ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2014


ჭვავის ჭიბონი და თიკნის დავლი

             

ჟინჟღლავს...
ქარიც მის დამბურას უკრავს ,
მთებზე თოვლი მიჭახულა ღრუბლებს ,
დერდი დერდზე ახორგლილი მთაკრავს,
დევემგავნე უძღებსა და ურგებს.
ყერი -ყერში ვერ მევყვანე სისხლი,
ჰაცხან წევეი,ყველგან  ხიფათს ვეძებ,
უგმან გზებზე ეკალ-ბარდებს ვისხლი,
ამ დუხჭირში ფონს გავიდე ეგებ...
მარა  ღანილს მიგვიანებს ბედი,
გევზარდევი,არ მირწევენ ხოჭიჭს,
სანამ ჭკვიდან სულ არ გედევედი
გულში ვიტევ  ამოხეთქილ  ბღოჭინს -
გაჩეხილი ტყის ნამსხვანი მტკივა,
ღელის სხვაგნით გადაგდება მეწვის,
ერთი მოი და დემეხმარე იმავ,
ამ თვალიდან ამომიღე ბეწვი
თვარა,სხვები მის დირეღებს მალვენ,
ამა-იმას აფეჩვებენ სურუნჯს,
ან აქიდან წეხვიდენა ჰადმენ,
ანდა კიდვენ დეემსგავსო ყრუ-მუნჯს.
თვალნაჭირავს  თვალშიერი მართმევს,
საბელაოდ უსტავლელი მმოძღვრავს,
ფრთებს აჭრიან ძლივაი ნაშვარ მართვეს,
გახსნის ნაცვლად ვუცქერ კარის  მოძრას.
ყიამეტში ტიტლიბაში მმფერხობს,
ღვთისმოსაქმეს ფისიმწურველს მხდიან,
პლაკე ალაგს მიმალავენ ღმერთო
და დამეწყრილს საცხოვრისად  მჩრიან.
მარა,მაინც ძველებურად ვძაღლობ,
ქობულ ვდგავარ,გულში მიდუღს ღველფი,
ძიძგვაი ბიჭებს ვხედავ ახლო-მახლო
მათ კაცობას უჩუმარაი ვეტრფი.
რადგან იმედს  სასრევ ქვაზე ვლესავ,
არ ვერთობი დიმპითა და  ტავრით
და არ არის  ვიცი ჩვენი კვნესა
მართლაც-
ჭვავის ჭიბონი და თიკნის დავლი.



 




ჭვავის ჭიბონი  და თიკნის დავლი - ფიგ.გამ.არაფრის მომცემი,არაფრის მომტანი,არარა. ,,ილაპარაკეს,ილაპარაკეს და რამე ვერ გადაწყვიტეს,ჭვავის ჭიბონი და ტიკნის დავლი,,.
მის დამბურას უკრავს - თავის ჭკუაზე დადის,შეხედულებებს არ იცვლის.

მთაკრავს - ერთიმეორეზე თანმიმდევრობით დააწყობს,დაალაგებს.
ყერი - ყერში  მოვიდა - თავითავში მოვიდა,დაუბრუნდა საწყისს.
უგმან - მიუვალი,გაუვალი.
ღანილი - გამოდარება.
ხოჭიჭი - მცირე აკვანი.
ბღოჭინს - გაბრაზებით ყვირილი,ღრიალი.
ნამსხვანი - სხეული.
დირეღი -  საყრდენი ბოძი.
აფეჩვებენ -  აჩეჩებენ.
სურუნჯი - წიწაკა,სიმწარე.
თვალნაჭირავი - თვალი რომ უჭირავს,შეყვარებული.
მოძრა - მოხურვა,დახურვა.
ყიამეთი - ავბედობა,უბედურება.
ტიტლიბაში - მხიარულების  წამომწყები.
ფისიმწურველი - ძუნწი,ხელმომჭირნე.
ქობული - გამბედავი,უშიშარი,ვაჟკაცი.
ღველფი - ღადარი,ნაკვერჩხალი.
ძიძგვაი - ძლიერი,ღონიერი,ჯანღონით სავსე.
სასრევი - სალესი ქვა.ქვა ლახვართა აღმლესელი.
 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები