ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დურბახი
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2014


შენ_ჩემი წარმოსახვა_

,,წკრ,, გაისმა ეფელჩიკის ფრენდ-ყუთის ხმა. ეფელჩიკმა ყუთიდან ბროწეულის წვენი და ნაფცას წერილი ამოიღო.

_ჩქარა, ჩაისთან ერთად ერთი ჭიქა მდუღარე წყალი ჩადე. ჩემს საყვარელ მაისურს წვენი გადაესხა. სულ შენი ბრალია . შენი და შენი უაზრო ბოროტი პერსონაჟების ,,ბოროტას,, და ,,უარესას,, . ავღელდი.
წუთი არ იყო გასული , ნაფცა თავის საყვარელ მაისურზე შესხმულ წითელ ლაქას მდუღარეს ასხამდა და ლაქაც თვალსა და ხელს შუა ქრებოდა, თან წერილს კითხულობდა: _, რა მოხდა, ათ მასეთ მაისურს გაჩუქებ, ან ასს, ან ათასს... რა ბოროტა? რა უარესა?

_გადარჩა!_ ნაფცა კომპის ეკრანს უყურებდა, ცხელ ჩაის სვამდა ,იღიმებოდა , ლიმონის კანით ბროწეულით გაშავებულ თითებს ითეთრებდა და წერდა _ ეფელჩიკ, ეს ნაცრისფერი მაისური ჩვენი მინდვრის მარცხენა ქვედა კუთხეში, დადგმული ერთსართულიანი ქვის სახლის ეზოში ვნახე თოკზე გაფენილი ,,C* est la vie,, ეწერა. სასწრაფოდ გადავიძრე ჩემი მაისური წარწერით ,,ცხოვრება მშვენიერია!,, , თოკზე ნაჩქარევად დავკიდე ცალი კუთხით,წითელი სარჭით, მეორე ბალახში ჩამივარდა, ეს მაისური კი მოვიპარე და გადავიცვი.
    არასოდეს ჩავიცვამ გარეთ,რომ პატრონი არ შემხვდეს. ძალიან გავუფრთხილდები, ცხოვრება, უბრალოდ ცხოვრებაა. მე უბრალო ცხოვრება მირჩევნია ცხოვრებას, რომელიც მშვენიერია. არც ვიცი იმ სახლში ვინ ცხოვრობს. რამდენჯერმე ჩავიარე და არავინ შემიმჩნევია. შენ ხომ არ იცი?  ბროწეულის წვენი იმიტომ გადამესხა, რომ ამ საღამოს გასული რომ ვიყავი ბოროტა და უარესა შემხვდნენ.
_გამარჯობა!_მითხრა ბოროტამ , გაიღიმა და ყვითელი , პიანინოს ძველი კლავიშებივით მორყეული კბილები აათამაშა . უარესამაც გაიცინა , მისმა კბილებმაც რაღაც მორყეული და კლავიშებდაკარგული ინსტრუმენტის ხმა გამოსცეს. უფრო სწორად სიმაღლიდან გადმოგდებული, ძირში დაცემული როიალისა. ალბათ ზუსტად ვერ ავხსნი, მაგრამ ძალიან შემეშინდა.
_გამარჯობა_ ვუთხარი, თავი დავხარე და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი.
_დორა-ლაბრადორა მოგვიკითხე_ დაიზრიალა ორივემ დამცინავი ხმით.
რა გინდოდა , ნეტავ, რას დაასახლე ეს ხალხი ჩვენს მოთხრობაში?

__________

ეფელჩიკმა ფრენდ-ყუთი გახსნა და იქ ბროწეულის წვენი და წერილი დახვდა. წერილი ლამაზ კონვერტში იყო ჩადებული, კონვერტის სილამაზეს პირველ რიგში მისი ფერი განსაზღვრავდა, მაგრამ ეფელჩიკი დალტონიკი იყო, შესაბამისად ეს დეტალი მისთვის უცნობი დარჩა. სილამაზე, რომელმაც მისი ყურადღება მიიპყრო კონვერტზე მოხტუნავე და მორბენალი სპილოების მომცრო ჯოგმა მიიქცია. კონვერტი ანიმაციური იყო და იქ დახატული თითოეული სპილო გამორჩეული და უცნაური იყო, ზოგს ვარდისფერი კუდი ჰქონდა, ზოგს მწვანე ხორთუმი, ზოგს წითელი მუცელი და ზოგსაც ყვითელი ყურები. იქვე კონვერტის კუთხეშივე მიხატულ მინდორზე დარბოდნენ ეს ფერად-ფერადი სპილუკები-სპლიყვები, კოტრიალობდნენ, მხიარულობდნენ და როდესაც კონვერტთან თითებს მიიტანდი, რომ გაგეხსნა - ჩერდებოდნენ, ერთ ადგილზე შეგროვდებოდნენ, წრედ შეიყურშებოდნენ და დიდრონი თვალებით ამოგხედავდნენ, თან უზარმაზარი ყურების ფართხუნს იწყებდნენ..
საკმარისი იყო კონვერტი გაგეხსნა და ჯერ კისკისს იწყებდნენ (თითქოს ვიღაცამ ფეხის გულებზე შეუხიცინაო) და მერე ეფელჩიკისთვის უცხო ენაზე (ალბათ უფრო ფრანგულად) სიმღერას იწყებდნენ. რამდენჯერმე მოისმინა ეფელჩიკამ ეს სიმღერა და როგორც იქნა გაიხსენა ავტორი, მერე ძველი სკივრი გადაქექა და იქ მიაგნო კიდევაც სასურველ ფირფიტას ( https://www.youtube.com/watch?v=pp-wmEKWLSo ).

ამის შემდეგ წერილი გახსნა, წაიკითხა, ერთი ჭიქა მდუღარე წყალი ჩადო, საპასუხო წერილიც მისწერა მის უსაყვარლეს მეგობარს და ფრენდ-ყუთი დაკეტა.
ალბათ დაკვირვებული (აქ შეიძლებოდა დამეწერა პრეტენზიული და წუნიაც, მაგრამ ჩემ უსაყვარლეს ადამიანს ვეცი პატივი და არ დავწერე :D ) მკითხველი იკითხავს, თუ ეფელჩიკი დალტონიკი იყო და წერილის ფერი ვერ გაიგო როგორი იყო, ფერად-ფერადი სპილოები როგორღა გაარჩიაო? მაშ ჩემო ყურადღებიანო (ტვინისბურღო) მკითხველო მოგახსენებ, რომ - ეფელჩიკის დორა-ლაბრადორა ეგზომ გათვითცნობიერებული იყო ფერებში და მეტიც, სათითაოდ იცოდა რომელი ფერი როგორი იყო, შესაბამისი ყეფაც ჰქონდა შერჩეული და ზუსტად მან მიახვედრა ეფელჩიკს რომელი სპილო რა ფერის იყო. აქ შეიძლება კიდევ უფრო ჩამეძიოს მავანი და იკითხოს, კი მაგრამ კონვერტის ფერი რატომ არ შეიმჩნიაო? იმიტომ, რომ ძაღლია და ასე მოუნდა, მე საიდან უნდა ვიცოდე ძაღლი რატომ იმჩნევს ფერად სპილოს და რატომ არ იმჩნევს კონვერტის ფერს? თუ გყავთ ვინმეს ლაბრადორი,მიბრძანდით და გამოკითხეთ, პასუხი კი აუცილებლად შემატყობინეთ.

= = = = = = =

ეფელჩიკ, იცი რას ვფიქრობ? აი, ბოროტა და უარესა რომ შემხვდნენ, ორივე პიჯაკებში, კარგი შარვლებსა და გახამებული პერანგებში იყო გამოწყობილი. ორივე გაწკრიალებულ ფეხსაცმელი ეცვა. ღიმილიანები, მაგრამ ზრიალა კბილებით. შეიძლება იმიტომ არიან ბოროტები რომ ცუდი კბილები აქვთ და საერთოდ, ბავშვობაში კბილის ექიმით აშინებდნენ და გაბოროტდნენ? ბოროტებად არ იბადებიან. არც ზრილაკბილებიანებად. იცი, ეფელჩიკ, ჩემი დაკვირვებით ყველაზე დიდი ბოროტებები კარგად ჩაცმული და ღიმილიანი ადამიანებისგან მოდის.
კიდევ... ღობე რომ გავალე ჩვენს სახლებს შორის, გეწყინა. იცი როგორ გამიხარდა იმდენი კარი რომ ჩასვი? ძალიან, ძალიან გამიხარდა.გავლებული ზღვარი, რომელიც არ არსებობს. ახლა გეტყვი, რატომ გავავლე, არა იმიტომ რომ შენთან ზღვარი მჭირდება.
ყოველთვის ვოცნებობდი გასაღებზე , რომელიც ჩემს კარს გააღებდა. მხოლოდ ჩემს. ამ გასაღების ასლები ექნებოდა ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს, მაგრამ მთავარი გასაღები იქნებოდა ჩემი , წარწერით : ,,ნაფცას სახლის კარი,, . ხანდახან ვფიქრობდი, როგორ ვიყიდდი მიწას, უზარმაზარ მინდორში, რომელიც მთის კალთაზეა , ადგილას სადაც სულ ქარია და სულ მზეა, მინდორში კი უზარმაზარი ოთხი ლოდი დევს... და ამ მინდორზე იქნებოდა ჩემი მომავალი სახლი. მომავალი სახლის აშენებამდე, ანუ მანამ სანამ მიწის ფულს გადავიხდიდი და სახლისას მოვაგროვებდი, ვიყიდდი კარის ჩარჩოს, ჩავდგამდი მინდვრის შუაგულში და დავკიდებდი კარს. ჩემი სახლის კარს. გავაღებდი ჩემი გასაღებით, გადავაბიჯებდი ზღურბლს , გავშლიდი ხელებს და დავიყვირებდი: _ შემოდი ქარო! შემოდი წვიმავ! შემოდი მზეო! ჩემი კარი ყველასთვის ღიაა!
ახლა კი, მე მაქვს სახლი შენს ზიარ მოთხრობაში, შენს მეზობლად.  მიხარია.

***

ბოროტა და უარესა პატარაობაში ყველაზე მოწესრიგებული და ზრდილობიანი ბავშვები იყვნენ. ერთი ვიოლინოზე დადიოდა, მეორე როიალზე. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ სახლებში ცხოვრობდნენ - ერთმანეთს არ იცნობდნენ. ყოველ დილით, სახლიდან გამოსული ბოროტა ვიოლინოს მასწავლებელთან მიდიოდა, მასწავლებელი ქუჩის მარჯვენა უკიდურეს სახლში ცხოვრობდა, უარესა კი როიალის გაკვეთილებზე დადიოდა და მისი მასწავლებელ ქუჩის მარცხენა უკიდურეს სახლში ცხვორობდა.
ორივე ბეჯითი და ნიჭიერი მოსწავლეები იყვნენ, ამიტომაც ყოველთვის უბნის აშვებული ბიჭების დაცინვის ობიექტებად იქცეოდნენ ხოლმე.
ბოროტას და უარესას კიდევ ერთი საერთო ჰქონდათ - ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა ტკბილეული.

ერთ დღეს, ვიოლინოს და როიალის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს საერთო გაკვეთილი ჩაეტარებინათ, ზუსტად იმ დღეს გაიცნეს ერთმანეთი ბოროტამ და უარესამ, რის შემდეგაც განუყრელ მეგობრებად გადაიქცნენ. გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთთან გადადიოდნენ სტუმრად, დასხდებოდნენ, გადაშლიდნენ წიგნებს, კითხულობდნენ სახალისო ისტორიებს და თან ტკბილეულს აკნატუნებდნენ და ახრამუნებდნენ - „კნატ-კნუტ, კნუტ-კნატ“ იძახდა ბოროტა და შეექცეოდა უარესას მიტანილ შაქარყინულს, „ცმაც-ცმუც, ცმუც-ცმაც“ აცმაცუნებდა პირს უარესა და ბოროტას სახლიდან წამოღებულ შოკოლადს კმაყოფილი სახით მიირთმევდა.

თუმცა, ტკბილეულს ერთი ცუდი თვისება აქვს, კბილებს აფუჭებს. გამომდინარე აქედან ბოროტა და უარესა ხშირად დადიოდნენ კბილის ექიმთან, კბილის ექიმი კი ძალიან გაბოროტებული და ზარმაცი ქალი იყო, რომელსაც ბავშვები საერთოდაც არ უყვარდა და არც მაინცდამაინც ბოროტა და უარესა გიჟდებოდნენ მასზე. როცა წამოიზარდნენ და დიდები გახდნენ დაანებეს კბილის ექიმთან სიარულს თავი, აი ტკბილეულს კი ვერა და ვერ გადაეჩვივნენ.

******

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დილის ნამი მდელოზე გადაფენილ ბალახზე ახალი შემშრალი იყო, ბოროტა ცაზე მოცურავე ღრუბლებს უყურებდა და სხვადასხვა ფორმის და სახეობის ტკბილეულს წარმოიდგენდა ამ დროს მასთან უარესა მივიდა და უთხრა - გესმის ხმა?

მესმის? ხმა? - გამიეორა ბოროტამ, თუმცა ფიქრებში ისევ ღრუბლებით ხატვით იყო დაკავებული.
ხო, ხმა, ხმა. რა გაიკვირვე? რამე რთული ვიკითხე?

უარესას ამ სიტყვებზე ბოროტა წამოჯდა, მეგობარს ახედა, შემდეგ მზერა ისევ ზეცისკენ მიაპყრო, ოღონდ ამჯერად სმენად იქცა და მართლაც გაიგონა მოშორებით, სადღაც მთის კენწეროდან მომავალი ხმა.

მესმის, მესმის - თქვა და თან ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს, ეს-ეს იყო სანუკვარ ნუგბარს ჩაატკბარუნებდა.
ხოდა თუ გესმის ადექი და წავიდეთ იქ საიდანაც გვესმის ეს ხმა - მიუგო უარესამ.

მეგობრები გაეშურნენ მთის ძირისკენ, შემდეგ ნელი ნაბიჯებით აუყვნენ მას და როგორც იქნა იმ ადგილთან მივიდნენ საიდანაც მათთვის ნაცნობი ხმები მოდიოდა.
ხმა, უფრო სწორედ ხმები, სიმღერა, მელოდია, ბგერები, ნოტები, ჰანგები, ჰარმონია, ემოცია, ყველაფერი აირია და ერთ ულამაზეს სიმფონიად გარდაიქმნა, ბოროტა და უარესა იდგნენ, იდგნენ გაშეშებულები, ისე როგორც პატარა ბავშვი იდგება 31 დეკემბრის ღამეს ნაძვის ხესთან, როდესაც მის უკან ხურჯინმოკიდებულ თოვლის ბაბუას დაინახავს.
იდგნენ და ახსენდებოდათ ბავშვობა, ის თითოეული სიტკბო რომელიც განიცადეს ტკბილეულის გასინჯვისას, ის თითოეული განცდა რასაც ჩუქნიდა როიალის კლავიში, თუ ვიოლინოს სიმი. ის გრძნობები რაც მათი გულის გათბობას ახერხებდა მთელი ბავშვობის პერიოდში. გაახსენდათ როგორი იყო ყველაფერი როდესაც მასში არაფერი ცუდი, უსიამოვნო, მშფოთვარე და უარყოფითი არ იყო. გაახსენდათ პატარაობა და პატარაობის ყველა კადრი, ყველა წამი და ყველა განცდა თვალწინ წარმოუდგათ.

ეს ხმა კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ნაფცას სახლიდან მოდიოდა. ხმა კი სიმღერა იყო - https://www.youtube.com/watch?v=-RxkxCj4cpc

= =

მოდი შევიდეთ - ჩურჩულით თქვა ბოროტამ
მოდი - დაეთანხმა უარესა

რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და უეცრად სიმღერა შეწყდა, მოშორებით უცნაური ხმაური გაისმა - ხრრრრრ, ხრრრრრ, წკმ, წკმ, ხრრრრრრრ. გაჩერდნენ, ოდნავ დაიბნენ, ერთმანეთს გადახედეს.
მიდი ნახე რაა იქ - თქვა ბოროტამ და ხელი თავისდაუნებურად ღობის მეორე მხარეს გაეშვირა.

უარესა ნელი და მორიდებული ნაბიჯებით გაემართა უცნაური ხმების "თავშეყრის" ადგილისკენ და ცოტა ხანში გაშეშდა, ეს გაშეშება წამები გაგრძელდა, თან მხრები უთრთოდა, შემდეგ შემოტრილდა და სახე გაუწითლდა. ბოროტა ვერ მიხვდა რა დაემართა მის მეგობარს, უეცრად უარესა ადგილიდან მოწყდა, მასთან მიირბინა და სიცილი აუტყდა, სული რომ მოითქვა  და დამშვიდდა ამოილუღლუღა - პირველად ვნახე ძაღლი რომელიც სიზმარს ხედავს და თან ასე ხმამაღლა ხვრინავს.

ამ დროს სახლის კარები გაიღო და იქედან ლამაზი, გამხდარი, მაღალი გოგო გამოვიდა, გოგოს გრძელი თმა ჰქონდა, თმები მხრებზე დაცურავდნენ როგორც დელფინები ზღვაში, რომ გაჩუმებულიყავი და სმენად ქცეულიყავი შეიძლებოდა მუსიკაც გაგეგონა, მუსიკა რომელსაც ქარი უკრავდა როდესაც გოგონას თმებს არხევდა. ლამაზი თვალები ჰქონდა, ფერს ვერ გაარჩევდი, ვერც მოძრაობას დააკვირდებოდი, შეიძლება არც დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ გრძნობდი, გრძნობას კი ფერი, მოძრაობა, მახსოვრობა არ სჭრიდება. გრძნობა უნდა იგრძნო და უნდა შეიყვარო.

ღიმილი? ღიმილი ისეთი ჰქონდა მზე ორდებოდა, ღრუბლები ფერადდებოდნენ, ცაზე ვარსკვალვებს დიანახავდი, მერე რა რომ დღე იყო. ბუნება მუხლს მოიყრიდა და ყველა ყვავილი ყვავილობას დაიწყებდა. გამოვიდა სახლიდან გოგონა, ბოროტა და უარესა უკან გაჰყვნენ. დაეშვა მთიდან და ჩაირბინა იქვე მიტოვებულ სახლში, ჩაუარა გვერდით, შეჩერდა, ეზოში მაისური დაინახა, დაინტერესდა, შერცხვა, მაგრამ მაინც შეაბიჯა ეზოში.

ეზოს ღობე არ ქონდა, არც მოზომილი იყო, არც რაიმე მიუთითებდა მის დასაწყისს ან დასასრულს, თითქოს მთელი სამყარო ამ სახლის ეზო იყო. რატომ? სახლი იყო მთელ სამყაროსავით - უცნაური, ლამაზი, მოწყენილი, მშვიდი და უსასრულო. სახლი იყო გოგოსავით, ერთი ნახვით რომ თავს ისე იგრძნობ როგორც საკუთარ სახლში.
მივიდა გოგო, აიღო მაისური, გაიღიმა, ცოტა გაწითლდა, მიიხედ-მოიხედა და გამობრუნდა, თან წამოიღო.
გამოვიდა ეზოდან და გაბრუნდა მთის კენწეროსკენ.

ამ ყველაფრის შემხედვარე ბოროტა და უარესა ხმას ვერ იღებდნენ, ბოლოს როგორც იქნა უარესამ გადაულაპარაკა მეგობარს:
წამო, გამარჯობა მაინც ვუთხრათ, იქნებ ტკბილეული მასაც უყვარს?
წამოდი - დაეთანხმა ბოროტა.

**************

_ეფელჩიკ, ეს მოთხრობა ბესტსელერი იქნება,როცა წერას დავასრულებთ, ორ ეგზემპლარად  დავბეჭდოთ.

_ბესტსელერი იქნება, ორი ეგზემპლარი თუ იქნა და ორივე გაიყიდა (გაიყიდა რა, ჩვეენ ვიყიდით) უეჭველი გამოდის, რომ ბესტსელერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები