 | ავტორი: კვარიათი ჟანრი: პროზა 6 იანვარი, 2015 |
VIII. შილპი, ეს მე ვარ, ჯონ ბაძაღუა!.. საერთოდ, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, რადგანაც საადვოკატო კომპანიაში იმდენი საქმე მაქვს ხოლმე, რომ ამისათვის ვერც ვიცლი; ძირითადად, ინტერნეტიდან ვითვისებ ინფორმაციებს. ერთი სიტყვით, ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობ და ამიტომაც, ლონდონიდან ჩემს მშობლიურ ლაქნაუში დაბრუნების შემდეგ, როცა ტრადიციული ბრაჰმანული ადათის თანახმად, საქორწინო ცერემონიის გამართვამდე სახლში მომიწია დაჯდომამ, უსაქმობით ლამის მოვკვდი. სახლი მსახურებმა ყვავილებითა და ათასგვარი ზიზილ-პიპილოებით მორთული დაგვახვედრეს; სწორედ მაშინ, როცა მამაჩემის მძღოლმა ჰარკუმარმა აეროპორტიდან მოგვიყვანა, ჭიშკრის ზემოთ აბრეშუმის ნარინჯისფერ ქსოვილსაც ჭიმავდნენ. „ჩვენს სახლში ბედნიერებამ დაივანა” - ეწერა ზედ სანსკრიტზე. იმავე საღამოს, ჩვენი უბნის გაუთხოვარი გოგონები გვესტუმრნენ, ტრადიციულად, პრანამით მომესალმნენ, მერე კი დეიდაჩემ რადჰას წარუდგნენ - გვიმსახურეთო. ძველებური წესის მიხედვით, მათ საქორწინო სუფრისთვის ტკბილეულობა უნდა დაემზადებინათ - ჩვენებურ ქორწილში ხომ უმეტესად ტკბილს ჭამენ! როგორც სხვა რამეებს, ისე ამასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: მიაჩნიათ, რომ თუ ამგვარად არ მოიქცევიან, ახალდაქორწინებული წყვილი ხშირად იჩხუბებს. ჰოდა, ამიტომაც, ტკბილეულის დამზადებას ნიშნობის მომდევნო დღესვე იწყებენ; ამასთან, ითვლება, რომ ეს საქმე გაუთხოვარმა გოგონებმა უნდა აღასრულონ, რათა ნამცხვრები, ბლითები, ხილფაფები და კიდევ ათასი სხვა რამ ჩვეულებრივზე უფრო გემრიელი გამოვიდეს. რამდენადაც უტარ-პრადეშში მეტად ხალხმრავალი ქორწილები ვიცით, სუფრისათვის ძალიან ბევრი ტკბილეულია საჭირო. სწორედ ამის გამო, იმ ოჯახში, სადაც საქორწინო მზადებაა, ყოველდღე იკრიბებიან მეზობლის გოგონები და უსასყიდლოდ აკეთებენ ყველაფერს, თან ერთობიან კიდეც; საპატარძლოს კი ამ დროს, გართობა აკრძალული აქვს - მან მხოლოდ გურუსა და დევადასის დარიგებებს უნდა უსმინოს და ქორწილის წინა დღემდე იმარხულოს. ასე რომ, სანამ ახალგაზრდა გოგონები ქვევით მღეროდნენ და ტკარცალებდნენ, მე ზევით, ჩემს ოთახში ვიჯექი და მოწყენილობისაგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. ამას ისიც ერთვოდა, რომ ძალით მათხოვებდნენ და მერე ვისზე - შტერ მადჰუშუდონზე, მაგრამ უკვე ვთვლიდი, რომ ყველაფერი გვიან იყო, რადგანაც არასასურველ კაცზე დაქორწინებისაგან სასწაული თუ მიხსნიდა. რაო? ჯონი? ჯონზე მაშინ საერთოდ არ ვფიქრობდი, რადგან მისი დაპირება სისულელედ მიმაჩნდა - თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ლაქნაუში 4 მილიონზე მეტი მცხოვრებია, მხოლოდ სახელით და გვარით აქ ვერავის მოძებნი და, საერთოდაც - უტარ-პრადეში ინდოეთში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია, ჯონის დაპირება სულელურად იმიტომაც მეჩვენებოდა, რომ... მოკლედ, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ჩაეშალა ეს ქორწილი. რა ვიცი!.. იმ დღეს მოწყენილობისაგან ნამდვილად მოვკვდებოდი, ჩვენთან მადჰუშუდონის პატივცემული მშობლები და უმცროსი და რომ არ მოსულიყვნენ - თურმე ნუ იტყვით და, ჩემთვის საქორწინო სარის ყიდვა სდომებიათ, მაგრამ სასიძოს თავი გაუგიჟებია: ყიდვით კი საუკეთესოს ვუყიდით, მაგრამ რომ არ მოეწონოს, არ მესიამოვნებაო და, ამიტომაც გვეწვივნენ. ტრადიციის თანახმად, სასიძოს მიერ მორთმეული საჩუქრის დაწუნება არ ეგების, მაგრამ მადჰუშუდონმა მშვენივრად იცოდა, რომ არ მიყვარდა და ჩემი გულის მოგება ამგვარად სცადა. მადჰუშუდონის მშობლებისა და დის სტუმრობის ამბავი ჩვენმა მოახლემ - სიტამ მამცნო; ოღონდ, ცხადია, არ უთქვამს, თუ რისთვის იყვნენ მოსულნი. ჯერ ვიფიქრე, არ დავენახვები-მეთქი, მაგრამ მერე შემრცხვა - ასე რომ მოვქცეულიყავი, ჩემთან ერთად, ჩემს მშობლებსაც გაკიცხავდნენ. ამიტომ, წესისამებრ, საზეიმოდ გამოვეწყვე, მაკიაჟი გავიკეთე და ის-ის იყო, კიბეზეც დავეშვი, რომ პირდაპირ პრითვირაჯს შევეფეთე - ჩემს არაორდინალურ დეიდაშვილს, რომელიც ზემოთ ამოდიოდა: - ვაუ, შილპი! - აღტაცებით შეჰყვირა მან, - რა მაგარი ხარ! - კაი ერთი, რაჯ! - გამეცინა მე. საერთოდ, როცა აღტაცებულ სახეებს ვხედავ, სიცილს ვერ ვიკავებ ხოლმე, - როდის ჩამოხვედი? - ეს წუთია... მე და ისინი... ჰმ... მოკლედ, თქვენს ჭიშკართან შევხვდით ერთმანეთს, ჰა-ჰა-ჰა! - თვალი ჩამიკრა პრითვირაჯმა. - ჰოო? - ვკითხე მე ოდნავ უყურადღებოდ, - რაო, რა გვინდაო? - რამდენადაც გავიგე, ცოტა ხნით გაგასეირნებეეეენ... - მრავალმნიშვნელოვნად გაწელა პრითვირაჯმა და ჩაიღიმა, - აბა, შენ იცი! მართლაც, როგორც გითხარით, ჩემს „გასასეირნებლად” იყვნენ მოსულები. ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო, მეც მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი, რადგანაც მოწყენილობა მკლავდა. საერთოდ კი, უტარ-პრადეშში წესი არაა, რომ საპატარძლომ მამის სახლი ქორწილამდე დატოვოს, მაგრამ სტუმრები ჩემებს იმდენს ეხვეწნენ, რომ დაიყოლიეს კიდევაც. მე რომ სასტუმრო ოთახში შევედი, ყველანი თანახმანი იყვნენ, რომ წესი დაერღვიათ და, მივხვდი - ჩემს უარს აზრი აღარ ჰქონდა. - კარგი, შრი პრემჩანდ ჯი, წამოვალ, - ვუთხარი მადჰუშუდონის მამას, რომელიც მუდარით აღსავსე მზერას არ მაცილებდა, - იქ წავიდეთ, სადაც თქვენ იტყვით! - მოდით, ოლდ ჰაიდერაბადში წავიდეთ! - ტაში შემოჰკრა უცებ მადჰუშუდონის თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის დამ - სანგიტამ და თვალებგაბრწყინებულმა გადმომხედა, - ჰაზრათგანჯის ბაზრობას ოლდ ჰაიდერაბადის ნავალ ივენთ ფარქი ჯობია! - სანგიტა!.. - მკაცრად გადახედა შრი პრემჩანდმა. ინდოეთში არ მოსწონთ, თუ გოგონა უფროსების საუბარში ჩაერევა და თანაც - ცეტობას გამოამჟღავნებს. ჩვენში ხომ ეტიკეტი ყველაფერზე, მათ შორის - საქორწილო წესებზეც მაღლა დგას! თუმცა, ოლდ ჰაიდერაბადის ვარიანტი შრი პრემჩანდსაც და მამაჩემსაც მოეწონათ. ჰაზრათგანჯი და ოლდ ჰაიდერაბადი ლაქნაუს ძველი უბნებია. ორივეგან კარგი სარი იყიდება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ოლდ ჰაიდერაბადში უკეთესი ხარისხისაა - იქაური მეაბრეშუმეები ხომ საქვეყნოდ განთქმულნი არიან! თან, ოლდ ჰაიდერაბადის ნავალ ივენთ ფარქში გასეირნებას მართლაც არაფერი სჯობია. ერთი სიტყვით, უცებ შევთანხმდით და, სანგიტამაც შვებით ამოისუნთქა. რამდენიმე წუთში, ჩვენს მოახლე სიტასთან ერთად, შრი პრემჩანდის მანქანაში ვიჯექი და ოლდ ჰაიდერაბადისაკენ მივქროდი. ჰო, სიტაც გამომაყოლეს - მამაჩემს ჩემი მარტო გაშვება მაინც ეუხერხულა. ისე, თავს მეც საკმაოდ უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ შრი პრემჩანდიც, მისი მეუღლე ლაქშმიც და განსაკუთრებით კი სანგიტა მთელი გულით ცდილობდნენ, გავემხნევებინე: - ნუ სწუხართ, ბჰაი შილპი! - მეუბნებოდა სანგიტა, - მაინც ხომ ჩვენი ოჯახის წევრი უნდა გახდეთ! ამ ერთხელ არა უშავს, წესს თუ დავარღვევთ, რა პრობლემაა? ჰმ!.. პირადად მას, ცხადია, არაფერს ვერჩოდი, არც მის მშობლებს; მადჰუშუდონი კი ნამდვილად პრობლემა იყო ჩემთვის, თანაც - მეტად მნიშვნელოვანი; მაგრამ აბა, როგორღა გამემხილა ეს?! სამივე თვალებში შემომციცინებდა, რომ უხერხულობა არ მეგრძნო; ცდილობდნენ, გავემხიარულებინე და, რომ არ ავყოლოდი, აღარ გამოდიოდა. ამიტომაც, პრობლემები გადავივიწყე და ყასიდად, კმაყოფილი გამომეტყველება მივიღე, ერთი-ორჯერ საუბარშიც ჩავერთე და შრი პრემჩანდის კომპლიმენტიც დავიმსახურე - შენი პატივცემული მშობლების სარკე ხარო, მითხრა. მადლობა გადავუხადე, თუმცა ჩემთვის, გუნებაში აღვნიშნე, რომ ეს შექება ზედმეტად ოფიციალურად ჟღერდა. - გაიგეთ ახალი ამბავი, ვიღაც უცხოელს ლაქნაუელი პოლიციის ინსპექტორი რომ უცემია? - მომიბრუნდა უცებ სანგიტა, - ახლა ეძებენო, ამბობენ! მართლაც, ოლდ ჰაიდერაბადისკენ მიმავალი გზა სულ პოლიციის პოსტებით იყო სავსე. ერთ-ორ ადგილას, ვიღაცეები გაეჩერებინათ კიდეც და ჩხრეკდნენ. უცხოელის ამბავი არ გამეგონა, მაგრამ ისევ და ისევ ზრდილობის გულისათვის, თავი მოვალედ ჩავთვალე, ორიოდე სიტყვა მეთქვა: - არა, არ გამიგია! - გავუღიმე გოგონას, - სად მომხდარა ეგ ამბავი? - სადღაც ულაპურისაკენ, - თვალები გაუბრწყინდა მას, - აი, სწორედ მაშინ, სეტყვა რომ მოდიოდა, ჩვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღის წინ!.. - თქვენ როდის ჩამოხვედით? - ოსტატურად შევაწყვეტინე მე. - 16 ივნისს... მადჰუ კი უფრო ადრე, - მიპასუხა სანგიტამ, მერე კი გატაცებითა და ხატოვნად დაიწყო იმის მოყოლა, თუ როგორ გასცხო ყბაში ვიღაცა უცხოელმა კანპური-ლაქნაუს გზატკეცილზე მდგარ ერთ-ერთ ინსპექტორს, როცა ამ უკანასკნელმა ის გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. ამბავმა არცთუ მაინცადამაინც დამაინტერესა, მიუხედავად იმისა, რომ სანგიტა მეტად დამაინტრიგებლად ჰყვებოდა - ზუსტად ისე, „კრიმინალური ამბების” წამყვანებმა რომ იციან ხოლმე; აშკარად შევატყვე, რომ ასეთი რამეები ძალზე იზიდავდა. გოგონა ინგლისურად, სუფთა ლონდონური აქცენტით საუბრობდა და, მხოლოდ ხანდახან თუ ჩაურთავდა ჰინდიზე ცალკეულ ფრაზებს. მე მგონი, სანგიტამ ჰინდი საერთოდ არც კი იცოდა კარგად - ის ხომ ლონდონში დაიბადა და გაიზარდა, ინდოეთში კი უფრო იშვიათად ჩამოდიოდა, ვიდრე მისი ძმა მადჰუშუდონი ანუ „მადჰუ”, როგორც თავადვე შემოკლებით იხსენიებდა. - ...ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა იმ უცხოელს ინსპექტორისთვის ყბაში ძლიერად შემოურტყამს, სეტყვაც დაწყებულა და, ეს შენი უცხოელიც უკვალოდ გამქრალა - თითქოს საერთოდ არც არსებულაო!.. რიგითი პოლიციელები გაშტერებულნი დარჩნენ და ეგონათ, სიზმარში ვართო... ჰაჰა! მაგარი სეირია, არა? - ეშმაკურად გამოგვხედა სანგიტამ მე და სიტას, მოყოლა რომ დაასრულა. - იმ ინსპექტორს რაღა მოუვიდა? - ჰკითხა სიტამ. - ოოო, ის დღესაც საავადმყოფოში წევს! ამბობენ, ცოტა შეირეკაო... - მართლაც, მაგარი ამბავია, - ვთქვი ყასიდად, - ალბათ, ერთ კარგ სტატიასაც გამოაცხობდი! სანგიტას წერა ეხერხება და, მგონი, რომელიღაც ლონდონური ყოველკვირეული ყვითელი ჟურნალის კორესპონდენტიცაა; ჩვენში დარჩეს და, დიდი კირკიმელა ვინმეა. - სტატიის დაწერას კი მართლა ვაპირებ, ოღონდ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა გამოვიძიო, - იდუმალი ხმით მითხრა გოგონამ და თვალი ჩამიკრა, - საქმე ისაა, რომ... - ჰო, თქვი აბა, რაშია მთელი მარილი, - გამეღიმა მეც; სანგიტამ კი, როგორც ჭეშმარიტ ჟურნალისტებს სჩვევიათ, უცებ მოკეტა: - ოჰ, არა! ასე წინასწარ არაფერს ვიტყვი... სტატია წაიკითხეთ! - და კეკლუცად გადაიკისკისა, მერე კი, სრულიად მოულოდნელად, ისეთი რამ მკითხა, გავოგნდი: - შილპი, მაპატიეთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და ამიტომ გეკითხებით: ეეე... დევადასი რას ასწავლის საპატარძლოებს? - სანგიტა! - მწყრალად გადმოხედა დედამისმა, - რაებს როშავ! ჩემდა საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს, მივედით კიდეც იქ, საითაც გეზი გვქონდა აღებული - მდინარე გომტის ნაპირას, ნავალ ივენთ ფარქში, რითაც ოლდ ჰაიდერაბადი საყოველთაოდაა ცნობილი. ეს ერთგვარი სამდინარო ბაზარია, ასე ვთქვათ: დახლები და მთელი მაღაზიებიც კი, ნავებზეა გამართული და, რასაკვირველია, მყიდველებიც ნავებით გადაადგილდებიან. მოკლედ, აღწერას აზრი არ აქვს - თქვენი თვალით თუ არ იხილეთ, ძნელია ამ ყველაფრის წარმოდგენა. ისე კი, რა გინდა სულო და გულო, იქ რომ არ იყიდებოდეს! შრი პრემჩანდმა მანქანა ნავალ ივენთ ფარქის მოპირდაპირე მხარეს მიაყენა და ყველანი გადმოვედით. ათასობით ფეხით მოსიარულესთან ერთად გადავჭერით ფართო ქუჩა და ნავალ ივენთ ფარქში შევედით. როგორც ყოველთვის, იქ უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ფუსფუსებდა, გაჰყვიროდა და, ზოგი სუტრებსაც კითხულობდა ხმამაღლა. ტალღები ხმაურობდნენ, ნავმისადგომთან მოდრეიფე ნავები ჭრიალებდნენ, თოლიები გუნდ-გუნდად დაყაშყაშებდნენ, მეორე ნაპირზე კი თეთრჩალმიან მეთევზეებს ანკესები ისე გულმოდგინედ მოემარჯვებინათ, თითქოს ოქროს თევზის დაჭერას ცდილობენო. ერთი სიტყვით, ნავალ ივენთ ფარქში თვით ინდოეთისთვისაც კი უჩვეულო ხმაური იდგა, თანმდევი არაჩვეულებრივი ფერადოვნებითა და ათასგვარი სანელებლის, საკმე¬ვ¬ლის, ყვავილებისა თუ სიბინძურის ერთმანეთში არეული სუნებით. როგორც გითხარით, იმ აურზაურში ნათქვამის გარჩევა ადამიანის ძალებს იმდენად აღემატებოდა, რომ ერთიმეორეს მზერითა და ჟესტიკულაციით ვესაუბრებოდით, თანაც მეტად ვფრთხილობდით, რომ ბრბოს ინერციით არ გავეტაცებინეთ. შრი პრემჩანდმა ხელის დაქნევით მენავეს უხმო; მანაც ხელით ანიშნა - გავიგეო და, ნაპირს მოადგა. შრი პრემჩანდი ახალგაზრდულად, მარდად ჩახტა ნავში, მერე კი ხელი გამომიწოდა და, ის-ის იყო, ფეხქვეშ ნავის მოქანავე კიჩო ვიგრძენი, რომ სრულიად მოულოდნელად, ერთმანეთში უწესრიგოდ არეულ სხვადასხვა ჯურის ხმიანობაში, როგორღაც აშკარად გამოვარჩიე შეძახილი, რომელშიც აგრერიგად ნაცნობი აქცენტი გამოსჭვივოდა: - ჰელოუ, შილპიიიიიიიიიიი! ეს მე ვარ, ჯონ ბაძაღუა!!!! და იმავე წამს, თოლიების გუნდი, რომელიც ჩვენს ნავს თავს დასტრიალებდა, ყაშყაშით აიჭრა ზემოთ, ხოლო მენავემ კი მოტორი ბღუილით ამოქოქა, მაგრამ ჩემი ყურადღება ვერაფერმა მიიპყრო - მზერა თავისით გამექცა იქით, საიდანაც ძახილი გავიგონე და, თქვენ წარმოიდგინეთ, დავინახე კიდეც, როგორ გადმოეშვა მოშორებით მცურავი ნავიდან წყალში თეთრით მოსილი მაღალი კაცი. მე ელდა მეცა, ყურთასმენა წამერთვა და რატომღაც, კიჩოს კიდისკენ გავიწიე. ჩვენი ნავიც სწორედ ამ დროს, ისე მოსწყდა ადგილს, რომ თავის შეკავებას ვინ ჩივის, თვალის დახამხამებაც კი ვეღარ მოვასწარი - საუცხოოდ მორთულ-მოკაზმული, მდინარე გომტის ჭუჭყიან ტალღებში აღმოვჩნდი...
IX. მივალ ლაქნაუში, მარა... ტყუილად იმედოვნებდა განდეგილად წოდებული გაბურძგნული კეშორლალ ბაბუ ჯი - გზაზე ვინმე კეთილი რიქშა გამოივლის და დაგვიმგზავრებსო. ინდოელი იყო, მაგრამ რატომღაც არ იცოდა, რომ კეთილი რიქშები არ არსებობენ: რიქშა რიქშაა და იმიტომ არის რიქშა, რომ ტაქსი არა ჰყავს და ფული კი სჭირდება. ჰოდა, რაღა ქნას - ატრიალებს ამ პედლებს ინდოეთის გზებზე; ხოლო იმ შემთხვევაში კი, როდესაც არ ატრიალებს, აეროპორტთან დგას და ჰარიფულსიფათიან უცხოელებს ეჯღანება - სერ, ჩემს დანჯღრეულ ეტლში მოთავსდით და ინდურ ეგზოტიკას ეზიარეთო. თუ მაინც არაფერი გამოუვიდა, მაშინ უკმაყოფილო ხმით რომელიმე ბაზრიდან მომავალ ქალს გასძახებს: ჰო, კარგი, ჯანი გავარდეს, მოდი, ას რუპიად მიგიყვან სახლამდეო. ერთი სიტყვით, მე და კეშორლალმა კარგა ხანს ვიარეთ ფეხით და, სამმა-ოთხმა რიქშამ კი ჩამოგვიქროლა, მაგრამ არც ერთმა არ გაგვიჩერა. ალბათ იმიტომ, რომ მე არათუ ჰარიფულსიფათიან, არამედ ჩვეულებრივ უცხოელსაც აღარ ვგავდი და, ჩემი თანამგზავრი ხომ მითუმეტეს - ნამდვილი „მისტერ ინდოეთი” იყო: სწრაფად მიდიოდა იმ თავისი შესამოსლის გრძელი კალთების ფრიალით და რაღაც რაჯკაპურულსაც კი ღიღინებდა. მეც, ჩემი უცნაური ქოშების ჟღრიალ-ჟღრიალით მივდევდი უკან, თავი კი „ათასერთი ღამის” რომელიღაც ზღაპარში მეგონა - გზის აქეთ-იქით იმოდენა პალმები აშოლტილიყვნენ, თვალს ვერ აუწვდენდა კაცი; ირგვლივ რაღაცნაირი მოტკბო სუნი ტრიალებდა, ხოლო მზე კვლავაც ისე აცხუნებდა, რომ ასფალტს ორთქლი ასდიოდა. კაი ფართო გზატკეცილი კი იყო - ცენტრში თეთრად გახაზული, კიდეებზე კი შავ-ყვითელი არშიით, რომელსაც ჩვენ მივუყვებოდით. უეცრად, კეშორლალმა გზიდან მარჯვნივ გადაუხვია და, კაი სპეცნაზელივით - ხელის აქნევით, უსიტყვოდ მანიშნა, მომყევიო. პალმების კორომის სიღრმეში შევედით და ტენიანი სიგრილე მესიამოვნა. კაპიუშონი თავიდან გადავიგდე, მაგრამ კეშორლალს რას გამოვაპარებდი! მკაცრად გამომხედა და, დაიხურეო, მანიშნა. ვაააჰ! ეს რა შარში გავყავი თავი ამ შუაგულ ინდოეთში?!.. დავიხურე და მივყევი იმ ჩემის განდეგილს, გალაქტიონს რომ ჰგავდა. ეჰ!.. შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი... მოიცა! ნეტა დღეს რა რიცხვია? ვაითუ, ჩემს ლაქნაუელ ლამაზმანს უკვე ჰქონდა ქორწილი და, სულაც ტყუილად მივდივარ მის მშობლიურ ქალაქში? ვინ იცის?.. აი, მაშინ რომ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს დავენახე, ალბათ, მაგრად კი იღადავებდნენ - ეგ გიჟის ხალათი და პლატფორმები სად გაჩითეო. არა, რაც მართალია, მართალია: ქალის გულისათვის ასეთი რამ არც ერთ მათგანს არ უკისრია. თვით თემურასაც კი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული მექალთანეა, რომანტიზმი ჩვენს საუკუნეში და თანაც - უცხოელ ქალებთან დაკავშირებით, ნამდვილ ატავიზმად მიაჩნია. თუ იცით, რა მოიმოქმედა თემურამ ოსმალოთა ყოფილ სატახტო ქალაქ სტამბოლში? გაგონილი კი გექნებათ, რადგან ასეთი ისტორიებისათვის თბილისი არც თუ ისეთი დიდია... ერთი სიტყვით, ჩემს ახლობელ თემურას გურჯისტანში უხელფასობისა გამო არ დაედგომებოდა და ამ დროს, ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა - როგორც სერვანტესი იტყოდა, სახელის გახსენება არცა მსურს, - პირდაპირ ბერლინიდან, რაიხსტაგის იმ მრავალჭირგადანახად-კედლებდაცხავებულ-ზედწერილი და მაინც საკმაოდ მრისხანედ წამომართული შენობის მოპირდაპირედ მდგარი ტელეფონის ავტომატიდან დაურეკა და შესთავაზა: ჩამოდი წესრიგით და სიზუსტით განთქმულ გერმანიაში, აქაურებს აზრად რომ არ მოუვათ, იმგვარი საქმეები გავაიმასქნათო. დატრიალდა თემურა, მიდგა-მოდგა და, მცირე ხნის შემდეგ, ჩაფრინდა ბერლინში. იქ კი ჩვენს საერთო ნაცნობს, ვითარცა ოდინდელ ნახალოვკელ კაი ბიჭს, მანქანების შემკეთებელი სახელოსნო გაეხსნა და მაყუთსა ღუნამდა: ის და მისი ამფსონები ძველ მანქანებს ასანთის ფასად იძენდნენ, მერე სახელოსნოში შეჰყავდათ და იქიდან განახლებული გამოჰყავდათ, ვითომ აქაც არაფერიო. შემდგომად ამისა, სინდისის ქენჯნის გარეშე, „ზავადსკოი” პროდუქციად ასაღებდნენ. საამისოდ ბერლინის ცენტრში, კაიზერშტრასეზედ, ერთი სუპერ-მაღაზია დაექირავებინათ და სწორედ იქ, დილერად დაიწყო მუშაობა თემურამაც. ერთხელაც, სუპერ-მაღაზიას ვიღაცა კაი ჩამრგვალებული ანტალიელი ეფენდი ეწვია, რომელსაც ათივე თითზე ოქროს ბეჭდები უბრწყინავდა და, საუბრისასაც ხშირ-ხშირად, თუმც ცალყბად იღიმოდა, რათა ობივატელთ მისი ბაჯაღლოოქროგადაკრული, მარცხენა გვერდითა კბილი ეხილათ და მოხიბლულიყვნენ. ეფენდიმ ერთ მოზიმზიმე, სინამდვილეში ათასგზისნაავარიებ „მერსედესს” დაადგა თვალი და კაი სოლიდური თანხაც გადაუხადა იმ ჩვენს საერთო ნაცნობს, ოღონდ მანქანის ანტალიაში ჩაყვანა მოითხოვა. აქ წინ წამოდგა დილერად ხმობილი თემურა და ეს საქმეც ივალდებულა. მეორე დღესვე მისცეს სამგზავრო ფული და გაუშვეს ოსმალეთსა შინა. შუა გზაზედ - სადღაც უნგრეთსა თუ რუმინეთში - თემურამ იგრძნო, რარიგად მონატრებოდა თბილის-ქალაქში განავარდება. სტამბოლში რომ ჩავიდა, ნოსტალგიამ იმგვარად დაჰრია ხელი, რომ კინაღამ გზა განაგრძო სარფისაკენ, მაგრამ ისევ მალე მოვიდა გონს: არ ეგებოდა უფულოდ წასვლა. ამიტომაც, ანტალიაში წასვლის ნაცვლად, სტამბოლის მანქანების ბაზრობას მიაკითხა და გერმანიასა შინა ნასწავლნი ილეთნი საეშმაკონი გამოიყენა, რათა ახალივით მოზიმზიმე „მერსედესი” სხვა ეფენდისათვის საარაკო ფასად შეეტყუებინა. მას შინა კიდეც მოსაღამოვდა და, თემურამაც სტამბოლის ცენტრში, ხუთვარსკვლავიან საზეპურო სასტუმროში დაიდო ბინა. იმავე სასტუმროში საუკეთესო რესტორანიც ჰქონოდათ და, ჩაფულიანებულმა, არხეინად შეალაჯა იქა. ჰოდა, მოხდა ისე, რომ იმ კაი მოყუჩებულ მაგიდას, რომელსაც თემურა მიუჯდა და შეკვეთის აღსრულებამდე, სიგარაც თავხედურად გააბოლა, ერთი ქერა, ქალისებრ გრძელთმიანი, მაღალი მამაკაცი და ერთიც შავგვრემანი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ბარაქიანდუმებიანი ქალი მიადგა. მათ ზრდილობიანად, ინგლისურად მიმართეს ამ შენს თემურას და, ვინაიდან ადგილი სხვაგან არსად იყო, დაჯდომის ნებართვა ითხოვეს. თემურამ, ვითარცა ჭეშმარიტმან მექალთანემან, უპირველეს ყოვლისა, ქალს მუშტრის თვალი შეავლო და გუნებაში აღნიშნა, რომ საოცრად ჰგავდა სელმა ჰაიეკს, რომლის მიიმასქნებაზეც ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან ოცნებობდა. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ისინი სწორედაც ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ - კაცი რუსი იყო, ქალი კი ქართველობას იჩემებდა. მას სახელად ირინა ერქვა, გვარი კი მქუხარედ არისტოკრატული შეერჩია; ლამაზი კი იყო, მაგრამ ერთის შეხედვითაც შეამჩნევდით, რომ სინამდვილეში, ბაბუამისს ხოჯევანქზე ყომარის გორებით გაეთქვა სახელი და ის მქუხარე გვარიც, შესაბამისად, ყომარშივე მოეგო; თუმცა, თემურას ეს ეთნოგენეზური ამბები ნაკლებად აინტერესებდა: მან დიდსულოვნად დართო ორივეს დაჯდომის ნება და თავი გერმანელად გააცნო. ერთი სიტყვით, ცოლ-ქმარს გაუშინაურდა და, როგორც ხდება ხოლმე, მათთან ერთად, კაი რჯულზე წაუქეიფა კიდეც. თემურას სმა კი ხარივით ხელეწიფებოდა და, რა ენაღვლებოდა - სვამდა „აბსლოუტ ვისკის” და მის პირდაპირ მჯდარ ქალს კომპლიმენტებით ამკობდა. მერე უფრო გათამამდა, ცალი ფეხი მსწრაფლ ამოაცურა ფეხსაცმლიდან და მაგიდის ქვეშიდან, ირინას ნაზად აუსვა წვივზე, თანაც შანელის სუნამო და ვერსაჩეს კაბა შეუქო; „აბსლოუტიც” ჩამოუსხა და სიყვარულის სადღეგრძელო დავლიოთო, ისე შესთავაზა, რომ წვივზე ფეხის სრიალი არ შეუწყვეტია. ირინა, ცოტა არ იყოს, დაიბნა: მზერა ქალისებრ გრძელთმიანი მეორე ნახევრისკენ გააპარა, მაგრამ ამ უკანასკნელს, ვითარცა მოდგმით ბასიაკს, უკვე აღქმა დაჰკარგვოდა და, მაგიდაზევე ეყვინთებოდა. ქალმა ჭიქას ხელი თამამად წამოავლო, ორიოდ სიტყვა წარმოთქვა და, თემურამაც მაგიდის ქვეშიდან სწორედ მაშინ შეუღუტუნა ბაყვთა შუა, ფეხის თითებით. ირინამ თავი ვერ შეიკავა, ერთი მოგუდულად წამოიკივლა და, ის „აბსლოუტიც” ზედ მკერდზე ჩამოეღვარა. ჰოდა, თემურამაც, ბერლინურ კილოზე - „ოო, მაინ გოთ!..”-ო, ყასიდად შეიცხადა, წამოხტა და ლამაზარშიიანი ხელსახოცით ირინას გვარიანად დასველებული მკერდის ნაზად მშრალებას შეუდგა, თან ნდომით ჩახედა თვალებში. იმანაც მოწოლილ ვნებას ვერ გაუძლო, წამოდგა და თვალებანთებულმა, თემურას მუდარით მიმართა - ჰქენით სიკეთე და, ეს ბედოვლათი ნომერში ამაყვანინეთო. თემურამაც წამში უხმო გარსონს, გინა ოფიციანტს და, ის გამობლუწუნებული რუსი ნომერში აათრევინა. მის ცოლს კი, სელმა ჰაიეკს რომ ჰგავდა, ერთი გემოზე ჩაუზასა; მერე შეიყვანა თავის ლუქსში და გათენებამდის, ნეტარებით თანაეყოფოდა, სანამ ქალის ვნებიან კვნესას მეჰმედ ფათიჰის მეჩეთიდან მუეძინმა აზანი არ ააყოლა. კარგად რომ ინათლა, სიამოვნებისგან დაოსებულ ირინას ორი ნომრის იქით მხვრინავი ქმარიც გაახსენდა და, თემურას სთხოვა: ახლა გამიშვი და სხვა დროს გავაგრძელოთ, მეტი აღარ შემიძლიაო. თემურამ ქალიც გაუშვა და სასტუმროდანაც უკვალოდ აორთქლდა: მშობლიურ თბილის-ქალაქში დაბრუნდა და ტოტალიზატორი გახსნა. ირინა აღარც გახსენებია და განცხრომით იწყო ცხოვრება. ერთ დღესაც, მის ტოტალიზატორს საგადასახადო სამსახურიდან ესტუმრნენ და ბუხჰალტერი მოიკითხეს. ევას პავაროტშიაო, - თემურამ. ე, ჩვენ გვეღადავები, ბიჭოო?! - გაუკვირდათ იმათაც. მოკლედ, საქმე გართულდა და თემურა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. როგორც გამოარკვია, სანამ თვითონ გერმანიაში როჭიკობდა, მანამდე გურჯისტანში ახალი რაღაც ინყილაბი, გინა ჯანღი მომხდარიყო და ძაღლობაც ფულს აღარ იღებდა. ჰოდა, აღარაფერმა უშველა - სასამართლო უცებ დაინიშნა და ის დღეც დადგა, როცა მართლმსაჯულება უნდა აღსრულებულიყო. მოიყვანეს თემურა ჩაფრებმა სასამართლოს დარბაზში და, იმანაც, კანტიკუნტად მსხდარ დამსწრეებს უიმედოდ გადაგვავლო თვალი. ამ დროს, როგორც წესი, თვით მოსამართლეც გამობრძანდა. საქმე გადაფურცლა, ხანმოკლე ფორმალობებსაც მორჩა და, განსასჯელს რომ გადახედა, ჯერ გაოცდა, აღელდა, მერე კი სახე გაუცისკროვნდა; თემურამაც ვეღარ შეიკავა ღიმილი - მოსამართლე სწორედ ის ირინა იყო, რომელიც გასაოცრად ჰგავდა სელმა ჰაიეკსა და, რომელიცა სტამბოლში თემურას „სხვა დროს გაგრძელებას” შეჰპირებოდა. ერთი სიტყვით, ჩემი ახლობელი იმ დღეს სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა - უეჭველია, დანაპირების აღსასრულებლად. აი, ასე გათავდა ეს ამბავი, რომლის გახსენებამაც ლაქნაუს გზაზე, იმ პალმების კორომში, დიდი სიჩაუქე მომგვარა. მე თვითონ, თემურასავით ყალთაბანდი არ ვარ და, არც ისაა ჩემსავით ავანტიურისტი. ამიტომაა, რომ ხან იქ აღმოვჩნდები ხოლმე და ხან აქ, თემურა კი კვლავაც თავის ტოტალიზატორში ზის, ფსონებს აკეთებს და ფეხებზეც ჰკიდია ორი და ათი შაური. როცა იშტაზეა, მოინახულებს იმ თავის ირინას, ან ვინმე სხვას - ეგეთები ათასობით ჰყავს - და მერე კი, ისევ იმ ტოტალიზატორში დაჯდება. აი, იმ გამოწკეპილ, მსროლელ ჯენტლმენს მაგონებს, „შესანიშნავ შვიდეულში” რომაა, მუდამ რევოლვერით რომ სძინავს და ოქროზე აბოდებს. - არე! - გამომარკვია ფიქრებიდან კეშორლალის შეძახილმა, - არე, რამკუმარ! მდინარის სანაპიროს მივდგომოდით. მზეზე წყალი მოყვითალო-ზურმუხტისფრად ლიცლიცებდა და კარგა გვარიანად ამღვრეულიც იყო. გაღმა ნაპირზე, ცადაწვდენილ ბამბუკთა ლელქაშნარევი რაყა მოჩანდა; გამოღმა კი, ვიღაცას იგივე ბამბუკებისაგან მშვენიერი ნავმისადგომი გაემართა, თანაც მდინარიდან ათიოდე ნაბიჯზე, პატარა და უსახური ქოხი წამოესკუპებინა ხიმინჯებზე. როგორც მივხვდი, აქედან უკვე გზა ნავით უნდა გაგვეგრძელებინა, თუმც ეს უკანასკნელი ვერსად დავლანდე. - ეგ კაპიუშონი თვალებზე კარგად ჩამოიფარე და ფრთხილად, იცოდე!.. - უცებ წამჩურჩულა კეშორლალმა, - პოლიციის სამდინარო პოსტი უნდა გავიაროთ... - ნავშიც ასე ჩაცმული უნდა ვიყო? - მეც ჩურჩულით ვკითხე. - სჯობს გაჩუმდე, თორემ ჩავვარდებით, - მიპასუხა ძველი რევოლუციონერივით და გაიხედ-გამოიხედა, - ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ! გითხარით - მაგარ შარში გავეხვიე-მეთქი. ვეღარაფერი ვთქვი, რადგან ამ დროს იმ უსახური, ხიმინჯებიანი ქოხის პარმაღზე ვიღაც შავი, აწოწილი კაცი გამოჩნდა. ყანის გამარგვლით დაღლილი გლეხივით მოიჩრდილა, გამოგვხედა და მყისვე ჩამოხტა. - ნამასტე, ბაბუ ჯი! - მხიარულად მიესალმა კეშორლალს ინდურ ყაიდაზე, როცა მოგვიახლოვდა; მერე კი გადააბრიტანულა, - ჰაუ არ იუ? არსებობს იმ ზღაპრულ ინდოეთში ასეთი რამ ჩვევა - თუ პატივსაცემ ადამიანს ესაუბრები, ჯერ არს, მედიდურ-ბრაჰმანულად მოიკითხო და შემდეგ, სასხვათაშორისოდ და საიმგვარ-ამგვაროდ, მასლაათში ჩაურთო ხატოვანნი სიტყვა-თქმანი ბრიტანულნი, ვითარცა: „ოლ რაით!” „უაი ნოთ?!”, „იეს, სერ!” და მისთანანი, რათა ჩვენებურად რომ ითქვას, ხალხის თვალში კაი ბიჭის სახელი გქონდეს. მენავე რამკუმარიც, რაღა თქმა უნდა, იმ თავის ხიმინჯებიან სამყოფელში კაიბიჭურად ცხოვრობდა; ამიტომ, ხანმოკლე სალამ-ქალამის შემდეგ, კაი მოზრდილი მოტორიანი ნავიც გამოაძვრინა საიდანღაც. კიჩოს მხარეს, ფანჩატურივით რაღაც იყო მოწყობილი და, კეშორლალის ბრძანებით, იქ მოვთავსდი; რამკუმარმა კი მოტორი უცებ მომართა და დავუყევით იმ მოყვითალო-ზურმუხტისფრად მოლიცლიცე მდინარეს დაღმა, თან უკან სულ ქაფქაფა კილვატერი მოვიტოვეთ. რა შემიძლია ვთქვა ჩემი სამდინარო მოგზაურობის თაობაზე?.. ბევრიც არაფერი, გარდა იმისა, რომ იქ მდინარეები საკმაოდ ფართოა და ღრმა; ალაგ-ალაგ, კიდეებში მიჭაობებულ-ჩამყაყებულიცაა და, მხედველობა რომ დაძაბოს კაცმა, გაარჩევს კიდეც სანაპიროზე, მზეს მიფიცხებულ ნიანგთა ზურგებს, შოკოლადის ფილებს რომ ჰგვანან, მაგრამ მომწვანო-მოყავისფროდ ბზინავენ იმ მიჭაობებულ არემარეზე. კიდევ იმასღა ვიტყვი, რომ იყო ჩემს ბავშვობაში ერთი ბოლივუდური ზღაპარფილმი - „შენი წყლები აიმღვრა, განგო!” ერქვა სახელად. ჰოდა აი, ეს მდინარეც გვარიანად ამღვრეული გახლდათ. ამიტომაც ძალიან გამიკვირდა, ერთ ადგილას რამდენიმე მრეცხავ ქალს რომ მოვკარი თვალი - მუხლებამდე წყალში ჩამდგარიყვნენ, საპონი მოემარჯვებინათ და ამ ჭუჭყიან მდინარეში გამალებით რეცხავდნენ რაღაც ჭინჭებს. ქალებს ისეთივე სამოსი ეცვათ, როგორც მე; თუმცა, ჩემგან განსხვავებით, ნამდვილად კეთროვანები უნდა ყოფილიყვნენ. უცებ, პეიზაჟი ერთბაშად შეიცვალა და, სწორედ ამ დროს, ერთი პატარა კატერიც წამოგვეწია; „Lucknow City Police” - ეწერა ზედ. მივხვდი, რომ უკვე ლაქნაუს საზღვრებში ვიყავით და ალბათ, სწორედ ამ კატერს გულისხმობდა კეშორლალი, როცა ამბობდა - პოლიციის სამდინარო პოსტი უნდა გავიაროთო. ცივმა ოფლმა დამასხა და, რატომღაც წელში მოვიხარე, ხელები კი კისერზე შემოვიჭდე. რამკუმარმა ნავი შეაჩერა, ხოლო კეშორლალი დინჯად წამოდგა და ორ შავტუხა პოლიციელს იმ კატერიდან ჩვენთან გადმოსასვლელად, ხელიც კი შეაშველა. - ნამასტე, ბაბუ ჯი! - ორივემ ინდურად, შეტყუპებული ხელისგულებით უძღვნა სალამი. ჩანდა, განდეგილი კარგად უნდა სცნობოდათ, - ააპ კაჰან კა რაჰთე ჰენ? - ნამასკაარ! - ინდურადვე მიესალმა პოლიციელებს კეშორლალი, - ლაქნაუუ კე სენთ-ფათრიქ მიშან! რამკუმარს, ვითარცა კაი ბიჭურად მცხოვრებს, ხმა არ ამოუღია. პოლიციელებმა კეშორლალს რაღაც ქაღალდზე მოაწერინეს ხელი, მერე ორიოდე სიტყვით მდაბლად მოუბოდიშეს და თავის კატერში გადავიდნენ. კეშორლალმაც რამკუმარს შეუძახა და დავიძარით. ნავის მოტორის ბღუილს რომ მდინარის ჭუჭყიანი წყლის ჩხრიალის ხმა შეერთო, კეშორლალი ჩემთან მოვიდა და გვერდით მომიჯდა. - აი, უკვე ლაქნაუში ვართ, - დაბალი ხმით მითხრა მან, - „ნავალ ივენთ ფარქს” გავივლით... გადაიძრე ეგ კაპიუშონი და მიდი კიჩოსთან, თუკი ნამდვილი ინდოეთის ნახვა გინდა! პასუხისთვის არც დაუცდია - ადგა და იმ კაი ბიჭ რამკუმარს შეეხმიანა. - ჯი ჰაა, ბაბუ! - ხელი აუწია რამკუმარმა და ანიშნა, ნურაფრის დარდი გაქვსო. მდინარე მდორედ ტყლაშუნებდა და რძიანი ყავის ფერი ჰქონდა. ჩვენი ნავი კი ისევ მედიდური ქალივით ცხვირაწეული მიაპობდა წყალს და უკან ქაფს იტოვებდა. ნელა გადავიძრე კაპიუშონი და კიჩოსთან მივედი. ჩვენ უკვე „ნავალ ივენთ პარკში” ვიყავით. დეზერტირების ბაზარი თუ გახსოვთ? და, „მუშტაეთად” წოდებული მუშთაიდის ბაღიც ხომ იცით?.. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ერთიანად უზარმაზარ, მღვრიე მდინარეზეა განლაგებული. არა, უფრო სწორად, მდინარეზე კი არა - ათიათასგვარი ფერისა თუ ზომის, ახალ თუ ძველ, ნიჩბიან თუ მოტორიან ნავებზე და ჯაბახანა ტივებზე. ერთი სიტყვით, „ნავალ ივენთ პარკი” არის ბაზარიც, გასართობი პარკიცა და ნავსადგურიც; ბევრი უპოვარ-უქონელისთვის - საცხოვრებელიც, ოღონდ მოძრავ ზედაპირზე: პარკში ყველა ნავებით და ტივებით მოძრაობს და თან იმგვარი ხალხმრავლობაა, მიუჩვეველს კი არა, თვით იქ დაბადებულ-გაზრდილ ადამიანსაც კარგა გვარიანად დათრგუნავს. კაცმა რომ თქვას, დაითრგუნები, აბა რა იქნება, როცა მილიონობით ადამიანის სულ სხვადასხვაგვარი ხმა უნისონშიც, პოლიფონიურადაც და ყველანაირადაც ყურებს გიყრუებს, თვალებს კი დიდი ჯაფა ადგებათ, რომ ამდენი ჭრელაჭრულად ჩაცმულის გადამკიდე, თავადაც არ აჭრელდნენ. დაუმატეთ ამას ჰაერში გუნდ-გუნდად მოყაშყაშე თოლიებიც და, გვარიან სურათს მიიღებთ. ჰაი, დედასა მტრისასა!!!... ეს ჩემის განდეგილი კეშორლალიც კაი ეზოპე თუ კრილოვი აღმოჩნდა - „ნავალ ივენთ პარკზე” თვალი შემავლებინა და, ვითომ ამით მიმანიშნა: ჩემი ინდოეთი ის შენი ცაფირუზხმელეთზურმუხტი სამშობლო არ გეგონოს, სადაც ყველა ყველას იცნობს და სადაც ნაცნობის პოვნაც ისევე იოლია, როგორც შეძენა, ამიტომ კარგად იცოდე, სადაც ბანაობო. თანაც, ისე მიმანიშნებდა, რომ ვითარებაც და ანტურაჟიც კი ზედგამოჭრილ-შესაფერისი გახლდათ. ასე გავცქეროდი „ნავალ ივენთ პარკს” იმ უჭუჭყიანეს მდინარე გომტიზე, ერთი 15-20 წუთის განმავლობაში. ყურებიც გამომიყრუვდა და თვალებიც ის-ის იყო, უნდა ამჭრელებოდა, რომ დავინახე... დავინახე ის, ვის გამოც ამ ზღაპრულ ქვეყანაში, ანუ იგივე ზღაპარში აღმოვჩნდი, იმ ჩემი ცოდვით სავსე ინსპექტორს „შრომით რეზერვებში” ნასწავლ-დამუღამებული მარჯვენა გვერდითით ყბა მოვუნგრიე და კეშორლალი რომ არა, სულიც ამომხდებოდა იმ კოკისპირულ კი არადა, უფრო უარეს წვიმაში. მოკლედ, იმდენ ხალხში, ჭრელაჭრულა ტანსაცმელში, ნავებსა და ტივებში ულამაზესი შილპი შარმა დავინახე - ლედი ლაქნაუდან, როგორც ჩემს ფიქრებში ვუწოდებდი. ფილმებში ხომ გინახავთ, შენელებული კადრებით რომ უჩვენებენ ყოველივეს, ოდნავ ბუნდოვნად და ამ დროს, ოპერატორი ფოკუსში მთავარ გმირს რომ მოაქცევს ხოლმე, რომელიც იმ საყოველთაო ბუნდოვნებაში იმდენად აშკარად ჩნდება, რომ თვალებში ჩაბუდებული სევდაც კი ყველას დასანახად მოუჩანს. სწორედ ეგრე დავინახე შილპიც, როდესაც ჩვენმა ნავმა შიგ შუაგულ „ნავალ ივენთ პარკში” შეცურა. დიდი ხანიც არ დამჭირვებია დასარწმუნებლად - ნამდვილად ისაა თუ არა-მეთქი, რადგან ჯერ ერთი, მისი სახეც მშვენივრად მახსოვდა და თვალნათლივაც ვხედავდი. - ჰელოუ, შილპიიიიიიიიიიი! ეს მე ვარ, ჯონ ბაძაღუა!!!! - ვიღრიალე, რაც ძალი და ღონე მქონდა და ნავის კიჩოდან იმ გვარიანად ამღვრეულ მდინარეში ვისკუპე. ეს ჩემი განწირული შეძახილი ლაქნაუელმა ლედიმ გაიგონა თუ არა, ახლაც ვერ გეტყვით. მდინარე გომტი კი კარგა ღრმაცაა და ფართოც და, რომ ვისკუპე, გვარიანად ჩავყურყუმალდი მის ჭუჭყიან წყალში. ასე რომ, როცა ბოლოს და ბოლოს, ზედაპირზე ამოსვლაც შევძელი, ის ნავი, რომელშიც შილპი იჯდა, ვეღარსად დავლანდე. იმედი არ გადამიწყვეტია - მაინც მოვუსვი მკლავი და სწრაფად გავცურე იქით, საითაც ჩემი გულის სწორი მეგულებოდა. კეთროვანის კაპიუშონიანი ხალათიც და ზანზალაკებიანი ქოშებიც ცურვაში ხელს გვარიანად მიშლიდა. დიდი წვალების შემდეგ, წყალში ხალათის გახდა მოვახერხე, ხოლო ქოშებს ვერაფერი მოვუხერხე. რაღას დავეძებდი - ჯანი გავარდეს-მეთქი, ვთქვი გულში. ამასობაში, ერთ მოზრდილ ნავსაც მივაღწიე. მასზე ვიღაც შავტუხა და ჭაღარა კაცს სანელებლები დაეტვირთა, თანაც ბლომად. თვითონ იქვე, კიჩოზე ჩამომჯდარიყო და მყიდველთა მოლოდინში, მონოტონური ღიღინით მარცვლავდა კრიალოსანს. რომ დამინახა, ოდნავაც არ გაჰკვირვებია, იმ ჭუჭყიან წყალში საიდან გავჩნდი - ნამდვილი ზესტაფონელი ყველის ვაჭარივით გაიკრიჭა და ხელით სანელებლებზე მიმითითა. ეხ, ბიძაჩემო!.. აბა, შენ რა იცი, მე რამოდენა გზა გამოვიარე, ლაქნაუელი ლედი რომ უსიყვარულოდ გათხოვებისგან გადამერჩინა! ის ხომ ერთი დანახვით შემიყვარდა! შენ კი დამჯდარხარ ამ ნავზე, დაგიტვირთავს ზედ ეს სანელებლები და გგონია, რომ შენს სამშობლოში უცხოელები მხოლოდ მაგათთვის მოდიან!.. აი, მეც ხომ მოვადექი შენს ნავს, მაგრამ განა ვასკო და გამა ვარ, სანელებლები მინდოდეს?!.. დრო აღარ დამიკარგავს - ნავს მოვავლე ხელი, წყალბურთელის ატაცი გავაკეთე და წყლიდან ორაგულივით ამოვხტი, მაგრამ იმწამშივე, იმ ათასფერად სანელებლებში ჩავემხვე. როცა წამოვდექი, მაგარი სანახავი ვიყავი - წითელ-ყვითელ-ნარინჯისფრად ამოგანგლული, თავით ფეხებამდე. ნავის პატრონი აყვირდა, მაგრამ მისთვის ყურიც არ მითხოვებია, რადგანაც შუა მდინარეში თვალი ქალთევზას მოვკარი და გვიან, ძალიან გვიან მივხვდი, რომ ქალთევზა კი არა, სწორედ ის იყო, ვის გამოც... - შილპი, აქა ვარ, ნუ გეშინია!.. - ვიღრიალე და სულმთლად გადამავიწყდა, რომ ლაქნაუელ ლედის ქართული ენისა არა გაეგებოდა რა. იმ აყვირებულ შავტუხა კაცს კი, ჩემი ღრიალის გაგონებაზე ელდა ეცა. მეც, ჟღრიალა ქოშებიანად, ჯერ სხვა ნავში გადავხტი, მერე კიდევ სხვაში და, მის შილპი შარმა - მდიდრულ სარიში გამოწყობილი ლაქნაუელი ლედი, მართლაც ქალთევზასავით ციმციმ ამოვიყვანე წყლიდან. წამით, არათუ ნავალ ივენთ პარკი, მთელი მსოფლიოც კი დადუმდა... მე და შილპი ვიღაცის ნავზე ვიდექით, ორივე მძიმედ ვსუნთქავდით და ერთმანეთს ისე შევცქეროდით, თითქოს არც გვჯეროდა, რომ ჩვენ ჩვენ ვიყავით. მის მუქ თაფლისფერ თვალებში სიხარული და სითბო შევნიშნე. მიყურებდა და სველი თმებიდან წურწურით დასდიოდა კაკაოსფერი წყალი. მეც არანაკლებ დამშვენებული ვიყავი, თუმცა ლაქნაუელ ლედის ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია: - ჯონ!... - წარმოთქვა მან თავისი ჰაეროვანი ხმით, - აქამდე როგორ ჩამოაღწიე?... შილპის სახიდან მდინარე გომტის ჭუჭყიან წყალს მთელი მაკიაჟი ჩამოერეცხა და მისი ბუნებრივი სილამაზეც უფრო გამოეკვეთა. ძალიან ლამაზი იყო ჩემი მშვენიერი ლედი ლაქნაუდან. იმდენად ლამაზი, რომ ვეღარც კი მოვითმინე, მოვიზიდე და გულში ჩავიკარი. - შილპი... - ჩავჩურჩულე მერე, - მე ხომ დაგპირდი, ჩამოვალ-მეთქი!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გენაცვალე, ლუტეცია :) ახლა ვწერ შემდეგ თავს, ხვალ იქნება გენაცვალე, ლუტეცია :) ახლა ვწერ შემდეგ თავს, ხვალ იქნება
8. ეგ ისეთი წვრილმანებია ამინდს არ ქმნის, ბალღებისთვისაც კი :)
ეგ ისეთი წვრილმანებია ამინდს არ ქმნის, ბალღებისთვისაც კი :)
7. როგორ არაა არაფერი "ისეთი". :)) აბა სხვებო, თქვენც წაიკითხეთ და გვითხარით თქვენი აზრი, უნდა თუ არა წითელი ხელი. :))) კვარიათ, არ გინდა პიარ-მენეჯერად ამიყვანო? :)) როგორ არაა არაფერი "ისეთი". :)) აბა სხვებო, თქვენც წაიკითხეთ და გვითხარით თქვენი აზრი, უნდა თუ არა წითელი ხელი. :))) კვარიათ, არ გინდა პიარ-მენეჯერად ამიყვანო? :))
6.
მე მგონი არ უნდოდა წითელი ხელი ლუტეცია, არაფერია აქ "ისეთი"... ძალიან მიხარია რომ მოგწონს, მეც ძალიან მომწონს და თანაც თქვენს გემოვნებას ბრმად ვენდობი... :)
კვარიათ, მოგვაშველე ახლა შემდეგი თავი.... :))
მე მგონი არ უნდოდა წითელი ხელი ლუტეცია, არაფერია აქ "ისეთი"... ძალიან მიხარია რომ მოგწონს, მეც ძალიან მომწონს და თანაც თქვენს გემოვნებას ბრმად ვენდობი... :)
კვარიათ, მოგვაშველე ახლა შემდეგი თავი.... :))
5. ამ თავით ყველაზე მაგრად ვიხალისე. :) განათლებული ჩანს ავტორი და თხრობის ნიჭი ხომ გადასარევი აქვს. ინდოეთში ნამყოფიც მგონია. წითელი ხელი არ უნდოდა ამ თავს? უფრო მეტი წაიკითხავდა. ;)
ამ თავით ყველაზე მაგრად ვიხალისე. :) განათლებული ჩანს ავტორი და თხრობის ნიჭი ხომ გადასარევი აქვს. ინდოეთში ნამყოფიც მგონია. წითელი ხელი არ უნდოდა ამ თავს? უფრო მეტი წაიკითხავდა. ;)
4. დიდი მადლობა, შენ შემოგევლე, ნეფერტარო :) დიდი მადლობა, შენ შემოგევლე, ნეფერტარო :)
3. რა მეშველებოდა კვარიათი შენ რომ არ გამოჩენილიყავი... მაგრად ვიხალისე, მომწონს ლედი ლაქნაუდან და ეს ავანტიურისტი ჯონ ბაძაღუა ხომ ნამდვილი ქართული ეგზოტიკაა ინდოეთში...
მომეწონა 5 ქულა და წარმატებები ჯონს... :))
რა მეშველებოდა კვარიათი შენ რომ არ გამოჩენილიყავი... მაგრად ვიხალისე, მომწონს ლედი ლაქნაუდან და ეს ავანტიურისტი ჯონ ბაძაღუა ხომ ნამდვილი ქართული ეგზოტიკაა ინდოეთში...
მომეწონა 5 ქულა და წარმატებები ჯონს... :))
2. ეჰ... განა რამე სხვას უჩვენებდნენ 80-იანი წლების ტფილისშიდ, უფალო ჯონათან? :)
აბა, ინდოეთში რავა გინდა :) ეჰ... განა რამე სხვას უჩვენებდნენ 80-იანი წლების ტფილისშიდ, უფალო ჯონათან? :)
აბა, ინდოეთში რავა გინდა :)
1. რამდენი ინდური ფილმი აქვს ავტორს ბავშვობაში ნანახი :)
და ნაკითხიც ჩანს :)
"სანამ თვითონ გერმანიაში როჭიკობდა, მანამდე გურჯისტანში ახალი რაღაც ინყილაბი, გინა ჯანღი მომხდარიყო " :)
ნიანგები რომ შოკოლადის ფილებს გვანან, ეს ერთერთი საუკეთესო შედარებაა, რაც კი მსმენია, მართლა!
ძალიან ბევრი უცხოური სახელი და გვარია, ვერ ვიმახსოვრებ :)
რამდენი ინდური ფილმი აქვს ავტორს ბავშვობაში ნანახი :)
და ნაკითხიც ჩანს :)
"სანამ თვითონ გერმანიაში როჭიკობდა, მანამდე გურჯისტანში ახალი რაღაც ინყილაბი, გინა ჯანღი მომხდარიყო " :)
ნიანგები რომ შოკოლადის ფილებს გვანან, ეს ერთერთი საუკეთესო შედარებაა, რაც კი მსმენია, მართლა!
ძალიან ბევრი უცხოური სახელი და გვარია, ვერ ვიმახსოვრებ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|