ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმბეცილი
ჟანრი: იუმორისტული
30 ნოემბერი, 2014


რთული ბავშვი

 
  პირდაპირ სუფრიდან მომიყვანეს ექიმი, "კიბოს" მოყვა რაღაცაზე ჩვენთან. "კიბო" ბაბუს მეორე ცოლის ძმა იყო და ჩვენი ძალიან ხშირი სტუმარი. ბაბუმ "ნოლშესტი" აყიდინა ადრე. აყიდინა რა, "კიბოს" ბრალი იყო მე თუ მკითხავთ, თავად გაიყოლა შესარჩევად, როგორც საბჭოთა ინდუსტრიული წარმოების უბადლო სპეციალისტი.  საათივით მუშაობს "მატორიო", მრავალმნიშვნელოვნად უთხრა ბაბუმ და "ინამარკებს" ამრეზით გადახედა. "კიბომაც" დაუჯერა. მაშინ პრინციპში "კიბო" არ ერქვა ჯერ. ეგ მერე უბნის ბიჭებმა შეარქვეს, უკურნებელი სენივით რომ ეგდო მისი "ნოლშესტი" ბაბუს "გარაჟში" და ამ საათივით "მატორს" თვეში მინიმუმ ორჯერ შლიდნენ. მოკლედ, ცოტა რომ შეთვრნენ და თითქმის დაძმაკაცდნენ, ამ ექიმს შეახედეს ჩემი თავი. ძლიერი ფსიქიატრიაო თქვა "კიბომ" მთვრალნარევი სიამაყით. ბაბუმაც დაუჯერა.
  ჰო, დამავიწყდა მეთქვა, მე რთული ბავშვი ვიყავი ხოლმე ადრე. რას მოიცავდა დიდად არ ვიცოდი, თუმცა ეგრე მეძახდნენ შინაურობაში. მეშვიდე კლასში ვიფსამდი კიდეც და მამა დაცინვით მმკურნალობდა. ნეკა თითის ზურგს ვიჭამდი კიდე, ნერვიულობისას.
  ექიმმა უცნაური ჩაქუჩი დააძრო და მომიახლოვდა.  ვინეგრეტის და საცივის სუნს ჩვენს გარაჟში დაყენებული ღვინის მძაფრი სურნელი ოდნავშესამჩნევად თუ უნეიტრალებდა. არ მომივიდა თვალში, ისეთი სიფათი ჰქონდა, აი, მოკრძალებულპედოფილური, შვილოს მაგივრად ჟვილოს რომ გამოთქვამენ და გენმოდიფიცირებულ ბადრიჯანს უგავთ კორპუსი. როგორც უხეირო ხელოსანმა ისე დამხედა "ტრამლიორის კრიშკასავით". ჩაქუჩი რომ მიმარტყა მუხლზე, ჯიბრზე გავამაგრე ფეხი და ვინანე რომ ჩაქუჩი მე არ მეჭირა და მელოტ თავზე არ ვუბრახუნებდი მთელი ძალით. მეგონა რომ რამე საშინელებას იტყოდა და ჩემს სირთულეს კიდევ უფრო გაართულებდა. თუმცა, ყველას გასაოცრად, ამას არაფერი სჭირსო, სახალხოდ გამოაცხადა.
გამისწორდა რაღაცნაირად და ჩემს ძმას მაზიანზე შევთავაზე კომპიუტერის თამაში. მომიგო...

  შემთვრალი ექიმი ბარბაცით ჩააცილეს ბაბუმ და "კიბომ" სადარბაზომდე, კარგი გზა უსურვეს და სახლში აპირებდნენ მობრუნებას, როდესაც სადარბაზოდან გასულს მოულოდნელად თავს ისეთი დგაფუნით გადაევლო ნიაღვარი, რომ მომდევნო ხუთი წუთი გაშეშებული იდგა, უცაბედი შემთხვევისგან გაოგნებული.
ბაბუ და "კიბო" გაცვივდნენ ეზოში და ზევით დაიწყეს ყურება, მოგუდულად შეიგინეს კიდეც. პატივცემულ ექიმს აუხსნეს, რომ ჩვენს კორპუსში ძალიან რთული და არაპატივსაცემი ხალხი ცხოვრობდა ძირითადად. წვალებით დაქოქეს "საათივით მატორი" და გალუმპული ექიმი თავად წაიყვანეს სახლში.

არადა, ჩემს ძმას ეგონა "გავაკატავებდი"...

ჰო, წლების მერე ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მითხრეს, რომ ობსესურ-კომპულსიური აშლილობა მჭირდა და პრეპარატების მთელი სერია დამინიშნეს.

ვსვამ ხოლმე, როცა მირთულდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები