ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაო
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2014


დავრჩები

დავრჩები ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან პირველ ფიფქებად ნოემბრის მიწურულს..
იცი, ალბათ ქუჩის ნაპირებში აქა-იქ შემორჩენილი ფოთლები თუ მოგაგონებენ ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს.
იქნებ და ნოტებზეც შემეძლო დარჩენა, ან იქნებ კოსმოსში გაფრენაც შემეძლო..
მე ხომ არასდროს მყოფნიდა სიტყვები გრძნობების გამოსახატად.
შევძლებდი შენს ფიქრში გრძნობებად დარჩენას? ან ამ სამყაროში სუნთქვას თუ შევძლებდი.. არ ვიცი.
სცენის მტვერს კოსმოსის ფერადი მტვერიც ერევა და ვგრძნობ, როგორ მწამლავს.
დავრჩები წვიმისთვის ფიქრების განდობად, ან ყვითელ ფოთლებად ნაწვიმარ მიწაზე..
იქნებ შენს გარშემო ნისლის ღრუბლებად დარჩენაც შემეძლო,
ანდა ნაზ სურნელად კუბოკრულ პერანგზე..
“შენ არასოდეს იცოდი ზღვარი. მუდამ იმაზე მეტად გიყვარდა, ვიდრე შეიძლება
და იმაზე მეტად გტკიოდა, ვიდრე აიტანდი.” ჩამჩიჩინებს მეორე მე.
მე კი გაზზე შემოდგმულ ჩაიდანს ვუყურებ და ვხვდები,
შემეძლო მოიისფრო გრძნობად დავრჩენილიყავი, ან ლურჯ საიდუმლოდ, წვიმას რომ გაანდობდი.
დავრჩები ზღვის სანაპიროზე დადებულ ფიცად..
ანდა ზღვის სურნელად ჩვენს თმებზე და ვარსკვლავიან ცად – ჩვენი ფიცის ერთადერთ მოწმედ.. ჰო.
წითელი პომადა სულ არ უხდება სევდისფერ სამოსს,
მაგრამ რამემ ხომ უნდა გაგაფერადოს. მე კი ამ პომადის კვალს გიტოვებ ტუჩებზე და…
ალბათ ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან თოვლის უბრალო სიმართლედ დავრჩები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები