 | ავტორი: კვარიათი ჟანრი: პროზა 3 იანვარი, 2015 |
V. ოთხი საიდუმლო წერილი უტარ-პრადეშის შტატის პოლიციის უმაღლეს კომისარს მისტერ რამ რანჯან სინგჰს სრულიად საიდუმლოდ
მისტერ რანჯან!
მოგახსენებთ, რომ ამა წლის 12 ივნისს, უტარ-პრადეშის შტატის დროით 14:33 სთ-ზე, კანპური-ლაქნაუს გზატკეცილზე მოხდა მეტად საგულისხმო შემთხვევა, რომლის თაობაზეც, თავს მოვალედ ვრაცხ, უშუალოდ თქვენ მოგმართოთ. როგორც თქვენთვისაც მშვენივრადაა ცნობილი, ზემოთ ხსენებულ გზატკეცილზე განლაგებულ პოლიციის ბლოკპოსტებზე წესრიგის დამყარება ვეღარ ხერხდება - ინსპექტორები და რიგითები, არცთუ იშვიათად, თავადვე გვევლინებიან დამნაშავეთა როლში. დამერწმუნებით, ეს ძალიან სავალალოა; თუმცაღა კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ისინი ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტებთანაც კი არიან დაკავშირებულნი - ინდუისტები დენი დენ ძონგ პასთან, მუსლიმანები კი აბდულ ჯაბარ ხანთან. აღნიშნულ დღეს, აღნიშნულ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა რიქშა ჯოგონათჰ ანილ ბჰუტო, რომელსაც კანპურიდან ლაქნაუში მიჰყავდა უცნობი უცხოელი ბატონი. ოციოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, ისინი შეაჩერა ინსპექტორმა ჰარიმაჰან სატიამ - მეჩვიდმეტე პოსტის უფროსმა. აღსანიშნავია, რომ რიქშას წესრიგი არ დაურღვევია; როგორც შემდგომში გამოირკვა, იგი მოელოდა, რომ ინსპექტორი გააჩერებდა და, აი რატომ: მისივე თქმით, ინსპექტორს კავშირი ჰქონდა აეროპორტთან მდგარ რიქშებთან და მათი დახმარებით, კანპურიდან ლაქნაუში მომავალ მდიდარ უცხოელებს ფულს სძალავდა. ფულის გამოძალვა შემდეგნაირად წარმოებდა - რიქშა საბარგულში კლიენტის ბარგთან ერთად შეუმჩნევლად დებდა გარკვეული ოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებას და გზაში კი მას ინსპექტორი აჩერებდა. იგი უცხოელის თანდასწრებით საბარგულს აღებდა და როცა მასში ნარკოტიკს პოულობდა, ცხადია შესაბამის ზომებს იღებდა - აპატიმრებდა უცხოელს. შემდეგ კი, განთავისუფლებისა და საქმის „ჩაფარცხვის” სანაცვლოდ, სოლიდური თანხის გადახდას სთხოვდა. როგორც ჯოგონათჰ ანილ ბჰუტომ დაკითხვისას განგვიცხადა, ასეთი ხერხით ინსპექტორ ჰარიმაჰან სატიას უკვე ორმოცამდე უცხოელი ჰყავდა გაძარცვული, თუმცაღა ორმოცდამეერთესთან აღარ გაუმართლა. საქმე ის იყო, რომ როდესაც ჰარიმაჰან სატიამ რიქშა გააჩერა და საბარგულიც აახდევინა, იმ უცხოელმა, ნარკოტიკის დანახვისთანავე, მოულოდნელად საშინელი ძალით უთავაზა ყბაში, ძირს უგრძნობლად დააგდო და გაიქცა. სწორედ იმ დროს, წვიმაც დაიწყო და უცხოელის კვალი გადაირეცხა. ის უკვალოდ გაქრა. ყბამონგრეული ინსპექტორი კი რიქშამ და ორმა რიგითმა პოლიციელმა იქვე, ახლომახლო მდებარე სოფლის საავადმყოფოში მიიყვანა. სამივენი გვარიანად იყვნენ შეშინებულნი და ირწმუნებოდნენ, რომ ინსპექტორი ჰარიმაჰან სატია თაღლითობისათვის ზებუნებრივმა ძალებმა დასაჯეს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულ დამნაშავეს თავის ტვინის შერყევის მძიმე ფორმა დაუდგინდა და გონზე დღესაც კი არ მოსულა. როგორც წინასწარი მოკვლევის შედეგად დავადგინე - შეშინებული რიქშაც და პოლიციელებიც თავადვე გამომიტყდნენ ამაში - ინსპექტორი ჰარიმაჰან სატია კარგა ხანია, დაკავშირებული იყო ზემოთ ხსენებულ დენი დენ ძონგ პასთან, რომელიც დამატებით ხელფასსაც კი უხდიდა მას და მის ხალხს - ხსენებული მეჩვიდმეტე პოსტის რიგით პოლიციელებს. ერთი სიტყვით, უკვე ხელთ გვაქვს ჰარიმაჰან სატიას დანაშაულებრივ ქმედებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი - მოწმეთა ჩვენებების სახით, რასაც თან ვურთავ ამ წერილს. მიუხედავად ამისა, ჰარიმაჰან სატიას დაპატიმრება და დაკითხვა გართულდება, რადგან ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა; ხოლო, რაც შეეხება იმ უცხოელ ბატონს, რომელიც გარეული აღმოჩნდა ჩემს მიერ მოკვლეულ საქმეში, ჩემი აზრით, ცხადია, იგი უნდა მოვძებნოთ და ბრალი პოლიციელზე თავდასხმის გამო წავუყენოთ. ჩვენს ხელთაა გაქცეული უცხოელის ბარგი, მაგრამ მისი ვინაობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ მოგვეპოვება. პატივისცემით, უტარ-პრადეშის შტატის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი დეპარტამენტის პირველი რანგის დეტექტივი ლაქჰან პრატაპ სინგჰი. ლაქნაუ, უტარ-პრადეშის შტატი 14 ივნისი, 20.. წელი
-------------------
უტარ-პრადეშის შტატის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი დეპარტამენტის პირველი რანგის დეტექტივს, ლაქჰან პრატაპ სინგჰს! სრულიად საიდუმლოდ
მისტერ პრატაპ!
მოგახსენებთ, რომ ამა წლის 14 ივნისს, უტარ-პრადეშის შტატის დროით 10:30 სთ-ზე, ლონდონი-კანპურის ავიარეისით ჩვენდამი რწმუნებულ ტერიტორიაზე ჩამოვიდა „ლეპჩაგონგის მაფიის” სახელით ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი შეფი მადჰუშუდონ გორი, რომელსაც აეროპორტში დახვდნენ ამავე დაჯგუფების სხვა ხელმძღვანელები - დენძონგპა (მეტსახელად „დენი”), თენცინგ ჩოგიალა (მეტსახელად „ბრუს ლი”) და ამ უკანასკნელის საყვარელი სურია დ’სოუზა („მის ლაქნაუ-2005”). როგორც გამოვარკვიეთ, მადჰუშუდონ გორი ქორწინდება; ხოლო მისი საცოლე, რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა მოგვეჩვენოს ეს, გასული წლის მერის არჩევნებში ეროვნული კონგრესის კანდიდატის, კომპანია „შარმა მოტორზის” ხელმძღვანელის, არვინდ შარმას ქალიშვილი, რამკუმარ ჩოუდჰურის საადვოკატო კომპანიის ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატი, შილპი შარმა გახლავთ; თუმცაღა, ინფორმანტებმა ისიც კი გვაცნობეს, რომ თავად მისს შარმა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია. ასევე, სასიძო მისტერ შარმასაც არ ეპიტნავება, თუმცა უარს ვეღარ იტყვის, ვინაიდან ჯერ ერთი, ის და მადჰუშუდონ გორის მამა, პრემჩანდ გორი, ადრევე შეთანხმებულან, რომ შვილებს დააქორწინებდნენ და, მეორეც - გასულ წელს მადჰუშუდონ გორმა „შარმა მოტორზის” აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა და არვინდ შარმას დაემუქრა, რომ თუ ქალიშვილს არ მიათხოვებდა, მთელ ბიზნესს წაართმევდა. ერთი სიტყვით, „ლეპჩაგონგის მაფია” და მის უკან მდგომი ძალები (რომელთა ვინაობაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ) აუცილებლად დამკვიდრდებიან უტარ-პრადეშის ეკონომიკაში, თუკი რაიმეს არ ვიღონებთ. ჯერჯერობით, მადჰუშუდონ გორის დაკავება ვერ მოხერხდება, რადგან ამის საბაბი არ გვაქვს; თუმცაღა, განვაგრძობთ მის თვალთვალს. როგორც დავადგინეთ, მადჰუშუდონ გორი საცოლესთან და მის ოჯახთან ერთად რამოდენიმე დღეში სიკიმის შტატში გაემგზავრება. P.შ. რასაკვირველია, ჩვენც მოგვიწევს სიკიმში გამგზავრება და, თუ შესაძლებელი იქნება, გვინდა გთხოვოთ, რომ იქაურ პოლიციას ჯერჯერობით, ნუ გააფრთხილებთ - კარგად ვიცნობთ მაგ წვრილთვალებიანებს, ხელის შეშლის მეტი არაფერი იციან.
პატივისცემით, უტარ-პრადეშის შტატის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი დეპარტამენტის მეორე რანგის დეტექტივები: ვირენ ბასოია და რემუ ფერნანდესი. ლაქნაუ, უტარ-პრადეშის შტატი 15 ივნისი, 20.. წელი
[ადევს ლაქჰან პრატაპ სინგჰის რეზოლუცია: „დენძონგპა” კი არა, დენ ძონგ პა! ვერ ვასწავლე ამათ სიკიმურ სახელთა სწორად წერა!.. გადაეცეს პოლიციის უმაღლეს კომისარს, მისტერ რამ რანჯან სინგჰს!]
---------------------------
უტარ-პრადეშის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი დეპარტამენტის პირველი რანგის დეტექტივს, ლაქჰან პრატაპ სინგჰს! სრულიად საიდუმლოდ
მისტერ პრატაპ!
მოგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, კანპური-ლაქნაუს გზატკეცილსა და თავად ქ. ლაქნაუშიც ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამა წლის 12 ივნისს, უტარ-პრადეშის შტატის დროით 14:33 სთ-ზე, კანპური-ლაქნაუს გზატკეცილზე მომხდარმა შემთხვევამ, რომელსაც ჩვენს კარტოთეკაში მინიჭებული აქვს 422-ე ნომერი, ლაქნაუს მუსლიმანურ და ინდუისტურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის ურთიერთობა მეტად გაამწვავა: ინდუისტებმა მიიჩნიეს, რომ ინსპექტორ ჰარიმაჰან სატიაზე თავდასხმა მუსლიმანთა მოწყობილია და როგორც ინფორმატორებისაგან შევიტყვე, შურისძიებასაც აპირებენ. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მადჰუშუდონ გორი ლონდონიდან სწორედ ამის თაობაზე ჩამოვიდა და ქორწინება აქ არაფერ შუაშია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მუსლიმანებმა და ინდუისტებმა ზავი გასულ წელს დადეს; № 422-ე შემთხვევა, როგორც ჩანს, ხელს შეუწყობს მის დარღვევას, რაც არამარტო ქალაქ ლაქნაუს, არამედ მთელ შტატსაც დიდად დააზარალებს - ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რისი თქმაც მსურს ამით და ამიტომაც სიტყვას აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება მუსლიმანებს, მათ მომხდართან ყოველგვარი კავშირი კი უარყვეს, მაგრამ როგორც დაჯგუფების შეფის, აბდულ ჯაბარ ხანის გარემოცვასთან მეტად დაახლოებული ინფორმატორისაგან შევიტყვე, არაბულმა მაფიამ მათ ამ რამოდენიმე ხნის წინ ლონდონიდან გამოუგზავნა პროფესიონალი ქილერი, რომელიც „ალ-ყაიდას” ერთ-ერთ ზესაიდუმლო ბანაკშია გაწვრთნილი და, ყველა სახის იარაღს უმაღლეს დონეზე ფლობს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქილერი აბდულ ჯაბარ ხანთან ჯერჯერობით არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონიდან ოთხი დღის წამოსულია. როგორც დავადგინე, მისი სახელი თუ უფრო მეტსახელი უნდა იყოს „ჯონი”. ეჭვგარეშეა, იგი აბდულ ჯაბარ ხანს ინდუისტებთან მოსალოდნელი ომისათვის სჭირდება. აქვე თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ერთ საინტერესო დეტალს - ქილერს აბდულ ჯაბარ ხანი სწორედ იმ დღეს ელოდა, როცა 422-ე შემთხვევა მოხდა. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ 422-ე შემთხვევაში ფიგურირებადი უცხოელი შესაძლოა, სწორედ არაბების გამოგზავნილი ქილერი იყოს; ალბათ ამჟამად, როგორც იტყვიან, სადმე „ფსკერზე ზის” და, მთელი ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობას ელის, რათა ასპარეზზე უეცრად გამოჩენით მეტი ეფექტი მოახდინოს...
პატივისცემით, უტარ-პრადეშის შტატის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი დეპარტამენტის მეორე რანგის დეტექტივი ბრიდაბონ კუნდო. ლაქნაუ, უტარ-პრადეშის შტატი 17 ივნისი, 20.. წელი [ადევს ლაქჰან პრატაპ სინგჰის რეზოლუცია: გადაეცეს პოლიციის უმაღლეს კომისარს, მისტერ რამ რანჯან სინგჰს!]
---------------------------
ინდოეთის ფედერალური პოლიციის ცენტრალური სააგენტო სრულიად საიდუმლოდ ცირკულარი დანაშაულში ეჭვმიტანილის ძებნილად გამოცხადების თაობაზე
ამა წლის 12 ივნისს, უტარ-პრადეშის შტატის დროით 14:33 სთ-ზე, კანპური-ლაქნაუს გზატკეცილის მე-20 კმ-ზე, შტატის პოლიციის მე-17 პოსტთან მომხდარი, ინდოეთის ფედერალური სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის „ბ-3” ქვეპუნქტით, უტარ-პრადეშის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „დ-1” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული დანაშაულებრივი ქმედების გამო (იხ. უტარ-პრადეშის შტატის პოლიციის უმაღლესი კომისრის, მისტერ რანჯან სინგჰის შუამდგომლობა № 422/17) იძებნება უცხოელი, რომლის ნამდვილი ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, მისი სახელი ან მეტსახელი უნდა იყოს „ჯონი”. გარეგნული აღწერილობა: რასის მიხედვით, ხმელთაშუაზღვისპირელი ან უფრო კავკასიელია - მაღალი, გრძელი კიდურებით და განვითარებული მუსკულატურით; აქვს თეთრი კანი, ღია ფერის თმები, ცისფერი თვალები და ოდნავ კეხიანი ცხვირი. შესაძლოა, ატარებდეს წვერსაც. მეტყველების თავისებურებანი: ლაპარაკობს უზადო ინგლისურით, ოღონდ მეტად უცნაური, ხორხისმიერი აქცენტით. შეუძლია საუბარი სალიტერატურო ჰინდიზეც. ჩაცმულობა: დანაშაულის ჩადენის მომენტში ეცვა კამუფლირებული სამხედრო სტილის შარვალი და შავი, გადმოშვებული მაისური. ქამარზე ეკიდა ტყავის საფულე და ძველებური, ვერცხლის ძეწკვიან-ხუფიანი საათი. ხასიათის თავისებურებანი: გულფიცხი, ადვილად ფეთქებადი, შემტევი. კრიტიკულ სიტუაციაში არ იბნევა, არ ერიდება ძალის გამოყენებას. ურთიერთობაში უშუალოა.
დაკავებისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე! დამნაშავე შესაძლოა იყოს შეიარაღებული! პოლიციელი, რომელიც ცოცხლად შეიპყრობს მას, მიიღებს ფულად ჯილდოს!
VI. მენ ჰინდი ბოლ-საქტა ჰუნ, ბაბუსაჰაბ! იმ ჩემი ცოდვით სავსე ინდოელ ინსპექტორს რომ „შრომითი რეზერვების” კრივის სექციაში ნასწავლ-დამუღამებული მარჯვენა გვერდითით ყბა მოვუნგრიე და გიჟივით გავიქეცი, პოლიციის მაგივრად კოკისპირული წვიმა გამომეკიდა; ცოტა ხანში კი ისე დამცხო, მეგონა, ჩემს თავზე წისქვილის ქვა დატრიალდა-მეთქი. ირგვლივ ხომ ნისლი იყო და ვერაფერს ვხედავდი, მერე მთლად ჩამობნელდა კიდევაც, თავსხმამ კი უფრო უმატა. ვგრძნობდი, რომ არ ვჩერდებოდი და სადღაც გავრბოდი, მაგრამ ეს ამოდენა ღვარცოფი შტორმში მოხვედრილი კარაველასავით მახეთქებდა აქეთ-იქით. ერთ-ერთი ასეთი მიხეთქებისას, ფეხი რაღაცას წამოვკარი, წონასწორობა დავკარგე და ეგრევე გავადინე ზღართანი ძირს. ლოყით წებოვანი, რბილი თიხა შევიგრძენი და გადაღმა, სიზმრების სამყაროში გავფრინდი... გონს რომ მოვედი, ოდნავ თავბრუ მეხვეოდა. სადღაც, ბნელ ოთახში ვიწექი და თბილი საბანი მეფარა. კედლის იქიდან ხმადაბალი საუბრისა თუ უფრო ბუტბუტის ხმა გამოდიოდა, მკრთალ შუქთან ერთად. ჩემს ოთახში ვენტილატორი იყო ჩართული და არც თუ ისე აუტანლად ზუზუნებდა. სიბნელეს ცოტა თვალი რომ შევაჩვიე, წამოდგომა ვცადე, მაგრამ ისე ვიყავი დასუსტებული, რომ ვერ შევძელი. სამაგიეროდ, აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ სქელი და უხეში ქსოვილისგან დამზადებულ ჰამაკში ვიწექი. ერთი სიტყვით, გაკვირვებისაგან კინაღამ შევიშალე და, ასე რომ არ მომხდარიყო, შევეცადე, თავი დამერწმუნებინა, თითქოს სიზმარში ვიყავი. - ჰელოუ! - მომესმა უცებ ქალის მჟღერი ხმა, - ჰაუ არ იუ, მაი სანნნ?... სუსტად კი ვიყავი, მაგრამ ინდური ინგლისური მაინც მეცნო და გამახსენდა, რომ უტარ-პრადეშში ვიმყოფებოდი. „აუუუ, რა მაგარ შარში ვარ...” - გავიფიქრე მე, მაგრამ მაინც ძალა მოვიკრიბე და ომახიანად ვუპასუხე: - Thanks, I’m Fine. And you?.. - თავი ოდნავ წამოვწიე და მივიხედ-მოვიხედე. ქალმა კედელზე მიმაგრებული პატარა ბრა აანთო და გამიღიმა. შუა ხნისა იქნებოდა - ასე 55-56 წლისა; შავ, გრძელ თმებში ბლომად ჭაღარა გამორეოდა. სათვალე ეკეთა და, ღიმილის მიუხედავად, ოდნავ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. - მაპატიეთ, მემ, - გავუღიმე მეც, - თქვენ ვინ ბრძანდებით, სადა ვარ და როგორ მოვხვდი აქ? - მე რიტა ბჰოჯპურის მეძახიან, - მომიგო ქალმა, - ეს კი ჩემი სახლია. თქვენ ჩემს ჭიშკართან გურუ კეშორლალმა გიპოვათ; სიცხე გქონდათ და ბოდავდით. უკვე სამი დღეა აქა ხართ... სიცხემ მხოლოდ დღეს დაგიწიათ, მაგრამ კიდევ უნდა იწვეთ! ახლა წავალ და საჭმელს მოგიტანთ, სამი დღეა, არაფერი გიჭამიათ... - და გვერდით ოთახში გავიდა, საიდანაც ისევ ისე ისმოდა ბუტბუტის ხმა. ვენტილატორი ისევ ზუზუნებდა, მე კი ვგრძნობდი, როგორ ვერკვეოდი თანდათან; როგორც იქნა, თავის წამოწევა და ოთახის მიმოთვალიერებაც შევძელი - კედლებზე უბრალო მუყაო აეკრათ, რომელიც ალაგ-ალაგ დაობებულიყო, ალაგ-ალაგ კი სულაც აგლეჯილიყო და მუმიის დაღვლარჭნილი კიდურების მსგავსი, ჩამპალ-ჩაშავებული ძელები მოჩანდა. სახლი გადახურული იყო ისლით, თუ რაღაცა ამდაგვარი მასალით, რომელიც გვარიანად გაჟღენთილიყო ტალახიანი წვიმის წყლით. ზედ ჩემი ჰამაკის თავზე უშველებელი შავი ბრეზენტი გადაეჭიმათ, წყალი რომ არ ჩამომსვლოდა. ნელ-ნელა ყნოსვაც დამიბრუნდა და მაშინ მივხვდი, ვენტილატორი რატომ იყო ჩართული - ოთახიდან აუტანელი შმორის სუნი რომ განედევნა. უცებ, გიჟივით გადავიხარხარე - ჩემს ირგვლივ ზუსტად ისეთივე ბნელი ვითარება სუფევდა, როგორც დავით „დეფი” გოგიბედაშვილის იმ ცნობილ გადაცემაში, 90-იან წლებში „მეორე არხზე” რომ გადიოდა. სხვათა შორის, მის სახელს ახლაც კი ვერ ვიხსენებ, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ და, მაშინ ხომ მითუმეტეს, ვერ გამახსენდებოდა, თუმცა ქვეცნობიერად ველოდი - ახლა „დეფი” შემოვა, ჩვეულებრივ ბნელ კუთხეში დადგება და მოგვესალმება-მეთქი. ამ ფიქრებში რომ ვიყავი, კარმაც გაიჭრიალა და, თან მომესმა, ბრწყინვალე ბარიტონით, ჰინდიზე როგორ ჩაილაპარაკა ვიღაცამ: - აიაა ვო აბ აჩჰაა ჰე, შრიმატი რიტა? - არე, ჯი ნაჰინ... ლექინ, სამაჯჰ რაჰა ჰე, კეშორლალ ბაბუ!... - გავარჩიე რიტა ბჰოჯპურის მჟღერი ხმაც. რამდენადაც გავიგე, ბარიტონით მოსაუბრე ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა, ქალმა კი უპასუხა - ჯერ მთლად კარგად ვერაა, მაგრამ გონზე მოვიდაო. ცოტა ხნის შემდეგ ბრის სუსტი შუქით განათებული კუთხე მამაკაცის ახოვანმა სილუეტმა სულ ჩააბნელა. მე ოდნავ წამოვიწიე და შევეცადე, მისი სახე დამენახა. რიტა ბჰოჯპური ამ დროს ფრთხილად მომიახლოვდა და ჰამაკთან, პატარა სკამზე ოხშივარავარდნილი ქვაბი დამიდო. საჭმელს შიშველი ქალივით მადისამღძვრელი სურნელი ჰქონდა; თავი ძლივს შევიკავე, მაშინვე რომ არ ვცემოდი. - როგორ მოშივნია, საწყალს, - ჰინდიზე ღიმილით უთხრა იმ ახოვანმა კაცმა რიტას, - ახლა სულ მალე გამოკეთდება! - მენ ჰინდი ბოლ-საქტა ჰუნ, ბაბუსაჰაბ, - ვთქვი ამაყად მე. ჩემი თავი საწყლად არასოდეს მიმიჩნევია და, სხვას მითუმეტეს, ამის უფლებას ხომ ვერ მივცემდი?! რიტა ბჰოჯპურიმ დანაშაულში გამოჭერილივით გამიღიმა და თქვა: - არე, იე ჰინდი ნაჰინ ჰე, მაი სანნნ! ურდუუ ბჰასა ჰე... მე უბრალოდ მსურდა, მათ გაეგოთ, რომ ჰინდიც კარგად მესმოდა, მაგრამ რიტას ამ ნათქვამმა გამაკვირვა - ეგ ჰინდი კი არა, ურდუს ენააო. მერე მივხვდი, რასაც გულისხმობდა: საქმე ისაა, რომ „ურდუუ ბჰასა” ინდოეთში ასევე ქუჩურ ჟარგონსაც ნიშნავს; მაღალი წრის ადამიანთან საუბარში კი, ჟარგონული ფორმების გამოყენება, როგორც ყველგან, იქაც გაუნათლებლობის ნიშანია. ეს კი გავიგე, მაგრამ იმას კი ვეღარ ჩავწვდი, ჩემს ნათქვამში რომელი სიტყვა ჟღერდა ქუჩურ-ჟარგონულად. - გუდ... - ინგლისურად ჩაილაპარაკა კაცმა და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, - აღარ გვინდა ოფიციალურობა. მოდი, შინაურულად ვისაუბროთ... მე კეშორლალი მქვია, კეშორლალ თჰაკური, - ხელისგულები შეატყუპა და ინდურად მომესალმა. - My name is ჯონ ბაძაღუა, - ვუთხარი მეც ამაყად. კეშორლალი შუახნისა იქნებოდა და გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა გალაქტიონს - ისეთივე აბურდული, გრძელი თმა-წვერი ჰქონდა და ოდნავ ნაღვლიანი გამოხედვა, რაც იდუმალ იერს აძლევდა. ერთხანს ღიმილით, გამომცდელად მიყურებდა, მერე კი მოულოდნელად, მკაცრი ტონით მკითხა: - ვინა ხარ შენ, საიდან ჩამოხვედი უტარ-პრადეშში? - საქართველოდან. - ჰმ... ეგ ის ქვეყანაა, შარშან რუსებმა რომ... მოკლედ, ომი რომ იყო? - ეგაა, ეგ, მისტერ კეშორლალ, - კბილებში გამოვცერი მე. არ მიყვარს, ომის ამბებს უცხოელები რომ მახსენებენ ხოლმე. - ჰოოო... მოგწონს ინდოეთი? - რა ვიცი, ჯერ არც დამითვალიერებია... - ჰმ... და გგონია, დაგათვალიერებინებენ? ერთი სიტყვით, სწორედ ისე ვსაუბრობდით, როგორც ქურდობაზე მეოცნებე ძველი ბიჭი და ნაძველბიჭარი უბნის ინსპექტორი. - იქსკიუზ მი, შრი კეშორლალ ბაბუ ჯი! - მანდილივით ჩაგვივარდა უცებ შუაში რიტა, - ჰი იზ ვერრი ჰანგრი! ეს კი მართალი თქვა რიტა ბჰოჯპურიმ - ყიზლარის იალაღებიდან თბილისის ზოოპარკში მოხვედრილი, კაი ხნის ნაშიმშილარი მგელივით მიკაწკაწებდა კბილები და ამ რაღაც ინდური კერძის სუნი კი გვარიანად მიღიზიანებდა ნესტოებს, ამიტომაც ყოველ პასუხის გაცემაზე, კეშორლალს გულში კარგებსა და კეთილებს ვაგინებდი. - იეს, აიმ ვერი ჰანგრი, მისტერ, - ვუთხარი მერე, - შევჭამ, მოვღონიერდები და მერე ვიშპილკაოთ! თურმე, ეს სიტყვები ქართულად მითქვამს. რა ჩემი ბრალი იყო - ნასიცხარი და თავბრუდახვეული ვიწექი იმ დავით-დეფი გოგიბედაშვილის სტუდიასავით ბნელ და ერთი ციცქნა ოთახში, კეშორლალი კი ორი წვეთი წყალივით ჰგავდა გალაქტიონს, მიუხედავად იმისა, რომ პროტოდიაკონივით ბუხუნა ხმით ლაპარაკობდა. ქართული სიტყვების გაგონებაზე, კეშორლალს რატომღაც ჩაეღიმა და ეშმაკურად შემომხედა: - ეგ შენი მშობლიური ენაა? - დიახ. - კარგი, კარგი... მე გავალ, შენ ივახშმე და მერე განვაგრძოთ საუბარი. კეშორლალმა ოთახიდან გასვლისას კარი ოდნავ გააჭრიალა, რიტა ბჰოჯპურიმ კი, რომელიც თავთით დამჯდომოდა, ბეჭებქვეშ მოზრდილი, თივით გატენილი ბალიში ამომიდო: - შენ ჯერ ისევ სუსტად ხარ, შვილო, ჩემი ხელით გაჭმევ, - მითხრა თან. მართლაც, თავის ხელით მაჭამა მთელი კერძი. საერთოდ, ახლა რომ ვუკვირდები, რიტა ბჰოჯპურის მსგავსი კეთილშობილი ადამიანები ქვეყანაზე ცოტანი კი არიან, მაგრამ როცა გაგვიჭირდება, ღვთის შეწევნით, ჩვენს გვერდით აღმოჩნდებიან ხოლმე და ბოლომდე იხარჯებიან. ამ ქალს ეტყობოდა, რომ ყოველთვის სიკეთის კეთებას იყო ჩვეული და ჩემი ჯანმრთელობის გამოც ნამდვილად წუხდა. - ერთი ეს მითხარით, მემ, - გავთამამდი ბოლოს, - ის შავი კაცი ვინღა იყო? - ვინ შავი კაცი? - რიტა ბჰოჯპურის „შერეკილები” ნანახი არ ჰქონდა. - აი, ახლა აქ რომ იყო, - ჩამეცინა, - ის უცნობი კაცი... - შრი კეშორლალ თჰაკური, განდეგილი, - რიტამ მოწიწებით შეატყუპა ხელები. ამ დროს წინა ოთახში, კარზე ბრახუნი ატყდა. ყველა ქვეყანაში პოლიციელები ერთნაირად თავხედები არიან, როცა ეჭვმიტანილის დასაკავებლად მივლენ სადმე. ნუ მეტყვით, ეგრე არ არისო; სწორედ ეგრეა და თან - უძველესი დროიდან. - Hey, open the door, it's the police! - მართლაც იღრიალეს გარედან. რიტა ბჰოჯპური არ დაიბნა - სანამ მე შევშფოთდებოდი, მან საიდანღაც დიდი და სქელი, მორუხო-თეთრი ტილო მოაფრიალა და ზედ გადამაფარა. სახეზე რაღაც საფენი დამადო და მიჩურჩულა: რაც უნდა მოხდეს, არ გაინძრეო. მერე ბელორუსი პარტიზანის დედასავით ამაყად, წელში გამართული, კარებთან მივიდა და გააღო. - პოლიციიდან ვართ! - გავიგონე ვიღაცის ბრაზიანი ნათქვამი, - გაქცეულ დამნაშავეს ვეძებთ! ვოოოი, ყველა მხრიდან დაჩაგრული, მე ვარ სიმონა დოლიძე...
VII. ეგ ხომ კეთროვანის ტანსაცმელია!.. ვისაც ერევნის „არარატის” მატჩებზე დასწრება ჰღირსებია, ალბათ აუცილებლად შეამჩნევდა, როგორ სკანდირებენ სომეხი გულშემატკივრები - „დუმ, დუმ, არარატ!”, „დუმ, დუმ, არარატ!”... ჰოდა, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სწორედ ასეთი სკანდირება იმ შუაგულ უტარ-პრადეშში გავიგონე - სანამ რიტა ბჰოჯპური და ის ბრაზიანი პოლიციელები კართან ხმამაღლა დაობდნენ, შორიდან ჯერ ერთმა ატეხა ყვირილი, მერე კი ჯგროდ გამოეხმაურნენ სხვებიც: - დუშ-მან, ბაკა-ვას! დუშ-მან, ბაკა-ვას! უეცრად, სახლის ისედაც დაფახფახებული კედლები აფახფახდა და აზანზარდა - მივხვდი, რომ გამგელებული ბრბო პოლიციელებისკენ მოიწევდა. მათ ვერ ვხედავდი, მაგრამ რა უნდოდა იმის გამოცნობას, რომ მინიმუმ ფიწლებით, ნაჯახებით ან დანებით იქნებოდნენ შეიარაღებულნი. მართლაც, აჩქარებული ნაბიჯების ხმა და „არარატის” ფანებისდარი სკანდირება თანდათან მოახლოვდა; გავიგონე, როგორ გადაულაპარაკეს იმ პოლიციელებმა ერთმანეთს - დავახვიოთ აქედან, თორემ დაგვენძრაო, მაგრამ უკვე გვიან იყო: ყველანი გაქაჩეს და ატყდა ერთი ცემა-ტყეპა. რასაკვირველია, მე არც ამ სანახაობით დატკბობა შემეძლო (რაზეც დღეს დიდად მწყდება გული), თუმცა როცა რიტა ბჰოჯპურიმ კარი ხმაურით მიხურა და ჩემთან შემოიჭრა, მივხვდი, რომ საწყალ პოლიციელებს, მეცნიერულად რომ ვთქვა, ბაირამ-დუდუკში გასდებოდათ. რიტას სახეზე შეშფოთება ეტყობოდა და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სანამ პირს გააღებდა, კარის შემოგლეჯვის ხმამ ორივეს ყურთასმენა დაგვიხშო. იმავ წუთს ოთახში თმაწვერაბურდული კეშორლალი შემოვარდა: - წოლის დრო აღარაა, ფეხზე წამოდექი!.. თუ არ შეგიძლია, მე მოგეხმარები! - მიყვირა საჩქაროდ, მერე ხელი დამავლო და ხურჯინივით მხარზე გადამიკიდა. ეს ისე სწრაფად მოხდა, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი. კეშორლალმა რიტა ბჰოჯპურის ერთი-ორი სიტყვა მიუგდო და საჩქაროდ გარეთ გამარბენინა, სადაც აუტანლად აცხუნებდა მზე (სად იყო ეგ დალოცვილი იმ დღეს, მე რომ ინდოეთში ჩამოვედი?!..) და ისეთი ბუღი იდგა, ვერაფერს გაარჩევდი, თუმცაღა ღმუილ-ღრიალ-ყვირილ-გინება-წკმუილის ყურთასმენის წამღები ხმა ყველაფერს საცნაურს ხდიდა - მრავალრიცხოვანი ჯგრო იმ პოლიციელებს ურტყამდა და ისე იყო გართული ამ საქმით, რომ ყურადღებაც კი არავის მიუქცევია ახოვანი, გრძელთმაწვეროსანი მამაკაცისათვის, მიფახფახებული ქოხიდან ხურჯინივით გადაკიდებული ქართველი ყმაწვილკაცი რომ გამოიყვანა, ერთი მიიხედ-მოიხედა და საჩქაროდ გაძუნძულდა სადღაც. - ლოთიანად, რამდენი წლის იქნებით, ბაბუ ჯი?.. - ვკითხე კეშორლალს, როცა კარგა ხანი მარბენინა და ერთ ადგილას ფრთხილად დამსვა, - ღონე კი გვარიანი გქონიათ, ღმერთმანი!.. - შენც კაი ვირგლა ყოფილხარ, - მითხრა მან ქოშინით, - ამდენი ჩემს დღეში არ მიწვალია!.. - ისე, მე უკვე კარგად ვგრძნობ თავს, - ღრმად შევისუნთქე ნელსაცხებლების სურნელებით გაჟღენთილი ინდოეთის ჰაერი, - მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. კარგი კი იყო, მისის ბჰოჯპურიც აქ ყოფილიყო, რომ გამოვმშვიდობებოდი, მაგრამ... მოკლედ, ჩემგან მოკითხვა გადაეცით! მე ძალიან მეჩქარება... ამას რომ ვამბობდი, კეშორლალი რატომღაც, დამცინავად მიყურებდა, თუმცაღა მისთვის ყურადღება აღარც მიმიქცევია, ისე წამოვდექი. ჰოდა, თავბრუც დამესხა და, ბაბუ ჯი რომ მხარში არ ამომდგომოდა, ალბათ წავიქცეოდი. - ასე ძალიან მიგეჩქარება ციხეში? - მკითხა მან, - გაითვალისწინე, რომ ჩვენს შტატში უმკაცრესი კანონებია... პოლიციელის დანოკაუტებაზე კი, ათი წელი საკნის ხეხვა მოგიწევს! მისმა ბოლო სიტყვებმა სისუსტე და თავბრუსხვევა სულ გადამავიწყა და უცებ გავიმართე წელში. გონებაში კინოფირივით გამირბინა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბის დეტალებმა, ჩემი მახსოვრობის ყველაზე შორეულ კუნჭულში რომ თვლემდნენ და, თითქოს შხაპუნა წვიმის სუნიც კი ხელახლა შევიგრძენი. რაღა თქმა უნდა, ხმის ამოღება გამიჭირდა და კეშორლალს უმწეოდ გადავხედე. - რა იყო, დაბალი კასტის პატარძალივით რატომ მიყურებ? - ღიმილით მკითხა მან, - ასე უცებ შეგეშინდა? - რა „პატარძალი”, რის „პატარძალი”? - ავიჯაგრე. - ნუ იბღვირები, გამოთქმაა ჩვენთან ეგეთი... დაბალი კასტის პატარძლებთან ხომ დევადასი არ დადის და საბრალო გოგონებსაც წარმოდგენა არ აქვთ, პირველ ღამეს როგორ მოიქცნენ, - ამიხსნა კეშორლალმა და ჩაიცინა. - მამის ტოლი კაცი ხარ და ეგ აღარ მაკადრო, გაიგე?!.. - ძალიან ქალაქურად ვუთხარი და გვერდზე კაი გემრიელად გადავაფურთხე, - ქალებს რას მადარებ?! შეცბა. უხმოდ დაიწია უკან, იქვე ჩაჯდა, თავიც ჩაღუნა და ღიღინი წამოიწყო. მე დამაინტერესა, სად ვიყავით და მიმოვიხედე. ალბათ, ის ადგილი ერთ დროს, ძალიან ლამაზი ბაღი იქნებოდა, ახლა კი, უკვე ერთიანად გავერანებული იყო იქაურობა. რაღაც ხვიარა მცენარეებს ყველაფერი ისე დაეფარათ, რომ გადაადგილება შეუძლებელი იყო. იქვე ახლოს, ამომშრალი აუზის ნანგრევები მოჩანდა, რომლის შუაგულში მდგარ, მშვილდისრიან ამურს მარჯვენა ხელიღა შერჩენოდა; მუცელსა და ფეხებზე კი ხავსი აჰკროდა. ხვიარა მცენარეებს კვარცხლბეკი სულ დაეფარათ და ახლა ამურის მარცხენა ფეხზე აცოცება დაეწყოთ. მერე თვალი იმ ადგილისკენ გამექცა, სადაც კეშორლალი იჯდა და გაოცებისაგან დავუსტვინე - იქვე ფართოფოთლებიანი, ბაობაბივით ხე იდგა, რომლის ზოგი ტოტი მიწაშიც კი ჩაზრდილიყო. მერე გავიგე, რომ ეს აბანოზი იყო. - ეს სად მომიყვანე? - ვკითხე რბილი ტონით; საერთოდ, ავმეხსიერი არ ვარ და, არც იყო ამის დრო, - მე ლაქნაუში მიმეჩქარებოდა... კეშორლალმა მაშინვე ამომხედა. ჯერ მკაცრად მიყურებდა და მერე, ნელ-ნელა შეეპარა ღიმილი: - დედა ტერეზა გაგიგონია? - მკითხა და წამოდგა. თავისი გრძელი შესამოსლის კალთები დაიბერტყა. მერე დაიხარა, რაღაც ბალახი მოწყვიტა და პირში ჩაიდო. - აგნეს გონჯა ბოიაჯუ, - ვთქვი ჩემთვის. - ჰოო, სწორედ ეგ, - კვერი დამიკრა კეშორლალმა და ბალახი გაღეჭა, თან წყნარად, რაღაც ინდური მელოდიის სტვენა დაიწყო. აბანოზის ხიდან ჩიტებმა მეტად თავხედურად წაიჭახჭახეს - ვითომდა, რა დროს ეგააო. - მერე? - გადავხედე კეშორლალს. - ჰოდა, ეს ის ადგილია, სადაც... ავადმყოფებს უვლიდა, - თვალი ამარიდა. - ვაჰ! საავადმყოფოში მომიყვანე? - შეიძლება, ეგრეც ითქვას, თუმცა აქ არ გავჩერდებით, უნდა წავიდეთ! - საით? - ლაქნაუში! - მითხრა და გულღიად გამიცინა; მივხვდი, რომ არც მას უყვარდა წყენის გულში ჩადება. - ჰოდა, წავიდეთ მერე, რაღას ვუცდით? - მომყევი, უნდა გამოგაწყო, - მითხრა მოკლედ და წინ წავიდა. მეც მივყევი. დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი ბარგი იმ ტუკ-ტუკში დარჩა და, ალბათ ახლა უკვე რომელიმე გამომძიებლის ხელთ იყო. კიდევ კარგი, პასპორტი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები ქამარზე დამაგრებულ პატარა ჩანთაში მედო. ეს ტყავის ჩანთა სწორედ ინდოეთში გამომგზავრების წინ შევიძინე ლონდონში; კეშორლალმა და რიტამ როცა მიპოვეს და ქოხში დამაბინავეს, მაისურიც შემომაფხრიწეს თურმე და შარვალიც - ისე სველი იყო, აღარაფრად ვარგოდაო, მითხრეს. კიდევ კარგი, ქამარი წელზე შემრჩა, თავის ჩანთიანად. ჩანთა კი წყალგაუმტარი იყო და, პასპორტი გადარჩა. - ეს ვინ ჩამაცვა, კეშორლალ ბაბუ ჯი?! - საცვლებისა და შარვლის მაგივრად ახლა ინდური „დჰოტი” მეცვა; ის სარივით ერთი მთლიანი ნაჭერია და შარვალივით იხვევენ ფეხებზე. „დჰოტის” ჩაცმას, ჩვენებური აზიაცკებისა არ იყოს, კაი ოსტატობა უნდა. - ვინა და, რიტა ბჰოჯპურიმ, - მშვიდად მიპასუხა კეშორლალმა ისე, რომ არც მოუხედავს, - იმ ქოხში მარტო ცხოვრობს ეგ ქალი... თუ ძმა ხარ, იჩქარე! აღარაფერი მიკითხავს - ინდოეთი ის ქვეყანაა, სადაც არაფერი უნდა გაიკვირვო; ფეხს ავუჩქარე. გავერანებული ბაღი გავიარეთ. კეშორლალი წინ მიდიოდა, ხვიარა მცენარეებს ხელით გლეჯდა და გზას მითავისუფლებდა. წამიც და, ჩვენს წინ რუხი, არანაკლებ გავერანებული და კედლებდახავსებული შენობა წამოიმართა. კეშორლალს ნაბიჯიც არ შეუნელებია, ისე აირბინა მინგრეულ-მონგრეულ კიბეზე. მეც მივყევი. შენობაში, როგორც ჩანს ვიღაცეები იყვნენ - ლაპარაკის ხმა ისმოდა, თუმცაღა ჩვენ კაციშვილი არ შეგვხვედრია. კეშორლალმა პირქუში ტალანები გაიარა და ერთ-ერთი კარი გამოაღო; ჯერ მე შემიშვა, მერე თვითონაც შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ნაჩერნობილარივით გამოიყურებოდა, ამ ოთახში სისუფთავე იგრძნობოდა და, შევედი თუ არა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოსდა აქ უწინ უკვე ვიყავი - ირგვლივ ისეთივე სუნი დიოდა, როგორიც საავადმყოფოებში დის ხოლმე; ოთახში ოთხ რიგად საკიდარები გაემწკრივებინათ, რომლებზეც უამრავი გრძელი, ქათქათა თეთრი ხალათი ეკიდა. კეშორლალს დრო არ დაუკარგავს - ერთ-ერთი ხალათი სწრაფად ჩამოხსნა და მომაწოდა: - ჩაიცვი, - მითხრა თავისი საქმის მცოდნე კაცის კილოთი, - და წავიდეთ! - ვაჰ, ეს რა არის, გიჟების ხალათია? - გამეცინა და ხალათი ჩამოვართვი. - ჰმ... ჩაიცვი, ჩაიცვი! რაღას ვიზამდი, ჩავიცვი. ოსური ჩოხასავით გრძელი სახელოები ჰქონდა და კაი მოზრდილი კაპიუშონიც. კეშორლალი მომიახლოვდა და ჯერ წელზე ქამარი მაგრად შემომიჭირა, მერე კი იმ კაპიუშონით თავპირი ცხენიპარია აბრაგივით შემიფუთნა. - აი, ამაში ჩადგი ფეხი, - მითხრა და თეთრი ფეხსაცმელები გადმომიგდო. ჩავდგი, აბა სხვა რა უნდა მექნა. კიდევ კარგი, პატარები არ მომივიდა. უცნაური ფეხსაცმელები კი იყო - ქალის „პლატფორმების” მსგავსი, თან ზედ პატარა ზარები თუ რაღაც მაგდაგვარი ეკიდა. კეშორლალმა უსიტყვოდ მიმითითა შესაკრავებზე. მეც დავიხარე და ისინი იმგვარად შევიკარი, როგორც ერთ დროს, ალბათ, ბაბუაჩემის ბაბუა, ლომკაცია ბაძაღუა ქალამნებს შეიკრავდა. ამის შემხედვარე ბაბუ ჯის ჩაეცინა და ხელი ჩაიქნია - მივხვდი, რომ რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებდი. - ასე მირჩევნია, ბაბუ ჯი!.. - ვუთხარი შეწუხებულმა. კეშორლალმა არაფერი მიპასუხა, ისე მანიშნა, ფეხი აგერ, ამ სკამზე შემოდგიო. მეც დავემორჩილე. - აი, ასე უნდა, - მითხრა მან ჩუმად და შესაკრავები ინდური წესით შემიკრა. ფეხი ძირს რომ დავადგი, ზარებმა ყურისმომჭრელად გაიჟღრიალეს. - ვაჰ, რა მაგარია!.. საცეკვაოდ მიგყავართ სადმე? - ფეხსაცმელებს ხის სქელი და ფართო ძირი ჰქონდათ; ყოველ ფეხის გადადგმაზე კი ზარები ისე ჟღრიალებდნენ, სულ ჟრუანტელი მივლიდა. - ჩშშშშშშ!.... - ცეცხლზე შემომდგარი ჩაიდანივით ჩაიშიშინა კეშორლალმა და თითი ტუჩებზე მიიდო, მერე კი რაღაცას მიაყურადა და ხელით მანიშნა, წამოდიო. მოკლედ, იმ დიდ და გავერანებულ შენობაში როგორც შევედით, ისე გამოვედით; ჩემი უცნაური ფეხსაცმელების ზარები ყურისწამღებად კი ჟღრიალებდა, მაგრამ ბაბუ ჯის არც მოუხედავს, აჩქარებული ნაბიჯით წინ მიმიძღოდა და რაღაცას რიტმულად ბუხუნებდა თავისთვის. ასე გავიარეთ ის გავერანებული ბაღი, მერე პალმების კორომი და ტრასაზე, ავტობუსების მოსაცდელთან გამოვედით. - მისმინე, - მომიტრიალდა კეშორლალი, - ახლა ლაქნაუში, მამაჩემის სახლში წაგიყვან; მერე კი მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, როგორ უნდა წახვიდე აქედან იქ, საიდანაც ჩამოხვედი!.. - ერთი, აქ ჩამოვჯდეთ ცოტახანს, რა! - ვუთხარი კეშორლალს, თან მე თვითონ ჩამოვჯექი იქვე, მოსაცდელის ძელსკამზე. ბაბუ ჯიმ გაკვირვებით შემომხედა და უხმოდ იგივე გააკეთა. - იცი რა, - დავიწყე მე დამცინავად, - მე მგონი კარგად გაიგე, რომ გითხარი, ლაქნაუში საქმე მაქვს-მეთქი... საქმეზე ჩამოვედი აქ, მნიშვნელოვან საქმეზე და, სანამ იმ საქმეს არ გავაკეთებ, არსად წავალ! არც პოლიციის მეშინია და არც არავისი, მე ქართველი ვარ და ჩემი სახელია ჯონ ბაძაღუა! ამ დროს ტრასაზე ჩვენკენ მომავალ ავტობუსს მოვკარი თვალი. სანამ კარგად მოგვიახლოვდებოდა, კეშორლალს რაღაცეები კიდევ ვუთხარი, მერე კი სწრაფად წამოვდექი და ავტობუსის მძღოლს, გამიჩერე-მეთქი, ვანიშნე. ღია ავტობუსი იყო, უფანჯრებო, ხალხით გატენილი. ტრასაზე გამოსული რომ დამინახა, მძღოლმა შეჩერების ნაცვლად, სიჩქარეს მოუმატა, მგზავრები კი დასაკლავი გოჭებივით აჭყივლდნენ: - მასაქჰარაა!.. მასაქჰარაა!.. - ვინ არი თქვენი მასხარა, თქვე ნაბოზ... - ავტობუსმა სიტყვის დამთავრება არ მაცალა, ისე ჩამიქროლა და ტრასაზე ბუღი დააყენა. უცებ ცალი თვალი კეშორლალისკენ გამექცა და ელდანაცემივით შევდექი - ეს ამხელა კაცი დამდგარიყო და, ჩემი შემხედვარე, ისე ხარხარებდა, ლამის გულიც კი წასვლოდა. ხარხარი არც კი შეუწყვეტია, ისე მანიშნა, აქ მოდიო. ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ფეხსაცმელზე ზარმა დაიჟღრიალა. გამწარებულმა ხმამაღლა შევიგინე და პირდაპირ ტრასაზე ჩავემხე. - Hey! What's up?!.. - დამიყვირა კეშორლალმა. პასუხი არ გამიცია. - What's up, Johny?!.. - დამიყვირა ისევ; არც ახლა ვუპასუხე. მერე კი მისი ტლანქი, შიშველი ფეხების ტყაპატყუპის ხმა გავიგონე. ის მომიახლოვდა, დაიხარა და ხელი ჯერ მხარზე მომითათუნა, მერე კი ჩემი წამოყენება სცადა. სწორედ ამ დროს, უცებ წამოვხტი ფეხზე და კეშორლალს მთელი ძალით მუშტი მოვუქნიე. იმ საწყალი პოლიციელისა არ იყოს, ამასაც ყბაში მორტყმას ვუპირებდი, მაგრამ ბაბუ ჯი სულაც არ აღმოჩნდა ჯაბანი - დარტყმა ჩვეული მოძრაობით, ისე ოსტატურად დამიბლოკა, მიმიქარავს კატასავით მოკრუტუნე ბრუს ლი, ქერაფცუა ჩაკ ნორისი და ჭინკა ჯეკი ჩანი. მე აღარც გამხსენებია, რომ თავის დროზე ჩინელებსა და იაპონელებს ხელებისა და ფეხების ქნევა კეშორლალის კოლეგებმა - ინდოელმა ბერებმა ასწავლეს; კვლავ მოვუქნიე კეშორლალს მუშტი, მაგრამ ვერ მოვარტყი - ის ჩემისა სწრაფად გადახტა გვერდით, მე კი თავი ვეღარ შევიკავე, მოვსხლტი და ზედ შუა ტრასაზე გავადენდი ზღართანს, ისევ კეშორლალს რომ არ ეშველა, თუმცა რა გააკეთა, არ დამინახავს - მხოლოდ მისი გრძელი შესამოსლის ტყლაშუნი შემომესმა და ვიგრძენი, რომ ზურგით შემაკავა; მერე კი სწრაფადვე შემობრუნდა და კუჭისთავთან ერთი თითის მსუბუქად კვრით, ჩხუბის ყოველგვარი სურვილი დამიკარგა. - ნუ მეჩხუბები, ჯონ! - შეჰყვირა თან, - მე შენი დახმარება მინდა!.. რაღას ვიზამდი, გავჩერდი. ვიგრძენი, რომ ნასიცხარს, გული ისე ჩქარა მიცემდა, ცოტაც და, ამომვარდებოდა. ერთი გადავხედე კეშორლალს, ისევ იმ ძელსკამისაკენ წავედი და ჩამოვჯექი. - მე მოგეხმარები, ჯონ! - თავზე დამადგა ის, - და ნუ გაცხარდები. ვხვდები, აქ რისთვისაც ჩამოხვიდოდი! - ეჰ, მოიცა ერთი, თუ კაცი ხარ! - უნდობლად ავხედე. კეშორლალს ღიმილმა გაუბადრა სახე: - რიტა ბჰოჯპურის სახლთან რომ გიპოვე, უგრძნობლად იყავი და ბოდავდი... მე შენი მშობლიური ენა არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერმე, ერთი ინდოელი გოგოს სახელი ახსენე... - თმაწვერგაბანჯგვლული ბაბუ ჯი ჯერ ღიმილით, გამომცდელად მიყურებდა, მერე კი უცებ სერიოზული, ცივი ტონით, მოკლედ მოჭრა: - მე იმ გოგოს ვიცნობ! - მართლა?! შილპის იცნობ?!.. - მღელვარებისაგან ფეხზე წამოვიჭერი და ხმაც წამერთვა, - იცნობ? კეშორლალმა უხმოდ დამიქნია თავი და ძელსკამზე ახლა თვითონ ჩამოჯდა: - იქნებ არ ღირდეს მის გამო აქ აყალმაყალის ატეხვა, ჯონ, - დაიწყო რბილად, - შენ უცხოელი ხარ, ინდოეთისა არაფერი გაგეგება... საერთოდ, გიყვარს? - მიყვარს! - ვუთხარი მტკიცედ, რადგან ასეც იყო, - მინდა გადავარჩინო! - კი, მაგრამ... - უსიყვარულოდ გათხოვება დიდი ცოდვაა, ბაბუ ჯი, - ვუთხარი მე, მან კი ისე შემომხედა, თითქოს პირველად მხედავსო, მერე კი რატომღაც, თვალი ამარიდა. - ჰო... - თქვა მერე ყრუდ, - ახლა წავიდეთ... სულ ერთია, ავტობუსი მაინც არ გაგვიჩერებს! ჰოდა, სანამ რიქშა გამოივლის, ცოტა ფეხით გავიაროთ... - და ავტობუსს რა დავუშავეთ? - ვკითხე მე და წეღანდელი გამახსენდა. კეშორლალმა შემომხედა და ჩაიცინა: - მიზეზი ძალიან მარტივია... - და ტუარეგივით რატომ გამომაწყვე? - ვკითხე ისევ, რადგან ისიც მომაგონდა, იმ მგზავრებმა სულ „მასხარა” რომ მიძახეს. - რა შუაშია ტუარეგი? ეგ ხომ კეთროვანის ტანსაცმელია! - თვალი თვალში გამიყარა კეშორლალმა, - ვერ გაიგონე, „მასაქჰარაო”, რომ გიყვიროდნენ? ეგ სიტყვა ჰინდიზე „კეთროვანს” ნიშნავს! - მერე, განა კეთრი მჭირს?!.. - აუუუჰ, მაგის აკიდებაღა მაკლდა! - სულაც არა! უბრალოდ, შენი ქათქათა თეთრი სიფათი პოლიციას თვალში არ შეეჩხირება! - ისე მითხრა კეშორლალმა, ვითომდა, ამას რა ახსნა უნდაო, - წამოდი! ჰმ! დიდი უცნაური კაცი კი ჩანდა ეს ინდოელი განდეგილი, გალაქტიონს რომ ჰგავდა, კამეჩივით ღონიერი რომ იყო და ჩხუბიც კარგად ეხერხებოდა. ავდექი და უკან მივყევი ჟღრიალ-ჟღრიალით, თან სიხარულით ცას ვწვდებოდი - მე ხომ ლაქნაუში მივდიოდი, სადაც შილპი შარმა მელოდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კი, დამაჯერებლად ყვები ნამდვილად. საინტერესოცაა. იმედია ფილმსაც გადაიღებს ამაზე ბოლივუდი. წავედი წინ. :) კი, დამაჯერებლად ყვები ნამდვილად. საინტერესოცაა. იმედია ფილმსაც გადაიღებს ამაზე ბოლივუდი. წავედი წინ. :)
4. რა ხალისით ვკითხულობ ნეტავ იცოდეთ.... :)))
რა ხალისით ვკითხულობ ნეტავ იცოდეთ.... :)))
2. "მზეRa" ერქვა იმ გადაცემას :)
მოვა ახლა აქ ვინმე და იტყვის, რომ "გალაკტიონია" სწორი ფორმა :)
ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები აქ, რომ ძნელია იმ სამდღიანი შუალედების მოთმენა :)
"მზეRa" ერქვა იმ გადაცემას :)
მოვა ახლა აქ ვინმე და იტყვის, რომ "გალაკტიონია" სწორი ფორმა :)
ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები აქ, რომ ძნელია იმ სამდღიანი შუალედების მოთმენა :)
1. ქართული, მსუმბუქი იუმორის, კარგი თხრობის და საინტერესო სიუჟეტის ბრალია ალბათ, ნაწერი ასე სასიამოვნოდ რომ იკითხება. ავტორმა პირველი თავის კომენტარში აღნიშნა, რომ ეს არის ფანტაზია, ავანტურისტის მონაყოლი, მაგრამ დამაჯერებელად აღწერილი ეპიზოდები, მიქმნის განცდას, რომ მოთხრობა არის ავტობიოგრაფიული.
დაველოდები გაგრძელებას. წარმატებები! :) ქართული, მსუმბუქი იუმორის, კარგი თხრობის და საინტერესო სიუჟეტის ბრალია ალბათ, ნაწერი ასე სასიამოვნოდ რომ იკითხება. ავტორმა პირველი თავის კომენტარში აღნიშნა, რომ ეს არის ფანტაზია, ავანტურისტის მონაყოლი, მაგრამ დამაჯერებელად აღწერილი ეპიზოდები, მიქმნის განცდას, რომ მოთხრობა არის ავტობიოგრაფიული.
დაველოდები გაგრძელებას. წარმატებები! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|