სამუდამოდ შეჰხორცებია, შესწებებიაო, მრავალთა ისტორია დაუმარხია თავის ობმოკიდებულ გულში, მრავალთა სიხარული და უბედურება შეუსისხლხორცებია და საუკუნოდ აპირებს ასე დამძიმებული და დაღლილი მიეჯაჭვოს აქაურობას, თავის ბნელ სამყოფელს...თავს იდანაშაულებს, რომ დროსა და ადამიანების ცვალებადობას შეეჩვია, მაგრამ სიბნელესა და სიცარიელეს ვერა და ვერ ეგუება.დგას უკვდავი მაგიდა ცივი ოთახის შუაგულში და სჯერა, რომ ერთ დროს აქაც შემოაღწევს სიცოცხლისა და სინათლის სხივი, მის მძიმე და გაყინულ სულსაც შეეხება თბილი ხელი– ადამიანის ხელი, სიცოცხლის ხელი და ყველაფერი სანატრელ ნათელში ჩაინთქმება, ნათელი, რომელიც ყველა მზის სხივზე უფრო დიდი და თბილია, თვით მზეზე უფრო აღმატებული, სუფთა და წმინდა...დგას სულდამძიმებული მაგიდა და თვით უკვდავება ტანჯვად გადაჰქცევია, ნეტარ აღსასრულს ელის და ამაოებაშიჩაძირული სამყაროს მოსაზღვრე დარაბებს შესცქერის იმედით, ისინი ხომ სიკვდილ–სიცოცხლის ჭიდილად ქცეულან, მათ იქით თითოეულ წვიმის წვეთშიც კი ცხოვრება  ფეთქავს, მოძრაობს და მუდმივ ცვალებადობაშია, მის მეორე მხარეს კი დრო მიჰყინვია ხის ჩამომპალ სხეულს და შავად გამურულს მხოლოდ გარედან შემოღწეული სიცოცხლის ნიშანწყალი ამაგრებს, არსებობისათვის ბრძოლაში ითრევს და მიწიერი შფოთით  უვსებს ხავსმოკიდებულ სულს...
დროსა და ქარისგან მორყეულ დარაბებს დამჭკნარ სახეზე სიცოცხლის მკრთალი ნიაღვარი ეალერსება და სამყაროს არსებობას თითოეული წვიმის წვეთით ამცნობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები