 | ავტორი: კვარიათი ჟანრი: პროზა 28 დეკემბერი, 2014 |
II.ყოჩაღ, მისს შილპი შარმა!..
...დელიდან ლონდონში პირდაპირი რეისებიც კი არის, მაგრამ პრითვირაჯმა ხომ ყველაფერი უცნაურად უნდა გააკეთოს! აქაოდა, ბიზანტიურ ხელოვნებას ვსწავლობო, დელი-სტამბოლის ბილეთები მოიტანა იმ დღეს.
- ნუ სწუხართ, მემ, - დაამშვიდა ავიშვიშებული დედაჩემი, - ხომ იცით, როგორ მინდოდა აია-სოფიას ნახვა და... ნუ გეშინიათ, სტამბოლიდან პირდაპირ ლონდონში გადავფრინდებით, იქ ჩვენს კონსულს ვიცნობ!
ეს რომ გავიგონე, როგორღაც გულზე მომეშვა - სანამ ლონდონში ჩამიყვანენ და ძალად გამიმართავენ ნიშნობას, რაღაცას მაინც დავათვალიერებ-მეთქი. ჰო, რად გაგიკვირდათ? ჩვენ შრი შივასტავას ბრაჰმანთა კასტას ვეკუთვნით და, გაუთხოვრად დარჩენა ქალიშვილებს ცოდვად გვეთვლება. მაშინ ოცდაოთხი წლისა ვიყავი; მთელი ოთხი წლით გადაცილებული იმ ასაკს, რომლის იქით გასათხოვარი უკვე გაუთხოვრად იხსენება ბრაჰმანებში; ამიტომ გვარიან საწუხარს ვუჩენდი მშობლებს.
ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ უნივერსიტეტის დასრულებამდე დავიწყე მუშაობა - შრი რამკუმარ ჩოუდჰურის საადვოკატო კომპანიაში ჯერ მდივანი ვიყავი, მერე კი ადვოკატი; თანაც მადჰუშუდონი, რომელზეც ბავშვობიდანვე დავუნიშნავვარ მშობლებს, უკვე ლონდონში ცხოვრობდა და მამაჩემიც სხვაზე ვეღარ გამათხოვებდა - სიტყვას ვერ გატეხდა. მართალი გითხრათ, არც შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვისაც ჩემს ბედს დავუკავშირებდი.
ჩემი დაქალები ადრევე დათხოვდნენ და სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ, როდესაც ვეუბნებოდი - ჯერ კარიერას მივხედავ, გათხოვებაზე კი მერე ვიფიქრებ-მეთქი. ასეთი მსჯელობა ინდოელ ქალებს მაინცდამაინც არ ახასიათებთ, მაგრამ მე ასე ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ ჩემთვის ასეც იყო ხელსაყრელი. მიუხედავად ამისა, ჩემს ოჯახში ყველა ერთ პოზიციაზე იდგა - მე უნდა გავთხოვილიყავი რაც შეიძლება მალე და, თანაც, აუცილებლად მადჰუშუდონს უნდა გავყოლოდი, მადჰუშუდონ გორს.
მადჰუშუდონის ოჯახი ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ლაქნაუში. ისინიც ჩვენსავით ბრაჰმანები იყვნენ და საკმაოდ მდიდრად ცხოვრობდნენ. მამაჩემი - არვინდ შარმა და მადჰუშუდონის მამა პრემჩანდ გორი ერთ დროს კომპანიონები ყოფილან და სწორედ მაშინ დაუთქვამთ - შვილები ერთმანეთზე დავაქორწინოთო. აი, ასე გადაწყდა ჩემი და მადჰუშუდონის ამბავი, როცა ის ოთხის, ხოლო მე კი ერთი წლისა ვიყავი.ჩემი მომავალი საქმრო ექვსი წლისა რომ შესრულდა, მისი ოჯახი ლონდონში გადასახლდა, თუმცა ინდოეთთან კავშირი მაინც არ დაუკარგავთ - ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ ლაქნაუში და ჩვენც ხშირად გვსტუმრობდნენ, რასაკვირველია.
მადჰუშუდონი ბოლოს როცა ვნახე, ცხრამეტი წლისა ვიყავი. ჩვენი ბავშვობის მეგობარი, ბენგალელი შუკეშინი თხოვდებოდა იმხანად და, როგორც წესია, მასთან დევადასი დადიოდა. დევადასი არ გაგიგიათ? ის ბრაჰმანთა ქალიშვილებს ქორწილის წინ კამაშასტრას ასწავლის - როგორ უნდა მოიქცნენ ქმართან საწოლში, სირცხვილი რომ არ ჭამონ... რა გაცინებთ? მესმის, რომ ეს თქვენთან წარმოუდგენელია, მაგრამ ინდოეთში ასეთი წესი გვაქვს... რაღა თქმა უნდა, დევადასი ქალია.
ჰოდა, ამ დევადასის ნასწავლ ხერხებს შემდეგ შუკეშინი კუჭკუჭით გვიზიარებდა ჩვენ - ბავშვობის დაქალებს. იმ დღესაც, ერთად ვიყავით შეკრებილნი ჩემს ოთახში, სახლში არავინ იყო და თამამად ვლაპარაკობდით, როცა მოულოდნელად მოგვესმა:
- გოგოებო, ვინაა ეგ დევადასი, მე უფრო მაგარი რაღაცები ვიცი, ევროპული განათლება მაქვს მაგ საკითხში!
ყველანი უცებ გამოვერკვიეთ; მოვიხედეთ და, ულვაშებაკოკრილი მადჰუშუდონი არ შეგვრჩა ხელში?! ისეთი წივილ-კივილი ავტეხეთ, კუდამოძუებული გავარდა უკან და სხვათა შორის, აღარც ქორწილზე მოგვკარებია სიახლოვეს. ეგ იყო და ეგ - არც კი გამოვლაპარაკებივარ. უზრდელ ბიჭებს ვერ ვიტან, მითუმეტეს - გაევროპელებულ უზრდელებს და, ასეც ვუთხარი ქორწილის მეორე დღეს ჩემს მშობლებს, რის გამოც მათი გულისწყრომა დავიმსახურე:
- რას ჰქვია, არ გაჰყვები? - სათვალის ზემოდან გადმომხედა მამაჩემმა, - ხომ იცი, რაც მოგველის ამისათვის?!
- ვითომ რას უწუნებ მადჰუშუდონს? - აჰყვა დედაჩემიც, - ნამდვილი ბრაჰმანია, თან ევროპაში ცხოვრობს და კემბრიჯში სწავლობს... რა არ მოგწონს?!
მოკლედ, ჩემი სიჯიუტის წყალობით, მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ გათხოვება და ქორწილი დროებით გადაიდო - სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებდი. როგორც ხდება ხოლმე, დათქმული დრო უცებ გავიდა, კიდევ ორიოდე წელიც თვალსა და ხელს შუა გამიქრა და დადგა ჟამი, როცა მამაჩემს დანაპირები უნდა აესრულებინა და, მე მადჰუშუდონის ცოლი უნდა გავმხდარიყავი.
...სანამ ჩემი მშობლიური ლაქნაუდან დელიში გავემგზავრებოდით, დედაჩემმა და მამაჩემმა მათხოვარ გურუ კეშორლალს უხმეს. კეშორლალი ნამდვილი მათხოვარი ან მაწანწალა არ გეგონოთ - მდიდარი ოჯახიშვილია, თუმცა სულ ჩამოძონძილი დადის და, მკითხაობაც ეხერხება. ჩემს მშობლებს სურდათ გაეგოთ, როგორი იქნებოდა ჩემი და მადჰუშუდონის ქორწინება. კეშორლალმა, როგორც კი შემომხედა, მაშინვე თქვა:
- ეს გოგო უცხოელს გაჰყვება და ძალიან ბედნიერიც იქნება.
მერე კი ხმაც აღარ ამოუღია, მდუმარედ ისმენდა ჩვენს საუბარს და ჟესტებითღა გვპასუხობდა. არც თავისი ნათქვამის კომენტარი გაუკეთებია, რის გამოც დედაჩემმა და მამაჩემმა დაასკვნეს, რომ ლონდონში გადახვეწილი მადჰუშუდონი ჩემი ბედი იყო - ის ხომ ექვსი-შვიდი წლიდან ინგლისში იზრდებოდა და ინდოეთში უკვე უცხოელად გრძნობდა თავს.
ბოლოს, როცა ჩემმა მშობლებმა ყველაფერი მოაგვარეს, გადავფრინდით კიდევაც სტამბოლში. თან დეიდაჩემი რადჰა და მისი შვილი პრითვირაჯი გამოგვყვნენ. სხვათა შორის, პრითვირაჯ ჩოკროვარტი კარგი ბიჭია, თუმცა ცოტა უცნაური - მადჰუშუდონ გორივით გაევროპელებული არ არის, მაგრამ ტრადიციულ-ინდურადაც არ აზროვნებს. როგორც გითხარით, ბიზანტინისტია და ეგეც ერთ-ერთი მისი უცნაურობათაგანია - ინდოეთში თითზე ჩამოსათვლელნი არიან მისი კოლეგები.
ჩემი აზრით, სტამბოლი კარგი ქალაქია, მაგრამ მოსაწყენი. ისტორიული ძეგლები კი არის, ოღონდ ბერძნული; ისე კი იქ თითქმის სულ თურქები ცხოვრობენ. ყველაზე მეტად მე მაინც დახურული ბაზარი მომეწონა, ნამდვილი სტამბოლი იქ შევიცანი და მოწყენილობაც სადღაც გამიქრა. ჰო, სწორედ ბაზარში დავინახე პირველად ჯონიც - ვიღაც ხნიერ, წვეროსან კაცთან ერთად იყო. ორივენი ჩვენს წინ მიდიოდნენ და, საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობდნენ რაღაც უცნაურ ენაზე. მართალი რომ გითხრათ, სწორედ ამის გამო მივაქციე ყურადღება ჯონს - მაღალი იყო, ქერა, ცისფერთვალება და, ის უცნაური ენა რომ არა, თავისუფლად შეიძლებოდა ჩაგეთვალათ, მაგალითად, ირლანდიელად - მე დუბლინში ბევრჯერ ვყოფილვარ და მაგათ კარგად ვიცნობ.
ჯონი უდარდელად მიდიოდა და ხმამაღლა, იმ უცნაურ ენაზე ელაპარაკებოდა თანმხლებ ხნიერ კაცს. სხვათა შორის, არც ის კაცი ჰგავდა თურქს. რამოდენიმეჯერ ჯონმა უკანაც მოიხედა და მომეჩვენა, რომ ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. იმ დღეს მე და პრითვირაჯი ქალაქის დასათვალიერებლად ვიყავით გამოპარულები და, ცხადია, სარი არ მეცვა; თმებიც უკან მქონდა შეკრული. არადა, მეუბნებიან, რომ ინდური სამოსი უფრო მიხდება, ვიდრე ევროპული...
უცებ, პრითვირაჯმა ხელკავი გამომდო და იქვე, სუვენირების მაღაზიაში შესვლა შემომთავაზა - სახსოვრად ვიყიდოთ რამეო. უნდა ვაღიარო, რომ ჯონს თვალი ძლივს მოვწყვიტე და პრითვირაჯს მაღაზიაში შევყევი.
- რაჯ, - ვუთხარი თან, - დაინახე ის ორი, ჩვენს წინ რომ მიდიოდნენ?
- ჰო... რა იყო? - მკითხა სასხვათაშორისოდ.
- არაფერი... ევროპელებს ჰგავდნენ და უცნაურ ენაზე კი ლაპარაკობდნენ.
- სომხები იქნებოდნენ, - ისე მიპასუხა, სუვენირების თვალიერება არ შეუწყვეტია. მივხვდი, არ ვაინტერესებდი და გავჩუმდი. მერე კი გამახსენდა, რომ თურქებმა 1915 წელს სომხებს გენოციდი მოუწყვეს, მაგრამ აღარაფერი მიკითხავს.ახლა კი ვიცი, ვინცა ხართ ქართველები, როგორც ჟღერს თქვენი ენა და, სხვათა შორის, ამასწინათ ისიც მითხრეს, რომ თურქეთშიაც უამრავი თქვენი თანამემამულე ცხოვრობს; მაშინ ეს ყველაფერი არ ვიცოდი, თუმცა ჯონი და ის ხნიერი კაცი მაინც არ მიმიჩნევია სომხებად. ისე, ინდოეთში მცხოვრები სომხები სულ გაიძახიან - ჩვენ კავკასიის უძველესი მოსახლეობა ვართო; ჯონმა იქ საკმაოდ აცუცურაკა ეგენი...
სიტყვა გამიგრძელდა და იმასაც გეტყვით, რომ ჯონი ისევ ვნახე მეორე დღეს - თვითმფრინავის ტრაპზე. მანამდე დარბაზში მის თანმხლებ ხნიერ მამაკაცს მოვკარი თვალი. იქნებ, ის ახალგაზრდაც აქაა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ახლომახლო არსად ჩანდა. გულდამძიმებული შევუყევი ტრაპს და - ღმერთო ჩემო, აი, ისიც!მაშინ ინდურად ვიყავი გამოწყობილი - მუქი ლურჯი, ციმციმებით გაწყობილი სარი მეცვა, თმები კი გაშლილი მქონდა; მამაჩემმა რომ შრი-ლანკიდან ჩამომიტანა, ის ოქროს სამაჯურები მეკეთა, ყელზე ბრილიანტის მძივები მეკიდა. ჰოდა, ჩავუარე ჯონს და შევამჩნიე, რომ მართლაც განუზომელი ეფექტი მოვახდინე - ჩემს დანახვაზე ეგრევე გაშეშდა, ყბა ჩამოუვარდა და თვალები გაუფართოვდა.
ყოჩაღ, მისს შილპი შარმა-მეთქი, ვუთხარი ჩემს თავს და ჩამეღიმა - ჯონი ისეთი სანახავი იყო, თავი ვეღარ შევიკავე:
- მემ, შეხედეთ ერთი, აგერ იმას, - ვუთხარი დეიდაჩემს, - ალბათ, ინდოელებს პირველად გვხედავს, - და ჯონზე ვანიშნე თვალით.
- შილპი, თავხედურად ნუ მოიქცევი, - რატომღაც, ინგლისურად მითხრა დედამ და ოდნავ შესამჩნევად მკრა ქიმუნჯი. გამახსენდა, რომ ლონდონში ჩემი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო და დავდუმდი. ჩვეულებისამებრ, ინდოელ ქალებს ყველაზე მორჩილ არსებებად მიგვიჩნევენ დედამიწის ზურგზე, მაგრამ ჩემი დუმილი იმ დროს პროტესტს უფრო გამოხატავდა, ვიდრე მორჩილებას.
თვითმფრინავის პირველი კლასის სალონში ჩვენ და ჯონი ერთად აღმოვჩნდით - ის მამაჩემისა და პრითვირაჯის გვერდით იჯდა, დედაჩემის, დეიდაჩემისა და ჩემს უკან. თვითმფრინავი როგორც კი აფრინდა, ჩემებმა ჩათვლიმეს, ხოლო მე კი იმდენ ხანს ვიწრიალე, სანამ ჯონის ყურადღება არ მივიპყარი - ის წამოხტა და ღიმილით, ზრდილობიანად მკითხა, რით შემიძლია დაგეხმაროთო. მერე გამეცნო კიდეც და, რაღა დაგიმალოთ, მისი სახელისა და გვარის შეხამებამ გამაოგნა - სახელი ინგლისური ჰქონდა, გვარი კი... ჩვენში დარჩეს და, ჯონის გვარს ახლაც ვერ ვამბობ სწორად.
ჰოდა, რა მეფიქრა, აღარ ვიცოდი - დიდი უცნაური კაცი გავიცანი-მეთქი, ერთი კი გავივლე გულში. ისიც გამიკვირდა, რომ თურმე ცოტა ჰინდიც კი სცოდნია: ჩემი სახელია ჯონ ბაზზაგჰუა, ჯორჯიელი ვარო, - ეს ყველაფერი ხომ ჩემს მშობლიურ ენაზე მითხრა, ოღონდ მეტად უჩვეულო აქცენტით. ამერიკელი ხართ-მეთქი? - ამის თქმაღა მოვახერხე გაოგნებულმა. არაო, ჯორჯია სხვა ქვეყანასაც ჰქვია, კავკასიაში მდებარეობს და ნამდვილი ჯორჯია სწორედ ისააო... მოდი და გაუგე!
მოკლედ, ვიმასლაათეთ და ბევრი რამით გამაოცა. ამასობაში, ჩემებს გაეღვიძათ და იძულებული გავხდი, მასლაათი შემეწყვიტა. ლონდონშიც ისე ჩავფრინდით, რომ ჯონთან გამოლაპარაკება ვეღარ მოვახერხე. სამაგიეროდ, პრითვირაჯს და მამაჩემს ესაუბრებოდა თავისი სამშობლოს კულტურაზე, ისტორიაზე და ასეთ რამეებზე. ჯონი ხომ კარგი მთხრობელია და, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორივეზე. ტაქსში რომ ჩავსხედით და სიტისკენ გავეშურეთ, პრითვირაჯი და მამაჩემი სულ ჯონის მოყოლილ ამბებზე მსჯელობდნენ.
მგზავრობისგან გადაღლილს, უცებ თვალი ფანჯრისკენ გამექცა. ღმერთო ჩემო! - ჩვენს გვერდით მომავალ „მერსედესში”, მძღოლის გვერდით, ჯონი იჯდა და, ძალიან მაცდურად მიღიმოდა. საპასუხოდ მეც გავუღიმე, მაგრამ ამ დროს ტაქსის მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა და „მერსედესიც” ჩამოგვრჩა. რასაკვირველია, ჩემიანებს არაფერი შეუნიშნავთ, თორემ კარგი დღე არ დამადგებოდა.
მერე... მერე კი ჩემი და მადჰუშუდონის ნიშნობა გაიმართა ლონდონის ერთ-ერთ ინდუისტურ ტაძარში, რომელიც შრი მაჰალაკშმის სახელობისაა და ისტჰემშია. ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ იქ და ძალიანაც მომწონდა, მაგრამ ახლა რაღაც უსიამოვნო შეგრძნება მქონდა - მადჰუშუდონი ხომ არ მიყვარდა და, რაც მთავარია, ვერასოდეს შევძლებდი მის შეყვარებას...
ნიშნობის შემდეგ მადჰუშუდონის მამამ - შრი პრემჩანდმა ქალაქგარეთ, ლორდ ბეკინსეილის ციხე-სიმაგრეში დაგვპატიჟა. ამჟამად ლონდონში მეტად პოპულარულია ციხე-სიმაგრეებში დროსტარება. მათ მფლობელებს ჭკუა უხმარიათ და იქ საბანკეტო დარბაზები გაუხსნიათ. მიხვალ, ციხე-სიმაგრესაც დაათვალიერებ და მერე კარგადაც იბანკეტებ. რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სოლიდური თანხა სჭირდება; თუმცა, ჩემი სამამამთილო იმდენად კმაყოფილი დარჩა ნიშნობით, რომ ფულის დახარჯვა საერთოდ არ ანაღვლებდა.
- ძალიან მიხარია, რომ მადჰუშუდონს თქვენ მოჰყავხართ ცოლად, - მითხრა მან, - სულ ვოცნებობდი ბრაჰმან რძალზე!
იოცნებებდა, აბა რა?! ხომ გითხარით, ინდოელი ქალები საოცრად მორჩილები ვართ-მეთქი... თუმცა, ახლა გავიგე, რომ თქვენი ქალებიც ასე ყოფილან. ერთი სიტყვით, ბეკინსეილის ციხე-სიმაგრე დავათვალიერეთ და ერთ პატარა დარბაზში დავსხედით. ეტყობოდა, ინდოელები ბევრნი დაიარებოდნენ აქ - მენიუში ინდური კერძები ბლომად ჰქონდათ. შევუკვეთეთ, რაც გვინდოდა და ჩვენებმა მასლაათი გააბეს, მე კი კედელზე დამონტაჟებულ უზარმაზარ ტელევიზორს შევავლე თვალი, თან მადჰუშუდონის უაზრო კომპლიმენტებს ვისმენდი.
უეცრად, გვერდითა დარბაზში ისეთი ღრიანცელი ატყდა, ტელევიზორის ხმაც კი გადაფარა. ხმაური თანდათან ძლიერდებოდა და, გვარიანადაც შევშფოთდით. მამაჩემი იმ წამს შემოსულ ოფიციანტს შეეკითხა, რა ხდებაო.
- გვერდით დარბაზში ქორწილია, - უპასუხა მან, - ჯორჯიელები არიან!
- ძალიან გთხოვთ, სერ, - უთხრა მამაჩემმა, - გადაეცით, გაჩუმდნენ!.. ძლიერი ხმაური მეტისმეტად შემაწუხებელია!ოფიციანტმა მხრები აიჩეჩა და გავიდა. მე კი გავიფიქრე - ნეტავ, ახლაც ჯონს ხომ არ შევხვდები-მეთქი და, მართლაც...ოფიციანტის გასვლიდან ცოტა ხანში, გვერდითა დარბაზში ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მერე კი, მოულოდნელად, ჩვენი დარბაზის კარი გაიღო და, უცნაურად ჩაცმული რამოდენიმე ჯორჯიელი შემოვიდა. რასაკვირველია, მათ შორის ჯონიც იყო; მეტიც - ის ამ ხალხს მეთაურობდა:
- გამარჯობა, ლედიებო და ჯენტლმენებო! - უზადო ინგლისურით მოგვმართა მან, - შეწუხებისათვის ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ჩემი ნათესავი ქორწინდება და, ჩვენც ტრადიციულ ქორწილს ვმართავთ... ხომ არ ინებებდით შემოერთებას?
მართალია, ჯონი ინგლისურად კარგად ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც თავისებური აქცენტი ჰქონდა. წეღან ვახსენე, მას და სხვა ჯორჯიელებს უცნაურად ეცვათ-მეთქი; ეს მაშინ მომეჩვენა ასე, რადგანაც არასოდეს მენახა ჩოხიანი და ქამარ-ხანჯლიანი ხალხი. ჩვენებიც შეცბუნებულნი ჩანდნენ, პრითვირაჯისა და მადჰუშუდონის გარდა - ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ შემოსულთ.უცებ, ჯონმა მე მომკრა თვალი და სახე გაუბრწყინდა:
- მე ხომ გიცნობთ თქვენ, მშვენიერო ლედი! - მომმართა მან, - განა თქვენთან ერთად არ ვიმგზავრე სამი დღის წინ თვითმფრინავით?! თუ შეიძლება, პატივი დაგვდეთ და შემოგვიერთდით! - მიუბრუნდა მერე მამაჩემს, პრითვირაჯსა და მადჰუშუდონს.
ინდოეთში, კერძოდ - უტარ-პრადეშში, საიდანაც მე ვარ, ქორწილში ამგვარად მიპატიჟება არავის ეუცხოება, ამიტომაც დავთანხმდით - მამაჩემმა და შრი პრემჩანდმა ჯონს ღიმილით განუცხადეს: დღეს ჩვენც ჩვენი შვილების ნიშნობას აღვნიშნავთ და, სოლიდარობას გაგიწევთო. ავდექით და, გვერდითა დარბაზში შევედით.პირველი, რაც შესვლისთანავე მეუცნაურა, მაგიდების წყობა იყო - ლათინური U ასოს მსგავსად განელაგებინათ და სიძე-პატარძალი ცალკე, შემაღლებულ ადგილას დაესვათ; მოშორებით კი დამკვრელები ისხდნენ, წინ „იამაჰა” დაედგათ. ჯონმა ჩვენ სუფრის ერთ ბოლოში დაგვსვა და ერთ-ერთ თანმხლებს რაღაც გადაულაპარაკა. ის გავარდა და უზარმაზარი რქა მოიტანა. ჯონმა სუფრაზე მდგარი დოქი აიღო და შიგ მთლიანად ჩაცალა; მერე ცალ ხელში ეს რქა დაიკავა, მეორით მიკროფონი მოიმარჯვა და საზეიმოდ წარმოთქვა ორიოდ წინადადება მშობლიურ ენაზე, შემდეგ კი - ჩვენს გასაგებად - ინგლისურად განაგრძო:
- წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს ინდოეთიდან, ქალაქ ლაქნაუდან! უმშვენიერესი შილპი შარმა, მისი მშობლები და ნათესავები!..
ჩვენ ტაში დაგვიკრეს, ჯონმა კი ეს ამოდენა რქა მოიყუდა და მთლად გამოცალა. მადჰუშუდონმა თავი ვერ შეიკავა და „ვაააუუუუ!”-ო, წამოიძახა; ხოლო პრითვირაჯმა გაოცებულმა მკითხა - ეს შენ საიდან გიცნობსო.
- თვითმფრინავში გამომელაპარაკა, - ვუთხარი მე.- რამდენი ღვინო დალია, ნუთუ არაფერი მოუვა?! - ჩაილაპარაკა მან.
- იმ რქაში ღვინო იყო?! - თვალები შუბლზე ამივიდა მე.
პრითვირაჯმა ირიბად გამომხედა და პასუხის ღირსად არ ჩამთვალა.სუფრაზე ისევ დაუკრეს ტაში - ახლა უკვე ჯონს. ის კი, ვითომ აქაც არაფერიო, ჩემთან მოვიდა და ღიმილით მკითხა:
- მშვენიერო ლედი, ხომ არ ინებებდით ჩემთან ვალსის ცეკვას?
დავიბენი და, რატომღაც მამაჩემს გადავხედე - ის შრი პრემჩანდს ესაუბრებოდა და ჩემთვის არ ეცალა.
- რატომაც არა! - ვთქვი უცებ, - მე ევროპული ცეკვები ძალიან მიყვარს!
- მაესტროოო! - ჯონმა ისე გასძახა „იამაჰასთან” მჯდარ დამკვრელს, რომ მას ელდა ეცა და წამოხტა, - ვალსი!
გაისმა ვალსის წყნარი, ოდნავ სევდიანი მელოდია. ჯონმა წელზე ხელი შემომხვია და დარბაზის ცენტრისაკენ გამიტაცა. საკმაოდ უცნაური რამ იყო - ის ჩოხაში და მე კი სარიში გამოწყობილები, ავსტრიულ ვალსს ვცეკვავდით.
- ის ბლანჟეიანი ტიპი თქვენი საქმროა? - მკითხა მადჰუშუდონზე.ამოვიოხრე; რა უნდა მეპასუხა.
- ქორწილი როდის გექნებათ? - საკმაოდ კარგად ცეკვავდა.
- ორ კვირაში...
- ინგლისში?
- არა, ინდოეთში, - დავსევდიანდი, - ჩვენს მშობლიურ ლაქნაუში.
- მე ძალიან მომეწონეთ, - მითხრა და თვალებში ჩამხედა, - ამიტომაც... მე მაგ ქორწილს ჩავშლი! - მაცდურად ჩაეღიმა.არაფერი მითქვამს, თუმცა გულში კი მეამა.
- შინ როდის ბრუნდებით?
- ხვალ... ალბათ ხვალ!
- მე ჩამოვალ თქვენთან, ლაქნაუში... მოგძებნით და ჯორჯიაში წაგიყვანთ!
კვლავაც არაფერი მითქვამს - ჩავთვალე, რომ ნასვამი იყო და ტრაბახობდა. რას წარმოვიდგენდი, ნათქვამს თუ აასრულებდა?!.. ჰმ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მადლობა გულახდილობისთვის, მისიზ სმით :) მადლობა გულახდილობისთვის, მისიზ სმით :)
13. პირველი კომენტარი =)
რავი, ვერ დამაინტერესა პირველი კომენტარი =)
რავი, ვერ დამაინტერესა
12. აქვთ ავანტიურისტებს შარმი და რა გინდა, რო ქნა.. :)
მუსიკოსებს ლაქნაუშიც "დამკვრელებს" ეძახიან , კაცო? ;)
აქვთ ავანტიურისტებს შარმი და რა გინდა, რო ქნა.. :)
მუსიკოსებს ლაქნაუშიც "დამკვრელებს" ეძახიან , კაცო? ;)
11. ცოტა ბოლივუდის ფილმის ელფერი კი დაჰკრავს, მაგრამ საერთო ჯამში საინტერესოა. :) მეც ვარ ნამყოფი ინდურ ქეიფში, რაღაც საცივისმაგვარი კერძი დამამახსოვრდა, საშინლად ცხარე. პირველი კომენტარი ნამდვილად არ იყო საჭირო. :)) ცოტა ბოლივუდის ფილმის ელფერი კი დაჰკრავს, მაგრამ საერთო ჯამში საინტერესოა. :) მეც ვარ ნამყოფი ინდურ ქეიფში, რაღაც საცივისმაგვარი კერძი დამამახსოვრდა, საშინლად ცხარე. პირველი კომენტარი ნამდვილად არ იყო საჭირო. :))
10. https://en.wikipedia.org/wiki/Devadasi ინფორმაცია დევადასებზე https://en.wikipedia.org/wiki/Devadasi ინფორმაცია დევადასებზე
9. ეგ ჰინდიზე არაა ნათარგმნი და ინგლისური თარგმანი არ ვარგა ;) ეგ ჰინდიზე არაა ნათარგმნი და ინგლისური თარგმანი არ ვარგა ;)
8.
ოოოოოო, როგორ არ ჯერა, გავიხსენოთ კვაჭი... კვაჭანტირაძე... :))
ოოოოოო, როგორ არ ჯერა, გავიხსენოთ კვაჭი... კვაჭანტირაძე... :))
7. შენ თუ "კვარიათზე" მიცანი და ხელწერაც გეცნობა, მაშინ ალბათ მართლა უნდა მიცნობდე :) შენ თუ "კვარიათზე" მიცანი და ხელწერაც გეცნობა, მაშინ ალბათ მართლა უნდა მიცნობდე :)
6. მეორე კემენტარს თანხმობა :)
რაღაც ხელწერაც მეცნობა და ნიკიც მაგონებს ვიღაცას :)))
5 მეორე კემენტარს თანხმობა :)
რაღაც ხელწერაც მეცნობა და ნიკიც მაგონებს ვიღაცას :)))
5
5. დამაჯერებლობა ნაკლებია, რადგან მთხრობელს ქართველი ავანტიურისტის ყოვლისშემძლეობისა არ სჯერა ;)
ენა კიდევ, იმას რომ მოემტვრა, მომტვრევაც ისეთი უნდა :)
მადლობა ყველას :) დამაჯერებლობა ნაკლებია, რადგან მთხრობელს ქართველი ავანტიურისტის ყოვლისშემძლეობისა არ სჯერა ;)
ენა კიდევ, იმას რომ მოემტვრა, მომტვრევაც ისეთი უნდა :)
მადლობა ყველას :)
4.
ძალიან მომეწონა. შინაარსიც, რედაქტირებაც და ფორმატიც. 5 ქულა კვარიათს.
ძალიან მომეწონა. შინაარსიც, რედაქტირებაც და ფორმატიც. 5 ქულა კვარიათს.
3. +. 28/12/14წ. +. 28/12/14წ.
2. წავიკითხე, კი მივხვდი ვინც ყვება ამბავს, მაგრამ უფრო საინტერესოდ შეეძლო მოყოლა , რაღაც დამაჯერებლობა ნაკლებია, ენა მომემტვრა ამათი გვარ სახელების წაკითხვაზე, სახალისო ამბები კი ხდება, და კარგიც არის მაგრამ ერიდეთ სადაო პოლიტიკურ ფაქტების აღნიშვნას, ჯონი სიტყვას შეასრულებს და ნაღდად ჩაშლის ქორწილს, გაგრძელებას ველოდები კვარიათი- ში საინტერესო მწერალი ჩანს.
წავიკითხე, კი მივხვდი ვინც ყვება ამბავს, მაგრამ უფრო საინტერესოდ შეეძლო მოყოლა , რაღაც დამაჯერებლობა ნაკლებია, ენა მომემტვრა ამათი გვარ სახელების წაკითხვაზე, სახალისო ამბები კი ხდება, და კარგიც არის მაგრამ ერიდეთ სადაო პოლიტიკურ ფაქტების აღნიშვნას, ჯონი სიტყვას შეასრულებს და ნაღდად ჩაშლის ქორწილს, გაგრძელებას ველოდები კვარიათი- ში საინტერესო მწერალი ჩანს.
1. პოსტმოდერნისტული ხერხების არმცოდნე ან არმცნობი პერსონებისთვის: ამ თავში ამბავს ჰყვება ის ინდოელი გოგო, ავანტიურისტმა რომ თვითმფრინავის ტრაპზე შენიშნა :) პოსტმოდერნისტული ხერხების არმცოდნე ან არმცნობი პერსონებისთვის: ამ თავში ამბავს ჰყვება ის ინდოელი გოგო, ავანტიურისტმა რომ თვითმფრინავის ტრაპზე შენიშნა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|