 | ავტორი: დურბახი ჟანრი: პროზა 22 ოქტომბერი, 2014 |
მოთხრობა უნდა დავწერო:
ოსვენციმა და ეიფელჩიკი დაძმობილდნენ ... გაუდგნენ გზას და მიადგნენ ერთ უზარმაზარ ტრიალ მინდორს, რომლის ბოლო ორწვერა მთას ებჯინებოდა. დილით სწორედ ამ ორწვერა მთას შუა ამოდიოდა მზე, შურდულიდან ნასროლ ცეცხლოვან ტყვიასავით. მოდი აქ გავაშენოთ ქალაქი, სამყარო, ან სულერთია, რაც გამოგვივა. დავხატოთ თითქოს, ოღონდ თითო რაღაცა ვთქვათ და იმის მოშლა შემდეგ არ შეიძლებოდეს. მარჯვენა ზედა კუთხეში მე დავრგავ ერთ უზარმაზარ ნაძვს, დიდი ფუღუროთი, რომელშიც ერთი ციყვი იცხოვრებს. _თქვა ოსვენციმამ (განაგრძე ) *** „ეფელჩიკა”-მ (და არა ”ეიფელჩიკა”-მ, როგორც ეს მისმა გულმავიწყმა მეგობარმა „ოსვენციმა”-მ უწოდა მოთხრობის დასაწყისში (აქვე ავღნიშნავ რომ ეს ზედმეტსახელიც „ოსვენციმა”-ს შერქმეულია)) გახედა მთის ერთ წვერს, მერე მეორე წვერს, რამდენიმე წამით თვალები დახუჭა, წარმოიდგინა მზე როგორ ამოვიდოდა დილით, როგორ გაივლიდა ამ ორ უზარმაზარ, ცისკენ ატყორცნილ მთას შორის და გაეღიმა.. თვალდახუჭულს, თვალწინ წარმოუდგა მზე, რომელსაც ეს ორი მთა წვერივით ჰქონდა მიხატული..წვერებიანი მზე ცოტა უცნაური სანახავი კი იყო, მაგრამ არც „ეფელჩიკა“ იყო მაინცდამაინც უცნაურობას მოკლებული ადამიანი (ჩვენებურად შეიძლება ითქვას, რომ არ იყო ცნაური).. წვერებიან მზეს სხივები დაამატა და დაახლოებით ნუგზარ წიკლაურის მსგავსი სახე მიიღო, ამ შედეგზე,დახუჭული თვალები უცებ გაახილა, ღიმილი წაეშალა, ქვედა ტუჩი აუთამაშდა, მერე მოეღრიცა და ის-ის იყო ხასიათიც უნდა გაფუჭებოდა, რომ „ოსვენციმა-მ მხარზე ხელი დაადო და მისთვის დამახასიათებელი წიკვინა (ამ ხმაზე „ეფელჩიკა“ ყოველთვის იღიმოდა და მისთვის ის სულაც არ იყო წიკვინა, მაგრამ რეალურად მართლა წიკვინა იყო) კითხა: - ციყვს რა დავარქვა? - ციყვს დავარქვათ - დარბაისელი. მაშ ასე, ორწვერა მთის მარჯვენა ზედა კუთხეში დარგულ უზარმაზარ ნაძვის ხეზე, დიდ ფუღუროში, ცხოვრობდა ციყვი, დარბაისელი ციყვი. მარცხენა ზედა კუთხეში კი პატარა სახლი იდგა, სახლი ხისგან იყო ნაშენები, ერთსართულიანი, წინ პატარა ეზო ჰქონდა, ეზოში ერთი პატარა მუხის ხე იდგა (როგორც წესი მუხა დიდი ხეა, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, რადგან მაინცდამაინც არც მზე ჰგავს ნუგზარ წიკლაურს და არც ციყვებს ჰქვიათ დარბაისელი), ამ მუხის ხის ძირში ერთი კრემისფერი ძაღლი იწვა, ძაღლს ზურგზე ოქროსფერი ზოლი გაჰყვებოდა, კუდის ბოლოც ოქროსფერი ჰქონდა და ყურებიც. ცხვირი რაღაცნაირი - მუქი აგურისფერი, რომელიც სტაფილოსფერში გადადიოდა (მოთხრობის ამ ნაწილის ავტორი, თქვენი მონა-მორჩილი მეგობარი - დალტონიკია. ფერებს ვერ არჩევს და ძალიან ნუ გაუბრაზდებით, რადგან მისთვის ყველა ფერი სულ ერთია). იწვა ეს ძაღლი, იწვა რადგანაც დაღლილი იყო, დაღლილი იმიტომ იყო რომ ავად იყო და ავად იმიტომ იყო, რომ ბოროტმა ადამიანებმა მოწამლეს, ეს ბოროტი ადამიანები ორწვერა მთის ძირში ცხოვრობდნენ და ოცნებობდნენ მარჯვენა მთის კენწეროზე დარგული უზარმაზარი ნაძვის ხე მოეჭრათ და მარცხენა მთის კენწეროზე აშენებული პატარა სახლის ბატონ-პატრონები გამხდარიყვნენ.
***
სანამ მე, ოსვენციმა, (ეს სახელი ეფელჩიკმა დამარქვა) ხეს და ციყვს ,,შევქმნიდი,, ამ მოთხრობაში, იდეინი ეფელჩიკმა, მთელი ტერიტორია მოზომა და ძალიან არამოზომილად, ჩახატა ბოროტი ადამიანები, უნებართვოდ ჩადგა სახლი მინდვრის მარცხენა კუთხეში და ჩემს მიერ მინდვრის მარჯვენა მხარეს ჩარგული უზარმაზარი ნაძვი, რომელზეც დარბაისელი ციყვი ცხოვრობდა, მთის კენწეროზე არგო. თუმცა არ მიუთითა ვისი იყო ხის სახლი. აქ სწორად მოიქცა, რადგან ახლა ორივე მინდორში ვდგავართ და მალე გავარკვევთ ვინ ცხოვრობს ამ სახლში. _ეფელჩიკ, რა ქვია დაღლილ ძაღლს? _რა თქმა უნდა დორა-ლაბრადორა. _ კარგი. _ვთქვი_ ისე, შენ რომ დაარქვი უნებართვოდ ჩემს ციყვს სახელი, ძაღლისა მაინც დაგეთმო, გავიფიქრე, მაგრამ არ ვთქვი. მიყვარს ეფელჩიკი და ისემც უქნია მთელი ფლორა-ფაუნისთვის დაურქმევია სახელები. _ეფელჩიკ, იცი, ოსვენციმა აღარ მომწონს, ნაფცა მირჩევნია, მერე რა, რომ შენი შერქმეული არაა, უბრალოდ ბავშვობაში მეძახდნენ ძალიან საყვარელი ადამიანები. ისე, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს შენამდეც ვცხოვრობდი. კი გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ერთმანეთის წარმოსახვა ვართ, მაგრამ წარმოსახვასაც ჰქონია ცხოვრება , მანამ სანამ ვინმეს წარმოსახვა გახდებოდა. ალბათ მაშინ სხვისი წარმოსახვა იყო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ეფელჩიკ, შენს დახატულ სახლში შენ იცხოვრე, ჩემიც ზუსტად მასეთი იქნება, საერთო ღობე გვქონდეს და მუხაც ისე იყოს დარგული რომ რკოების ნახევარი ჩემს ნაკვეთში ცხოვრობდეს. მაგ მუხასაც გამოვუღრუტნოთ ფუღურო, იქნებ მაქაც დასახლდეს ერთი ცერცემეტა ციყვი, რომელსაც მერე ის, დარბაისელი ციყვი შეუყვარდება. მე ცხოველები არ მიყვარს, დორა-ლაბრადორა მეყვარება, მაგრამ არ ვიტყვი, ღობისიქიდან მეყვარება. ღობისიქითა სიყვარული ყველაზე ნამდვილია. იმედია მასაც შევუყვარდები. ისე, რა უნდათ იმ ბოროტ ადამიანებს, რატომ მაინც და მაინც შენი სახლი? იცი რა წარმოვიდგინე? შენ ხომ თქვი რომ შენი მუხა პატარაა, მაგრამ პატარა მუხები ხომ არ არსებობენ? ეს შენი მუხა მიწის ქვეშ რომ გაიზარდოს, უუუზარმაზარი ფესვებით, ჩემს სახლს კიბეებზე გაუღიტინოს. ჩემს სახლს კი ღიტინის ძალიან ეშინია და რომ გაიქცეს და უსახლოდ დავრჩე მერე რა ვქნა?
***
ეფელჩიკა ერთ დღეს ოსვენციმასთან იყო სტუმრად და ძველ წიგნებს ათვალიერებდა, რაღაც დღიურებიც იპოვა, ერთ-ერთში კი საინტერესო რაღაც აღმოაჩინა, თურმე ოსვენციმას პატაროაბაში ნაფცას ეძახდნენ და რადგან ოსვენციმას აშკარად სჯობდა ნაფცა და ზოგადად ოსვენციმას ალბათ ყველაფერი სჯობს - დაარქვა ნაფცა.
პატარა სახლს საერთო ღობე ჰქონდა, ღობე რომელსაც ყოველ მეტრში პატარა კარები ჰქონდა, ამდენი კარი იმიტომ იყო საჭირო, რომ რეალურად ნაფცას და ეფელჩიკას შორის ღობეები არ არსებობდა, მაგრამ წესი წესი იყო და ისინიც ამ წესის ფორმალურ მხარეს იცავდნენ.
მუხის პატარა ხე ძალიან ბევრ რკოს ისხამდა, ერთი ნაწილი ნაფცას ეზოში ვარდებოდა, ვარდნის პროცესს რომ დაკვირვებოდი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავები გეგონებოდა, ძალიან ლამაზი საყურებელი კი იყო. ეფელჩიკას ეზოში ჩამოვარდნილ რკოებს, ეფელჩიკავე აკრეფდა ხოლმე და ნაფცას ეზოში გადაანაწილებდა, იმ ადგილებში სადაც რკოები არ იყო დაყრილი. დილით რომ გამოხვიდოდი და მწვანე მინდორს შეხედავდი, რომელსაც ნამი ღრუბლებივით ჰქონდა მოფენილი, დაკვირვებული თვალი რკოებსაც შენიშნავდა და თვალწინ ღრუბლებში ჩამალული მყინვარწვერები წარმოუდგებოდა, რომლის კენწეროებიღა მოსჩანდა ღრუბლებიდან.
დორა-ლაბრადორას შეუყვარდა ნაფცა, თუმცა ნაფცას დორა-ლაბრადორა ერთგვარი “რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები“ ლოგიკით უყვარდა და პრინციპში არც დორა იყო წინააღმდეგი. თან ძალიან კარგად ახსოვდა ლაბრადორას, ადრე, ძალიან ადრე, პატარა ნაფცამ როგორ სცადა მისი მოფერება და კინაღამ მარჯვენა ყური მოაგლიჯა, ამიტომ არც დორა-ლაბრადორა იყო წინააღმდეგი ტაბიძისეული სიყვარულის განმარტებით ჰყვარებოდა ნაფცა.
ერთხელ, დილით, ეფელჩიკამ მუხის ძირში დასვენება გადაწყვიტა, მზე ახალი ამოსული იყო და მისი სხივები სრულად არ იყო მიმოფენილი არემარეს. ამ დროს საინტერესო რაღაც შენიშნა ეფელჩიკამ, ეს პატარა მუხა, ფესვებით იმდენად იყო მიწაში გამჯდარი, რომ მის ათასწლოვან წინაპრებსაც კი შეშურდებოდათ, გაჰყვა ამ ფესვებს ეფელჩიკა და დაინახა, რომ ისინი ნაფცას სახლამდე მიდიოდა, მიდიოდა და ძლიერად, ძლიერად იყო შემოხვეული მის კარ-მიდამოს, თითქოს მონატრებული დედა შვილს ეხუტება და ეუბნება არსად, არსად არასოდეს გაგიშვებ, ყოველთვის მინდა ჩემი უზომო და უსაზღვრო სიყვარულით გაგათბო და გაგაძლიეროო.
გაეღიმა ეფელჩიკას, რა მშიშარა გოგოა ნაფცა, როგორ ეშინოდა მუხის ფესვებისო..
***
ეფელჩიკის და ნაფცას კომპებს ირგვლივ უამრავი უჯრა ჰქონდათ, ფრენდების სახელებით.
როცა რომელიმე მეგობარი ჩატში შემოდიოდა, უჯრა ნათდებოდა, როცა საჩუქარს გზავნიდა_,,წკრ,, ასეთ ზარს გამოსცემდა, გაიტკაცუნებდა და იხსნებოდა. ყოველ საღამოს, ზუსტად რვა საათზე იწყებდა ნაფცა უზარმაზარი ბროწეულის დარჩევას. მერე მეორეს მიაყოლებდა, მესამე და მეოთხეს. ამასობაში ეფელჩიკა უგემრიელეს ჩაის დააყენებდა ფაიფურის ჩაიდანში, სწორედ ისეთს, ნაფცას რომ უყვარდა. დაწურავდა ნაფცა ბროწეულს, სულ გაიშავებდა თითებს, ჩაასხამდა გამჭვირვალე ჭიქაში , ეფელჩიკაც ჩაასხამდა ფაიფურის ფინჯანში ცხელ, თუხთუხა ჩაის, დადებდა ლამბაქზე , მიუდებდა ლიმონის ნაჭერს და ორივე ერთდროულად, ზუსტად ცხრის ნახევარზე ჩადებდნენ ფრენდ-ყუთებში საჩუქრებს. ,,წკრ,, დაიძახებდა ეფელჩიკის კომპზე წარწერა ,,ნაფცასგან,, და ამოიღებდა ბროწეულის წვენს.
,,წკრ,, დაიწკრიალებდა ნაფცას ფრენდ-ყუთი წარწერით ,, ეფელჩიკისგან,, და ამოიღებდა ნაფცა ჩაის.
ნაფცას და ეფელჩიკას სამზარეულოს ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. საღამოს ფარდებს გადაწევდნენ , დასხდებოდნენ ფანჯრებთან, ეფელჩიკა ახლადგამოწურულ ბროწეულის წვენს წრუპავდა გამჭვირვალე ჭიქიდან, ნაფცა კი ცხელ ჩაის. ცხელი ჩაი ორთქლავდა ფანჯრის შუშას და ნაფცა წერდა:
_ ჩიკ, როგორ ხარ?
ეფელჩიკი კი მაღლა აწეულ ცერს აჩვენებდა. თან პირის მოძრაობით ანიშნებდა:
_შენ?
_მოწყენილი_წერდა ნაფცა უკუღმართ ასოებს, რომ ეფელჩიკს სწორად წაეკითხა.
_მოდი, კომპთან დავსხდეთ_ეფელჩიკმა ხელები პირთან მიჰქონდა, შუშას ორთქლავდა და კლავიატურას ხატავდა.
_ახლავე_წერდა ნაფცა და ორივენი კომპს მიუსხდებოდნენ ხოლმე.
ორივემ იცოდა რომ ძალიან ბანალური იყო ორთქლზე წერილების წერა, მაგრამ მაინც უყვარდათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესო ექპერიმენტი ყოფილა.. საინტერესო ექპერიმენტი ყოფილა..
2. ჰაჰ
საინტერესოა ჰაჰ
საინტერესოა
1. ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ეს ,,ექსპერიმენტი,, )) ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ეს ,,ექსპერიმენტი,, ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|