 | ავტორი: დიდი ძმა ჟანრი: პროზა 22 ნოემბერი, 2014 |
ზამთრის ჩვეულებრივი დღე იყო, მოსაწყენი, ყოველდღიური, ყოველთვიურიც და ყოველწლიურიც. მე არ ვარ კარგი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვების საჯარო და მიღებულ-დამკვიდრებული გაგებით - ყველას ვაკრიტიკებ, როცა კი საამისო შანსი მომეცემა - გულშიც და ხმამაღლაც, ამ უკანასკნელი სტილის დაცინვის გამო კი არაერთხელ მივუჟეჟივართ (ჩხუბი არ მეხერხება და ძირითადად მირტყამენ), ჩემი სისხლი შეჰხმობია უნივერსიტეტის ფილაქნებს: სხვადასხვა ზომისა და წონის ბიჭები იგინებ-იცოხნებ-იცინიან, თან გამაღიზიანენლად წელავენ ყველა სიტყვას, იმდენად გამაღიზიანებლად, რომ თავის შეკავება აღარ შემიძლია, ვუახლოვდები და ვამბობ: -ჩუმად. -როგოოორ? კვლავ ვუახლოვდები მშვიდად და ისე, რომ „მსხვერპლი“ ვერც იაზრებს რას ვგეგმავ, სახეში ხმაურით ვულაწუნებ. ამის მერე რაც ხდება, არაა ძნელი წარმოსადგენი, მე ძლიერი დარტყმა ძირს მანარცხებს, მუშტს ფეხი ენაცვლება და ბოლოს, როცა იქნება, დაცვა გამომათრევს ბრძოლის ველიდან. უნდა ვაღიარო, იუმორი იშვიათად მაღალი დონის და უნივერსალური გამაჩნია, ამიტომ, ჩამცხრალი, გაოფლილი „მტრების“ დასანახად საჩვენებელ თითს გახეთქილ ტუჩზე ვიდებ და ვხრიალებ - „ჩუმად!“ - დაცვა სადღაც მიმათრევს. არაერთი ქუჩაც სისხლით შემიღებავს - ჩემ წინ ყურსასმენებგაჩრილი სნობი, ვითომ მუსიკას აყოლილი, ცეკვა-ცეკვით, მისეირნობს, თითქოს მთელი დუნია მისი იყოს, მეც დაუოკებლად ვღიზიანდები, აჩქარებული ნაბიჯებით ვეწევი და კეფაში მთელი ძალით ვუთაქებ (პირველი დარტყმა ყოველთვის ჩემია). გაოგნებულ-რეტდასხმული როცა შემობრუნდება და გაიაზრებს რა მოხდა, მე გულხელდაკრეფილი, მშვიდი მზერით დავუდგები წინ, რაც ცოტათი აბნევს კიდეც და მეც დაბნეულის „ასაკრეფად“, კიდევ ერთ გმირობას ჩავდივარ: „წესიერად იარე.“ და მუშტი უკვე აღარ აყოვნებს. ჩემი სამიზნე მრავალფეროვანია - შეიძლება იმისკენ გამიწიოს გულმა, ვინც გამუდმებით ინერწყვება და წარბებს დარდიმანდულად ათამაშებს, ასეთი სცენარიც ერთობ მაღიზიანებს, ვუახლოვდები რჩეულს, რომელიც ყველაზე ხშირად ჩემ წინ მიაბიჯებს, ასევე დარდიმანდულად, და ამჯერად, გულდასმითი დამიზნების შემდეგ, ფეხს ამოვცხებ ზუსტად დუნდულებს შორის, მსხვერპლიც მოულოდნელობისგან შეხტება ხოლმე და კონტრშეტევითი რეაქცია არ აყოვნებს, ან თუ დააყოვნა ვამბობ: „ნუ იფურთხები“, რაც ყოველთვის აჩქარებს საქმეს. ჩემს ნერვებზე ასევე ცუდად მოქმედებენ მუდამშეწუხებული გამოხედვის მქონე, დაბალ-ჩასუქებული ქალები. ერთხელ ამ სახეობის კლასიკურმა წარმომადგენელმა სამგზავრო ბარათის შესავსებად რიგის დარღვევა და ჩემთვის გადასწრება მოინდომა, მეც მარწუხივით ჩავკიდე ხელი მკლავში და ადგილზე დავაბრუნე, ხოლო, როცა სიბრაზენარევი გაოცებით ამომხედა, მივუგდე: „მანდ ეგდე.“ თავისთავად ცხადია, ეს მოვლენა ამგვარ ლაკონიურ ნოტაზე ვერ დამთავრდებოდა, ქალი აწიკვინდ-აწუწუნდა, ერთი-ორჯერ ზურგზე ხელიც მომიტყაპუნა, ხოლო ადგილზე მოკლედ წარმოდგენილმა საზოგადოებამ მსხვერპლის მხარე დაიჭირა და ერთობლივი ძალებით შემომიტია, განსაკუთრებით ერთ-ერთი მუტრუკი აქტიურობდა, რომელიც ქურდულად უქცევდა „ბაზარს“, მეც ეს მუტრუკი ამოვიღე მიზანში და გვერდზე „საქმის გასარჩევად“ რა გამიყვანა, ფეხი ფეხებშუა ამოვცხე. მსხვერპლი ადგილზე ჩაიკეცა (ძალები არ დამიზოგავს), მანამ კი, სანამ პატრულ-პოლიცია მომხდარში გაერკვეოდა, მე ჩემი ბარათი მშვიდად შევავსე და მეტროს სიღრმეებში გავუჩინარდი. ამგვარად, ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ ინციდენტთაგანი, რომელიც ჩემთვის უსისხლოდ დამთავრდა. რაღა დასამალია, რომ სწორად და ზუსტად ის მიმაჩნია, რაც მე მომწონს და პირიქით. ეს ყველა წვრილმანზე ვრცელდება, რომელზეც შეხედულება, ასე თუ ისე, უკვე ჩამომიყალიბდა. მაგალითად, ჩაცმულობა - ერთ-ერთი აქტიური თემაა ჩემს თავში, თავიდან ტანსაცმელი ადამიანის სხეულის ხელოვნურ და, შესაბამისად, არასასურველ გაფორმებად მიმაჩნდა, ამიტომ ვცდილობდი ამ თეორიის ყოველდღიურობაზე მორგებას: ჯერ საცვლისამარა, ფეხშიშველმა გავბედე გარეთ გასვლა (გამიმართლა, რომ ეს თეორია ზაფხულში იშვა), ხალხი, რა თქმა უნდა, ფარულად თუ აშკარად მადევნებდა თვალს, შემდეგ, როცა ამ მეთოდმა გამეფებულ სიცხეში თვალშისაცემი (ყველანაირი გაგებით) შვება მომგვარა, გადავწყვიტე, ბოლომდე განმეხორციელებინა ახალბედა აზრები და სადღაც კუთხეში საცვალიც გავიხადე. ამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა. ჯერ ერთი, არ იყო მაინცდამაინც მოსახერხებელი ბინძურ ქუჩებში ფეხშიშველა ტანტალი, მეორეც, აღმოჩნდა, რომ ჩემი სასქესო ორგანოს ზომის კონტროლი დიდად არ შემძლებია, რამაც რამდენჯერმე (ლამაზი გოგონების წინაშე) აშკარად გამაწითლა. ამ სადებიუტო კრახს თეორიის შემდგომი ევოლუცია მოჰყვა: ტანსაცმელი კომფორტისთვისაა საჭირო და არა სილამაზისთვის, საიდანაც იშვა ჩემი სადა, მაგრამ კომფორტული ჩაცმულობის იდეა, რომელიც წარმატებითაც განხორციელდა. ასე და ამგვარად, არაა გასაკვირი, ჩაცმულობას (სტილს) ყურადღებას ვაქცევდე, შესაბამისად, მაგალითისთვის, როცა ჩემ წინ მიდიოდა ბიჭი, რომელსაც ღრუბლიან ამინდში და უმზეო დღეს მზის სათვალე დაეკვესებინა ცხვირზე, დავეწიე, წინ გადავუდექი და ვუთხარი: „მოიხსენი“. იმანაც, ცხადია, არ მოიხსნა და მაშინ მე ხელის სწრაფი მოძრაობით მოვხსენი, ძირს დავაგდე და დავახტი. ამის შემდეგ მოვლენები ტრადიციულად (და მტკივნეულად) განვითარდა. ასევე, როცა თვალი მოვკარი თვალუწვდენლად მაღალსა და სქელქუსლებიან ფეხსაცმელზე შემართულ გოგონას, რომელიც სიარულისას წონასწორობას ძლივს და აკრობატივით იცავდა, გავუთანაბრდი, შემდეგ ფეხი გამოვუდე და როცა ის იყო კივილით მიწაზე უნდა გაშოტილიყო, დავიჭირე, კვლავ გავასწორე და ჯერ კიდევ პირდაფჩენილს ვუთხარი: „ფეხსაცმელმა წაგაგქცია“. ეს ინციდენტიც უსისხლოდ დამთავრდა და, ბოლოს, თითქოს გაიღიმა კიდეც (საერთოდ, გამოცდილებით დავასკვენი, ტრავმები ბევრად ნაკლებია, როცა გოგოებს „ვაკრიტიკებ“ და არა ბიჭებს). ჩემი გარეგანი ეფექტების არაპრაქტიკულობისაგან შეწუხებულმა, ჩემს შინაგან წიაღში როცა გადავინაცვლე და საკუთარი (არაფიზიკური) სისუსტეების გამოვლენას მივყავი ხელი, მივხვდი, რომ პირველი ადგილი უთუოდ იმ ვნებებისთვის უნდა მიმენიჭებინა, რომელიც ყოველდღე რამდენჯერმე მაცდუნებდა და ბლომად დროსაც მაკარგვინებდა, როცა ჩემი სტანდარტების თარგზე გამოჭრილ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს წავაწყდებოდი (არ აქვს მნიშვნელობა სად); ამას გარდა, სამეულში შემდეგ ადგილებს იკავებდა ჩემი უვიცობა და განუწყვეტელი ზიზღი ზოგადი მიმართულებით. უვიცობის დაძლევას დიდი გულმოდგინებით შევუდექი, მივხვდი, რომ საკუთარი შეხედულებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამომეყალიბებინა, უნდა შემექმნა თეორიებიც და უნდა გამეჩინა მეტ-ნაკლებად უნიკალური, ეკლექტური, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე მორგებული და, შესაბამისად, საკუთარი ფილოსოფია, ამიტომ ჩემში პატარა ქვეყნის მშენებლობას გამალებით შევუდექი, მის ბინადართ საქმეები დავუნაწილე, სახლები მივუჩინე და თავდაცვაზეც ვიზრუნე, მცირე, მაგრამ ჩემი საზომით, ძლიერი რაზმის შექმნით. ამ ქვეყნის საზღვრები პატარა იყო, ამიტომ იმასაც მივხვდი, მალე რომ მომიწევდა მათ გაფართოებაზე ზრუნვა და როგორც კი მოვძლიერდი, წარმატებასაც მივაღწიე, მაგრამ ახლა ეს სამფლობელო კვლავ პატარად მეჩვენება იმ უზარმაზარ სივრცეში, რომელშიც გამოკიდულა, შესაბამისად, უვიცობის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება (თუმცა იმ ფაქტს, რომ უვიცობა გავაცნობიერე, ჩემი ამპარტავნება ყოველდღიურობაში სულაც არ შეულახავს, რადგან ისიც გავაცნობიერე, რომ ყველაფერი შედარებითია და დამკვიდრებული საზოგადოებრივი კრიტერიუმების ფონზე გენიოსის ტიტულიც მეკუთვნის). რაც შეეხება საკუთარი ფილოსოფიის ჩამოყალიბების მცდელობას, აქ გაცილებით მეტ სირთულეს წავაწყდი, იმ პატარა ქვეყნისთვის იდეოლოგიის მიცემა საკმაოდ გამიჭირდა, როცა ერთი მხარე სრულყოფილად ჩაჯდებოდა ჩარჩოში, მეორე სულ სხვა მხრიდან უშნოდ გამოიჩხირებოდა. ერთი უკიდურესობიდან მეორეს განუწყვეტლივ ვეხეთქებოდი, ჯერ მეგონა, რომ სიმართლე მხოლოდ ერთია და ისიც ჩემ მხარეს, რის გამოც ჩემი უმოწყალო კრიტიკის სათავეები გაძლიერდა და ზიზღმაც იმატა, მაგრამ მალე მივხვდი, იმედები თანდათან მიცრუვდებოდა (რამაც ჩემი კრიტიკის სათავეები კვლავ გააძლიერა და ზიზღმაც კვლავ მოიმატა), ამიტომ, ახალ ხედვებზე დავიწყე მუშაობა და სწორედ აქ მივეხეთქე პირველად უკიდურესობის მეორე ნაპირს - გადავწყვიტე, რომ სიმართლე იმდენი არსებობს, რამდენიც აზრი, აზრი კი იმდენი, რამდენიც ადამიანი, შესაბამისად, განსჯა თუ გასამართლება ნებისმიერი სახით დაუშვებელია. ეს ყველაფერი გამანადგურებელი შეტევა იყო ჩემს გარეგან ეფექტებზე და ნიშნავდა, რომ უნდა შემეწყვიტა ყოველი შემხვედრის მრავალმხრივი, ხმამაღალი თუ მდუმარე განსჯები, მაგრამ, ჩემი მეტამორფოზა რომ ასე, ელვისებურად, ვერ მოხდებოდა ამაშიც დავრწმუნდი. მალე ამ ხედვის ოდნავ შეცვლილი სახე მოვირგე, ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებული თეორია, რომლის მიხედვითაც განსჯა თუ შეფასებების გაკეთება იმიტომაა დაუშვებელი, რომ საკმარის ინფორმაციას არ ვფლობთ, შესაბამისად, საყოველთაოდ აღიარებული ბოროტმოქმედი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, შესაძლებელია, ყველა ჩვენგანზე შორს იდგეს ბოროტებისგან (ამით მხოლოდ დრო მოვიგე, მაგრამ სრულიად უნაყოფოდ, გარდასახვა ვერ განხორციელდა). ჩემი გონება არც ამ ნოტაზე შეჩერებულა, ერთხანს თავი ყველაფრის ცენტრში დააყენა და ყველაფერი საკუთარ წარმოსახვად წარმოადგინა, რამაც, პრაქტიკაში, გაამართლა კიდეც ჩემი მოქმედებები - თუ შემოქმედი მე ვარ, ჩემს ქმნილებებს ისე მოვექცევი, როგორც საჭიროდ მივიჩნევ. მაგრამ ეს ხედვაც მოძველდა და თავი მომაბეზრა, ამგვარად, ჩემმა გონებამაც სულ სხვა იდეურ ტოტზე გადაინაცვლა და ამჯერად თვითრწმენის სიღრმეებში ჩაყვინთვა შემომთავაზა. ამ თეორიის მიხედვით, თვითრწმენა ყოვლისშემძლე იყო, თუ გჯერა, შეძლებ კიდეც, მაგრამ ეს თვითრწმენის არნახული, ჯერ მიუღწეველი სიმაღლეების დაპყრობასა და ეჭვის სრულად განდევნას საჭიროებდა. ჩემი ექსპერიმენტები სრული უნაყოფობით დასრულდნენ და ეს თეორიაც უმემკვიდრეოდ გადაეგო, რამაც ჩემი იმედგაცრუება გამოიწვია, ეს ტოტიც ჩამომიტყდა და ძირს მტკივნეულად დანარცხებულმა უიმედოდ ჩავიქნიე ნაღრძობი ხელი. ამგვარმა წარუმატებლობებმა თუ იდეურმა ქამელეონობამ რომ დამღალა, გადავწყვიტე, შეუძლებელზე ხელი ამეღო და იმას დავჯერებოდი, რაც წარმატებით მოვირგე. მსგავსმა გადაწყვეტილებამ ჩემი ქმედებები კიდევ უფრო გააუცნაურა - ყველაზე და ყველაფერზე გულაყრილი დავსეირნობდი გრძელ ქუჩებში და ყველას სიძულვილით ვუთვალთვალებდი (თითქოს სულ პირველ ხედვას დავუბრუნდი), ჭიაყელებს ვადარებდი და საკუთარი თავიც მათზე ნაკლებად არ მძულდა, ალბათ სწორედ მსგავსმა განწყობამ განაპირობა ჩემი წარმოსახვითი მკვლელობები - ერთხელ, გრძელ გამზირზე საჩვენებელ-შუა თითები მივატყუპე, ქვედა ორი თითი კი ჩახმახად ვაქციე და გადავწყვიტე ყველა უმოწყალოდ დამეხოცა, ვისაც კი თვალს მოვკრავდი, რადგან არავინ იყო სიცოცხლის ღირსი. უმოწყალოდვე დავუშინე წარმოსახვითი ტყვიები განურჩევლად - მოხუცებსა თუ ახალგაზრდებს, ღიპიანებსა თუ უღიპოებს, ლამაზებსა თუ მახინჯებს, არ დავინდე არც მათხოვრები, არც თოთო ბავშვები, ტყვია დავახალე სკოლის მოსწავლეებსაც და სტუდენტებსაც, ერთი სიტყვით, ყველას, განურჩევლად სქესისა, გარეგნობისა თუ ფიზიკურ-სულიერი ფასეულობებისა. ბოლოს კი, როცა დავიღალე და ოფლიან შუბლზე სისხლიანი ხელის გული გადავისვი, ის ორი თითი საფეთქელთან მივიტანე და საკუთარი თავიც გამოვასალმე სიცოცხლეს. აი, ასეთი წვეტიანი აზრები მაწუხებდნენ, რომელთაც არა ერთხელ წამოვემცე, მაგრამ ამანაც ჩაიარა, თუმცა სიცარიელე არ გამქრალა, უფრო პირიქით, გაიზარდა. ამ ყველაფრის შემდეგ გასაკვირი არცაა ჩემი მესამე სისუსტე - ზიზღი, რომელიც მოცულობით საყოველთაოა, მიმართულებით კი ზოგადი. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობასა და აშკარად გამოხატულ საქციელებს რომ დავუბრუნდეთ, მათი ჩადენა გარე თვალისთვის ალბათ სიგიჟეა, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც სხვებისთვის ამის არჩადენა, განსხვავება კი სხვებსა და ჩემ შორის ისაა, რომ მე იმას ვაკეთებ, რაც მინდა, გავაკეთო და ამას შედეგად რა მოჰყვება სულ სხვა, ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხია. ამით აიხსნება, რომ, როცა ჩემი გონების რომელიმე უცნობ კუთხეში ახლადნაშობი აზრი მოიკუნტება იმის შესახებ თითქოს, რასაც ვაკეთებ, მოსაწყენია და არ მინდა, ვაკეთებდე, მაშინვე მთელი ყურადღებით ამ ახალშობილზე ვკონცენტრირდები და თავს ვანებებ წამოწყებულ საქმეს, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგებს მოვიმკი (ალბათ ესაა მიზეზი იმისა, რომ მე, როგორც რიგით მოკვდავს, წარმატებულის სტატუსი ვერ მომენიჭება საზოგადოებისაგან ან თუნდაც ჩემი მშობლებისაგან, რაც თავის მხრივ, მოსაბეზრებელი შეგონებების ჩემკენ მომართულ ნაკადს იწვევს, რასაც, ჩემი სრული უყურადღებობა მოჰყვება, იმის გამო, რომ არ მინდა მოსმენა და, შესაბამისად, არ ვუსმენ - არც ფორმალურად, ხშირად სიტყვის დამთავრებას არ ვაცლი ზნეობრივ მოძღვარს, ისე გავდივარ მისი მომსახურების ზონიდან - ამას კი დამატებითი წუწუნი მოჰყვება ჩემი უმაქნისობა-თავხედობა-უზრდელობის ერთ სენტენციაში კონცენტრირების მცდელობით... ასე რომ, ყველაფერი ძალზედ ჩახლართულადაა). ახლა, რაც შეეხება ერთ ჩვეულებრივ დღეს. რა დასამალია, მე უნივერსიტეტი დიდად არ მიყვარს, ეს არის ადგილი სავსე პირფერებით, რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისებიც არიან (მაგალითად, მე), მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. ერთადერთი ადგილი უნივერსიტეტში, რომელიც ასე თუ ისე ნაკლებსაზიზღარია, ბიბლიოთეკაა. აქ ვაფარებ ხოლმე გაბეზრებულ, გაღიზიანებულ და არცთუ იშვიათად, დალილავებულ თავს. თუმცა კითხვა, ამ სიტყვის სრულყოფილი გაგებით, იშვიათად და თითქმის არასდროს გამომდის, წვრილ-წვრილი ხმაურები ჩემს ყურადღებასაც წვრილად ანაკუწებენ და სხვადასხვა მიმართულებით აფრქვევენ. ამასთან, უცნაური კია, მაგრამ ბიბლიოთეკა ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი „გამოხტომები“ არ ხდება. არადა, არაა უცოდველი ადგილი, პირიქით, გამაღიზიანებლებით პირთამდეა სავსე, მაგრამ მე რატომღაც სულ ვითმენდი ამას, ჩემთვის მშვიდად და წყნარად, ჩუმი დამკვირვებლის როლში ვიჯექი სადმე უკან და არც ჩემკენ თავხედური ინტერესით გამოტყორცნილ მზერებს ვაქცევდი ყურადღებას, არც ჩემი ყურადღების დამანაკუწებელ წვრილ-წვრილ ხმაურებს. იმ დღეს კი, მოულოდნელად ამიჩქარდა გულისცემა, მუხლები ამიკანკალდა ხელებთან ერთად და ცივმა ოფლმა დამასხა, მსგავსი არაფერი ახსოვდა ჩემს სხეულს არსებობის განმავლობაში, ვერ გამეგო, რისი მაუწყებელი იყო ეს გარე ნიშნები, სანამ შიდა ბიძგებად არ იქცა - ალბათ გამოსვლის დრო თუ მემცნო-მეთქი, დავასკვენი, აქაც უნდა აღმედგინა სამართლიანობა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი სხეული წინააღმდეგობას უწევდა მსგავს მოთხოვნილებას. თავს ძალა დავატანე, მერხს ხელებით დავეყრდენი და ძლივს ავცდი სკამს, როცა უეცრად ვიღაცამ მხარი გამკრა (კვლავ სკამზე განვერთხე), აუჩქარებლად ჩაიარა კითხვაში გართული რიგები და ბიბლიოთეკის ცენტრში დემონსტრაციულად გაჩერდა, ყველას თვალი მოგვავლო და თქვა: -თქვენ ყველანი ცუდ დროსა და ცუდ ადგილას მოხვდით, მაგრამ დაუმსახურებელს არაფერს მიიღებთ... ყველა მე მიყურებს, ცოტათი დამაბნეველიცაა, თუ ენა დამება წინასწარ პატიებას ვითხოვ... - აქ ბიბლიოთეკარი მიუახლოვდა და ადგილის დაკავებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამან რაღაც გადაუჩურჩულა და ბიბლიოთეკარიც, ერთბაშად ფერდაკარგული, ნელა დაუბრუნდა პირვანდელ ადგილს, ხელის ცეცებით, ისე, რომ ამისთვის თვალი არ მოუშორებია. -ახლა... ჰო, მგონი, წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი გაგებით კარგი ადამიანი არ ვარ, ამიტომ ნუ მოდუნდებით, რა იცით, რა ხდება... - და ამ სიტყვების დასრულებიდან რამდენიმე წამში მივხვდი, რას მიგრძნობდა მოულოდნელად აფორიაქებული ტანი: ამ გაწელილი მონოლოგით გაბეზრებულმა რამდენიმე მკითხველმა მსუბუქად გადაიხარხარა, ჩუმი მითქმა-მოთქმაც ატყდა, „ვინ ჩემი ფეხები ხარ?!“ გამოკვეთილად გაისმა ერთ-ერთი მკითხველის ბაგეთაგან მოწყვეტილი საბედისწერო სიტყვები და მომენტალურად, ისე, რომ თვალი მგონი ვერც ვერავინ შეასწრო, ჭახანისა და გმინვის ხმაც მოისმა. მთელი სამკითხველო გათამამებული მკითხველისკენ გაშტერდა, მკერდი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი, პირიდანაც სისხლი სდიოდა, თვითონ კი არ იძროდა. მასთან ყველაზე ახლოს მყოფები, რომლებიც ყველაზე ადრე მოეგნენ გონს, დასისხლიანებულ თანამკითხველს მივარდნენ და გაოგნებულ-შეშინებულებმა მისი სიცოცხლისუნარიანობა შეამოწმეს. „მკვდარია“, თქვა ერთმა - ვიცი. - უპასუხა იმან -ახლა დაუბრუნდით ადგილებს... დროზე. - ადგილები ისევ შეივსო. - და შეეცადეთ, აღარ გამაწყვეტინოთ, მით უმეტეს, ასე უხეშად... არაა ზრდილობიანი. -ვინ ხარ? - საზარლად იკითხა ერთმა ყველაზე გამბედავმა, მაგრამ მაინც მონუსხულმა ჩვენგანმა. -სახელი გითხრა, გვარი, თუ მამის სახელი? რომელი გირჩევნია? დაგელოდები, უფრო გონივრულად დასვი კითხვა. -..რატომ მოკალი?! -იმიტომ, რომ შემაწყვეტინა. თან უტაქტოდ. მეგონა, უკვე მიგახვედრეთ. -შენ... -ფრთხილად იყავი. გახსოვდეს, კარგი ადამიანი არ ვარ. ახლა... ჰო. ასე ნამდვილად ჯობია, სიჩუმეც ასეთი უნდა. მოდი, ჯერ ჩემს თავს გაგაცნობთ - მე თქვენთვის მიუწვდენელ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი ვარ, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს და აბა, გაბედოს ვინმემ და გაიცინოს... - თვალი მოგვავლო. - არსებობენ ასეთებიც, თქვე თვითკმაყოფილო ჭიაყელებო, ამიტომ, შევეცდები თქვენთვის გასაგებ ენაზე ვილაპარაკო, პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ, რომ ჭიაყელის გასრესის გამო ადამიანს, ანუ - მე, სინდისი ვერ შეაწუხებს, ალბათ უფრო პირიქით, ამიტომ ვთქვი, რომ ცუდ დროსა და ადგილას მოხვდით, დღეს აქედან ჭიაყელები ვერ გავლენ, ჰოდა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ თქვენში ერთი მაინც არაა ჭიაყელა, ვერავინ გახვალთ. - ისევ შეჩერდა - რამე არ გახსენდებათ? აბა, რომელიმემ იაქტიურეთ, ვითომ მე ლექტორი ვარ, და ბიბლიასთან გაავლეთ პარალელი ჩემი უკანასკნელი სიტყვების საშუალებით. - ხმა არავის ამოუღია. - ასეც ნუ დაიძაბებით. სოდომი გეხსომებათ ყველას, ღმერთმა ათი მართალი ადამიანი მოითხოვა, რათა ქალაქი გადარჩენილიყო, მე თქვენში ერთ არაჭიაყელას ვითხოვ, მგონი საქმეს ვამარტივებ, ასე რომ, რაც უფრო მალე ადგება ის ვინც ჭიაყელად არ მიიჩნევს თავს, მით ნაკლები ადამიანი მოკვდება. - არავინ დაძრულა. - მაშინ, რა გაეწყობა, ჭიაყელების გამოსავლენად კითხვები მაქვს კაი, ცხელ-ცხელი, ერთი-მეორის მიყოლებით რო შეჭამთ ისეთი, თქვენთვის გასაგებად რომ ავხსნა, წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე ძნელ, ყველაზე მკაცრ გამოცდაზე მოხვდით, ყველაზე ჩამჭრელ, ჩათლახ ლექტორთან, ჩემთან გამოცდა ზეპირი იქნება. კითხვები ხან ჩემი, ხან თქვენი, როგორც მე ვიტყვი, აი, ასეა საქმე და ვისაც არ მოსწონს ან ახლავე გავიდეს, ან არასოდეს! ჰაჰა, მართლა კი არა, ვიხუმრე, შავად. აქ ჩემი მოთმინების ფიალა პირთამდე გაივსო, აფექტის მდგომარეობა ჩვეულმა გულგრილობამ ჩაანაცვლა, გაკვირვება - ზიზღმა, ერთი სიტყვით, ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდა და იმით ცოტათი ნაწყენ-გაღიზიანებული, რომ ჩემი, როგორც პირველი დაუფარავად კრიტიკოსის სახელს, ამ ახლადგამომცხვარმა ზე-ადამიანმა ჩრდილი მიაყენა, შედეგებზე ფიქრის გარეშე წამოვდექი, გულგრილი, დამცინავი ღიმილით. მანაც მშვიდად, გაურკვეველი კმაყოფილებით გამომხედა და წარბები კითხვის ნიშნად აწურა. -მე არ ვარ ჭიაყელა. - გარკვევით, დემონსტრაციულად წარმოვთქვი. ერთხანს საყოველთაო მზერამ ჩემკენ გადმოინაცვლა, ვგრძნობდი როგორ იწიწკნებოდნენ თვალები, რის გამოც დისკომფორტიც კი ვიგრძენი, ამიტომ ამრეზით მიმოვიხედე. ის ცოტა ხანი ხმას არ იღებდა, დაფიქრებით მიყურებდა თითქმის შეუმჩნევლად მოღიმარი, ბოლოს როცა უსიტყვო ჭიდილმა თავი მომაბეზრა, თავად დავარღვიე დუმილი: -შეგიძლია, გამომცდადო, რაღას უცდი? -გამბედაობა არ გაკლია, კარგია... -გამბედაობა შიშის დასაძლევადაა საჭირო. -აჰ, შენ კი ჩემი არც გეშინია, არა? -კარგია, რომ სიტყვებს შორის კითხულობ აზრებს. -საიდან იცი, რომ ჭიაყელა არ ხარ? - უფრო შესამჩნევად გაიღიმა. -კი არ ვიცი, მგონია, იმედია შენ დამეხმარები დაზუსტებებში. -და თუ შედეგი არასასურველი იქნა, თუ ხვდები, რომ შენი სიცოცხლე აქვე დასრულდება? -ეგეც არაა დიდი პრობლემა. -სიკვდილის არ გეშინია? -შენი არ მეშინია. -ჯერ-ჯერობით ჩემი შეკითხვების კლანჭებს მარდად უსხლტები. -ჯერ-ჯერობით შენს შეკითხვებს ბასრი კლანჭები არ აქვს. -ასეთი რამ რომ გკითხო - როგორი ადამიანი ხარ? -რთული. -მხოლოდ ორი ვარიანტი რომ მოგცე - კარგი და ცუდი, რომელს ამოირჩევ? -კარგ ვარიანტს. -კარგი ადამიანი ხარ? -ამათი გაგებით - გასუსულ სამკითხველოს მოვავლე თვალი - არა. -ჩემზე რას ფიქრობ? -კარგს არაფერს. -დააკონკრეტე. ამ სიტყვაში ისეთი დაჟინება ვიგრძენი, გვერდს რომ ვერ ავუვლიდი, ამიტომ ჩემს დაკვირვებათა შედეგებს დავუწყე ჩხრეკა და მცირედი ფიქრის შემდეგ აზრმოკრებილმა ჩემი გონებიდან პასუხის გაცემა უხვად დავიწყე, მაგრამ ეს არ იყო რიგითი დედუქციური პროცესი, რომლისთვისაც ყოველდღიურობაში არაერთხელ მიმიმართავს, ეს ხანგრძლივად მიძინებული და უხვლავიანი ვულკანის ამოფრქვევას უფრო ჰგავდა, რამაც ცოტათი დამაბნია და დიდად გამაკვირვა, ამიტომ საუბრისას ჩემი სიტყვების აზრს წარმოთქმამდე კი არა, წარმოთქმის შემდეგ ვხვდებოდი, თუმცა ამისთვის მცირე დრო მქონდა, რადგან სხაპასხუპით ავლაპარაკდი: -შენ ხარ ადამიანი, რომელიც განათლებისკენ ისე ისწრაფვის, როგორც ადამიანებზე ძალაუფლებისკენ. ნაწილობრივ მიაღწიე კიდეც მიზანს და ამით დარჩენილი კაცობრიობისგან რამდენიმე თავით ამაღლდი, რისი შედეგებითაც ერთხანს მშვიდად ტკბებოდი, მაგრამ მეორეხანს გააცნობიერე, რომ მიღწეული საკმარისი არ იყო, მისაღწევთან შედარებით ის წვეთი იყო ზღვაში. ამ აღმოჩენამ მოსვენება დაგაკარგვინა, მაგრამ, რაც უფრო მეტად ცდილობდი მეტი ცოდნის მიღებას, მით მეტად ჰგავდა ეს შუა ზღვაში უმწეო ფართხალს, ამიტომ საკუთარ თავზე გაბრაზებული სხვებზეც გაბრაზდი, საკუთარი თავის უმწეობა შეიძულე და ამით სხვების უმწეობაც შეგძულდა, სიძულვილს კი წინაღობა არ დაუხვდა და ზრდა უწყვეტად განაგრძო სანამ მძიმე და მტკივნეულ ტვირთად არ დაგაწვა და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ქუჩაში ჩვეულებისამებრ ჩაისეირნე, იგრძენი რომ ძლივს მოძრაობდი ტვირთის სიმძიმისგან გასავათებული, თითქმის მიღოღავდი, ჭიაყელასავით... ამიტომ დასვენება მოგინდა, მაგრამ აქ აღმოაჩინე რომ ტვირთი სამარადისოდ აგკვროდა, მისი მოცილება, თუნდაც დროებით, შეუძლებლად იქცა, შენი ნამდვილი ტანჯვაც იმ წამიდან იწყება, როცა გააცნობიერე რომ უკან დასახევი გზები სათითაოდ მოსპე და ძალაუფლების ძიებაში თავი სიძულვილის მონად აქციე, სიძულვილი კი სასტიკი ბატონი იყო და არის, რომელიც ზურგს ყოველ წამს მათრახით გიჭრელებდა და გიჭრელებს, რის გამოც ნაიარევი ნაიარევზე გემატება, ამდენმა ტკივილმა კი გაფიქრებინა, რომ სხვებს ბევრად აღემატები, მიუხედავად იმისა, რომ მიზნის მიღწევის მცდელობისას მძიმე მარცხი იწვნიე, ამიტომ დგახარ ამ წუთას იქ, სადაც დგახარ და არ ზიხარ როგორც ჩვეულებრივი მკითხველი, წიგნის კითხვაში გართული, მართალია, საკუთარი ტკივილის მარადიულობას აცნობიერებ, მაგრამ იმედი ვირზე ჯიუტია, ამიტომ ის შენს თავშიც ბჟუტავს და ჩვენში არაჭიაყელის აღმოჩენას ჭიაყელების გადასარჩენად კი არ ცდილობ, როგორც თავად ამბობ, არამედ საკუთარი თავის სახსნელად, საკუთარი თავის განსაჭიაყელებლად... იმასაც აცნობიერებ, რომ ეს შენი უკანასკნელი შანსია და ამიტომ სრულიად არ ფიქრობ (ან ცდილობ, არ იფიქრო) საკუთარი ქმედების უკუქმედებებზე. შენ, შეიძლება, მე მიპოვე, მაგრამ არ ვიცი, რამდენად დაამარცხებ ამით საკუთარ სიძულვილს. შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე. სიჩუმე ჩამოვარდა, იმას თავი ჩაეკიდა და თითქოს სულ სხვაგან იყო, სხვები კი შეშინებულ თვალებს ხან მე მომაპყრობდნენ, ხან მას. ბოლოს თავი ასწია, გამომხედა, გამიღიმა. -ესე იგი, მიხვდი ვინც ვარ? -ცოტათი კი დავიგვიანე. -არასდროსს ჯობია. -კარგია, რომ მიპოვე. -კარგია. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სარკიდან საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი, გაგებით, ყოველგვარი ირონიისა და ზიზღის გარეშე. არც ერთი ვაქცევდით ყურადღებას სხვების დაბნეულ, კითხვის ნიშნებით სავსე გამომეტყველებებს, რომლებიც აღარც იწიწკნებოდნენ. ყველაფერი დასრულდა. გარე თვალისთვის კი, ზამთრის ერთ ჩვეულებრივ დღეს ბიბლიოთეკაში შევეხეტე და შინაურულად მოკალათებულმა წესისაებრ წიგნი მოვიმარჯვე, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავში დავიწყე ქექვა, ჩამთვლიმა, ხოლო როცა ბიბლიოთეკის დაკეტვის დრო მოვიდა, ბიბლოთეკართაგან ერთ-ერთმა გამომაღვიძა. მთქნარებამორეულმა გაუკაცურებული სამკითხველო დარბაზი რა დავტოვე, უცნაური შვება ვიგრძენი - თითქოს უხილავი და მტანჯველი ტვირთი, რომლის არსებობის შესახებ იქამდე არაფერი ვიცოდი, როგორც იქნა, მომშორდა. მსუბუქად მივდიოდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. 10+. 30/11/14წ. ფილოსოფიური აღიარება ბრწყინავს. არააბსტრაქცია . შესანიშნავია. ყველაფერი ღერძის გარშემო წაღმა ტრიალებს უდავოდ. ნექტარი. 10+. 30/11/14წ. ფილოსოფიური აღიარება ბრწყინავს. არააბსტრაქცია . შესანიშნავია. ყველაფერი ღერძის გარშემო წაღმა ტრიალებს უდავოდ. ნექტარი.
13. საინტერესოდ წერს დიდი ძმა. საინტერესოდ წერს დიდი ძმა.
12. არა მოტხრობა მგონია არა მოტხრობა მგონია
11. კარგი წიაღსვლები იყო :) მომეწონა! კარგი წიაღსვლები იყო :) მომეწონა!
10. საინტერესო ხედვა...გარშემოც და საკუთარშიც...მშვენივრად წერ, მოჩვენებასავით...:) დაველოდები გაგრძელებას, უფრო დიდი ჭეშმარიტებას როცა აღმოაჩენს შენი გმირი... -ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს...:-* საინტერესო ხედვა...გარშემოც და საკუთარშიც...მშვენივრად წერ, მოჩვენებასავით...:) დაველოდები გაგრძელებას, უფრო დიდი ჭეშმარიტებას როცა აღმოაჩენს შენი გმირი... -ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს...:-*
9. მაგარიმისახედი რა, მანქანაა? :დდ მაგარიმისახედი რა, მანქანაა? :დდ
8. გაწელილია და მაგარი მისახედი გაწელილია და მაგარი მისახედი
7. ორიგინალობა და ფილოსოფია ჩანს აქ.
ორიგინალობა და ფილოსოფია ჩანს აქ.
6. :დ ძაან. პროზას არ ვკითხულობ ძმა ))) მაგარი კაცია :დ ძაან. პროზას არ ვკითხულობ ძმა ))) მაგარი კაცია
5. კაი ტიპია დიდი ძმა კაი ტიპია დიდი ძმა
4. დამავიწყდა მითითება ადმინისტრაციასმივწერე უკვე რო შეცვალოს და შენ არც არავინ გაძალებდა წაკითხვას დამავიწყდა მითითება ადმინისტრაციასმივწერე უკვე რო შეცვალოს და შენ არც არავინ გაძალებდა წაკითხვას
3. რადმომიკალი ტიალი გული? რადმომიკალი ტიალი გული?
2. არ წავიკითხავ ჰოდა არ წავიკითხავ ჰოდა
1. პოეზიაში არაფერი ესაქმება, ვიცი :დ პოეზიაში არაფერი ესაქმება, ვიცი :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|