 | ავტორი: კვარიათი ჟანრი: პროზა 11 იანვარი, 2015 |
X. ასე, ჩონგური, ქოფთქუათუ ჩვენი შეხვედრა რომ ინდურ კინოში მომხდარიყო, ნამდვილად არ ჩაივლიდა ერთი კაი, გულის ამაჩუყებელი სიმღერის გარეშე, ვითარცა ჯერ არს ბოლივუდსა შინა. თუმცაღა, ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ ვერც კი ვარჩევდი, სად მთავრდებოდა ოცნება და სად იწყებოდა სინამდვილე. უეცრად მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ბედნიერება და სწორედ ისე მოვიქეცი, როგორც შაჰრუხ ხანი იმ ფილმში, ინდოეთში აზრთა სხვადასხვაობა რომ გამოიწვია - გულში ჩაკრულ ლაქნაუელ ლედის ნაზად ავუწიე თავი და ტუჩებში ვაკოცე. კოცნითვე მიპასუხა და დავიჯერე, რომ მართლაც ბედნიერი ვიყავი. მერე - მოულოდნელად, როგორც ხდება ხოლმე, - ბედნიერება ერთბაშად სადღაც გაქრა და ორივენი რეალობას დავუბრუნდით. შილპი სიყვარულით აღსავსე, სევდანარევი მზერით მომეალერსა და ჩემს მკლავებში გატრუნულმა, ერთი ღრმად ფილოსოფიური შეკითხვა დამისვა: - ვინა ხარ შენ, ჯონ... და საიდან გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში?.. - ქორწილი უკვე გქონდა? - ჩავეკითხე პასუხის მაგივრად ერთიანად ანთებული. - არა... - მითხრა სევდიანი ღიმილით, - ოთხი დღეღა დარჩა!.. მაგრამ, ჯონ... ნათქვამის დასრულება ვეღარ მოასწრო, რადგანაც მარცხნიდან კეშორლალი და რამკუმარი მოგვადგნენ, მარჯვნიდან - მისიანები. ჰოდა, რასაკვირველია, ისეც გამოვიდა, რომ ორივე მხრიდან ერთდროულად შემოგვძახეს: - არე!.. ეს ინდოელების საყვარელი შეძახილი გახლავთ და კაი ბლომად მნიშვნელობა აქვს - იმდენი, რომ თვითონაც კი ვეღარ თვლიან. იმჟამად კი ისეთი განწირული ინტონაციით გაჟღერდა, რომ მთელი „ნავალ ივენთ პარკის” ყურადღება მიიპყრო. მოკლედ, იმდენი ხალხი შემოგვეხვია, რომ უცებ მართლა ამიჭრელდა თვალები, ყურებმა კი სირენასავით დამიწყო წუილი: - ჯონ!.. რა მოხდა, ჯონ! - თქვენ ვინ ბრძანდებით, სერ?!.. - შრი პრემჩანდ ჯი, ამ ბატონმა დახრჩობისგან მიხსნა! - დიახ, შრი პრემჩანდ ჯი... ჩვენ მდინარეს ნავით მოვუყვებოდით და... - არე!.. ბრაჰმანი ქალი გადაარჩინეს, იხრჩობოდა! - ვინ გადაარჩინა? - აი, ამ ბატონმა!.. - ნეტა ვინაა? აქაურს არ ჰგავს... - ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ, სერ: ჩემი სახელია პრემჩანდ გორი... მე ბჰაი შილპი შარმას მამამთილი გახლავართ. მადლობას გიხდით!.. საიდანღაც შორიდან ჩამესმოდა კეშორლალის, შილპის, „ნავალ ივენთ პარკის” მოვაჭრეებისა და ათასი იქ მოყიალე უსაქმურის შემოძახილები. ვხედავდი, როგორ მართმევდა ხელს ვიღაც შავტუხა, ულვაშებგაბარდღნილი კაცი, რომელსაც ძალიან უცნაურად ეცვა - ზემოთ ევროპული კოსტიუმი, ქვემოთ კი უზარმაზარი, თეთრი დჰოტი, გალიფეს რომ წააგავდა. მე ყურები ისევ ისე მიწიოდა, თვალები კი მიჭრელდებოდა. ამიტომ ინსტიქტურადღა ვუქნევდი თავს ყველაფერზე, თუმცა სინამდვილეში სულაც ვერ ვხვდებოდი, რას მელაპარაკებოდა. მერე, იმ კაცმა მეც და კეშორლალსაც ხელკავი გამოგვდო, მოზრდილ, მოტორიან ნავში ჩაგვსხა და მენავეს ნიშანი მისცა. ჰოდა, აზრზეც მოტორის ბღუილმა და ნავის დაძვრისას წამობერილმა ნელთბილმა ნიავმა მომიყვანა: მხრებში გავიშალე, ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე და როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღარც ყურები მიწიოდა და აღარც თვალები მიჭრელდებოდა, შვებით ამოვისუნთქე და გავიღიმე. ამასობაში, რასაკვირველია, განსჯის უნარმაც შემახსენა თავი და ინტერესით მიმოვათვალიერე ირგვლივ მყოფნი: როგორც მოგახსენეთ, მე ვიჯექი დიდ, მოტორიან ნავში, რომელიც მთელი სიჩქარით მიცურავდა მდინარის დინების მიმართულებით და უკან ქაფქაფა კილვატერს ტოვებდა. ამავე ნავში ისხდნენ შილპი და კიდევ ერთი - ასე 16-17 წლის გოგო, ორი ქალი, რომელთაგან ერთს აშკარად უფრო მდიდრულად ეცვა, ვიდრე მეორეს, ის ულვაშებგაბარდღნილი შავტუხა კაცი და ეს ჩემის განდეგილი შრი კეშორლალ ბაბუ ჯი, რომელიც დროდადრო ისე შემომყურებდა, თითქოს მეუბნებოდა: მე მოვკვდე, შენ თუ გიჟი არ იყო, მაგრამ გიჟი რომ ხარ, სწორედ მაგიტომ გწყალობს ღმერთიო. ჰო, კიდევ - საოცარი კი იყო, მაგრამ ის ზანზალაკებიანი ქოშები უკვე აღარ მეცვა და ფეხშიშველი ვიყავი. მარტო ის ინდური დჰოტი მამშვენებდა, სანელებლებისა და ტალახიანი წყლისგან საკმაოდ შელანძღული: - დაგცადათ ინდოეთმა?.. - გამიღიმა იმ ულვაშებგაბარდღნილმა კაცმა, - აქაური ხალხმრავლობა მეც მთრგუნავს ხოლმე... წეღან კი გითხარით: მე ბჰაი შილპი შარმას მომავალი მამამთილი ვარ, ჩემი სახელია პრემჩანდ გორი... ეეე... ნება მიბოძეთ, გავიგო თქვენი სახელი, სერ!.. აშკარაა, რომ ევროპელი ბრძანდებით! - O, yes... - ვთქვი, - My name is ჯონ ბაძაღუა! - ო-ლა-ლა! ნახევრად ფრანგი ხომ არ ბრძანდებით? - აჭყლოპინდა უცებ ის 16-17 წლის გოგო, შილპის კი მორცხვად ჩაეცინა, -შრი კეშორლალის მოწაფე ხართ? - მისტერ ჯონ ბაძაღუა ახალგაზრდა მედიკოსია ჯორჯიის რესპუბლიკიდან... ის ჩემთან მუშტი-იუდჰას შესასწავლად გახლავთ ჩამობრძანებული, - ალაპარაკდა უცებ კეშორლალი ნატიფი ინგლისურით, თან ზედმიწევნით სწორად გამოთქვა ჩემი გვარი, - სადოქტორო დისერტაციის დაცვას აპირებს საბრძოლო ხელოვნებათა შესახებ... ამას უყურე!.. ჰაი, კეშორლალ ბაბუ ჯი!.. შენც მაგარი ავანტიურისტი იქნებოდი ახალგაზრდობის წლებში!.. მივხვდი, რატომაც თქვი ეს ყველაფერი ინგლისურად - მე რომ გამეგო და თავი ისე დამეჭირა, როგორც ინდური კულტურით ერთიანად გადარეულ ინტელიღენტს, ინდოეთში რომ ჩამოდის, ინდურად იცვამს და მერე, თავი თუ მაჰათმა განდი არა, მინიმუმ მითჰუნ ჩაკრაბორტი ჰგონია... „პირველ სტერეოზე” კი იყო ეგეთი წამყვანი - მამუკა ბერიკა... ერთი სხვაც იყო კიდევ - ვიღაც, რუსთაველ მანიაკობას რომ ტენიდნენ... აჰაჰაიტ, მარჯა, როგორც თარაშ ემხვარი იტყოდა, რას არ გაგაკეთებინებს ქალის და ცხენის სიყვარული, ბაბაია!.. და, მე უცებ ღრმად ამოვისუნთქე, გადავხედე ჩემს ინდოელ თანამგზავრებს და მერე, ჩემდაუნებურად, ნოსტალგიამოძალებულმა წავიღიღინე ძველებური: ასე ჩონგური, ქოფთქუათუ სქან დო ჩქიმი გაჭირება, მარა სი მუ შეგილებუ, ვე გიგადვე განჩინება... თან კეშორლალს ისე გავხედე, როგორც ბაბუაჩემის ბაბუამ, ლომკაცია ბაძაღუამ გახედა აბრაგ შულმან ბღაჟბას (ძველ დროში, რასაკვირველია): მაშინ რუსმა კაზაკებმა შეიპყრეს ორივე და ულტიმატუმიც წაუყენეს - თუ გინდათ, გილიოტინას გადაურჩეთ, ეგერ, ოსმალურ გემში ჩაჯექით და მუჰაჯირად წადით სტამბოლშიო. ორივე მიხვდა, რომ ვანიები არ ხუმრობდნენ, ბღაჟბას კი ემწარა სიცოცხლესთან გამოთხოვება და უთხრა ლომკაციას: აჯანყება ჩახშობილია, რუსებმაც ხელი მოგვითავეს და ჩვენ კი, ამქვეყნად ერთხელ მოსულები, აქ რატომ მოვეკვლევინოთ, გავიქცეთ ხონთქართან და იქიდან ვეომოთ მერე ამ უკუღმართებსო. ლომკაციამ პასუხი არ გასცა, ჩაიცინა მხოლოდ. შულმან ბღაჟბამ კი ერთი ღრმად ამოიოხრა და ფეხათრევით, ყოყმან-ყოყმანით მივიდა იმ ჯარისკაცთან, ოსმალეთს წამსვლელი მუჰაჯირების სიას რომ ადგენდა. ხელი კალამს მოავლო, ფურცელზე, თავისი სახელისა და გვარის გასწვრივ, აცაბაცა ჯვარი დასვა, თან თანამებრძოლს თვალდახრილმა, სევდიანად გამოხედა. ლომკაციამ გამჭოლი მზერა ჯერ შულმანს სტყორცნა, მერე იმ რუს პოლკოვნიკს, ინდაურივით გაფხორილი რომ იდგა დატყვევებული მეამბოხეების წინ და სიგარასაც აბოლებდა: - სიდე რე, წიე, გილიოტინა? - იკითხა თან და მოულოდნელად კაი გემრიელად და შნოიანად შეანერწყვა იმ კოხტაპრუწა რუსს სახეში, - თქვან დიდა ფხოდი, უზისხირე ჩვინგალეფი, თქვა! სოხუმის სანაპიროზე - დატყვევებულ-დამცირებული მეამბოხეების, კბილებამდე თოფ-იარაღში ჩამსხდარი რუსი სალდათების და ზღვაში ნებივრად მოდრეიფე ოსმალური გემებიდან მომზირალი ასკერების თვალწინ, სახელდახელოდ მოწყობილ გილიოტინაზე აიყვანეს ქართველი აზნაური ლომკაც ალმასხანის ძე ბაძაღუა, რომელიც ირონიული ღიმილით შესცქეროდა გამარჯვებულ მტრებს. ის-ის იყო, ქედიც უნდა წაეხარა, რომ იმ რუსმა პოლკოვნიკმა, უკან რომ მოჰყვებოდა და ცქმუტავდა, მოატრიალა და სახეში შეაფურთხა: - Вот так тебе, грызун поганый! Теперча мы квиты!.. - ნიეტ, მი ნი ქვითი, დარაგოი... - ჩაიცინა ლომკაციამ, - უ მენია სეიჩას ჟე, ვმესტე ს გოლოვოი სნესუტ ი ლიცო, ვ კოტორომ ტი პლიუნულ... ა ტი დე, დო კონცა ტვოეი პოგანოი ჟიზნი ბუდეშ ხოდიტ ს ლიცომ, ვ კოტორომ ია პლიუნულ! მოკლედ, ეს ისტორია ასეა და სხვა - როგორ გაჰყო თავი ლომკაციამ გილიოტინაში და როგორ აღასრულა ჯალათმა თავისი საქმე, როგორ გაგიჟდა ის პოლკოვნიკი და როგორ მოკვდა შულმან ბღაჟბა სამსუნში შავი ჭირით - უკვე წვრილმანებია. მეც, ფეტიშისტი ორჰან ფამუქი არ გახლავართ, წვრილმანებით დაგღალოთ... ჰოდა, იმას მოგახსენებდით - გავხედე კეშორლალს და ძალზე გავოცდი, რადგან თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. „ასე ჩონგური” კია ნაღვლიანი სიმღერა, მაგრამ რომ აგატიროს, ქართველი უნდა იყო... და ეს? სტამბოლელი იაშარი რომ ყოფილიყო, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ... იქნება და, იმიტომ მოერია ცრემლი, გალაქტიონს რომ ჰგავს? - იეს, სერ! - ვთქვი მერე ნამდვილი ავანტიურისტული ტონით, - შრი კეშორლალ ბაბუ ჯიმ მართალი მოგახსენათ... საბრძოლო ხელოვნებები კი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ინდოეთში მხოლოდ მათ გამო არ ჩამოვსულვარ... ჰმ... მე აქ, ასე ვთქვათ, პირადი საქმე მაქვს, გრძნობებთან დაკავშირებული... ჰოდა, მუშტი-იუდჰაც, დისერტაციაც და სხვა რამეებიც სწორედ მისთვის მჭირდება... მინდა, უფრო ღრმად ჩავწვდე ინდოეთის სულს... - ოო, მაი გად! - კეკლუცურად შეიცხადა მდიდრულად ჩაცმულმა ქალმა, - უცებ მივხვდი, რომ სწორედაც ინდური ფილოსოფიით ხართ გატაცებული!.. როგორც ყველა თანამედროვე, ლიბერალურად მოაზროვნე ევროპელი, ალბათ თქვენც მაჰათმა განდის მიმდევარი ბრძანდებით, ხომ? იცით, მომიტევეთ და ჩაცმულობაზევე შეგატყვეთ, სერ!.. დჰოტის ნაკეცები ზუსტად ისე გაქვთ, როგორც განდის ჰქონდა... ხვდებით? იმ ულვაშებგაბარდღნილმა კაცმა ერთი ალმაცერად გახედა ამ ქალს, თითქოს ეუბნებოდა: რას უყურებ, ქალო, ამ უცხო ყმაწვილკაცს დჰოტის ნაკეცებზე, მოხვალ შენ სახლში და ძვალ-რბილს გაგიერთიანებო. უფრო იმიტომაც გაამკაცრა მზერა, რომ შეამჩნია, როგორ ჩაეცინა ქალის ნათქვამზე ყველას - შილპისაც, იმ მეორე ქალსაც, 16-17 წლის გოგოსაც და განდეგილ კეშორლალსაც კი, რომელიც თავშეკავებისა და ასკეტიზმის ეტალონი იყო მთელი ინდოეთის მასშტაბით: - კიდევ კარგი, შილპის მხსნელად თქვენ რომ მოევლინეთ... - გაუბედავად ჩაერთო საუბარში ის მეორე შუახნის ქალიც, - ჩანს, რომ ღმერთებს არ სურთ ჩვენი გოგონას ბედნიერების ჩაშლა!.. - ო, რამ რამ რამ რამ რამ... - ჩააკაკანა პირველმა ქალმა, - წარმოდგენითაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ძველთაგან ნათქვამი ასე აგვიცხადდებოდა!.. მე ვერც მოვიაზრე, რა ჰქონდა ამ ქალს მხედველობაში, მაგრამ გაკვირვებით კი აღვნიშნე გუნებაში, რომ ის ძალიან ჰგავდა კვარიათელი ჯუმბერის ცოლს - ვარდოს, რომელიც ხაჭაპურების უბადლო მცხობელია მთელს იმ მხარეში. ასაკით ასე 45 წლის იქნება, მაგრამ ცოტა უფროსად გამოიყურება და ამით შეწუხებული, რაც ძალი და ღონე აქვს, ებრძვის ნაოჭებს. ქმარი კი ჰყავს ხარკამეჩივით მსმელი და როცა სადმე სუფრაზე ერთად არიან, სულ თვალებში შესციცინებს - ჯუმბერი კაი ბიჭია და ქალი მარტო კუხნაში იცის... იმ ამბავშიც, რასაკვირველია, მაგრამ კუხნის გარეთ - სადაც გინდა იყოს - ქალისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. ვარდოც ირინდება ხოლმე - კუხნაში როცაა და ხაჭაპურებს აცხობს, მაშინაც კი. ეს ქალი კი იყო ვარდოს ალიკვალი გარეგნობით, მაგრამ მსმენელის ტვინისადმი მეტად ბინძური რამ ძრახვები რომ ჰქონდა, აშკარად ჩანდა: მე არ მითხოვია, მაგრამ მაინც დაწვრილებით მომიყვა, რომ შრი პრემჩანდ გორის ცოლი და შესაბამისად - ბჰაი შილპი შარმას მომავალი დედამთილია, რომ შილპისათვის საქორწინო სარის ყიდვა სურდათ და მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბრაჰმანული წესით, საპატარძლოს მამის სახლიდან გაყვანა საქორწინო ცერემონიალამდე სასტიკად აკრძალულია, მან და მისმა მეუღლემ მაინც გადაწყვიტეს, ეს წესი დაერღვიათ, შილპი თან წაეყვანათ და სარი ისე ეყიდათ მისთვის: ჩვენ ლონდონში ვცხოვრობთ და ბრაჰმანები კი ვართ, მაგრამ აქამდე მივიჩნევდით, რომ დრომოჭმული წესები და ადათები უნდა უკუგვეგდო და რწმენა ცხოვრებისთვის მოგვერგოო, - მითხრა დარცხვენილმა. - პირიქით რომ გეცადათ, უკეთესი ხომ არ იქნებოდა? - დავინტერესდი მე. და აქ ის 16-17 წლის გოგო წამოხტა: კაცობრიობის განვითარებისთვის საჭიროა პროგრესი და ეს კი მსხვერპლს მოითხოვსო. რაღა დროს ადათებია, ამ კომპიუტერის ეპოქაშიო, მერედა, ლონდონში რომ ვცხოვრობთ, ყველაფერში ბრაჰმანობას ხომ არ დავიცავთო, ისაო, ესაო... მე, მაგალითად, ჩემეული გაგებით კოსმოპოლიტი ვარ და, ინდუისტური ტაძრის გარდა, ანგლიკანურ, კათოლიკურ, მეთოდისტურ და კვაკერულ ღვთისმსახურებებსაც ვესწრები ხანდახანო. ჰოდა, მერე რა მოხდა, თუკი შილპი ერთი-ორი საათით გამოვიყვანეთ მამამისის სახლიდანო... მოკლედ, ისე ლაპარაკობდა, კინაღამ სულმა წამძლია და ვკითხე - ლოთიანად, თეა თუთბერიძის რა ხარ-მეთქი, თუმცა, მოულოდნელად, კეშორლალმა დამასწრო და წყნარად აღნიშნა: - რაღა რა მოხდა, შვილო... მისტერ ჯონი რომ არა, სარძლოსაც დაკარგავდით და კასტასაც! ეს გაფრთხილება იყო!.. - მაშ, რა უნდა ვქნათ ახლა, ბაბუ ჯი? - იკითხა შილპის სამამამთილომ, - დიდად ვნანობ, ჩემს შვილს რომ დავუჯერე... რა უნდა ვქნათ, ცოდვა რომ გამოვისყიდოთ?.. რომელ სალოცავს უნდა მივმართოთ? კეშორლალ განდეგილს თვალები უცნაურად აენთო. ერთხანს იყუჩა, მერე თავი უკან გადააგდო, თვალები დასაკოდი ხარივით ზეცად აღაპყრო, ლექსივით გარითმული სტრიქონებიც წარმოთქვა და უეცრად - უცნაური, წკრიალა ხმით წაიმღერა: - უყიდეთ სარი, უყიდეთ! ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ნატიფი, ყველაზე!... უყიდეთ სამკაულები, უყიიიიიიიიიიიდეეეეეეთ!!! და თავის ბუხუნა ხმით დაამატა: - ჩაი ჩური ჩაი, კელნა ჩაი!.. ეს იყო და ჩემს გარდა, ყველამ (შილპიმაც კი) ერთდროულად წარმოთქვეს: - ო, რამრამრამრამრამრამრამრამრამრამრამრამრამ!... - ჩაი ჩური ჩაი, კელნა ჩაი! - დააყოლა ისევ კეშორლალმა. მართალი გითხრათ, მე ვერაფერიც ვერ გავიგე, თუმცაღა იმ ტარას ბულბასავით ულვაშებგაბარდღნილ კაცს რომ ეშინოდა, ბაირამ-დუდუკში არ გამედოსო, ცხადზე ცხადი იყო. მერე გონებაში ისიც გავივლე - თურქეთში ხომ არა ვართ, რა ჩაი, ჩაი აუტყდა ამ ჩემის განდეგილს-მეთქი. ის 16-17 წლის გოგოც ისე იყურებოდა, აშკარა იყო, რომ ფიქრობდა: ჯანდაბას თქვენი თავი და ტანი, იცოდეთ, ხმის ამომღებიც არა ვარო. უეცრად, კეშორლალმა ისეთი რამ თქვა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინა - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის: - ქორწილი კიდევ ორი კვირით უნდა გადაიდოს!.. ამ ხნის განმავლობაში, შილპი საქორწინო სარიში იქნება გამოწყობილი, მაგრამ მამაჩემის სახლში იცხოვრებს, იმარხულებს და განიწმინდება. თქვენი ვაჟი კი სიკიმში მარტო გაემგზავრება... იქ, ძონგ ბჰოტიას მთაზე, ქალღმერთ კალის სალოცავში ავა და მანგოს ნაყოფს შესწირავს მსხვერპლად... მაშინ, ყველაფერი რიგზე იქნება... თუ არა და, კი იხილეთ მინიშნება - წყვილის ბედნიერებას ქალღმერთი კალი ემუქრება! ეს ყველაფერი ისე თქვა, ვითომ აქაც არაფერიო და, მერე ზუსტად ისე დადუმდა, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში - ხაზის რადიო ჩვენს სახლებში. საპასუხოდ, არც ერთ ჩემს თანამგზავრს ხმა არ ამოუღია. ამასობაში, ჩვენი ნავი ნაპირსაც მიადგა - მომეჩვენა, რომ ისევ იმ ადგილას მივედით, საიდანაც წეღან წამოვედით: აქაც ისევე ბლომად ირეოდა შავტუხა ხალხი, იდგა ერთი გნიასი, ყვირილი, ძახილი... ვიღაცა მოცლილი, ჩამომხმარი ბერიკაცი პირდაპირ ხალხის თვალწინ იბანდა ტანს ჟანგმიწით, მეორეს კი ცოტა მოშორებით ანკესი გადაეგდო. ისე, გასაკვირად დამირჩა, რის დაჭერას აპირებდა - მე რომ თევზი ვყოფილიყავი, იმ ჭუჭყიან წყალში ალბათ, პნევმონიით მოვკვდებოდი. ამ დროს, იქვე დავინახე, რომ მესამე წახრილიყო და იმ კაკაოსფერ წყალს იმგვარად დასწაფებოდა, თითქოს „ლუგელას” სვამსო... კეშორლალმა შეუმჩნევლად, მუჯლუგუნი მკრა და გამომარკვია. ნავიდან ორივემ ვისკუპეთ და ნაპირზე გადმოსვლაში სხვებსაც მივეშველეთ - ჯერ შილპის, მერე მის სადედამთილოს, მერე იმ მეორე ქალს, იმ 16-17 წლის გოგოს და ბოლოს - ულვაშა სამამამთილოსაც. თუმცაღა, მართალი რომ ვთქვა, მე მხოლოდ შილპის მივაშველე ხელი და სანამ კეშორლალი სხვებს ეშველებოდა, დრო ვიხელთე: - შილპი, წამომყევი ჯორჯიაში!.. - ჩავჩურჩულე. შემომხედა. არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, მაინცდამაინც არ სჯეროდა, თუ ამდენის შემძლე ვიყავი. მერე ჩაეღიმა და თვალით დანარჩენებზე მანიშნა - ამათ არ გაგვიგონონ, თორემ ყველაფერი გვერდზე დაგვრჩებაო. გავჩერდი. ამასობაში, ყველანი გადმოვიდნენ. სამამთილომ მენავეს ანგარიშიც გაუსწორა და გზა უკვე ხმელეთზე განვაგრძეთ, თუმცა საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან ჭიანჭველებივით ირეოდა შავტუხა ხალხი და არაფერიც არ ჩანდა. ასე რომ ვერც ვხედავდი, საითკენ გვედო გზა: - სად მივდივართ, ბაბუ ჯი? - ვკითხე კეშორლალს ჩუმად. - ფეიქრებთან! - იყო მოკლე პასუხი. ჯანი გავარდეს, წავიდეთ-მეთქი, გავიფიქრე და სწორედ ამ დროს, პალმების დიდ კორომშიც გავედით, სადაც ისეთი ხალხმრავლობა აღარ იყო, მაგრამ ყველაფერი კი ზუზუნებდა და ტკაცუნებდა - იქაურობა რომ მივათვალიერ-მოვათვალიერე, მერეღა მივხვდი, რაც ხდებოდა: ფეიქარ ქალებს უზარმაზარი და უცნაური დაზგები ედგათ და პირდაპირ ღია ცის ქვეშ საქმიანობდნენ ისე, რომ არავის ყურადღებას არ აქცევდნენ. უეცრად, წინ ვიღაც შავსათვალიანი, უკანასკნელ ინდურ მოდაზე გამოწკეპილი ფრანტი გადაგვიდგა. ერთი შემოხედვით იყიდა, ვინ იყო ჩვენს შორის მთავარი და იმ ჩემის პრემჩანდ გორელს თუ ვიღაცას მიმართა: - ხელით ნაკეთები პროდუქცია, სერ! მთელს ინდოეთში უბადლო!.. - ვააახ, ჩემიიიი! - წამოვიბღავლე უცებ მე: არა იმიტომ, რომ ის ფრანტი აფერისტად მივიჩნიე, არამედ იმიტომ, რომ მისგან ორ ნაბიჯში, პალმის ხეზე სოფლურად ჩამოკიდებულ დიდ დაფაზე ჩემს ფოტორობოტს მოვკარი თვალი, წარწერით „WANTED! AL QAIDA TERRORIST”... ასე, ჩონგური, ქოფთქუათუ, სქან დო ჩქიმი გაჭირება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ლაქნაუში ვარ მეც ახლა :) ლაქნაუში ვარ მეც ახლა :)
10. რა წესია ახლა ეს, რომ მიგვატოვეთ შუა ლაქნაუში? :)
რა წესია ახლა ეს, რომ მიგვატოვეთ შუა ლაქნაუში? :)
9. აქვე, ამ თავის ილუსტრაციებში დევს შილპი შარმას ნამდვილი პროტოტიპის ფოტო :) მადლობა ლუტეციას! :) აქვე, ამ თავის ილუსტრაციებში დევს შილპი შარმას ნამდვილი პროტოტიპის ფოტო :) მადლობა ლუტეციას! :)
8. - ნიეტ, მი ნი ქვითი, დარაგოი... - ჩაიცინა ლომკაციამ, - უ მენია სეიჩას ჟე, ვმესტე ს გოლოვოი სნესუტ ი ლიცო, ვ კოტორომ ტი პლიუნულ... ა ტი დე, დო კონცა ტვოეი პოგანოი ჟიზნი ბუდეშ ხოდიტ ს ლიცომ, ვ კოტორომ ია პლიუნულ! - ძაან მაგარია! :))
- ნიეტ, მი ნი ქვითი, დარაგოი... - ჩაიცინა ლომკაციამ, - უ მენია სეიჩას ჟე, ვმესტე ს გოლოვოი სნესუტ ი ლიცო, ვ კოტორომ ტი პლიუნულ... ა ტი დე, დო კონცა ტვოეი პოგანოი ჟიზნი ბუდეშ ხოდიტ ს ლიცომ, ვ კოტორომ ია პლიუნულ! - ძაან მაგარია! :))
7. 1867 წლის აფხაზეთის აჯანყების ჩაქრობის დროინდელი ამბავია ეგ, ლუტეციას ვენაცვალე :) 1867 წლის აფხაზეთის აჯანყების ჩაქრობის დროინდელი ამბავია ეგ, ლუტეციას ვენაცვალე :)
6. ხვალ ვფიქრობდი წაკითხვას მარა შევყევი ამ შუაღამისას. ლომკაცია ბაძაღუას ამბავი იყო გადასარევი. ნამდვილი ამბავია? ძაან მაგარი ხარ შენ ავტორო ვინცხა ხარ. :)) ხვალ ვფიქრობდი წაკითხვას მარა შევყევი ამ შუაღამისას. ლომკაცია ბაძაღუას ამბავი იყო გადასარევი. ნამდვილი ამბავია? ძაან მაგარი ხარ შენ ავტორო ვინცხა ხარ. :))
5. ”რას არ გაგაკეთებინებს ქალის და ცხენის სიყვარული, ბაბაია!..” - როგორც თარაშ ემხვარი იტყოდა.... =))
შენ რა გითხარი... =))
”რას არ გაგაკეთებინებს ქალის და ცხენის სიყვარული, ბაბაია!..” - როგორც თარაშ ემხვარი იტყოდა.... =))
შენ რა გითხარი... =))
4. ნეფერტარო, ეგ იაშარია ზუსტად :) ნეფერტარო, ეგ იაშარია ზუსტად :)
3. ” კინაღამ სულმა წამძლია და ვკითხე - ლოთიანად, თეა თუთბერიძის რა ხარ-მეთქი,” - კინაღამ გავიგუდე სიცილით აქ. ”სტამბოლელი იაშარი რომ ყოფილიყო, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ...” - აქ კინაღამ სული შემეხუთა, ჩემს კარის მეზობელს ერთი სტამბოლელი იაშარი ჰყავს საყვარლად, საყვარელიც არ ეთქმის წელიწადში ერთხელ ”ნახულობს” ... ჰოდა ზუსტად ეგეთი ტიპია ის იაშარი - ძაღლიც მიაკვდეს სულში. =)))
„WANTED! AL QAIDA TERRORIST”... - აქ ხო საერთოდ.... =))
მორჩა ეხლა ნაღდად უკრა ჯონ ბაძაღუამ ლედი შილპის თავი სამეგრელოში.... =))
” კინაღამ სულმა წამძლია და ვკითხე - ლოთიანად, თეა თუთბერიძის რა ხარ-მეთქი,” - კინაღამ გავიგუდე სიცილით აქ. ”სტამბოლელი იაშარი რომ ყოფილიყო, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ...” - აქ კინაღამ სული შემეხუთა, ჩემს კარის მეზობელს ერთი სტამბოლელი იაშარი ჰყავს საყვარლად, საყვარელიც არ ეთქმის წელიწადში ერთხელ ”ნახულობს” ... ჰოდა ზუსტად ეგეთი ტიპია ის იაშარი - ძაღლიც მიაკვდეს სულში. =)))
„WANTED! AL QAIDA TERRORIST”... - აქ ხო საერთოდ.... =))
მორჩა ეხლა ნაღდად უკრა ჯონ ბაძაღუამ ლედი შილპის თავი სამეგრელოში.... =))
2. მეგრულად ისეთს არაფერს ამბობს: "სადაა ბიჭო, გილიოტინა?"-ო და "თქვენი დედაც ..., უსისხლო ნაძირლებო, თქვენ!" მეგრულად ისეთს არაფერს ამბობს: "სადაა ბიჭო, გილიოტინა?"-ო და "თქვენი დედაც ..., უსისხლო ნაძირლებო, თქვენ!"
1. აფერუმ, ლომკაცია ბაძაღუას!
"ფეტიშისტი ორჰან ფამუქი არ გახლავართ, წვრილმანებით დაგღალოთ..."- ეს რა ზუსტი ფრაზაა!
მეგრული ფრაზების თარგმანი რატომ არ იყო? ჰინდი ქე ვისწავლე ამასობაში :)
აფერუმ, ლომკაცია ბაძაღუას!
"ფეტიშისტი ორჰან ფამუქი არ გახლავართ, წვრილმანებით დაგღალოთ..."- ეს რა ზუსტი ფრაზაა!
მეგრული ფრაზების თარგმანი რატომ არ იყო? ჰინდი ქე ვისწავლე ამასობაში :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|