 | ავტორი: დიდი ძმა ჟანრი: პროზა 13 ნოემბერი, 2014 |
„რევოლუციური იდეა ყოველთვის საშიშია.“ მე
ამბავი, რომელიც თავს გადამხდა, იმდენად დაუჯერებელია, რომ მისი უცნაურობის დონე ჩემს თვითრწმენაზე უარყოფითად იმოქმედებდა, იქ რომ არ ვიყო, სადაც ვარ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვეულებისაებრ, მოწყენილი ვიჯექი იქ, სადაც მილიონჯერ მაინც ვმჯდარვარ და ვფიქრობდი იმას, რაც მილიონჯერ მაინც მიფიქრია: რატომ დავკარგე სიხარულის განცდის უნარი. გულდაგულ ვჩხრეკდი ჩემს მეხსიერებას და პასუხის პოვნას ვცდილობდი (იმ კაცს ვგავდი, გასაღები რომ დაეკარგება და მის ძებნაში ირგვლივ ყველაფერს გადააქოთებს). უკვე მერამდენედ ვიხსენებდი იმ დღეს, როცა სიხარული უკანასკნელად განვიცადე. მაშინ შავ-ბნელი ფიქრები ჰორიზონტზეც კი არ ჩანდნენ, ცა ზღაპრულად ლურჯი იყო და მეც შემოქმედებითად ვყვაოდი, რადგან მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, მომწონდა აწმყო და არ მეშინოდა მომავლის. ეს მოგონება წყალუხვი ოაზისი იყო ჩემი ხსოვნის უდაბნოში, საკუთარი გონების უკანასკნელი ზღაპრულად მოხატული ფურცელი, რომლის შემდეგაც ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიცვალა. უდაბნო ბლანტ ჭაობად იქცა და ჯერ ოაზისს უყო პირი, შემდეგ ცასა და მნათობს. ერთადერთი, რაც დატოვა, უკუნი სიბნელე იყო. შესაბამისად, შემდეგი ფურცლები სასოწარკვეთილი მხატვრის ჯოჯოხეთურ შემოქმედებას დაემსგავსა. და, აი, ამ არაფრისმომტანი ფიქრებითა და წიაღსვლებით ვიყავი გართული, როცა ვიგრძენი, გვერდით ვიღაც მომიჯდა. ასეთი მოულოდნელი და უსიამო ინტერვენციით შეწუხებულმა უკმაყოფილოდ გადავხედე ახალმოსულს. მომენტალურად, უკმაყოფილება გაკვირვებამ ჩაანაცვლა: ჩემ გვერდით თეთრხალათიანი, შუახანს გადაცილებული, საგულდაგულოდ თმადავარცხნილ-წვერგაპარსული, გულხელდაკრეფილი კაცი იჯდა და ამოუცნობი დანიშნულების მქონე ღიმილით მომჩერებოდა. წარბები კითხვის ნიშნად რომ შევყარე, კიდევ უფრო გაიბადრა და თითები მკერდზე ამაყად აითამაშა, თითქოს რაღაც გონივრული ვარაუდი გამართლებოდეს: -გიცნობთ? - ზომიერად გავღიზიანდი. უცნობი სასაუბროდ მოემზადა და სახეზე იმხელა სერიოზულობა და მოწიწება აღებეჭდა, ვიფიქრე, ხომ არ დამცინის-მეთქი. -მალე გამიცნობთ. მთავარია, როგორც იქნა, შევხვდით ერთმანეთს, ლუი, ჩემო სულიერო პაციენტო. - დაბეჯითებით დააქნია თავი. -ვინ ხარ, რა გინდა? - მერე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მომაფიქრდა - ჩემი სახელი საიდან იცი?! -მე თქვენი სულიერი ექიმი ვარ. მიზანიც შესაბამისი მაქვს. -ვინ ექიმი, რა მიზანი?! -მშვენივრად გაიგე, - სახე ისე გაუმკაცრდა, თვალები ისე გაუცივდა და მზერა ისეთი მრისხანებით აევსო, რომ ამ მოულოდნელმა მეტამორფოზამ ჩემი გამომეტყველებაც ერთბაშად გარდაქმნა, შემეშინდა და დავიბენი, ენა ჩამივარდა. აშკარად უჩვეულო დღე გამითენდა. ერთხანს შემკრთალი ვიაზრებდი ამ გულუხვ ფენომენს, გვერდით რომ მომიჯდა. თავადაც თვალს არ მაშორებდა, თანდათან გალმობიერდა, ძველი სახე დაიბრუნა, თითქოს ცოტათი დაიმორცხვა კიდეც, მობოდიშებით გამიღიმა. -გინდა, გითხრა, აქ რას ვაკეთებ? - მოულოდნელად გამიშინაურდა. -კარგი იქნება, - გაუბედავად ამოვილუღლუღე, ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მისი განრისხებული სახე. -კი ბატონო, - მრავალმნიშვნელოვნად ამოიხვნეშა, აშკარად გრძელი მონოლოგისთვის ემზადება-მეთქი, გავიფიქრე. მართალიც აღმოვჩნდი, ამჯერად ფიქრით დახუნძლული მზერა ცარიელ სივრცეს მიაპყრო და ფილოსოფიური ტონით ამეტყველდა - თქვენ, პაციენტები, საცოდავი არსებები ხართ... „შენ ვინღა ჩემი ფეხები ხარ?“ -მე გითხარი, ვინც ვარ. „?!“ -საცოდავები ხართ იმიტომ, რომ ერთს ფიქრობთ და მეორეს აკეთებთ, საკუთარ სამყაროს ქმნით და სხვისას მეტ ანგარიშს უწევთ, საბოლოო ჯამში კი, ის სინამდვილე, რომელშიც ყველა ფუსფუსებთ, არავის გეკუთვნით და ყველას თქვენი გგონიათ. მერე მოჰყვებით და წუწუნებთ, წუნიაობთ, ერთმანეთს აბრალებთ საკუთარ უბედურებას: დღეს ცუდი დღე მქონდა? იმიტომ, რომ ვიღაცამ მაწყენინა. ბევრი ფული არ მაქვს? იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისეა მოწყობილი, ნამდვილი ტალანტი არ ფასდება. სამსახური ვერ ვიშოვე? სისტემის მსხვერპლი ვარ. შეყვარებული არ მყავს? იმიტომ, რომ არავის ძალუძს ჩასწვდეს ჩემი სულის ოკეანისებურ სიღრმეებს და გამიგოს. მეგობრები არ მყავს? იმიტომ, რომ განსაკუთრებული ვარ. უბედური ვარ? იმიტომ, რომ დაუფასებელი გენიოსი ვარ... ამდენ სიმპტომს ავლენთ და ყურადღებას არც კი აქცევთ, არადა, ცხვირიდან რომ სისხლი წაგსკდეთ ან კუჭი უმიზეზოდ აგეშალოთ, მაშინვე დაფაცურდებით, აქაოდა, რაღაც ავადმყოფობა ხომ არ შეგვეყარაო. სხეულზე ასე წუხხართ და სულში მიმდინარე ინფექციურ პროცესებს კი ფეხებზე იკიდებთ. რა თქმა უნდა, ყველა დაავადებული არაა, მაგრამ ეგ ნაწილი მე არ მაინტერესებს, მით უმეტეს, რომ მათი რაოდენობა არცთუ იმედის მომცემია. აი, მივუახლოვდი კიდეც მიზეზს. „როგორც იქნა!“ -როგორც იქნა, ჰო. ისე, მართალია, სულიერი ექიმი დავირქვი, მაგრამ შეგიძლია ჩემთვის სახელის შერჩევა საკუთარ წარმოსახვას მიანდო, ბნელი ძალა ვიქნები შენთვის, არაამქვეყნიური ფენომენი, სამოთხის დესპანი თუ პარანორმალური მოვლენა (ამ ალტერნატივებში დამალულ ირონიას მოგვიანებით ჩასწვდები), დიდად არ მაინტერესებს. „მე მაინც ‘ჯოჯოხეთის მაშხალისკენ’ ვიხრები...“ -მასეთი მახინჯი ვარ? ჰო, კიდევ ერთი, თუ გგონია, რომ ახლა, ამ წუთას, ჩემს ნამდვილ სახეს ხედავ, ცდები, მე ის სახე მაქვს მორგებული, რომელიც შენმა წარმოსახვამ შემირჩია და თუ მართლა ჯოჯოხეთის მაშხალას გაგონებ, გახსოვდეს, შენი წარმოსახვის, უკეთ კი, პირადად შენი ანარეკლი ვარ. დავუბრუნდეთ მიზეზს... მინდა, გარიგება შემოგთავაზო. „უნდა, რომ სული მივყიდო?“ -მცდარ ასოციაცურ გზას ადგახარ, შენს სულს რა თავში ვიხლი? გარიგება სხვა საკითხს ეხება: დიდი ხანია, თვალყურს გადევნებ და შენი საცოდაობით ვიწვი, გიყურებ როგორ იტანჯავ თავს და ფიქრობ, რომ სიხარულმა (ქვეყნიერებასთან ერთად) ზურგი შეგაქცია. რაღა დაგიმალო და ზედმიწევნით შეგისწავლე, ადამიანთა გაუბედურებული ჯგუფის კლასიკური წარმომადგენელი ხარ: ფიქრობ, რომ შენი ნიჭი და გენია გარშემომყოფთა სიბრმავის გამო დაუფასებელია, ფიქრობ, რომ შენი სათქმელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გარემო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირი მოგიმუწოს და ასე შემდეგ... ჰოდა, ლუი, ჩემო რეპრეზენტატულო მეგობარო, გადავწყვიტე ერთი ექსპერიმენტის ჩატარება. მართალია, მე ახლავე შემიძლია შენს სულიერ მდგომარეობას უტყუარი დიაგნოზი დავუსვა, მაგრამ მკურნალი ექიმის ამპლუაში ვეღარ გამოგადგები, ჩვენს დიაგნოსტიკურ განყოფილებას მკურნალობის განსხვავებული სტილი აქვს - საკუთარ სულს ყველამ თვითონ უნდა მიხედოს, ჩვენი საქმე მხოლოდ სულიერი დიაგნოსტიკის პროცესია. მე შემიძლია ყველაფერი ისე მოვაწყო, რომ მიგახვედრო რა გჭირს, რაში ხედავს შენი გონება ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებას, რატომ გაწუხებენ ბნელი ფიქრები, რატომ ვეღარ განიცდი სიხარულს. ეს ყველაფერი სიმპტომებია, ლუი, სულიერი დაავადების სიმპტომები. „რა სისულელეა.“ -სულაც არაა სისულელე და ამაში მალე თავადვე დარწმუნდები. ისე, არ გეგონოს, თითქოს ფსიქოთერაპიას ან მსგავს მსუბუქ და არასაიმედო გამოსავალს გთავაზობდე, არა, ჩემი ექსპერიმენტი გაცილებით რადიკალური და, მსუბუქად რომ ვთქვა, არატრადიციულია. ის შემდეგში მდგომარეობს: მე უზრუნველვყოფ იმას, რომ გაწყვიტო ყოველგვარი კავშირი ამ განზომილებასთან და გადახვიდე შენი გონების მიერ სრულად კონტროლირებად განზომილებაში. ეს ერთი, მომენტალური გაელვება იქნება, გაელვებისას კი შენი გონება იმ სიტუაციას შემოგთავაზებს, რომელთან გამკლავებაც პასუხის პოვნაში დაგეხმარება, პასუხის პოვნა კი დიაგნოზის დასმას გულისხმობს, დიაგნოზის დასმა გაურკვევლობისგან თავის დახსნას. ეს არ გინდოდა? ამდენი ხანია უშედეგოდ ცდილობ, გაარკვიო რა გჭირს, ჰოდა, ამისთვის იდეალური შანსიც გეძლევა. „ნუთუ ეს ყველაფერი მართლა ხდება? იქნებ მძინავს? იქნებ კი არა, ნამდვილად მძინა...“ ფიქრი მწვავე ტკივილმა შემაწყვეტინა, წამოვიყვირე და მარცხენა მკლავზე ნაჩქმეტი ადგილი მოვისრისე. -არ გძინავს. თავი დააღწიე სტერეოტიპულ რეალობას, რომელშიც ყველაფერი ნაცნობი, ყოველდღიური და გაცვეთილია, რომელიც მხოლოდ შედეგია და არა მიზეზი, სიმპტომია და არა დაავადება. მე ახალ საფეხურზე ამყავხარ, შეიძლება ითქვას, გაწინაურებ. ხვდები მაინც, რამხელა შანსი გხვდა წილად? -ვინ ხარ? მოულოდნელად, წარმოუდგენელი სისწრაფით, ჩემი თავი თითებს შორის მოაქცია, თითქოს მოძრაობის უნარი დავკარგე. -ეს თავი დიდი ხანია ითხოვს ჩემს გამოჩენას. მე ის ერთადერთი ხელი ვარ, რომელსაც გაურკვევლობის ჭაობიდან შენი ამოთრევა შეუძლია, ერთადერთი ნათურა, რომელიც შენი გონების თვალუწვდენელ სიბნელეს გაანათებს, ერთადერთი ექიმი, რომელიც შვებას მოგგვრის. დაბნეულმა ავაფახულე თვალები, პირველად გამაჟრჟოლა. ხელი შემიშვა, შვებით ამოვისუნთქე. -აბა, რას იტყვი? დავიწყოთ ექსპერიმენტი? - სათვალის ზემოდან გადმომხედა (არადა, რამდენიმე წამის წინ სათვალე არ ეკეთა). -რა უნდა დავიწყოთ, შენ გგონია, რამე გავიგე და, მით უმეტეს, გავიაზრე იმ აბდაუბდიდან, რაც წეღან მოჩმა... - მარცხენა წარბი მაღლა გაექცა - მითხარი? -მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, გაიგე. მეტიც, ისიც ვიცი, რა გადაწყვიტე, ამიტომ დროს აღარ დაგაკარგვინებ. იცოდე, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება, არ გექნება საკუთარი ქმედებების ანალიზის დრო, რადგან შენი გონება თავად იქნება შენი წინამძღოლი. „აქამდე როგორღა იყო?!“ -აქამდე ის მხოლოდ მრჩეველი იყო, ზედამხედველი, უკიდურეს შემთხვევაში კი თანამმართველი. ამიტომაცაა ამ განზომილებაში ყველაფერი ასე გაწელილი, ამიტომაც ანდომებ ამხელა დროს უბრალო გადაწყვეტილებების მიღებას. მზად ხარ? – „არა!“ - აბა, წარმატებები და ზურგის ქარი, რამდენიმე წამში შევხვდებით. -მოიცა! არ მოუცდია, თვალის დახამხამებაში გაქრა (არადა, თვალი არ დამიხამხამებია). პირდაფჩენილმა მიმოვიხედე, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. ისევ ეჭვი შემეპარა მომხდარში, კვლავ ჩემს უძილობას გადავაბრალე ყველაფერი, მაგრამ ამოუცნობი უტყუარი წყარო მატყობინებდა, რომ ხავსს ვებღაუჭებოდი. წამოვდექი. ჩემი წყარო მართალი აღმოჩნდა, თითქოს წამოდგომით „ძველ“ მესთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტე, სკამს დავხედე კიდეც, იმის მოლოდინით, რომ კვლავ იქ ვიჯექი. შიდა ცვლილებებმა ისე მოულოდნელად შემომიტიეს, დაბნევაც ვერ მოვასწარი, მივხვდი, არ მეძინა და ისიც ნამდვილად მოხდა, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. შეგრძნებები თითქოს დამიჩლუნგდა: ვეღარც სიცივეს ვგრძნობდი (ცოტა ხნის წინ ასე რომ მაწუხებდა), ვერც იმას, რომ ვიდექი. ხელები შევითვალიერე, ერთმანეთსაც კი გავუხახუნე, ვერაფერი ვიგრძენი, შეშინებულმა ავიღე და მუშტი გამეტებით გავიქანე სახეში, მაგრამ კვლავ ვერაფერი ვიგრძენი, სამაგიეროდ, ისეთი ახალი შესაძლებლობები აღმოვუჩინე საკუთარ თავს, აქამდე მათი არსებობის შესახებ წარმოდგენაც რომ არ მქონდა: გრძნობათა ასორტიმენტი იმდენად გამეზარდა და გამიუმჯობესდა, რომ მათ დასასათაურებლად ჩემი სიტყვათა მარაგი მეტისმეტად მწირი და გამოუსადეგარი შეიქნა. ჯერ ის გრძნობა დამეუფლა, რომელიც შიშს თითქოს ჰგავდა, მაგრამ არც ჰგავდა (რადგან „შიში“ მასთან შედარებით უზომოდ პრიმიტიული გრძნობაა). წამსვე ჩამობნელდა, საიდანღაც სქელი ბურუსი გამოძვრა და გარშემო ისე შემომეხვია, რძისფერი სივრცის მეტს ვერაფერს ვხედავდი, ცოტა ხანში ჩემს სმენას ისეთი დაძაბული, ჯოჯოხეთურ იდუმალებაში გახვეული ხმები მოსწვდა, რომელთაც თვალნათლივ ვხედავდი, მაგრამ რატომღაც ზუსტად ვიცოდი, რომ ხმები იყო. ახლა შეშფოთებისმაგვარი გრძნობა დამეუფლა, იმდენად მრავალფეროვანი, რომ გონების თვალი ამიჭრელდა. მაშინვე ქარი ამოვარდა, მაგრამ ბურუსი არ გაუფანტავს, ხმების მოძრავი დინება აიყოლია, ერთ მსხვილ, ხილულ ნაკადად შეიკრა და ჩემკენ წყლის ჭავლივით დაიძრა, სახეზე ხელები ავიფარე უმოწყალო ტკივილის მოლოდინში. ერთხანს ასე ვიდექი, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ ნელ-ნელა დავწყნარდი, ყველაფერი კარგადაა-მეთქი, რამდენჯერმე გავუმეორე საკუთარ თავს და ფრთხილად მოვიშორე ხელები სახიდან: ბურუსი გამქრალიყო, ქარიც არსად ჩანდა. მშვიდად ამოვისუნთქე, უფრო სწორად, დავაპირე, მშვიდად ამომესუნთქა, მაგრამ კიდევ ერთი გამაოგნებელი უცნაურობა აღმოვაჩინე: არ ვსუნთქავდი. არც მკერდი ამიდ-ჩამიდიოდა, არც ცხვირ-პირიდან ვისრუტავდი ჰაერს, თითქოს ჩემს ორგანიზმს სუნთქვა დაავიწყდა. სასწრაფოდ გულზე მივიდე ხელი, პულსიც მოვიძიე, მაგრამ ამაოდ მოვცდი. კვლავ შიშმა შემიპყრო - „მოვკვდი?!“ და, მომენტალურად, კვლავ ბურუსში აღმოვჩნდი გახვეული. თითქოს რაღაცას მივხვდი, თვალები დავხუჭე და თავი დავიმშვიდე, შემდეგ ფრთხილად გავახილე და ვარაუდი გამიმართლდა - ცა კვლავ მოიწმინდა და მზემაც არსაიდან გამოანათა. „ნუთუ, ამინდი ჩემი შეგრძნებებია?“ კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე საბოლოო დასკვნის გამოსატანად. ფეხი მოხერხებულად მოვირთხე და ჩემი ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს გადავავლე თვალი. მაშინვე წარმოუდგენელი ფერებისა და ფორმების მქონე ობობები გამოჩნდნენ და გამაბრუებელი, აუწერელი სიმსუბუქის აბლაბუდაში გამახვიეს, რომლის თითოეული ქსელი საოცარი სიზუსტით გადმოსცემდა თითოეული მოგონებით აღძრულ ემოციას. როცა შეგრძნებებისგან მოქსოვილი აბლაბუდაფარდასავით გადავწიე და მიმოვიხედე, გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა: იგავმიუწვდენელი სილამაზის შუაგულში ვიჯექი - ჩემ წინ ხეები ცისარტყელის ფერებად აყვავებულიყვნენ, ნელი და მიზანმიმართული სიო ყვავილების ჭრელ კორიანტელს მსუბუქად მოაქროლებდა ჩემკენ, ჩემ გარშემო კი ხასხასა მინდორი ისე ბიბინებდა, თვალი კარგა ხანს ვერ მოვწყვიტე. ბოლოს, როცა ამ არნახული სილამაზით მზერა ასე თუ ისე დავინაყრე, წამოვდექი და უმიზნოდ დავიძარი. არ ვიცოდი, საით ან რატომ მივდიოდი, ანგარიშმიუცემლად ვმოძრაობდი, თითქოს ვიღაცის მიერ გაცემულ ბრძანებას მექანიკურად ვემორჩილებოდი. მოულოდნელი ცვლილების ქარმა კვლავ დაუბერა: ეტაპობრივად დაიძრა და ჩემ გარშემო ყველაფერი მტვრის საბანივით ჯერ აიყოლია, შემდეგ კი უკვალოდ მი-მოფანტა. ამჯერად უდაბნოში აღმოვჩნდი, ჰორიზონტზე არაფერი ჩანდა ქვიშიანი გორების გარდა, ქარი აქა-იქ თუ დასერავდა ქვიშას. მზემ დააცხუნა, მაგრამ არაფერი მიგრძნია, ნაბიჯი არ შემინელებია. ცოტა ხანში სივრცე თანდათან გაღიავდა, შემდეგ განათდა, ნაბიჯის გადაგმა გაადვილდა, ქვემოთ დავიხედე და ვნახე, რომ ქვიშას სიმწვანე, სიმწვანეს კი ფერადოვნება ცეცხლივით მოედო. მინდვრის ყვავილებით სავსე ველზე მივაბიჯებდი, მალე ვარდისფერფოთლიანი ხეებიც არსაიდან წამოიმართნენ და ირგვლივ იდილიური სილამაზე გამეფდა. მხოლოდ ეგ იყო, რაღაცის მეშინოდა. ვერ მივხვდი რამ გამოიწვია გარემოს ამგვარი სახეცვალება, რამე კონკრეტულზე ფიქრი არ წამომიწყია. შიშის მიუხედავად ბურუსი აღარ ჩამოწოლილა, პირიქით, ირგვლივ ყველაფერი კიდევ უფრო გალამაზდა, ხეებს მიღმა ჩანჩქერის ხმაც მოისმა და ჰაერში არსაიდან გაჩენილი პეპლები სინქრონულად აფარფატდნენ. მივხვდი, ჩემი სულიერი დიაგნოსტიკის პროცესი უნდა დაწყებულიყო. მალე გარშემო შემოჯარულ ხეებს საიდანღაც დაბერილმა ქარმა ვარდისფერი ფოთლები დააყრევინა, შემდეგ ერთად შეაქუჩა და, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, დიდთვალება, გრძელშავთმიან გოგოდ აქცია. გოგოს გრძელი, წითელი კიმანო ეცვა და იმდენად დიდი თვალები ჰქონდა, რომ ბოლომდე ვერც ახელდა. მისი სახე ისე მომეწონა, არარსებულმა გულმა რეჩხი მიყო. ერთხანს მონუსხული ვაკვირდებოდი, შემდეგ რაღაც ბიძგი ვიგრძენი, თითქოს სხეული რაღაცას მთხოვდა და როცა ანგარიშმიუცემლად დავემორჩილე მის მოთხოვნას, აღმოვაჩინე, რომ თავი ჯიუტად გავაქნიე და ილუზიური საუფლოდან გაქცევა დავაპირე. -იუჯი! - ისე გამიღიმა, უგულო საგულე ამეწვა. -საკურა! - წარმოუდგენელი სისასტიკით გავუსწორდი ფერად, უდანაშაულო გრძნობათა ღვარცოფს, რომელიც ყველა მხრიდან მომაწყდა. შევეცადე, სიმშვიდისთვის მიმეგნო. ამ საკითხში შესამჩნევ წარმატებას როცა მივაღწიე, ჩემთვის, ჩუმად, გაზეპირებული ლოცვასავით წარმოვთქვი - მე სიყვარული არ შემიძლია და არც მინდა. - ამ სიტყვებში იმხელა სიმკაცრე და სუსხი ჩავაყოლე, წამით გავამაყდი კიდეც საკუთარი შეუვალობით. საკურას შევხედე და ვუთხარი: -გზიდან ჩამომეცალე. საკურამ წარბები აზიდა და მისმა თვალებმა კიდევ ერთხელ წამართვა მოძრაობის უნარი, ამიტომ შევეცადე, მზერა ხეებზე გადამეტანა. უდანაშაულო გრძნობებმა კიდევ ერთხელ შემომიტიეს, ნაკლები სიმტკიცით განვაგრძე: -ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია, საკურა. მე ის მოკვდავი არ ვარ, საკუთარი პრინციპები და მუდმივი სამიზნე დროებით სიამოვნებაში გავცვალო. - რაზე ვლაპარაკობ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ იქვე მივხვდი, რომ გამოკვლევისთვის იოტისოდენა დროც არ მქონდა. -შენი მუდმივი სამიზნე და პრინციპები მხოლოდ გაუბედურებენ, იუჯი. ჩვენი სიყვარული კი გაგაბედნიერებს, თავადაც იცი, რომ სიამოვნება ტანჯვაზე გონივრული არჩევანია. -არაფერიც! - ჯიუტი ბავშვივით გავაქნიე თავი - სიყვარულს იმდენი სიამოვნება არ მოაქვს, რამდენიც ტანჯვა. მე და შენ ერთად ყოფნა არ გვიწერია. - მოვინდომე მისთვის თვალი შემევლო, მაგრამ ვეღარსად ვნახე, ამიტომ ზოგადი მისამართით გავაგრძელე, - ჩვენი თეორიული სიყვარული პათეტიკასთან წილნაყარი თესლია, საკურა, რომელიც ნაყოფად მხოლოდ ილუზიას გამოიბამს. ილუზია კი, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს, ილუზიაა, როცა იქნება გაქარწყლდება და ტკივილის ყველაზე მწვავე სახეს, სიცარიელეს მოირგებს, ასე რომ... - სიტყვა გამიწყდა, საკურა ჩემ პირისპირ იდგა, იმდენად ახლოს, არ შემეძლო მისთვის თვალი ამერიდებინა, მოულოდნელად, როგორც იქნა, მივხვდი, რომ უდანაშაულო გრძნობებმა წამომაჩოქეს, მოჯადოებულივით ვთქვი: -ვაღიარებ, შემიყვარდი. -მერე, ეს კარგია თუ ცუდი? - თვალები გულუბრყვილოდ ააფახულა. -კარგი და ცუდი მეტისმეტად მარტივი ცნებებია, საკურა. არაფერია ბოლომდე კარგი ან ბოლომდე ცუდი. - კვლავ წამოვიმართე და გარშემო შემოხვეულ ფერად, მსუბუქ, ფარფატა გრძნობებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გავუმართე. -ცდები, იუჯი. როგორ შეიძლება, საკურას ყვავილობა, თუნდაც ნაწილობრივ, ცუდი იყოს? -მაგ მოვლენის ნაკლი წარმავლობაა, საკურა. - გრძნობები ერთიმეორის მიყოლებით ნადგურდებოდნენ. -რატომ ხარ ასეთი ჯიუტი, იუჯი? როგორ შეიძლება სიყვარულის არ გჯეროდეს, ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები?! უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე: -ჰოდა, მინდა, პირველი ადამიანი ვიყო, რომელიც მისთვის შექმნილ მეორე ნახევარს შეხვდა და მასზე უარი თქვა. ამით დავუმტკიცებ საკუთარ თავს, რომ სწორ გზას ვადგავარ და ამ გზაზე სიყვარული მხოლოდ რიგითი წინაღობაა. - ბრძოლაში იმდენად ვიყავი გართული, გაკვირვებაც ვერ მოვასწარი. -მე რიგითი წინაღობა არ ვარ, იუჯი. მე დანიშნულების ადგილი ვარ. კიდევ უფრო მომიახლოვდა, ხელის გულები ლოყებზე შემომაჭდო და ისე განაგრძო, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა ილუზიური გული, რომელიც ხელიდან მეცლებოდა: -ჩვენ შეგვიძლია, სოფლად პატარა ქოხში დავსახლდეთ, შენ მამაცი, თავდადებული, მთელ სოფელში რიდისაღმძვრელი სამურაი იქნები, მე კი შენი ერთგული ცოლი. ჩვენ მშვიდად ვიცხოვრებთ, იუჯი, და სიამოვნებასაც მივიღებთ მისგან. როცა საკურა აყვავილდება, უთენიისას, შენ ძლიერ მკლავს შემომხვევ, ხელში ამიყვან და ასე გადამატარებ ნაკადულზე, რათა ფეხები არ დამისველდეს. შემდეგ ტყეში შევალთ, რომელშიც ჩვენი ადგილი გვეგულება. მწვანე მოლზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამოვსხდებით, შენ ხელს მომხვევ და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გავთბე, მაგრამ დილის სუსხისგან მხრები მაინც მსუბუქად ამიცახცახდება, მაშინ ცოტა ხანში ამატერასუ ხეებს შორის წითლად ამოიწვერება და სიგრილეს სასიამოვნოდ გაალღობს. საკურა ამომავალი მზის ფონზე კიდევ უფრო გალამაზდება. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, რადგან უბედურების მიზეზი არ გვექნება. ბედნიერები ვიქნებით, რადგან მზის ამოსვლას ერთად ვიხილავთ. ნუთუ შეგიძლია, ამ ყველაფერზე უარი თქვა, იუჯი? თითოეული მისი სიტყვა ისეთი სიცხადით იხატებოდა ჩემ თვალწინ, რომ უნუგეშოდ გავბრუვდი, ფერად გრძნობებს დასასრული არ უჩანდათ, ახალ-ახალი ნაკადი შეუსვენებლად მაწყდებოდა, ცოტაც და დავნებდებოდი ამომავალი მზის ძალასა და საკურას მომნუსხველ სილამაზეს, მაგრამ გონებამ მოულოდნელად ისეთი სილა გამაწნა, წამსვე გამოვფხიზლდი: „სწორედ ესაა ის მომენტი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდი. მშვენივრად იცი, რომ საკურა წარმავალია, ის პოტენციური სიცარიელეა. დააჩქარე მოვლენები.“ ბრძანება როგორც კი მივიღე, მაშინვე ავმოქმედდი და ჩემი შესაძლებლობები ავაწრიალე. ცოტა ხანში მაცდურ აზრს წავაწყდი და მაშინვე მთელი ძალით ჩავეჭიდე: ამჯერად მე შემოვაჭდე ღაწვებზე ხელის გულები, რამაც მის დიდ თვალებში გაკვირვება კიდევ უფრო გაზარდა, ვიგრძენი, ინიციატივა ხელთ ვიგდე, ამიტომ თხრობა ახლა მე გავაგრძელე: -ჰო, აი, ჩვენი ქოხი, საკურა, ჩვენი ბუდე, რომელშიც ყველაფერი გვაქვს ბედნიერებისთვის. შენ მართალი ხარ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ ერთმანეთით ვტკბებით, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. მე ბედნიერი ვარ, როგორც სიმთვრალისგან გაბრუებული მამრი, რომელსაც არაფერი გაეგება მის გარშემო გამეფებული უბედურებისა თუ გაურკვევლობისა. ჩვენ ერთმანეთის ოაზისები ვართ, საკურა, ერთმანეთის ინი და იანი. როცა საღამოს გადაღლილი შინ ვბრუნდები, შენს კალთაში ვრგავ დამძიმებულ თავს და შენც შენი გრძელი თითებით ჩემს თმას ისე ვარცხნი, მავიწყდება, დღის განმავლობაში გადატანილი გასაჭირი და ტანჯვა... მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, საკურა. -რა... რა იცვლება, იუჯი? -შენს თითებს სითბო აკლდება და უკვე მექანიკურად, უხეშადაც კი დააცურებ ჩემს თმაში. შენ დაიღალე ჩემით, საკურა. ტყეშიც მხოლოდ იმიტომ გავდივართ, რომ ყოველდღიურობის გეგმა შევასრულოთ. ნაკადულზე გადასვლისას როცა ხელში ამყავხარ, უხერხულად იშმუშნები. ამატერასუს მშვენებით წინანდებურად ვეღარ ვტკბებით და ჩვენ შორის მანამდე არსებულ იდილიურ სიჩუმეს უხერხული დუმილი ცვლის. მე აღარ ვარ ბედნიერი, რადგან სიმთვრალემ გამიარა და თავი ჯოჯოხეთურად ამტკივდა. ჩვენ ერთმანეთის ოაზისებიდან მირაჟებად ვიქეცით, ინი და იანიდან კი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებად. შენ იტანჯები, არ იცი როგორ დააღწიო თავი მობეზრებულ, უსიხარულო ცხოვრებას, რომელშიც სიყვარული დიდი ხანია საკურასავით დაჭკნა, რადგან ეს მისი გარდაუვალი მახასიათებელია. აცნობიერებ, რომ ყველაფერი წარმავალია, არაფერია ბოლომდე კარგი, სრულყოფილი. ღამ-ღამობით გარკვევით მესმის შენი უმწეო ქსუტუნი და ვგრძნობ, როგორ გიცახცახებს მხრები, მაგრამ ვერაფრით განუგეშებ, რადგან მეც მსგავს დღეში ვარ. თანდათან სიბრალული ბრაზში გადამდის, რადგან შენი მხრების უმწეო რხევა ჩემს უსუსურსა და უნუგეშო მდგომარეობას მახსენებს. უძილობისგან გატანჯულს თავში უცნაური აზრი მომდის: რა მოხდება, რომ გაგგუდო, მოგკლა? შენ ხომ უბედური ხარ და ეს კი ჩემთვის საკუთარ უბედურებაზე მძიმე ასატანია. დიახ, უნდა მოგკლა, სხვა გზას ვერ ვხედავ. როცა მხრების ცახცახს შეწყვეტ და ძილბურანში გადაეშვები, მთელი ძალით წაგიჭერ ხელებს ლამაზ ყელში და ტანჯვისგან გაგანთავისუფლებ. აი, თითქოს ჩაგეძინა, ფრთხილად ვცდილობ შენკენ გადმობრუნებას, მაგრამ უცებ ბეჭებშორის საზარელ სიცივეს ვგრძნობ... მოულოდნელი ტკივილისგან თვალთ მიბნელდება, თავბრუ მესხმის, გაკვირვებული ვიმოწმებ სხეულს და ვხედავ ჩემი მკერდიდან როგორ გამოჩრილა ჩემივე ხმლის წვერი. მინდა შენკენ გადმოვბრუნდე, მაგრამ ტკივილი ხელს მიშლის. მეღიმება, ვხვდები, დამასწარი. ვგრძნობ როგორ მადებ ხელს მარცხენა ლოყაზე, როგორ მოგაქვს სახე ჩემს ყურთან და ჩურჩულით მეუბნები: „მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, იუჯი.“ ...მე მივხვდი, რომ ბრძანება უნაკლოდ შევასრულე და შექების მოლოდინში კმაყოფილებით გავიღიმე. საკურამაც გაიღიმა, ოღონდ სევდიანად და თანაგრძნობით, რამაც დამაბნია და ამაწრიალა. საკურა გაფერმკრთალდა, თვალი არ მოუშორებია ისე დაიწყო დაშლა თხელ, ვარდისფერ ფოთლებად და ქარს იმავე მიმართულებით გაჰყვა, რა მიმართულებიდანაც ცოტა ხნის წინ მომევლინა. სულ ბოლოს, სანამ მისი სახეც გაქრებოდა, უკანასკნელად აზიდა წარბები და დიდი, მუქი თვალები საყვედურის ცრემლით აევსო, მითხრა: -შენ ჩვენი სიყვარული მოკალი, იუჯი. მე გამარჯვებით გამოწვეული სიამოვნების ნაცვლად, სევდის ისეთი ტალღა მომაწყდა, ტკივილისგან ადგილზე ჩავიკეცე და ავღრიალდი. არასოდეს მიგრძნია ტკივილი ასე მწვავედ, აბღავლებული მთელი ძალით ვბღუჯავდი ბალახს, რომელიც რამდენიმე წამში ჯერ ქვიშად გადაიქცა, შემდეგ კი მივხვდი, რომ ფრჩხილებით ბეტონს ვფხოჭნიდი. სევდის გამანადგურებელი ტალღა ნელ-ნელა უკუიქცა, ხოლო ის, რაც დარჩა, ჩემი სულისა თუ სხეულის ღრმა კუნჭულებში ჩაიწრიტა. გავაცნობიერე, ექსპერიმენტი დასრულდა. მაგრამ უცებ, სანამ თვალს გავახელდი, წამის მეათასედის განმავლობაში, აბსოლუტურ უკუნეთში ამოვყავი თავი. სიბნელე ამ უკუნეთთან შედარებით ისეთი ნათელი ცნებაა, რომ ოდნავადაც ვერ იტყვის სათქმელს, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. მთავარი იყო ის შვება, რომელიც დამეუფლა. შვება, რომელსაც ზღაპრული სიამოვნება ახლდა თან. თვალი გავახილე. ზუსტად სკამის წინ ვეგდე, ხოლო ჩემი სულიერი ექიმი წინანდელ ადგილას წინანდებურადვე წამოჭიმულიყო და ოდნავშესამჩნევი ღიმილითა და კმაყოფილებით მაკვირდებოდა. - ექსპერიმენტი დამთავრდა. - მითხრა და სკამზე მიმითითა. წამოვდექი, ტანსაცმლიდან მტვერი ჩამოვიფერთხე და გვერდით მივუჯექი. -აბა, რა დიაგნოზი დაუსვი საკუთარ სულს? მოულოდნელად მივხვდი, რომ კვლავ მექანიკურ, ბრძანების შესრულების რეჟიმში ვიმყოფებოდი: -ფილოფობი ვარ. -ფილოფობი?! - მის ხმაში გაკვირვებას პირველად მოვკარი ყური, შევხედე, თვალი გავუსწორე და ვიგრძენი, რომ რაღაც უხილავი ძალა შემემატა და ერთი-ორად ამამაღლა რამდენიმე წამის წინანდელ მეზე. -ჰო, ფილოფობი. -ლუი, ეგ დიაგნოზი არაა, ეგ სიმპტომია, - დამრიგებლური ტონით მითხრა და შემდეგ კვლავ გამიმეორა - რა დიაგნოზი დაუსვი საკუთარ სულს? ჩემმა გონების ხელმა აბურდული ასოციაციური გორგლის ერთ-ერთი ძაფი მოიხელთა, მოქაჩა და გამოყოლილი ფიქრი საკუთარ საზღვრებშივე გააჟღერა: „ჩვენ როლები გავცვალეთ“. ხმამაღლა კი ვთქვი: -მე მინდა, რომ უბედური ვიყო. - მგონი, არასოდეს არაფერი წარმომითქვამს ასე მტკიცედ და დაჯერებით. -როგორ თუ გინდა?!. - მთლად აირია, ყბა ჩამოუვარდა. მე კმაყოფილებით გამეღიმა და კიდევ ერთი ბრძანება შევასრულე: ის მოძრაობა გავიმეორე, ცოტა ხნის წინ ექიმმა რომ ჩემზე გამოსცადა, ელვისებური სისწრაფით მისი თავი თითებს შორის მოვაქციე და თვალის დაუხამხამებლად ვუთხარი: -მე არ მინდა ბედნიერი ვიყო, მე არ მინდა, ვუყვარდეთ ან მიყვარდეს, მე სიყვარული არაფრად მჭირდება. მე მინდა, ჩემთვის შექმნილი იდეალური მეორე ნახევარი ვიპოვო, თვალებში ჩავხედო, ზუსტად ისე, როგორც ახლა შენ გიყურებ და ვუთხრა: „ჯანდაბამდეც გზა გქონია“, შემდეგ ზურგი შევაქციო და აღარასოდეს ვნახო. ჩემი მიზანი ის კი არაა, ბედნიერებას უჯიშო ფინიასავით მივდევდე და გზადაგზა მის მიერ ნაწყალობევ ნასუფრალს ვჭამდე შიმშილის მოსაკლავად, არა, ჩემი მიზანია, ბედნიერებას გავუთანაბრდე, შემდეგ კი გვერდით გულგრილად ჩავუარო და ჭეშმარიტ დანიშნულების ადგილამდე უკანმოუხედავად ვიარო. -რომელ დანიშნულების ადგილამდე? - უმწეოდ, გაუბედავად იკითხა. მე ერთხანს არაფერი ვუპასუხე, სიამოვნებას ვიხანგრძლივებდი, ვტკბებოდი საკუთარი გარდასახვით. შემდეგ კი გავუმხილე: -მე მინდა, უბედურების სრულყოფილ სახეს ვეზიარო. იჯდა ასე, ჩემს თითებს შორის მოქცეული, სასაცილოდ მხრებჩამოყრილი და უმწეო გაოგნებით შემომცქეროდა. მარიონეტს ჰგავდა. მერე, როგორც იქნა, ამოღერღა: -კი მაგრამ, რატომ... მე თითები ისე წავუჭირე, სახე ტკივილისგან დაემანჭა, შემდეგ შუბლი შუბლზე თითქმის მივადე და ხმადაბლა ვუპასუხე: -იმიტომ, რომ აბსოლუტური სიბნელე, რომელიც იმდენად შავია, რომ „შავი“ და „ბნელი“ მის აღსანიშნავად მეტისმეტად ფერმკრთალი სიტყვებია, ჩემში მხოლოდ აბსოლუტურ სიამოვნებას აღძრავს. მის თვალებში გაკვირვება კიდევ უფრო გაიზარდა. მეორედ გამაჟრჟოლა (ოღონდ ამ გაჟრჟოლებას პირველისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის შიდა პროცესები ედო საფუძვლად). განვაგრძე: -სიყვარული ხომ მხოლოდ ტკბილი, მათრობელა სასმლის ილუზიური ეფექტია, რომლის ბოლოსაც იმედგაცრუება თავის ჯოჯოხეთური ტკივილივით გელოდება. სიხარული კი მხოლოდ დროის მონაკვეთში მოქცეული, ფუძემორყეული კოშკია და როგორც კი მისი სიმაღლე ამ მონაკვეთს გასცდება, აუცილებლად ჩამოიშლება, ნანგრევებში მოგაქცევს. უსარგებლოა ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ნაგავიც, გამოცდილება რომ ჰქვია. იმედიც მხოლოდ ის პოლარული ნათებაა, რომელიც თვალს ახარებს და გარშემო გამეფებული ყინულის უდაბნოს დროებით ავიწყებს. აბსოლუტურ სიბნელეში (რომელიც უბედურების ჭეშმარიტი სახეა) მსგავსი არაფერი არსებობს. ხელი შევუშვი და წამოვდექი. თავს მხნედ და მტკიცედ ვგრძნობდი, როგორც არასდროს. თავჩაქინდრული ექიმი რაღაცას ბუტბუტებდა, ყური მივუგდე და ძლივს გავარჩიე: -შენ... შენ ხომ მხოლოდ ლუი მერომელიღაცე ხარ... რიგითი, რეპრეზენტატული პაციენტი... ზედმიწევნით შეგისწავლე...ეს... როგორ მოხდა?! ეს ხომ შეუძლებელია! და კიდევ ერთხელ, საოცრად მკაფიოდ გავარჩიე, როგორ გარდაიქმნენ ფიქრები სიტყვებად, როგორ გამოიკვლიეს გზა ჩემი გონებიდან და როგორ გაჟღერდნენ მკვეთრად და დალაგებულად, როგორც კი პირი გავაღე: -მე, ლუი მერომელიღაცე, ყოფილი ტყვე გაურკვევლობისა, გმადლობ შენ იმისთვის, რომ გამანთავისუფლე. მაშინვე, თითქოს ეს სიტყვები გონების ყველაზე მნიშვნელოვანი საკეტის გამხსნელი კომბინაცია ყოფილიყოს, ვიგრძენი, რომ ახალი სივრცე შემემატა. ახალ სივრცეში გამზადებულ, ჩამოყალიბებულ აზრს წავაწყდი, რომელიც გონებაშივე წარმოვთქვი: „მე, ლუი მერომელიღაცე, პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც აბსოლუტურ სიბნელეში საკუთარი ნებით შეაბიჯებს“. მესამედ და უკანასკნელად გამაჟრჟოლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ამ სიძულვილით გაპიპინებულ დროში კიდევ სიყვარულის "მიჯირყვნა"? რა ვიცი, რა ვიცი... ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ამ სიძულვილით გაპიპინებულ დროში კიდევ სიყვარულის "მიჯირყვნა"? რა ვიცი, რა ვიცი...
29. სიყვარულზე, ბედნიერებაზე და საერთოდ, ადამიანურ გრძნობათა პალიტრაზე ავტორთან არ ვაპირებ პოლემიკას, ეს მისი აზრია, მოსაწონი თუ არა, ეს არაა მთავარი, მთავარი მოთხრობაა, როგორ და რა დაიწერა... კითხვაზე -რა? - ავტორი პიროვნული "მეს" აღქმის განსხვავებული რაკურსს გვთავაზობს, კითხვაზე -როგორ? - კარგი თხრობის მანერით და ინდივიდუალური ხელწერით... პროზა, როგორც ერთი ამერიკელი მწერალი ამბობდა, მაგიური პროცესიაო, ჰოდა, თქვენი "აბსოლუტური სიბნელის" მაგიიდან იქნებ, სიყვარულმა გამოგიყვანოთ, ვინ იცის... პ.ს. სიყვარულში დამარცხებული მინახავს, სიყვარულის დამმარცხებელი -არა!!! 5 სიყვარულზე, ბედნიერებაზე და საერთოდ, ადამიანურ გრძნობათა პალიტრაზე ავტორთან არ ვაპირებ პოლემიკას, ეს მისი აზრია, მოსაწონი თუ არა, ეს არაა მთავარი, მთავარი მოთხრობაა, როგორ და რა დაიწერა... კითხვაზე -რა? - ავტორი პიროვნული "მეს" აღქმის განსხვავებული რაკურსს გვთავაზობს, კითხვაზე -როგორ? - კარგი თხრობის მანერით და ინდივიდუალური ხელწერით... პროზა, როგორც ერთი ამერიკელი მწერალი ამბობდა, მაგიური პროცესიაო, ჰოდა, თქვენი "აბსოლუტური სიბნელის" მაგიიდან იქნებ, სიყვარულმა გამოგიყვანოთ, ვინ იცის... პ.ს. სიყვარულში დამარცხებული მინახავს, სიყვარულის დამმარცხებელი -არა!!! 5
28. დიდი ძმა აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს მემოვკვდე :დდდდდ დიდი ძმა აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს მემოვკვდე :დდდდდ
27. დიდი ძმა, აი რატომაა კარგი ხანდახან ადამიანებს ნივიჟუ ურტყა თავში:დ უახ:დ დიდი ძმა, აი რატომაა კარგი ხანდახან ადამიანებს ნივიჟუ ურტყა თავში:დ უახ:დ
25.
რა თქმა უნდა თხოვნას შეგისრულებ და აღარ წავიკითხავ...
რა თქმა უნდა თხოვნას შეგისრულებ და აღარ წავიკითხავ...
24. ხალხზე, ანუ ადამიანების დიდ რაოდენობაზე :დ სიტყვა მასას სპეციალურად ავარიდე თავი :დდ ხალხზე, ანუ ადამიანების დიდ რაოდენობაზე :დ სიტყვა მასას სპეციალურად ავარიდე თავი :დდ
23. გმადლობ :)) გმირის ფილოსოფია ხალხზე გათვლილი ფილოსოფიაა არაა, ამიტომ ნუ ღელავთ, ფოლოვერები არასოდეს გამოუჩნდება :დ გმადლობ :)) გმირის ფილოსოფია ხალხზე გათვლილი ფილოსოფიაა არაა, ამიტომ ნუ ღელავთ, ფოლოვერები არასოდეს გამოუჩნდება :დ
22. რავიცი ,საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა :)
საინტერესო და კარგი თხრობის სტილია ,თუმცა სრული უმრავლესობისა არ იყოს გმირის ფილოსოფიას ნამდვილად ვერ გავიზიარებ
5 რავიცი ,საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა :)
საინტერესო და კარგი თხრობის სტილია ,თუმცა სრული უმრავლესობისა არ იყოს გმირის ფილოსოფიას ნამდვილად ვერ გავიზიარებ
5
21. გმადლობ, აინინა, გასაგებია შენი აზრი, რომელიც ჭეშმარიტებასთან ახლო გგონია, მაგრამ გაითვალისწინე, რომ შესაძლებელია მე შენი აზრებისგან მოშორებით და ჩემს აზრებთან ახლოს მეგულება ჭეშმარიტება და ასეთ შემთხვევაში რჩევებს აზრი არ აქვს, ნაწარმოების შეფასებით შემოფარგვლაა საჭირო :))) გმადლობ, აინინა, გასაგებია შენი აზრი, რომელიც ჭეშმარიტებასთან ახლო გგონია, მაგრამ გაითვალისწინე, რომ შესაძლებელია მე შენი აზრებისგან მოშორებით და ჩემს აზრებთან ახლოს მეგულება ჭეშმარიტება და ასეთ შემთხვევაში რჩევებს აზრი არ აქვს, ნაწარმოების შეფასებით შემოფარგვლაა საჭირო :)))
20. დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაში არ უნდა გაფლანგო კაცმა ძალები, უბრალოდ, ეს მინდოდა მეთქვა...სხვა რევოლუციური იდეის ძებნასაც რომ დაიწყებთ, რატომღაც, მაგისიც მჯერა. (ეს რიტორიკული შეძახილი არაა) დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაში არ უნდა გაფლანგო კაცმა ძალები, უბრალოდ, ეს მინდოდა მეთქვა...სხვა რევოლუციური იდეის ძებნასაც რომ დაიწყებთ, რატომღაც, მაგისიც მჯერა. (ეს რიტორიკული შეძახილი არაა)
19. ნეფერტიტო, გთხოვ აღარ წაიკითხო ჩემი მოთხრობები :დდდდდდდდ ნეფერტიტო, გთხოვ აღარ წაიკითხო ჩემი მოთხრობები :დდდდდდდდ
18. დიდი ძმა, ნუ ღელავ მაგაზე.
გულის მოსაოხებელი რა გჭირს, ქეციანი გული ხომ არ გაქვს რომ იფხანო. ბედნიერება შენი უფლება ნუ გგონია მონ შერ, ის ღმეთის საჩუქარია და თუ არ იმსახურებ ან არ გაძლევს ან, გაძლევს და მალევე გართმევს...
თუ ამას არ გაიაზრებ და პატივმოყვარეობას არ დაიოკებ, ბედნიერება აქეთ ჩაგივლის გვერდზე გულგრილად და შეუმჩნევლად.
თანაც... სიყვარული ის ერთადერთი დაავადებაა, რომლის მიმართ არც იმუნიტეტი არსებობს და არც ვაქცინა. დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ ასე 55 წლამდე, მინიმუმ კიდევ შვიდჯერ იქნები შეყვარებული. მთავარია ბოლო არ ”გამაზო...”
ზეკაცობი თითზე ჩამოსათვლელი ჰყავდა კაცობრიობას, შესაბამისად მერომელიღაცე ვერ იქნებოდა, ასე რომ ზეკაცობაზე პრეტენზიების მქონე კაცის ნაწერს არ ჰგავს ეს ნაწერი, ჩვეულებრივი მოწუწუნე კაცის კარგად დაწერილი მოთხრობაა...
შეიძლება ვცდები კიდევაც, სხვამ რა იცის სხვისი ჭირი, მაგრამ რაკი ლიტპორტალია, ამიტომ დავწერე ეს რაც დავწერე... იმდეია არ მიწყენთ, შვიდასი ნიკით არ დარეგისტრირდებით და თავდასხმას არ დამიწყებთ როგორც აქ სულმოკლეები იქცევიან... უბრალოდ არ მიწყინოთ... თუ გაქვთ ამისი შნო. :)
დიდი ძმა, ნუ ღელავ მაგაზე.
გულის მოსაოხებელი რა გჭირს, ქეციანი გული ხომ არ გაქვს რომ იფხანო. ბედნიერება შენი უფლება ნუ გგონია მონ შერ, ის ღმეთის საჩუქარია და თუ არ იმსახურებ ან არ გაძლევს ან, გაძლევს და მალევე გართმევს...
თუ ამას არ გაიაზრებ და პატივმოყვარეობას არ დაიოკებ, ბედნიერება აქეთ ჩაგივლის გვერდზე გულგრილად და შეუმჩნევლად.
თანაც... სიყვარული ის ერთადერთი დაავადებაა, რომლის მიმართ არც იმუნიტეტი არსებობს და არც ვაქცინა. დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ ასე 55 წლამდე, მინიმუმ კიდევ შვიდჯერ იქნები შეყვარებული. მთავარია ბოლო არ ”გამაზო...”
ზეკაცობი თითზე ჩამოსათვლელი ჰყავდა კაცობრიობას, შესაბამისად მერომელიღაცე ვერ იქნებოდა, ასე რომ ზეკაცობაზე პრეტენზიების მქონე კაცის ნაწერს არ ჰგავს ეს ნაწერი, ჩვეულებრივი მოწუწუნე კაცის კარგად დაწერილი მოთხრობაა...
შეიძლება ვცდები კიდევაც, სხვამ რა იცის სხვისი ჭირი, მაგრამ რაკი ლიტპორტალია, ამიტომ დავწერე ეს რაც დავწერე... იმდეია არ მიწყენთ, შვიდასი ნიკით არ დარეგისტრირდებით და თავდასხმას არ დამიწყებთ როგორც აქ სულმოკლეები იქცევიან... უბრალოდ არ მიწყინოთ... თუ გაქვთ ამისი შნო. :)
17. მე უსიყვარულოდ დავრჩი და უბედური ვარ, დიახ. ზეკაცობაზეც მაქვს პრეტენზიები და გულსაც თუ გაოხებინებთ, სხვა რაღაა საჭირო სრულყოფილებისთვის? რიტორიკული შეკითხვაა :დ მე უსიყვარულოდ დავრჩი და უბედური ვარ, დიახ. ზეკაცობაზეც მაქვს პრეტენზიები და გულსაც თუ გაოხებინებთ, სხვა რაღაა საჭირო სრულყოფილებისთვის? რიტორიკული შეკითხვაა :დ
16. რა არის ეს, პროტესტი იმის გამო, რომ უსიყვარულოდ დავრჩით და უბედურები ვართ? ამიტომ უარს ვამბობთ სიხარულსა და სიყვარულზე, აბსოლუტურ ბნელში შევაბიჯებთ და გავძლიერდებით? ზეკაცს არ სჭირდება არავინ? თუ სწორად გაგიგეთ, მაშინ ესაა ყველაზე ანტიბუნებრივი, ანტიადამიანური და ყველაზე სულელური რევოლუციური იდეა. ამ იდეას გამარჯვება არ უწერია, გულის მოოხებაა მხოლოდ, ისევე როგორც წინა მოთხრობაში მოიოხეთ გული და,უნდა ვაღიარო, ჩვენც მოგვაოხებინეთ. რა არის ეს, პროტესტი იმის გამო, რომ უსიყვარულოდ დავრჩით და უბედურები ვართ? ამიტომ უარს ვამბობთ სიხარულსა და სიყვარულზე, აბსოლუტურ ბნელში შევაბიჯებთ და გავძლიერდებით? ზეკაცს არ სჭირდება არავინ? თუ სწორად გაგიგეთ, მაშინ ესაა ყველაზე ანტიბუნებრივი, ანტიადამიანური და ყველაზე სულელური რევოლუციური იდეა. ამ იდეას გამარჯვება არ უწერია, გულის მოოხებაა მხოლოდ, ისევე როგორც წინა მოთხრობაში მოიოხეთ გული და,უნდა ვაღიარო, ჩვენც მოგვაოხებინეთ.
15. სიყვარულს იმდენი სიამოვნება არ მოაქვს, რამდენიც ტანჯვა! გამოთქმულ აზრს პატივს ვცემ , მაგრამ არ ვიზიარებ, დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება სიყვარულზე ტრიალებს, ვინ რას და როგორ განიცდის იმას იტყვის, იმას განმარტავს ინდივიდუალურად.
თუ, სიყვარული ტკბილი, მაგრამ ბოლოს იმედ გაცრუება და ჯოჯოხეთია, თუ, სიხარულიც დროებითია და ჩამოიშლება ბოლოს, თუ, იმედიც, მხოლოდ დროებითი ნათებაა მაშ რაა ცხოვრებბის არსი?!
სიყვარულს იმდენი სიამოვნება არ მოაქვს, რამდენიც ტანჯვა! გამოთქმულ აზრს პატივს ვცემ , მაგრამ არ ვიზიარებ, დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება სიყვარულზე ტრიალებს, ვინ რას და როგორ განიცდის იმას იტყვის, იმას განმარტავს ინდივიდუალურად.
თუ, სიყვარული ტკბილი, მაგრამ ბოლოს იმედ გაცრუება და ჯოჯოხეთია, თუ, სიხარულიც დროებითია და ჩამოიშლება ბოლოს, თუ, იმედიც, მხოლოდ დროებითი ნათებაა მაშ რაა ცხოვრებბის არსი?!
14. რისთვის საკმაოდ? რისთვის საკმაოდ?
13. საკმაოდ საინტერესო იყო. კი საკმაოდ საინტერესო იყო. კი
12. წავიკითხე,მარა ნივიჟუს ჩაგირტყავ და გავალ:დ წავიკითხე,მარა ნივიჟუს ჩაგირტყავ და გავალ:დ
11. ჰო... სიყვარული...ბედნიერება...-თუ მას იპოვნი, ( ეს პოვნაც ხომ ისეთი რამაა,შეიძლება ერთი სიცოცხლე არც გეყოს მაგისთვის) და თუ მაინც მოგეცა შანსი და იპოვნე, ხოლო მერე მასზე საკუთარი ნებით იტყვი უარს...-ყველაზე მაღალ საფეხურზე ადიხარ...ღმერთივით გამოდიხარ ანუ... ეს დაახლოებით იმას გავს...ერისკაცობაში ყველაფერი რომ აქვს ადამიანს სრული ბედნიერებისთვის... მაგრამ ტოვებს ამ ყველაფერს და ბერად მიდის ...
ვაიმე რამდენი ვილაპარაკე... მიყვარს ასეთი ფილოსოფიური ნაწერები... მადლობა შენ , ჩვენი ძმა...:) -ავტორო...:-* ასეთი კარგი რაღაც რომ დადე... ჰო... სიყვარული...ბედნიერება...-თუ მას იპოვნი, ( ეს პოვნაც ხომ ისეთი რამაა,შეიძლება ერთი სიცოცხლე არც გეყოს მაგისთვის) და თუ მაინც მოგეცა შანსი და იპოვნე, ხოლო მერე მასზე საკუთარი ნებით იტყვი უარს...-ყველაზე მაღალ საფეხურზე ადიხარ...ღმერთივით გამოდიხარ ანუ... ეს დაახლოებით იმას გავს...ერისკაცობაში ყველაფერი რომ აქვს ადამიანს სრული ბედნიერებისთვის... მაგრამ ტოვებს ამ ყველაფერს და ბერად მიდის ...
ვაიმე რამდენი ვილაპარაკე... მიყვარს ასეთი ფილოსოფიური ნაწერები... მადლობა შენ , ჩვენი ძმა...:) -ავტორო...:-* ასეთი კარგი რაღაც რომ დადე...
10. გმადლობ, ჭა :))) გმადლობ, ჭა :)))
9. საინტერესო რომ იყო, მაგაზე აღარაფერს ვამბობ...თხრობა არაჩვეულებრივი... კიდევ მე ვიტყოდი... -ჩვენი გონების მიღმა საიდუმლოებებთან მკითხველის თანაზიარებაც იყო...და სიბნელეში, ანუ სიკვდილში საკუთარი ნ ე ბ ი თ. შესვლა, ნიშნავს ალბათ გამარჯვებას მაგ ყველაფერზე...ძალიან დავიბენი, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო...:) იმედი, სიყვარული არ არსებობს, მირაჟია ანუ?...მხოლოდ სიბნელეა რეალობა?...ასეა თუ ისე...ძალიან კი მომეწონა... სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ავტორის ყველაფერს...555 საინტერესო რომ იყო, მაგაზე აღარაფერს ვამბობ...თხრობა არაჩვეულებრივი... კიდევ მე ვიტყოდი... -ჩვენი გონების მიღმა საიდუმლოებებთან მკითხველის თანაზიარებაც იყო...და სიბნელეში, ანუ სიკვდილში საკუთარი ნ ე ბ ი თ. შესვლა, ნიშნავს ალბათ გამარჯვებას მაგ ყველაფერზე...ძალიან დავიბენი, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო...:) იმედი, სიყვარული არ არსებობს, მირაჟია ანუ?...მხოლოდ სიბნელეა რეალობა?...ასეა თუ ისე...ძალიან კი მომეწონა... სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ავტორის ყველაფერს...555
8. ძაან დამწყდა და დამეკოდა გული :დდდდდდდ ძაან დამწყდა და დამეკოდა გული :დდდდდდდ
7. მერომელიღაც რამსი აგერია... =)) აწი მე აქ აღარ შემოვიდე - ისე არ გეტკინა გვერდი...
მერომელიღაც რამსი აგერია... =)) აწი მე აქ აღარ შემოვიდე - ისე არ გეტკინა გვერდი...
6. ძაან მკაცრი ხარ, ნუმერობისი ვიყო :დდდდ ძაან მკაცრი ხარ, ნუმერობისი ვიყო :დდდდ
5. ხო დიდი ძმა, რამზეს II დიდი სულ კუდიგორის გზაზე სერინობდა დილაობით, ეუასებოდა მაგრად... ძველი ეგვიპტური იეროგლიფები - ნახატი+ასობგერა+აზრი. ნაწერი, მოგიწონე და ხუთი ქულა დაგიწერე, საქციელი ვერ მოგიწონე (ლაზღანდარა ხალხი მეზარება), ყოფაქცევაში "-5" -ს გიწერ, თუ განაშთავ ჯამში "0" გამოდის.
ხო დიდი ძმა, რამზეს II დიდი სულ კუდიგორის გზაზე სერინობდა დილაობით, ეუასებოდა მაგრად... ძველი ეგვიპტური იეროგლიფები - ნახატი+ასობგერა+აზრი. ნაწერი, მოგიწონე და ხუთი ქულა დაგიწერე, საქციელი ვერ მოგიწონე (ლაზღანდარა ხალხი მეზარება), ყოფაქცევაში "-5" -ს გიწერ, თუ განაშთავ ჯამში "0" გამოდის.
4. კაია 5 ქულა, ყოველთვის მიყვარდა ეგ ციფრი :დ გმადლობ კაია 5 ქულა, ყოველთვის მიყვარდა ეგ ციფრი :დ გმადლობ
3. წავიკითხე მომეწონა და 5 ქულაც დავწერე, თუმცა გმირის ფილოსოფიას ვერანაირად ვერ გავიზიარებ
"-საცოდავები ხართ იმიტომ, რომ ერთს ფიქრობთ და მეორეს აკეთებთ"
"-საცოდავები ხართ იმიტომ, რომ ერთს ფიქრობთ და მეორეს აკეთებთ, საკუთარ სამყაროს ქმნით და სხვისას მეტ ანგარიშს უწევთ, საბოლოო ჯამში კი, ის სინამდვილე, რომელშიც ყველა ფუსფუსებთ, არავის გეკუთვნით და ყველას თქვენი გგონიათ. მერე მოჰყვებით და წუწუნებთ, წუნიაობთ, ერთმანეთს აბრალებთ საკუთარ უბედურებას: დღეს ცუდი დღე მქონდა? იმიტომ, რომ ვიღაცამ მაწყენინა. ბევრი ფული არ მაქვს? იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისეა მოწყობილი, ნამდვილი ტალანტი არ ფასდება. სამსახური ვერ ვიშოვე? სისტემის მსხვერპლი ვარ. შეყვარებული არ მყავს? იმიტომ, რომ არავის ძალუძს ჩასწვდეს ჩემი სულის ოკეანისებურ სიღრმეებს და გამიგოს. მეგობრები არ მყავს? იმიტომ, რომ განსაკუთრებული ვარ. უბედური ვარ? იმიტომ, რომ დაუფასებელი გენიოსი ვარ... ამდენ სიმპტომს ავლენთ და ყურადღებას არც კი აქცევთ, არადა, ცხვირიდან რომ სისხლი წაგსკდეთ ან კუჭი უმიზეზოდ აგეშალოთ, მაშინვე დაფაცურდებით, აქაოდა, რაღაც ავადმყოფობა ხომ არ შეგვეყარაო. სხეულზე ასე წუხხართ და სულში მიმდინარე ინფექციურ პროცესებს კი ფეხებზე იკიდებთ."
უბრალოდ არავინ არ თვლის რომ ეს ინფექციაა ესაა მიზეზი
მოკლედ 5 როგორც ზემოთ ავღნიშნე წავიკითხე მომეწონა და 5 ქულაც დავწერე, თუმცა გმირის ფილოსოფიას ვერანაირად ვერ გავიზიარებ
"-საცოდავები ხართ იმიტომ, რომ ერთს ფიქრობთ და მეორეს აკეთებთ"
"-საცოდავები ხართ იმიტომ, რომ ერთს ფიქრობთ და მეორეს აკეთებთ, საკუთარ სამყაროს ქმნით და სხვისას მეტ ანგარიშს უწევთ, საბოლოო ჯამში კი, ის სინამდვილე, რომელშიც ყველა ფუსფუსებთ, არავის გეკუთვნით და ყველას თქვენი გგონიათ. მერე მოჰყვებით და წუწუნებთ, წუნიაობთ, ერთმანეთს აბრალებთ საკუთარ უბედურებას: დღეს ცუდი დღე მქონდა? იმიტომ, რომ ვიღაცამ მაწყენინა. ბევრი ფული არ მაქვს? იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისეა მოწყობილი, ნამდვილი ტალანტი არ ფასდება. სამსახური ვერ ვიშოვე? სისტემის მსხვერპლი ვარ. შეყვარებული არ მყავს? იმიტომ, რომ არავის ძალუძს ჩასწვდეს ჩემი სულის ოკეანისებურ სიღრმეებს და გამიგოს. მეგობრები არ მყავს? იმიტომ, რომ განსაკუთრებული ვარ. უბედური ვარ? იმიტომ, რომ დაუფასებელი გენიოსი ვარ... ამდენ სიმპტომს ავლენთ და ყურადღებას არც კი აქცევთ, არადა, ცხვირიდან რომ სისხლი წაგსკდეთ ან კუჭი უმიზეზოდ აგეშალოთ, მაშინვე დაფაცურდებით, აქაოდა, რაღაც ავადმყოფობა ხომ არ შეგვეყარაო. სხეულზე ასე წუხხართ და სულში მიმდინარე ინფექციურ პროცესებს კი ფეხებზე იკიდებთ."
უბრალოდ არავინ არ თვლის რომ ეს ინფექციაა ესაა მიზეზი
მოკლედ 5 როგორც ზემოთ ავღნიშნე
2. კუდიგორი ძველეგვიპტური ტერმინია? :დ მადლობა რომ ეს კომენტარი ლურსმნულად არ დამიწერე :დ მერე რა რო ეგენი შუმერები იყვნენ აბა ეგვიპტურ დამწერლობას რა ქვია არ ვიცი :დდდდ კუდიგორი ძველეგვიპტური ტერმინია? :დ მადლობა რომ ეს კომენტარი ლურსმნულად არ დამიწერე :დ მერე რა რო ეგენი შუმერები იყვნენ აბა ეგვიპტურ დამწერლობას რა ქვია არ ვიცი :დდდდ
1. ბრავო ძმა! ძალიან მომეწონა. დავტოვე 5 ოქრო და გავუდექი კუდიგორის გზას. :)
ბრავო ძმა! ძალიან მომეწონა. დავტოვე 5 ოქრო და გავუდექი კუდიგორის გზას. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|