ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2014


მისი გუგულის ბუდე

            "იგი ამბობდა, რომ სადღაც მართლა არსებობდა გუგულის ბუდე,
                                    რომელზეც გადაიფრენდა."
   
  "კრისტოფერ, გააღე კარი, მოვედი კრისტოფერ, დავბრუნდი"
მე გადაწოლილი ვიყავი რიკულებზე და რგოლებს ვუშვებდი. ბავშვობაში მივეჩვიე დათვლას. წარმოიდგინე, რომ მეცხვარე ხარ და დაითვალე ცხვრებიო, მეტყოდა ხოლმე დედა და თბილად შემომიკეცავდა საბანს. ერთხელ ატირებულს გამეღვიძა. ერთი ცხვარი დავკარგე მეთქი არ ვეშვებოდი დედას. მამაჩემმა განაცხადა, რომ კაცები არ ტირიან და ჩემს ოთახში გამისტუმრა. გადავწყვიტე, რომ გავიზრდები კაცი გამოვალ მეთქი. გაზრდამდე კი ტირილის უფლება შევინარჩუნე.
  "კრის, გამიღე მეთქი არ გესმის? კრიის."
  გაჩუმდი. ვთხოვდი უხმოდ და ისევ რგოლებს ვითვლიდი. ჯანდაბა, ახლა ჩამეძინება.
  "იცოდე ფეხს არ მოვიცვლი აქედან. უნდა შემომიშვა."
  შეუძლებელია ამ გოგოს გაჩუმება მეთქი ჩავიბურტყუნე და კარი გავუღე. ნაცნობ რიკულებს დავუბრუნდი. ახლა ახლიდან უნდა დავიწყო თვლა. ერთი რგოლი, ორი, სამი..
-კრის, იცი მე დღეს ძალიან ბევრი ვიარე. სად აღარ ვიყავი. ვნახე ბუდე, ზუსტად ისეთი, რომ მინდოდა. ძალიან მაღალ ხეზეა. სქელ ტოტებში გახლართული, მაგრამ გუგულები არ იყვნენ. ინდიელი უნდა ვიპოვო. მას ეცოდინება, გესმის?
  თავი მოვიმძინარე. გავიგე მისი ნაბიჯების ხმა, კიბეებზე ჩარბოდა. ყველაზე დამაჯერებელი ტყუილი მაშინ არის, როცა თავად გჯერა მისიო, ჩამძინებია.. თვალები რომ გავახილე სიცივისგან ერთიანად ლურჯს ის ფიქრი მიტრიალებდა თავში რა მოხდებოდა მართლა რომ ეპოვა გუგულის ბუდე? რა სისულელეა. გაფრენა, რომ უნდოდეს მერცხლების ბუდეს ვერ გადააფრინდებოდა? კრისტოფერ, არ აყვე ამ ეშმაკის ფეხს, შენც მისნაირი არანორმალური ნუ გახდები მეთქი გავამხნევე საკუთარი თავი და უცბად, ისეთი დამწვრის სუნი მეცა სამზარეულოდან, რომ მისკენ გავიქეცი.
  ის იდგა და შავ ტაფაზე, უფრო შავ რაღაცას უყურებდა.
აქ რა ჯანდაბა გინდა მეთქი მინდოდა მეკითხა, მაგრამ ისე შემომხედა, ისე და ეს თვალები რამდენფრად უციმციმებს ჩემჭირად მეთქი ნერვები მომეშალა.
-მე მინდოდა საუზმე დამეხვედრებინა და აი..
ცხვირთან მომიტანა ეს შავი რაღაც. ასეთი მიყვარს მეთქი საჩქაროდ ვუპასუხე და თეფშები დავაწყე მაგიდაზე.
  ისეთი ბედნიერი ჭამდა, მგონი მართლა დაიჯერა. ჯანდაბა კრის, როდის აქეთ გახდი ასეთი საყვარელი ტიპი? ვჭამდი და მის ციმციმა თვალებს ვუყურებდი. ყველაფერი კარგადაა მეთქი გავიფიქრე და..
-რაღაც მინდა გკითხო. შეიძლება?
ოღონდ ეს არა, არა.. ღმერთო, როგორ უხდება დუმილი და აი, დაიწყო. ძლივს დავაჭირე ენას კბილი, რომ არ მეთხოვა გაჩუმება. მკითხე მეთქი ვუპასუხე ისეთი სახით საყვარელ ტიპებს რომ სჩვევიათ. მისი თვალებიდან მზერა ლარნაკზე გადავიტანე. ნეტავ რად მინდა? ყვავილები ჩემთვის არავის მოაქვს, მე მითუმეტეს არავის მივუტან, რომ მოვკვდები არც მაშინ იქნება ყვავილების ცვენა და ლარნაკების საჭიროება. თუმცა იდგეს, რას მიშლის...
-კრისტოფერ, მისმენ?
-კი. რას ამბობდი?
-რას და მაინტერესებს გადაფრენა გდომებია?
-არა
-მართლა?
-ჰო.
-არასოდეს?
-არასოდეს..
  წამოდგა და მაგიდის ალაგება დაიწყო. სიჩუმით ვისარგებლე და რიკულებზე გადავეფინე. ვერ გავიგე როგორ წავიდა, რაღაც გაურკვეველ სიმღერას ვღიღინებდი და ვცდილობდი ცხვირის წვერზე მომეხდინა კონცენტრაცია. სადღაც წავიკითხე ასე თვითჰიპნოზს იკეთებენო. არასოდეს გამომდიოდა.
  შუაღამისას დამადგა თავზე. კარზე ბრახუნი არ დასჭირვებია. ჩაკეტვა დამავიწყდა. მეორედ ასეთ სისულელეს აღარ გავაკეთებ.. პატარა ბავშვივით წამომაგდო ლოგინიდან, ჩამაცვა და ხელჩაკიდებულს ისე მიმარბენინებდა ვიფიქრე მატარებელზე გვაგვიანდება და უნდა მივუსწროთ მეთქი, მაგრამ მატარებელში რა მინდა?
-მითხარი. რა საჭმელი გიყვარს განსაკუთრებულად?
-არაფერი
-და მაინც, ტკბილეული?
-არაფერი.
-რამე, განსაკუთრებული ადგილი?
-ჩემი აივანი.
-გაჩუმდი.
  დამიყვირა გაბრაზებულმა, ისე, თითქოს მე არ ვაჩუმებდი ენას და მთელი ეს დრო ის იყო გაწამებული ჩემი კითხვებით..
-შენ, შენ ხარ.. შენ..
-ვირი?
-არა.
-უტაქტო?
-არა.
-იდიოტი?
-არა.
-აბა?
-ცარიელი.
  ზურგი მაქცია და იდიოტივით მარტო დამტოვა ქუჩაში. არა. მე მართლა იდიოტი ვარ. მართლა. ცარიელი კი არა, იდიოტი ვარ. დამელოდე. დავუყვირე და მისკენ გავიქეცი.
-მოიცა..
-რა გინდა?
-წამომყევი.
-აღარ მინდა შენთან ლაპარაკი.
-მშვენიერია.. არც მე -გახარებულმა შემოვკარი ტაში.
-მაგრამ, მაცადე.. ერთ ადგილას უნდა წავიდეთ. ხმა არ ამოიღო. წამოდი.
  დამჯერი ბავშვივით გამომყვა. ზოო მაღაზიასთან გავჩერდით.
-აქ რა გვინდა?
-შემოდი.
  დიდხანს ველაპარაკე გამყიდველს, მაგრამ რად გინდა. რა გუგული, რის გუგულიო. სხვა რა გზა გვქონდა. წამოვედით უკან. გაბრაზებული მოვდიოდი. რას ავიჩემე. რა რომანტიკა და გუგულები ამიტყდა მეთქი. ის გახარებული იყო. ვერ გავიგე რა უხაროდა.
  მთელი ღამე აივანზე ვიყავით გადაფენილები და შავ ჩაის ვსვამდით. ბედნიერი ჩანდა.
-კრის, გყვარებია ვინმე?
  ამ კითხვაზე ყოველთვის ერთნაირი შეგრძნება მქონდა, დაახლოებით ისეთი, ოთახში რომ მძაფრი სიგარეტის სუნია, იღვიძებ, ძალიან გინდა მოწიო, მაგრამ სიგარეტი არ გაქვს, არც ფული.. გამვლელს კი ვერ თხოვ..
-არა.
-შენი მშობლები სად არიან?
-მოკვდნენ. -ვუპასუხე და ბოლო რგოლიც წარმატებულად გამოვუშვი. გაკვირვებული მიყურებდა. ჩემი ნათქვამი "მოკვდნენ" ტრაგიზმს იყო მოკლებული ალბათ მისთვის, რას ვიზამთ.
  წამოდი, სახლში გაგაცილებ მეთქი შევთავაზე და საკუთარ თავს არ დავუჯერე. კრისტოფერ, შე რომანტიკოსო იდიოტო, როდის აქეთ?
-დღეს აქ დავრჩები.
-და შენი მშობლები?
-იციან.
  ჰო, მთელი ღამე აივანზე ვიყავით გადაფენილები. დილით უსიტყვოდ ადგა და მიდიოდა, კართან დავეწიე.
-საით?
-სახლში.
-ახლაც სახლში ხარ.
-ჩემს სახლში მივდივარ.
-დარჩი.
-კრის, დამეხმარე მოვძებნოთ გუგულის ბუდე.
-გეყოფა რა. დებილი ბავშვივით იქცევი. რა ბუდე. მოიშორე ეგ აზრები.
-არა, არა.. როგორ არ გესმის? თუ ორი გული გუ-გულის ბუდეს გადაუფრენს და სურვილს ჩაუთქვამს გადარჩებიან.
-გადარჩებიან? ჩვენ გადარჩენილები ვართ. ყელში ამოვიდა ეგ გუ-გულები.
  ხელი ჩაიქნია და გავიდა. მამაჩემი გამახსენდა, ასე ჩაიქნია ხელი, როცა ბოლოს გავიდა კარიდან და ოკეანის იქით გადაიკარგა.
    დაძინება დავაპირე, არაფერი გამოვიდა. მეცხვარეობის გახსენებამაც არ გაამართლა. დღეს, რომ მოვა დაველაპარაკები. ჯანდაბას ეს ბუდე. ვიპოვოთ და გადავფრინდეთ. მაინც შემშალა ამ მარცვლისხელამ.
  იმ დღეს არ მოსულა.. მთელი ერთი თვე არ გამოჩნდა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მისი სახლი არ ვიცოდი. არც ნომერი, არც..
  მოიცა. როგორ ვიპოვო? და რა ჰქვია?
  ბოლო დროს საყვარელ რიკულებსაც აღარ ვწყალობდი. ის არ ჩანდა, არცერთი კაკუნი, არცერთი დაძახება მეთქი ჩავილაპარაკე და ვიღაცამ ზარი დარეკა. "ეს თქვენ" მომაჩეჩა ბიჭმა კონვერტი და კიბეებზე ჩაირბინა.
  "ჩემს კრისტოფერს..
კრის, იმედია ამ წერილის მომტანს კარზე არ დაუკაკუნებია. ვთხოვე ზარი დაერეკა. ეს მე, მე უნდა მებრახუნა შენს კარზე. სანამ ბუზღუნით არ გამიღებდი.
მაპატიე, რომ აღარ მოვედი. სამწუხაროდ ვერ შევძელი. ბოლო ერთ თვეში ძალიან გავხდი. არ მინდოდა ასეთი გენახე. გახსოვს რომ მეუბნებოდი ქუდი მოიხადეო? მე არასოდეს ვიხდიდი ქუდს. არ მქონდა ისეთი ჟღალი თმა შენ რომ მოგეწონებოდა. თმა არ მქონდა კრის.
  მინდოდა გუგულის ბუდე გვეპოვნა. არა, არ იფიქრო რომ ის მართლა გადამარჩენდა. ეს მე, ბავშვურად ავიჩემე. მაგრამ რაღაცის ხომ უნდა გწამდეს? ჰოდა მწამდა. შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. შენ ძალიან ლამაზი თმა გაქვს კრის.."
  ფურცლის უკან გუგულის ბუდე ეხატა. ვუყურებდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მამაჩემი ამბობდა, ჰო სულ ამბობდა, რომ კაცები არ ტირიან. ვწუხვარ, რომ გავიზარდე.
    ვწევარ რიკულებზე და ვგრძნობ, ძალიან მინდა ვიპოვო გუგულის ბუდე და გადავფრინდე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები