ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2014


ქალის საიდუმლო დღიური

ქალის საიდუმლო დღიური


7 მარტი, ორშაბათი
  გაზაფხულის მოახლოება ეზოში ბავშვების ჟრიამულით იგრძნობა. კაცები ჯერ ზამთრის ძილისგან არ გამოფხიზლებულან. ქალები სეზონური ჩაკეტილობისას დაგუბებულ ცნობისწადილის ნოტიო სურვილს ნელ-ნელა ამზეურებენ.
  მსუბუქი ფორიაქი მიპყრობს. ბოლო დროს გაზაფხულობით რომ დამჩემდა.თითქოს სხეულიდან ამოძრომა მინდა და უსასრულობაში გადაშვება. გამივლის ალბათ!


17 მარტი, ხუთშაბათი
  ეს გამოჩერჩეტებული გენრიეტა, თავისი დღე და მოსწრება ეზოში რომ ათენ-აღამებს, რაღა მაინცდამაინც შაბათობით მოუნდება ხოლმე თავის ერთოთახიან ბუნაგში ჩაკეტვა,ძალიან მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, მთელი საღამო წაკუზულს კარის სამზერზე აქვს ცხვირი მიჭყლეტილი. რას მითვალთვალებს, ვერ გავიგე. ვინ დანიშნა ჩემი ზნეობის სადარაჯოზე?
თვითონ რომ მოჭამენ თავისას, მერე სხვების პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით იქარვებენ ბოღმას.
  როგორ ვერ ვიტან ეგეთ ტიპებს!


26 მარტი, შაბათი
  აუტანელმა წრიალმა შემიპყრო, როგორც ყოველთვის ამ დღეს. გულს ვერაფერს ვუდებ. სამჯერ გამოვუცვალე წყალი ყვავილებს. ორჯერ შევცვალე თეთრეული. არ ვიცი, რამდენი ხანი ვიდექი სარკის წინ შიშველი. რამდენი ხანი ვირგებდი მის საყვარელ მაქმანებიან ლიფს და  შავ ბიკინებს. მოუთმენლობის კანკალმა ამიტანა. რა გაძლებს საღამომდე!
წერაც ვეღარ მამშვიდებს!


31 მარტი,
სამშაბათი
წუხელ ვერაფრით დავიძინე. ავდექი , პაოლო იაშვილი ჩამოვიღე თაროდან. ელენე დარიანი მოვძებნე. ღმერთო ჩემო, რა ფანტასტიურია!
  „მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ ხელებს,
  შენ რომ გიყვარდა...”
ვის შეუძლია ჩვენს დროში ასეთი ვნებით უყვარდეს. ლოგინში წამოვჯექი. თმები წინ ჩამოვიშალე და ტორშერის მკრთალ შუქზე თვითონ დავუწყე მოფერება ნაზად, ისე, „იმას” რომ უყვარს.
  ვინ იცის, მასაც გაუტყდა ამ წუთას ძილი და ჩემზე ფიქრობს.


7 აპრილი, ხუთშაბათი
  ხვალ პარასკევია- შაბათის წინა დღე. პარასკევიდან ვიწყებ შაბათის საზრუნავს. ასე მგონია, მხოლოდ შაბათიდან შაბათამდე ვცხოვრობ.  „მისი” საყვარელი ლუდი  „ჰეინეკენი” და შებოლილი შაშხი ვიყიდე. მდოგვი თვითონ მოვამზადე გერმანული რეცეფტით. „გერმანიაში სწავლის დროს შევეჩვიეო”- მითხრა ამასწინათ. ასეთი სიამოვნებით არაფერი მიკეთებია. ქალის ცხოვრებაც ალბათ ეს არის- აკეთოს მისთვის, იფიქროს მასზე. წარმომიდგენია, როგორი დაგემოვნებით მიირთმევს. მერე ალბათ, მხარზე დამადებს თავს, როგორც იცის და თავის ამოჩემებულ სიტყვებს ჩამჩურჩულებს ყურში. (ოღონდ აქ ვერ დავწერ, მრცხვენია).


17 აპრილი, კვირა
მგონი გოგოები რაღაცას ხვდებიან. გამომცდელ კითხვებს მისვამენ, თავისი ჭკუით. უშნოდ მეიაზვებიან. ალბათ, რა ვერსიებს არ იგონებენ. რაც უნდათ, ის იფიქრონ. ისემც უქნიათ, დაუპუტავთ ყველაფერი. ვისი რა საქმეა, ვის ვხვდები და როდის!


28 აპრილი, ხუთშაბათი
  აღარ შემიძლია! დამაწყდა ნერვები. ეს ტელეფონის ზარები, ვატყობ, ჭკუიდან გადამიყვანს. ვიღაც დეგენერატი უკვე მესამედ რეკავს და ხმას არ იღებს. რა აღარ ვქენი: ვლანძღე, დავემუქრე, ვემუდარე. არაფერმა გასჭრა. გამორთვაც არ მინდა, ვინ იცის, იქნებ „იმას” ამ ტელეფონზე საუბარი მოუნდეს. ვინ შეიძლება იყოს? აზრზე არა ვარ. მოშურნეების მეტი რა მყავს. კაცი არა მგონია რეკავდეს. ვითომ „იმისი” ცოლი იქნება? ღმერთმა დაიფაროს! ისე, ერთხელ მაინც დამანახა შორიდან, რა ტიპია. ამბობენ, მაგარი ფრონცქი ვინმეაო.


9 მაისი, კვირა

  გუშინ ცეცხლოვანი ღამე გვქონდა. ძალიან დავიქანცე. საკვირველია „იმას” რა ენერგია აქვს. მე აქამდე ვერ მოვსულვარ გონს.  ტანი ახლაც მიბჟუის...
  კარზე ვიღაცაა. დღიური უნდა გადავმალო...


20 მაისი, პარასკევი
  დღეს ჯიხურში ლუდს და შაშხს რომ ვყიდულობდი, ძია ვანიჩკა მეუბნება: „დაა, ბაგატა ჟივიოწე!” თან უშნოდ ჩაიცინა თავის გაქუცულ ულვაშებში. ნუთუ ეგეც რამის აზრზეა?

22 მაისი, კვირა
ისე, ძალიან გაუფრთხილებლად კი ვიქცევით. ასეც არ შეიძლება. „იმას” არ იყენებს- ეგ იგივეა, ვარდი აირწინაღით რომ დაყნოსოო. მეშინია ფეხმძიმედ არ დავრჩე. ასე რომ მოხდეს, ნეტავ რა რეაქცია ექნება? ამაზე ფიქრიც არ მინდა.  უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ადვილად გადავწყვეტდი ყველაფერს. მაგრამ ახალგაზრდა, ასე მგონია, ამგვარი სერიოზულობით ვერასდროს განიცდის სიყვარულს.

3 ივნისი, სამშაბათი
ელიკო დეიდასთან შევიარე ყვავილების მაღაზიაში. რა ყურადღებიანი ქალია. მაშინვე შეამჩნია ჩემი ახალი ვარცხნილობა. -რაღაც ძალიან სიმპატიური გახდი ამ ბოლო დროსო.- მეუბნება. ისე, ამ ყვავილებს კი სულ აძვირებს და აძვირებს. მუდმივი კლიენტებისთვის მაინც არ უნდა იყოს რაიმე სეილი?


11 ივნისი, ოთხშაბათი
  დილიდან მოუსვენრობა მჭირს. თითქოს საკუთარ კანში ვერ ვეტევი. წყალი გავათბე და ვანაში ჩავწექი. გაუნძრევლად ვარ, ვნეტარებ. ჩემს სხეულს იმისი თვალით შევხედე. შინდისფერი კერტები, ფართო თეძოები, მკრთალი ღინღლით დაფარული ბოქვენი... მისი ანთებული მზერა წარმოვიდგინე. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, იწვე მის გვერდით, სრულიად შიშველი, გახსნილი, და მინდობილი, განძარცვული ყოველგვარი პირობითობისგან. ადამიანები ხომ ყველაზე უშუალოები სექსის დროს არიან. ალბათ იმიტომ, რომ  ამ დროს შეიგრძნობენ სქესთა პირველყოფილ, მისტიკურ მთლიანობას. ქალი ამაყია იმით, რომ სასურველია, კაცი კი იმით რომ მის ძალაუფლებას აღიარებენ. ევას მოდგმის არსია, ყოველთვის მზად იყოს, დააპუროს საყვარელი მამრი.


23 ივნისი, ორშაბათი
  რა საყვარელია! ზღვის შავი ნიჟარა მომიტანა საჩუქრად. არ ვიცი, სად იშოვა. ერთხელ მოვუყევი, როგორ დამეკარგა ბავშვობაში მეგობარი ბიჭის ნაჩუქარი ნიჟარა და როგორ ვტიროდი. დაუმახსოვრებია. რა საყვარელია!!!


1 ივლისი, სამშაბათი
  რაღაც უცნაურ ცვლილებებს ვგრძნობ ორგანიზმში. არ ვიცი, გადამიცდა, თუ... ნუთუ... მაგრამ არ მინდა წინასწარ რამე ვიფიქრო. ძალიან ვნერვიულობ... წერის თავი არა მაქვს.


9 ივლისი, ხუთშაბათი
  დღეს ხათუნამ შემომიარა. ვითომ შემთხვევით. მაგისი თვალის ცეცება კარგად არა მაქვს დაცდილი. მერე ყვავილები შეამჩნია- საიდან ასეთი ძვირფასი თაიგულიო. მაჩუქეს-თქო- მოკლედ მოვუჭერი. -ისე ამ ელიკომ მაგრად გაქაჩა ხომ იცი თავისი ყვავილების ბიზნესითო. მერე ვითომ სხვათა შორის მეუბნება: -გამაგებინე გოგო, რა გჭირს. რო იკეტები ამ შაბათობით და არავის დანახვა არ გინდა.  თუ რამე პრობლემაა, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? ან იქნება არ ენდობი არავის? -ნდობა რა შუაშია-თქო, ვუთხარი, -უბრალოდ, არსებობს  იმდენად პირადული პრობლემები, სხვას რომ ვერ გაუზიარებ. -ვიცით, გენაცვალე, ეგეთებიც გაგვიგია. მარა რომ ჰგონიათ, გაგოიმებენ, არაა მთლად კაი საქმეო. არ ვიცი, ვის გულისხმობდა. რო იცის, ისე „იაზვურად” კი ჩაიცინა. მგონი რაღაცას ხვდება. წარმომიდგენია, ყველაფერი რომ გაიგოს, რა სახე გაუხდება. ალბათ გულზე გასკდება.

12 ივლისი, კვირა
-რაღაც ბოლო დროს ვეღარ გცნობო- მეუბნება, პასიური გახდიო. ლოგინში რომ ვფრთხილობ, ალბათ იმიტომ. რა ვქნა, ჩემ სიცოცხლეს ძლიერი ბიძგებით ვეღარ ვპასუხობ.
  გავისუსე, ვერაფერი ვუთხარი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?


21 ივლისი, სამშაბათი
  ძალიან ვნერვიულობ! ექიმთან პრინციპულად არ მივდივარ. არადა, მუცელი შესამჩნევად  წამომეზარდა. ზაფხული მაინც არ იყოს. ზამთარში ქემაინც ტანსაცმელი დაგიფარავს. „იმას” ჯერ ვერ ვეუბნები ვერაფერს. არ ვიცი, რამდენადაა მზად ამის მოსასმენად. მეც მომზადება მჭირდება სათქმელად. ნეტა როდის ვიგრDძნობ პატარის განძრევას? ვიცი,ეს უბედნიერესი წამი იქნება ჩემს ცხოვრებაში. ამასთან შედარებით როგორ უმნიშვნელოდ მოჩანს ყველაფერი!


30 ივლისი, ხუთშაბათი
თუ არ გავგიჟდები, არ მგონია! დღეს საღამოს სამსახურიდან რომ დავბრუნდი, აქაურობა არეული დამხვდა. ნამდვილად არ მეჩვენება. სკამებს ასე გამოწეულს არასოდეს ვტოვებ. ლარნაკსაც აშკარად ადგილი აქვს შეცვლილი. მისი ნაჩუქარი ყვავილები დაწეწილია. კარს ვერ გააღებდნენ, არ არსებობს. ფანჯრიდანაა ვიღაც გადმომძვრალი. აივნის რიკულზე შედგებოდა და რა უნდა. შეიძლება ჩაკეტვა დამავიწყდა. მაგრამ რას ეძებდნენ?  გარდირობში თეთრეულის უკან შევამოწმე და სამკაულების ყუთი ადგილზეა. ნაღდად დღიური აინტერესებდათ. სხვა ვარიანტი არ არსებობს. მეტი სიფრთხილეა საჭირო. ადგილი უნდა შევუცვალო. მე ვიცი, სადაც...


  10 აგვისტო, სამშაბათი
  ქუჩაში მომავალ ბავშვს რომ ვხედავ, გული მიჩუყდება. მინდა ჩავეხუტო.
  თითქოს შაბათის მოახლოებაზეც ისეთი რეაქცია აღარ მაქვს.


19 აგვისტო, ხუთშაბათი
  სახეზე დამაყარა უკვე. თუმცა ჯერ უმნიშვნელოდ. ტონალური მაზით ვახერხებ დაფარვას. რატომღაც სუყველა სახეზე მომჩერებია. ამ ხალხს სხვა საქმე არაფერი აქვს?


      * * *
21 აგვისტო,
შაბათი, საღამო.
  ბიჭი ცხვირით მზისგან გახურებული სარკმლის შუშას მიჰკვრია და მკრთალად განათებულ ოთახში დაძაბული იჭვრიტება. მერე თავს ქვემოთ, ქუჩისკენ აბრუნებს და იქვე, გზის პირას ფანჯარას მიჩერებულ გოგოებს ხელით რაღაცას ანიშნებს. გოგოები სიცილით იჭაჭებიან.
  ოთახში საგანგებოდ გამოწყობილი ორმოცს გადაცილებული ქალის ზურგი მოჩანს. მაგიდასთან მარტო ზის. მისი მოპირდაპირე მეორე სკამი ცარიელია. სკამის წინ სუფთა, ოქროსფრად მოვარაყებული Fთეფში დევს. იქვეა შავი ნიჟარის საფერფლე. ლამაზ სუფრაზე ყვავილებიანი ლარნაკი, იაფფასიანი ძეხვი, ლუდი და ორი ძვირფასი კათხა დგას, რომელთაგან ერთერთი ცარიელია. ქალი კალთიდან პატარა ხელჩანთას იღებს. იქიდან სარკესა და კოსმეტიკურ ფანქარს ამოიღებს. მაგიდისკენ იხრება და ფანქრით სახეზე წერტილებს იხატავს. მერე სწორდება და ირინდება.

        2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს